top of page

გვჭირდება შრომის ინსპექცია?

ვახტანგ ნაცვლიშვილი


დავიწყოთ შესავლის გარეშე. ტყიბულის ტრაგედიის შემდეგ გაჩნდა ასეთი ერთდროულად ცინიკური და ბრიყვული მოსაზრება, რომ შრომის ინსპექცია უნდა გაუქმდეს - უნდა გაუქმდეს, რადგან მან ვერ შეძლო ამ ტრაგედიის თავიდან არიდება. მივყვეთ მონაცემებს.

1. საქართველოში შრომის ინსპექცია შეიქმნა 2002 წელს. 2002 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 33 მშრომელი და დაშავდა - 17. ინსპექციის შექმნიდან მეორე წელს დაუღუპა - 27 და დაშავდა 15 მშრომელი. 2004 წელს დაიღუპა - 20 და დაშავდა - 14. 2005 წელს დაიღუპა - 15 და დაშავდა - 9. ეს მონაცემები გვეუბნება იმას, რომ ინსპექცია არსებობის პირველ წლებში ახერხებდა მშრომელთა ნაწილის გადარჩენას მაინც. ვისთვისაც ეს სადავოა, ვნახოთ სხვა მონაცემი.

2. 2006 წელს სააკაშვილმა და ბენდუქიძემ შრომის ინსპექცია გააუქმეს. იმ პერიოდში, როცა ინსპექცია არ არსებობდა, ანუ 2007-2017 წლებში, სამუშაო ადგილზე დაღუპვის და დაზიანების რაოდენობა, 2002-2005 წლებთან შედარებით, 70%-ით გაიზარდა. მხოლოდ 2010 წელს დაუღუპა და დაშავდა იმაზე თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე 2002-2005 წლებში.


3. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ სააკაშვილი-ბენდუქიძის რეფორმებმა დასაქმების მაჩვენებელი გაზარდა და სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაშავების რაოდენობა ამიტომ გაიზარდა. ეს ტყუილია. სააკაშვილი-ბენდუქიძის რეფორმების შემდეგ უმუშევრობა კი არ იკლებდა, მატულობდა. 2006 წლის შემდეგ უმუშევრობა იზრდებოდა და იზრდებოდა სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რიცხვიც.

4. არსებობს სტატისტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა წელსა თუ სხვადასხვა ქვეყანაში საწარმოო შემთხვევის გამო დაღუპულთა მაჩვენებლებს შედარებადს ხდის. ეს არის ყოველ 100 ათას მშრომელზე დაღუპულთა რაოდენობა. ამ მეთოდს თუ გამოვიყენებთ, მივიღებთ ასეთ სურათს: 2002-2005 წლებში, როცა ინსპექცია არსებობდა, ყოველ 100 ათასი მშრომელიდან საწარმოო შემთხვევის გამო იღუპებოდა თითქმის 4 მშრომელი; 2007-2017 წლებში, როცა ინსპექცია არ არსებობდა, 100 ათას მშრომელზე მოდიოდა 9 დაღუპული სიცოცხლე. თითქმის ორჯერ მეტი. 2017 წელს ინსპექცია ისევ შეიქმნა. რა მოხდა ამის შემდეგ? ისევ შემცირდა სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაშავების მაჩვენებლები.

ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი.

შრომის ინსპექციის შექმნას ქართულ ოცნებას არ უნდა ვემადლიერებოდეთ. ის ბიძინას და ქართულ ოცნებას არ შეუქმნია. ფორმალურად ასე იყო - მათი მმართველობის დროს მიიღეს, მაგრამ მათ ინსპექციის შექმნას ავალდებულებდა ჯერ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და შემდეგ - ასოცირების ხელშეკრულება.

ჩვენი მთავრობა ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რომ როგორმე ინსპექცია არ შეექმნა. გაგახსენებთ: თავდაპირველად მათ შექმნეს ინსპექციის სამსახური, მაგრამ ამ სამსახურს სამუშაო ადგილის შემოწმების უფლება არ გააჩნდა; შემდეგ ინსპექციამ შემოწმების უფლება მიიღო, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს შესასრულებლად სავალდებულო ძალა არ ჰქონდა - მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემდა; მოგვიანებით - ისევ ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით - ინსპექციას სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების უფლება მისცეს, მაგრამ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს ამოწმებდა, შრომით უფლებებს - ვერა; სულ ბოლოს, 2021 წელს, დიდი წვალების შემდეგ სრულფასოვანი შრომის ინსპექცია შეიქმნა, მაგრამ ამჯერად მას, შრომის პირობებთან ერთად, კოვიდრეგულაციების დაცვა უნდა შეემოწმებინა - მაშინ, როცა საკმარისი რესურსი შრომის პირობების შესამოწმებლადაც კი არ გააჩნდა.

გაგახსენებთ იმასაც, რომ წლების მანძილზე მთავრობა არ აქვეყნებდა ინსპექციის ანგარიშებს. სხვა სიტყვებით, ვერავინ იგებდა, ვინ შეამოწმეს და რა დარღვევა აღმოუჩინეს. არ აქვეყნებდა იმიტომ, რომ კანონდამრღვევი ბიზნესის რეპუტაცია არ შეელახა; და არ გამოაქვეყნებდა არც ახლა - საკონსტიტუციო სასამართლოს რომ არ დაევალდებულებინა.

გვაქვს თუ არა დღეს ძლიერი ინსპექცია? ცხადია, რომ არ გვაქვს. არ გვაქვს იმიტომ, რომ მისი შექმნა ჩვენს მთავრობას ძალდატანებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოუხდა. არ გვაქვს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია განვითარების ის ლოგიკა, რომელიც მშრომელების სიცოცხლეს, მათ კუნთებსა და ტვინებს, მათ ხელებს ერთეულების გამდიდრების სურვილს უქვემდებარებს.



შენიშვნა:

ტექსტში მოყვანილ მონაცემებს ნახავთ აქ და აქ.


bottom of page