top of page

მოვდივართ მარშით!

 

23 დეკემბერს 3 საათზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან!

უფასო სასკოლო კვება უნდა განხორციელდეს 2024 წელს

Untitled24_20231127225932.PNG

უფასო სასკოლო კვების ხედვა 4 პრინციპს ითვალისწინებს

1. უფასო სასკოლო კვება საყოველთაო უნდა იყოს

 

უფასო სასკოლო კვება საყოველთაო უნდა იყოს. ის უნდა მიწვდეს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.

 

ეს ხედვა რამდენიმე პრინციპს და გარემოებას ითვალისწინებს:

 

  • საქართველოში სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 425 529 ადამიანი იღებს. აქედან 170 520 ბავშვია [1]. მიუხედავად იმისა, მთლიან ოდენობაში ყველაზე მეტნი 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები არიან, 2019 წლის მონაცემებით საარსებო შემწეობის პროგრამა ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების მხოლოდ 37 პროცენტს მოიცავდა [2], დანარჩენს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ჰქონდა და, შესაბამისად, არ იღებდა სახელმწიფოს დახმარებას. ზოგადად, ბავშვი ცხოვრობს თუ არა სოციალურ და მატერიალურ დანაკლისში პირდაპირ არ უკავშირდება სოციალურად დაუცველის სტატუსს, რაც საქართველოში რაოდენობრივი მონაცემებითაც დასტურდება [3]. ამდენად, უფასო სასკოლო კვების საარსებო შემწეობის მიღების ფაქტთან დაკავშირება გაუმართლებელია. ასეთ შემთხვევაში, ათიათასობით მოსწავლე საკვების გარეშე დარჩება.

 

  • საქართველოში ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ოჯახების 33 პროცენტს მიზნობრივი სოციალური დახმარება არ მოუთხოვია. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს; ყველაზე ხშირად დახმარებას არ ითხოვენ იმიტომ, რომ დახმარების მიღების იმედი არ აქვთ ან ერთხელ მოითხოვეს და უარი მიიღეს (69 პროცენტი); ზოგჯერ იმიტომ, რომ განაცხადის შევსება უჭირთ, ან არ იციან, ვის მიმართონ, ან ენობრივი ბარიერი უშლით ხელს განაცხადის შევსებაში (12 პროცენტი) [4]. ამდენად, სოციალურად დახმარების მიმღების სტატუსთან უფასო სასკოლო კვების დაკავშირება საკვების მიღმა დატოვებს ბავშვებს, რომლებიც ასეთ ოჯახებში ცხოვრობენ.

 

  • საქართველოში მნიშვნელოვნად მაღალია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და არაფორმალური დასაქმების წილი [5] და სახელმწიფო ვერ აგროვებს ზუსტ მონაცემებს ოჯახების შემოსავლების შესახებ. ამდენად, უფასო სასკოლო კვების ოჯახების კონკრეტულ შემოსავალზე მიბმა ვერ დააკმაყოფილებს თანასწორობისა და სამართლიანობის საბაზისო პრინციპსაც კი. მეორე მხრივ, საქართველოს შრომითი ბაზარი შემოსავლების არასტაბილურობით ხასიათდება. ჩვენთან არ მოქმედებს უმუშევრობის დაზღვევის ან უმუშევრობის დახმარების სისტემა, რომელიც, სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში, ხელფასს ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებდა. ამდენად, ბავშვი, რომელიც, მიზნობრივი პროგრამის ლოგიკით, გუშინ არ “საჭიროებდა” უფასო კვებას სკოლაში, შეიძლება ასეთს “საჭიროებდეს” ხვალ, როცა მისი მშობელი ან მეურვე სამსახურს დაკარგავს და შემოსავლის გარეშე დარჩება. 

 

  • 2022-23 სასწავლო წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 2086 საჯარო და 216 კერძო სკოლა. კერძო სკოლის საშუალო წლიური ფასი 6500 ლარია. საჯარო სკოლებთან შედარებით, მოთხოვნა კერძო სკოლებზე მზარდია. 2021-22 სასწავლო წელთან შედარებით, 2023 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა წლიურად 6 პროცენტით გაიზარდა [6] და თითქმის 64 ათასს მიაღწია. ამის მიზეზად ასახელებენ კერძო სკოლებში უკეთესი განათლების მიების შესაძლებლობას. შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ოჯახები საჯაროს კერძო სკოლას არჩევენ ამისთვის საჭირო მინიმალური ფინანსური შესაძლებლობის არსებობის დროსაც კი. ამდენად, არგუმენტი ვერ იქნება ის, რომ საჯარო სკოლებში საყოველთაო უფასო კვების შემთხვევაში, სახელმწიფოს ისეთ ბავშვებსაც დაეხმარება, ვისაც ამის საჭიროება არ აქვს. ჩვენი დაკვირვებით, უმრავლესობა, ვისაც საშუალო, საშუალოზე ცოტა დაბალი ან საშუალოზე ცოტა მაღალი შემოსავალი აქვს, როგორც წესი, კერძო სკოლას ირჩევს. 

 

  • არსებობს იდეოლოგიური ცრურწმენა, რომ ნებისმიერი მიზნობრივი პროგრამა სახელმწიფოს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე საყოველთაო პროგრამა. ასეთი ცრურწმენა ეფუძნება მცდარ ვარაუდს, რომლის მიხედვით, რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან მივა სოციალური მხარდაჭერის ესა თუ ის ფორმა, მით ნაკლები იქნება დანახარჯი. რეალურად, მიზნობრივი პროგრამები საჭიროებენ საყოველთაოზე განუზომლად მეტ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დანახარჯს. სხვა სიტყვებით, მიზნობრივი პროგრამის შემთხვევაში, საჭიროა, იმ ოჯახების იდენტიფიცირება, გამორჩევა და აღნუსხვა, რომლებიც აკმაყოფილებენ მიზნობრივ პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს; რასაც, როგორც წესი, თან სდევს მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება, რომლითაც დგინდება, ისევ აკმაყოფილებს თუ არა პროგრამით მოსარგებლე მონაწილეობის კრიტერიუმებს; ხშირია პირველადი გადაწყვეტილებების გასაჩივება და მათი განხილვა ზემდგომი უწყებების ან სასამართლოების მიერ. ეს პროცესი მოითხოვს სხვადასხვა ტიპის გაზრდილ ფინანსურ დანახარჯს, რაც პროგრამის საერთო დანახარჯზე მსჯელობისას მხედველობიდან გამოტოვებულია - მაშინ, როცა საყოველთაო პროგრამებს ასეთი დანახარჯები საერთოდ არ აქვთ. ამ ფენომენს სოციალურ მეცნიერებებში გადანაწილების პარადოქსს უწოდებენ.

 

უფასო კვების პოლიტიკით საჯარო სკოლის ყველა მოსწავლის დაფარვა სკოლაში შექმნის თანასწორ გარემოს, სადაც მოსწავლეები ერთმანეთისგან არ განირჩევიან იმის მიხედვით, ვინ რას ჭამს და ვინ ჭამს უფასოდ.

2. სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი, საკვები ადგილზე უნდა დამზადდეს

სადაც ფუნქციური ბუფეტი არ არის, საკვები მზა სადილის ყუთის სახით უნდა მივიდეს. 

 

სასკოლო ულუფა ჯანსაღი და დაბალანსებული უნდა იყოს. სასკოლო საკვები ადგილზე, სკოლებში დამზადდეს - ისე, როგორც საქართველოს საჯარო ბაღების შემთხვევაშია. თუმცა, რადგან საქართველოში სასკოლო ინფრასტრუტურა ამისთვის მზად არ არის, საჭიროა - დროებით - უფასო სასკოლო კვება შერეული მოდელით დაიწყოს.

 

საქართველოში 2 233 საჯარო სკოლაა. მათი უმრავლესობა - 1865 შენობა - ადრეულ ან გვიან საბჭოთა პერიოდში აშენდა; განსაბჭოებამდელია 70 სკოლის შენობა; 1991 წლიდან, დამოუკიდებელ საქართველოში 286 სკოლის შენობა აიგო (12-ის აშენების თარიღი უცნობია). 2019 წელს სპეციალური ინდექსით გაიზომა ყველა ქართული საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ 59 სკოლა კარგ, 1013 სკოლა ნორმალურ, ხოლო 885 სკოლა ცუდ მდგომარეობაშია; 276 სკოლის შენობა კი ჩანაცვლებას საჭიროებს [7]. 

 

საჯარო სკოლების მხოლოდ 22 პროცენტს აქვს ფუნქციური ბუფეტი; სკოლების თითქმის 4 პროცენტშია გამოყოფილი "რაღაც სივრცე" ბუფეტისთვის; სკოლების 74 პროცენტს ბუფეტი საერთოდ არ აქვს [8]. პრობლემაა უწყვეტი წყალმომარაგებაც და სუფთა, სასმელად ვარგისი წყლის არსებობაც, მაგრამ, კვლევის მიხედვით, მაგალითად, სოფლად მდებარე 420 სკოლაში წყლის სისტემის გასამართად 2000 ლარზე ნაკლებია საჭირო [9]. 

 

არსებობს მოსაზრება, რომ უფასო სასკოლო კვება არ უნდა დაიწყოს მანამ, სანამ საჯარო სკოლებს საკვების ადგილზე დამზადების ინფრასტრუქტურა არ ექნებათ. ეს მოსაზრება სასკოლო კვების არდაწყების საბაბია, რადგან ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას წლები, შესაძლოა, ათწლეული დასჭირდეს; კვლევის მიხედვით, საჯარო სკოლების სრულ განახლებას მილიარდ 600 მლნ ლარი ჭირდება [10]. საბაბია, მათ შორის, იმიტომ, რომ შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება:

 

  • სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საკვები უნდა დამზადდეს ადგილზე, როგორც ეს, მაგალითად, ინდოეთში ხდება;

 

  • სკოლებში, სადაც არ არის ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა მივიდეს გამზადებული საკვები ე.წ. სადილის ყუთის სახით, როგორც ეს, მაგალითად, პოლონეთში ხდება. 

 

სკოლებში, რომლებიც სეზონურად მიუვალია და მზა სადილის ყუთის მიტანა ზედმეტად გართულებული ან შეუძლებელია, შეიძლება, ის ჩანაცვლდეს ე.წ. ფორტიფიცირებული საკვებით. სხვადასხვა ფაქტორის (სკოლის არეალში არის დიდთოვლობის მაღალი ან საშუალო რისკი და მისასვლელი გზა არის ცუდ ან სარემონტო მდგომარეობაში) ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ასეთი შეიძლება იყოს 472 სკოლა, რომელთა უმრავლესობა მდებარეობს აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში [11]. ფორტიფიცირებული საკვები, როგორც წესი, არის ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული ორცხობილა, რომელიც გამოიყენება საკვებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის დროს და რომელიც ჯანსაღი და ენერგეტიკულად დაბალანსებულია [12]. 

3. უფასო სასკოლო კვება მიბმული უნდა იყოს ადგილობრივ წარმოებაზე. 

საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პოლიტიკას აქვს პოტენციალი, გახდეს სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური ბერკეტი, თუ ის მაქსიმალურად იქნება მიბმული ადგილობრივ წარმოებაზე. უფასო სასკოლო კვება აჩენს გარანტირებულ, 150 მლნ ლარამდე წლიური ღირებულების მოთხოვნას საკვებზე, 500,000-ზე მეტი მოსწავლის გამოსაკვებად [13]

ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარება, და საკვების მოხმარებისა და წარმოების ბალანსში დეფიციტების აღმოფხვრა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო სურსათით დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, ანუ ადგილობრივ წარმოებას შეეძლოს, საკვების ადგილობრივი მოთხოვნის მნიშვნელოვანი წილის დაკმაყოფილება და მოსახლეობა მეტად იყოს დაცული სასურსათო ხარჯების ზრდისაგან და სასურსათო პროდუქტების კრიზისებისგან. 

სასურსათო დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული საზომი მარცვლეულს უკავშირდება. 2022 წელს საქართველოს ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 22 პროცენტი იყო. იმავე წელს, ხორბლის იმპორტმა 557 ათასი ტონა, ხოლო ადგილზე წარმოებულმა პროდუქციამ 157 ათასი ტონა შეადგინა. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული ხორცისა და ბოსტნეულის მოთხოვნის მხოლოდ 50 პროცენტი იწარმოება ადგილზე [14]. 

2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კიდევ ერთხელ გამოკვეთა სასურსათო დამოუკიდებლობის პრობლემა და მკაფიოდ დააყენა საკვების, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საკვების საერთაშორისო ფასები სტაბილურად იზრდებოდა 2022 წლამდეც, უკრაინის ომის შედეგად შექმნილმა კრიზისებმა სურსათის საერთაშორისო ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია, რაც განსაკუთრებით აზარალებს საქართველოსნაირ ქვეყნებს, რომლებიც მეტად არიან დამოკიდებულები საკვები პროდუქტების იმპორტზე [15].

რამდენადაც სახელმწიფო მიწის უმსხვილესი მესაკუთრეა, არსებობს პროგრესული და სტრატეგიული აგროპოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა. საგულისხმოა ისიც, რომ ქვეყანაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის რესურსის 30 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ აუთვისებელია [16]. 

 

სასკოლო კვება ბევრ ქვეყანაშია მიბმული ადგილობრივ წარმოებას. მაგალითად, 2009 წლიდან ბრაზილიაში სავალდებულო გახდა, სკოლებისთვის საჭირო საკვების არანაკლებ 30 პროცენტი ადგილობრივი წვრილი ფერმებისგან იყოს შესყიდული [17]. 

4. უფასო სასკოლო კვება ქვეყნის ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს.

უშუალოდ პროგრამის განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. 

 

უფასო სასკოლო კვების პოლიტიკა ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს. ჩვენი გამოთვლით, 2022 წელს უფასო სასკოლო კვება სახელმწიფოს 198 მილიონი ლარი დაუჯდებოდა [18]. ამ ოდენობის დაფარვა არსებული ბიუჯეტითაც შესაძლებელია, მაგრამ პროგრესული საგადასახადო სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, სხვადასხვა სცენარის მიხედვით, სახელმწიფოს, დამატებით, საშუალოდ, 460 მლნ ლარის მობილიზება შეეძლო, მაგალითად, 2018 წელს [19]. ეს ოდენობა ახლა გაცილებით მეტია. 

 

საკუთრივ პროგრამის შემუშავება განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. საჭიროა, ცენტრალურ დონეზე განისაზღვროს უფასო სასკოლო კვების სტანდარტებიც, რომელიც გაითვალისწინებს თითოეული მუნიციპალიტეტის სპეციფიკას (მაგ. საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უმრავლესობა რელიგიური მოსაზრებების გამო არ ჭამს სხვადასხვა საკვებს); უშულოდ პროგრამის განხორციელება კი ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ.

 

ადგილობრივ თვითმმართველობებს, საჯარო ბაღების მაგალითზე, უკვე აქვთ კვების პროგრამების მართვის გამოცდილება და ამისთვის, როგორც წესი, დაფუძნებული აქვთ არაკომერციული ორგანიზაციები, რომელთა გაფართოების და გაძლიერების შემთხვევაში, ისინი შეძლებენ სასკოლო საკვების ჯაჭვის მართვას. ადგილობრივ თვითმმართველობებს, კანონმდებლობის მიხედვით, ასევე შეუძლიათ რეგიონული თანამშრომლობა და ერთიანი ორგანიზაციების დაფუძნება, რაც უფასო სასკოლო კვების პროგრამის მართვას გაამარტივებს.

 

პროგრამის ზედამხედველობა, სკოლის დონეზე, ყველაზე უკეთ მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფებს შეუძლიათ. მასწავლებლებს ამისთვის დამატებითი ანაზღაურება უნდა მიეცეთ.

შენიშვნები: 

 

[1] სოციალური მომსახურების სააგენტო. 2023. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ssa.moh.gov.ge/statistik.php?lang=1&id=202212070002225855299551&v=0#page-1

 

[2] გაეროს ბავშვთა ფონდი. 2019. მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზი და სოციალური ტრანსფერებით სიღარიბის შემცირების სიმულაცია. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.unicef.org/georgia/media/2491/file/TSA&CHILDPOVERTY_ge.pdf

 

[3] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური da გაეროს ბავშვთა ფონდი. 2023. ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.unicef.org/georgia/ka/ანგარიშები/ბავშვთა-კეთილდღეობა-საქართველოში-2023

 

[4] გაეროს ბავშვთა ფონდი. 2019. მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზი და სოციალური ტრანსფერებით სიღარიბის შემცირების სიმულაცია. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.unicef.org/georgia/media/2491/file/TSA&CHILDPOVERTY_ge.pdf

 

[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 2021. არაფორმალური და არასტანდარტული შრომა საქართველოში. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/Shroma_170x240_GEO_WEB_1642771763.pdf

 

[6] ია კაცია და სხვები. 2023. ზოგადი განათლება საქართველოში. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tbccapital.ge/static/file/202306264122-general-education-in-georgia_06.2023.pdf 

 

[7] MIkheil Svanidze. 2021. Rebuilding Education in Georgia. The Infrastructure Challenge in Georgia’s School System. GeoWel Research. 

 

[8] Public Defeneder’s Office of Georgia. 2018. Access to Water and Sanitation in Public Schools of Georgia (Special Report). ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ombudsman.ge/res/docs/2019052414124338815.pdf 

 

[9] MIkheil Svanidze. 2021. დასახელებული ნაშრომი.

 

[10] MIkheil Svanidze. 2021. დასახელებული ნაშრომი. 

 

[11] გამოთვლა ეყრდნობა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის შეფასების 2018-19 წლების მონაცემთა ბაზას. 

 

[12] კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი. 2021. საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ctcskolalab.ge/2020/07/09/სასკოლო-კვების-კვლევითი-2/ 

 

[13] მოძრაობა ხმა. 2022. რა ღირს უფასო სასკოლო კვება? ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gezimag.ge/post/17-12-2022 

 

[14] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2023. სოფლის მეურნეობის სტატისტიკა. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://agriculture.geostat.ge/food-balance

 

[15] Food and Agriculture Organization of the United Nations. 2023. The State of Food Security and Nutrition in the World. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.fao.org/3/cc3017en/cc3017en.pdf

 

[16] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 2020. საქართველოს სოფლის მეურნეობა. 2012-2019 წლების ძირითადი ტენდენციები. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.transparency.ge/sites/default/files/sakartvelos_soplis_meurneoba.pdf

 

[17] მოძრაობა ხმა. 2022. რა არის უფასო სასკოლო კვება? მიმოხილვა. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gezimag.ge/post/23-09-2022 

 

[18] მოძრაობა ხმა. 2022. რა ღირს უფასო სასკოლო კვება? ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gezimag.ge/post/17-12-2022 

 

[19] საზოგადოების კვლევის ცენტრი. 2018. საყოველთაო კეთილდღეობისთვის - წინადადება უთანასწორობის შემცირებისა და ინდუსტრიული განვითარებისთვის რესურსების მობილიზების მიზნით, საქართველოში საშემოსავლო გადასახადის რეფორმის შესახებ. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/15111.pdf 

შემგვიერთდი ხელმოწერით

შემოუერთდი იდეას

მადლობა თანადგომისთვის!

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • LinkedIn
bottom of page