top of page

ყაზახეთის სოციალისტური მოძრაობის განცხადება ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ

ანნა კამლაძის თარგმანი


ფოტო: პაველ მიკაიევი/როიტერსი


ყაზახეთში ახლა ჭეშმარიტად სახალხო ჯანყია და ეს პროტესტი თავიდანვე სოციალურ და კლასობრივ ხასიათს ატარებდა. ბირჟაზე თხევადი გაზის ფასის გაორმაგება ავსებული მოთმინების ფიალის მხოლოდ და მხოლოდ უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. გამოსვლები თავდაპირველად ჟანაოზენში, ნავთობის მუშების ინიციატივით დაიწყო და სწორედ ამის შემდეგ იქცა ჟანაოზენი მთელი საპროტესტო მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ შტაბად.


საგულისხმოა ამ მოძრაობის დინამიკაც, იგი დაიწყო, როგორც სოციალური პროტესტი და თანდათანობით უფრო და უფრო გაფართოვდა. მშრომელთა კოლექტივები მიტინგებზე აყენებდნენ მოთხოვნებს ხელფასის 100%-იან ზრდაზე, ოპტიმიზაციის შედეგების გაუქმებაზე, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და პროფკავშირული საქმიანობის თავისუფლებაზე. ამის შედეგად, უკვე 3 იანვარს, მთელი მანგისთაუს ოლქი საყოველთაო გაფიცვების ტალღამ მოიცვა, რომელიც მეზობლად მდებარე ატირაუს რეგიონსაც მოედო.


აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს გაიფიცნენ კომპანია ,,თენგიზშევროილის’’ მენავთობეებიც, რომლის 75%-მდე წილს ამერიკული კომპანიები ფლობენ. გასული წლის დეკემბერში, სწორედ ამ კომპანიიდან გაათავისუფლეს 40 ათასი დასაქმებული და შემცირებების მორიგი ეტაპი ამჟამადაც იგეგმებოდა. ამას მოჰყვა აქტობეს, დასავლეთ-ყაზახეთისა და ყიზილორდას ოლქის მენავთობეების გაფიცვაც.


უფრო მეტიც, იმავე საღამოს დაიწყო კომპანია ,,არსელორმიტალ თემირთაუ’’-ში დასაქმებული მეშახტეების გაფიცვა ყარაღანდის ოლქში და კორპორაცია ,,ყაზახმიში’’ დასაქმებული მეტალურგებისა და მაღაროელების გაფიცვა. ეს უკვე მოპოვებითი მრეწველობის სექტორში საყოველთაო გაფიცვად შეგვიძლია ჩავთვალოთ. გაფიცულებმა აქაც წამოაყენეს ხელფასების გაზრდის, საპენსიო ასაკის შემცირების, პროფესიული კავშირების ფლობისა და გაფიცვის უფლების ქონის მოთხოვნები.


ამავდროულად, სამშაბათს უვადო მიტინგები დაიწყო უკვე ატირაუში, ურალსკში, აქტიუბინსკში, ყიზილორდაში, თარაზიში, თალდიყორღანში, თურქესტანში, შიმქენთში, ექიბასტუზში, ალმათის რეგიონის ქალაქებსა და თავად ალმათიში, სადაც ქუჩების გადაკეტვა 4-5 იანვრის ღამეს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ღია შეტაკებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დემონსტრანტებმა დროებით დაიკავეს ქალაქის მერიის შენობა. ამან კასიმ-ჟომარტ ტოკაევს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი მისცა.


აღსანიშნავია, რომ ალმათის ამ გამოსვლებში ძირითადად უმუშევარი ახალგაზრდები და მეგაპოლისის გარეუბნებში მცხოვრები შიდა მიგრანტები მონაწილეობდნენ, რომლებიც დროებით ან დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე საქმდებიან ხოლმე. მცდელობებმა, დემონსტრანტები მხოლოდ მაგნისთაუს რეგიონსა და ალმათში გაზის ფასის 50 ტენგემდე შემცირების დაპირებებით დაეშოშმინებინათ, არ გაჭრა.


პროტესტი ასევე ვერ შეაჩერა კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გადაწყვეტილებამ მთავრობის დათხოვნის შესახებ და ვერც ნურსულთან ნაზარბაევის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებამ. 5 იანვრიდან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ყაზახეთის იმ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონალურ ცენტრებშიც, სადაც იქამდე პროტესტი არ ყოფილა - პეტროპავლოვსკში, პავლოდარში, უსტ-კამენოგორსკში, სემიპალატინსკში. ამავდროულად, აქტობეში, თალდიყორღანში, შიმქენთსა და ალმათში განხორციელდა რეგიონული სამთავრობო შენობების შტურმით აღების მცდელობები.


ჟანაოზენში, მუშებმა თავიანთ უვადო პროტესტზე ახალი მოთხოვნები ჩამოაყალიბეს - მოქმედი პრეზიდენტის და ნაზარბაევის მთავრობის ყველა ჩინოვნიკის გადაყენება, 1993 წლის კონსტიტუციისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიებისა და პროფკავშირების დაარსების თავისუფლების აღდგენა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიების შეწყვეტა. აქვე დაარსდა უხუცესთა საბჭო, რომელიც არაფორმალური ხელისუფლების ორგანოდ იქცა.


ამ ქმედებით, მთელ მოძრაობაში გავრცელდა ის მოთხოვნები და ლოზუნგები, რომლებიც ახლა სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში გამოიყენება, ხოლო ბრძოლამ პოლიტიკური შინაარსი შეიძინა. ალაგ-ალაგ, ასევე შეინიშნება კოორდინირებული ბრძოლისათვის საჭირო კომიტეტებისა და საბჭოების შექმნის მცდელობები.


ამავდროულად, ალმათში, აქტაუსა და ჟანაოზენში ჯარები შევიდა. თუკი მანგისთაუს ოლქში ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართა და ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს მომიტინგეების დაშლაზე, სამხრეთ დედაქალაქში სროლები დაიწყო, ხოლო 5-6 იანვრის ღამეს სპეცრაზმიც შეიყვანეს. სპეცრაზმმა მეამბოხეების მიერ დაკავებული უბნებისა და აეროპორტის ძალის გამოყენებით წმენდა დაიწყო. სხვადასხვა წყაროს თანახმად, უკვე დაღუპულია ათობით დემონსტრანტი.


ამ სიტუაციაში არსებობს საშიშროება, რომ ძალადობრივად ჩაახშონ ყველა საპროტესტო გამოსვლა და გაფიცვა, ამიტომ აუცილებელია მთელი ქვეყნის საყოველთაო გაფიცვით პარალიზება. ამისათვის, ტერიტორიული და საწარმოო პრინციპით, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ერთიანი სამოქმედო კომიტეტები, რათა ორგანიზებული წინააღმდეგობა გაეწიოს სამხედრო-პოლიციურ ტერორს.


შექმნილ მდგომარეობაში, აუცილებელია სრულიად საერთაშორისო მუშათა და კომუნისტური მოძრაობების, მემარცხენე გაერთიანებების მხარდაჭერა, რათა დაიგეგმოს მასშტაბური მსოფლიო კამპანია.


ყაზახეთის სოციალისტური მოძრაობა მოითხოვს:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ქალაქებიდან გავიდნენ ჯარები!

  • დაუყოვნებლივ გადადგეს ნაზარბაევის მთავრობის ყველა ოფიციალური პირი, პრეზიდენტი ტოკაევის ჩათვლით!

  • განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ყველა, ვინც დაკავებულია!

  • გარანტირებულ იქნას პროფესიული კავშირებისა და პოლიტიკური პარტიების დაარსების, შეკრებისა და გაფიცვის უფლება!

  • გაუქმდეს აკრძალვა და ლეგალიზდეს ყაზახეთის კომუნისტური პარტიისა და ყაზახეთის სოციალისტური მოძრაობის საქმიანობა!

  • ჩვენ მოვუწოდებთ ყაზახეთის ყველა მუშაკსა და მშრომელს, პრაქტიკაში განახორციელონ ჟანაოზენში ამოხოცილი ნავთობმუშაკების მოთხოვნა - მთელ ქვეყანაში არსებული მოპოვებითი და მსხვილი მრეწველობის ნაციონალიზაცია შრომითი კოლექტივების კონტროლქვეშ!


bottom of page