ავტორი: კოტე ჩაჩიბაია
ბარიკადებით გადახერგილი ქუჩები, ცეცხლწაკიდებული საბურავები, სპეცრზმის მიმართულებით გასროლილი ქვები და მოლოტოვის კოქტეილები, გაფიცული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ ქუჩაში დატოვებული ტონობით ნაგავი, გაჩერებული ტრანსპორტი, ბლოკირებული ქალაქი...
ეს შეიძლება თბილისი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს პარიზის ქუჩების სცენებია.

ფოტო: The Guardians
თუმცა არამხოლოდ პარიზში, არამედ საფრანგეთის ბევრ ქალაქში; ნანტში, მარსელში, ბორდოში, ლიონში და ბევრ სხვა ადგილას გაბრაზებული ფრანგები აგრესიულად და სიმამაცით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს საფრანგეთის მთავრობის საპენსიო „რეფორმის“ წინააღმდეგ. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ქუჩის დემონსტრაციებში დაახლოებით 1.5-2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია საფრანგეთისთვის.
„რეფორმის“ მთავარი ნაწილია საპენსიო ასაკის ეტაპობრივად გაზრდა 2023 წლის სექტემბრიდან წელიწადში სამი თვით, საბოლოოდ კი ამჟამინდელი 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდა 2030 წლისთვის.
საფრანგეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ხსნის საპენსიო ბიუჯეტის დეფიციტის მოლოდინით. საფრანგეთში ამჟამად აქტიურად მომუშავე თაობები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიას. ცხოვრების ხანგძლივობის ზრდასთან ერთად პენსიონერთა რაოდენობა და პენსიებზე გაწეული დანახაჯები იზრება, ხოლო საფრანგეთის ეკონომიკა ვეღარ არის საკმარისად პროდუქტიული ამ ხარჯების ასანაზღაურებლად. ასეთია პრეზიდენტ მაკრონის მთავრობის არგუმენტაცია საპენსიო ასაკის გასაზრდელად. თუმცა, ფრანგები არ არიან მზად უარი თქვან მრავალწლიანი შრომის შემდეგ კუთვნილი დასვენების 2 წელზე, მხოლოდ იმიტომ რომ საფრანგეთის მთავრობა არ განიხილავს სხვა შესაძლებლობას ფინანსური რისკების გადასაფარად, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით გასაჯანსაღებლად და მშრომელების უფრო ხანგძლივ ექსპულატაციას ასაღებს ერთადერთ გამოსავლად.
პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა იმან, რომ მიუხედავად კანონპროექტის მიმართ მასობრივი სახალხო უკმაყოფილებისა (სოციალური გამოკითხვების მიხედვით ფრანგების 70%-ზე მეტი წინააღმდეგია „რეფორმის“) მაკრონმა ამ ცვლილების განხორციელება ერთპიროვნულად გადაწყვიტა. საფრაგეთის პარლამენტის სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, თუმცა აშკარა იყო, რომ პარლამენტის ქვედა პალატა - ეროვნული ასამბლეა, სადაც მაკრონის ცენტრისტულ პარტია „რენესანსს“ უმრავლესობა არ აქვს, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა. აქ წინააღმდეგობას წევდნენ როგორც ლე პენის მემარჯვენე ნაციონალისტები, ასევე მემარცხენე პარტიების (დაუმორჩილებელი საფრანგეთი, კომუნისტური პარტია, სოციალისტური პარტია, მწვანეები) კოალიცია. არაპოპულარული კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავს იკავებდა გოლისტური „რესპუბლიკური“ პარტიის ზოგიერთი წევრი და ცალკეული მაკრონის თანაპარტიელი დეპუტატიც კი. კანონპროექტის ჩავარდნის საფრთხის თავიდან ასარიდებლად, საფრანგეთის მთავრობამ გამოიყენა კონსტიტუციური შესაძლებლობა, პარლამენტის გვერდიის ავლით დაემტკიცებინა კანონპროექტი.
ამ ხისტმა გადაწყვეტილებამ, რომ კანონი ერთპიროვნულად გაიტანათ მაკრონს და მის მთავრობას, კიდევ ერთხელ გააცოცხლა საფრანგეთის საჯარო ცხოვრებაში დებატები დემოკრატიის კრიზისის შესახებ. განახლდა მსჯელობა, რომ საჭიროა ახალი, მეექვსე რესპუბლიკის დაარსება, რომელიც უფრო დემოკრატიულ, სახალხო ლეგიტიმაციაზე მეტად დაყრდნობილ პრინციპებს დაეფუძნება. ამ მსჯელობასთან ერთად, ფრანგულმა ოპოზიცია ცდის და ეცდება სხვადასხვა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას საპენსიო „რეფორმის“ დასაბლოკად: მთავრობის გადაყენება კონსტიტუციით გათვალისწინებული ე.წ. უნდობლობის ვოტუმის გამოყენებით (საკმარისი რაოდენობის ხმები პარლამენტში ვერ შეგროვდა, რადგან რესპუბლიკური პარტიამ მხარი არ დაუჭირა ამ პროცესს); იგეგმება კანონპროექტის გასაჩივრება საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოში; იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ რეფერენდუმის დასანიშნად პარლამენტის წევრების 1/5-ის და ამომრჩეველთა 1/10-ის სურვილი და მრავალთვიანი პროცედურების გავლაა საჭირო.
ხალხმა კი მაშინვე, მყისიერად გამოხატა საკუთარი პროტესტი. სპონტანური აქციები საფრანგეთის ქალაქებში ახლაც მიმდინარეობს. პროფკავშირებმა მიიღეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი გენერალური გაფიცვის შესახებ, რომელიც 23 მარტს გაიმართება. სამართალდამცავები იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს მომიტინგეების დასაშლელად. შეტაკებების შედეგად ყოველდღიურად აკავებენ ასეულობით ადამიანს. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ ცხრება. იმ განსხვავებასთან ერთად, რაზეც სტატიის დასაწყისში ითქვა, თბილისურ და პარიზულ პროტესტებს აქვთ საერთოც.
კაპიტალისტების სასარგებლო ნეოლიბერალური „რეფორმების“ შედეგად, ცხოვრების პირობები უარესდება, დაუცველობის განცდა გამძაფრებულია და მომავალი ისეთი სახიფათო და შიშის მომგვრელია, როგორც არასდროს.
ამ ხიფათით და წნეხით გამოწვეული სახალხო მრისხანება პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვს. ფრანგები იბრძვიან სასურველი გადაწყვეტილებისთვის. სამართლიანი ბრძოლა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მმართველი პოლიტიკური და ეკონომიკური კლასის ქონებას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას, აუცილებელი ნაბიჯია ღირსეული ცხოვრების პირობების მოსაპოვებლად საფრანგეთშიც და საქართველოშიც.
გამოყენებული წყაროები:
14. https://www.theguardian.com/world/2023/mar/18/paris-clashes-continue-over-french-pension-age-rise
15. https://www.lbc.co.uk/world-news/cafac0b68db340948d79ee3cac916d0c/
18. https://jacobin.com/2023/02/france-emmanuel-macron-pension-reform-protest-strike-welfare
19. https://jacobin.com/2023/03/france-pension-reform-protest-olivier-dussopt
21. https://jacobin.com/2023/01/emmanuel-macron-france-pension-reform-retirement-age-working-class
22. https://www.youtube.com/watch?v=5PIEEs1xoLo