top of page

ჩინეთი: პარტიის მე-20 ყრილობა და „ნულოვანი COVID-19-ის პოლიტიკით“ გამოწვეული უკმაყოფილება


ფოტო: Ng Han Guan/AP


ავტორი: გიორგი ქართველიშვილი



მოვლენათა განვითარების რთულ პროცესში არსებობენ მთელი რიგი წინააღმდეგობები, თუმცა, მათ შორის ყოველთვის არის ძირითადი წინააღმდეგობა, რომლის არსებობა და განვითარება განსაზღვრავს სხვა დანარჩენი წინააღმდეგობების არსებობასა და განვითარებას. მაო, „წინააღმდეგობის შესახებ“.



„პარტიის მშენებლობის“ ათწლიანი პერიოდის დასასრული?

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის განვითარება და შედეგები, უდავოდ, სი ძინპინის სრულ პოლიტიკურ ტრიუმფზე მეტყველებს. როგორც მოსალოდნელი იყო, სი პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე მესამე ვადით აირჩიეს. თუმცა, საინტერესო, და ბევრისათვის მოულოდნელი გადათამაშება მოხდა პარტიის უმაღლეს ეშელონებშიც. განსაკუთრებით საინტერესოა თუ როგორ დაკომპლექტდა პარტიის უმაღლესი ორგანო - პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტი.


გარდა ლი ჭანშუსი და ხან ჭენგისა (რომლებიც პარტიის წესის შესაბამისად, ასაკის გამო დატოვეს პოსტები), პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტი ასევე დატოვა ლი ქეციანგმა და ვანგ იანგმაც. ოთხივე მათგანი სის ახლო მოკავშირეებმა ჩაანაცვლეს. ესენია: ადგილობრივი პარტიული ბოსები ლი ციანგი (შანხაი), ცაი ცი (პეკინი), ლი სი (კუანგტუნგი), და ასევე დინგ სუესიანგი, რომელიც პარტიის ცენტრალური კომიტეტის სათაო ოფისს ხელმძღვანელობდა. მოსალოდნელია, რომ გაზაფხულზე პრემიერის პოსტს ლი ციანგი დაიკავებს, რომელსაც განსხვავებით მისი წინამორბედებისაგან, ვიცე-პრემიერობის გამოცდილება არ აქვს. მე-20 კონგრესზე მომხდარი გადათამაშების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ე.წ. „ახალგაზრდა კომუნისტური ლიგის“ (Tuánpài) ფრაქციის წევრების დაღმასვლა იყო - ლი ქეციანგმა პრემიერის პოსტთან ერთად პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტიც დატოვა, ხოლო ხუ ჩუნხუა, რომელსაც პარტიის უმაღლეს ორგანოში დაწინაურებას უწინასწარმეტყველებდნენ, პოლიტბიუროს 24-კაციან სიაშიც ვეღარ მოხვდა. ამას თან სდევდა ყოფილ პრეზიდენტთან და პარტიის ყოფილ გენერალურ მდივანთან ხუ ძინტაოსთან დაკავშირებული უცნაური ინციდენტიც. [1]


ჩინეთის უმაღლესი სამხედრო ორგანოს - ცენტრალურ სამხედრო საბჭოს სი ძინპინი მინიმუმ კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ვიცე-მდივნად რჩება გენერალი ჭანგ იოუსია, სის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი არმიაში. გარდა იმისა, რომ მას რეალური სამხედრო გამოცდილება აქვს ჩინეთ-ვიეტნამის ომში 1979-1984 წლებში, მისი და სის მამები ახლო მეგობრები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ ჩინეთის სამოქალაქო ომში 1940-იანი წლების ბოლოს. საბჭოში ვიცე-მდივნად დაწინაურდა სის კიდევ ერთი მნიშვენლოვანი მოკავშირე არმიაში - გენერალი ჰე ვეიტუნგი, რომელიც 2019-2022 წლებში ჩინეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის მეთაური იყო. აღსანიშნავია, რომ ესაა სამხედრო ოლქი, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის აღმოსავლეთ ფლოტი, ხოლო იურისდიქციაში - აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა და ტაივანის სრუტე შედის.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და მუდმივი კომიტეტის ახალი შემადგნელობა.

ერთი სიტყვით, ამ ტექსტის წანამძღვარში ნახსენები „ძირითადი წინააღმდეგობა“, რომლის გადაჭრასაც სი ძინპინი 2012 წლიდან ცდილობდა, ფაქტობრივად, სრულადაა გადაჭრილი. პარტიაში ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ძლიერი ცენტრის ირგვლივ, სის პოზიციები პარტიის პოლიტბიუროსა და მუდმივ კომიტეტში მყარია ისე, როგორც არასდროს. მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში „სხვა დანარჩენი წინააღმდეგობების“ განვითარების საკითხი კი, ჯერჯერობით, ღიაა.


ახალი ეპოქა, ახალი წინააღმდეგობები: ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ტაივანის საკითხი


ეკონომიკური პოლიტიკის სადავეებს ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან მომავალი პრემიერი ლი ციანგი გადაიბარებს. ლი მე-20 ყრილობამდე შანხაის მმართველი იყო. მისი მმართველობისას შანხაიში გაიხსნა ტესლას პირველი ქარხნები ჩინეთში, შანხაის საფონდო ბირჟაზე ჩაეშვა ახალი სავაჭრო პლატფორმა მაღალტექნოლოგიური კომპანიებისათვის, გამარტივდა საიმიგრაციო პოლიტიკა და ა.შ. ამასთან, ლის რეპუტაცია სერიოზულად შეილახა COVID-19-ის პანდემიის დროს, როდესაც შანხაიში უმკაცრესი, ხანგრძლივი, და უმრავლესობის აზრით, ცუდად ორგანიზებული შეზღუდვები დაწესდა. სწორედ ამ მიზეზი გამო, მის დაწინაურებას მე-20 ყრილობაზე ცოტა თუ ელოდა. ლის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში 2023 წლის მარტში, სავარაუდოდ, ჰე ლიფენგი შეუერთდება, რომელმაც ვიცე პრემიერი ლიოუ ჰე უნდა ჩაანაცვლოს. ლიოუ კი პარტიის ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომისტად ითვლებოდა. ჰე ლიფენგი სისთან მჭიდრო კავშირების მქონე ეკონომისტი და ბიუროკრატია, რომლის გამოცდილებაც, განსხვავებით ლი ციანგისგან, შედარებით უფრო სტეიტისტურ მიდგომაზე მეტყველებს.


ახალი ეკონომიკური გუნდის მთავარი ამოცანები შეგვიძლია შემდეგნაირად შევაჯამოთ: ეკონომიკური დამოუკიდებლობა შიდა მოთხოვნის ზრდაზე და არათანაბარი განვითარების შემცირებაზე დაყრდნობით, სტრატეგიული საწარმოო სექტორების განვითარება და დამოუკიდებლობა (მაგ. მაღალტექნოლოგიური სექტორი). [2]


ხაზგასმა მაღალტექნოლოგიური სექტორის დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის კონტექსტის მაგალითზეც შეგვიძლია ავხსნათ. ჩინური კომპანიების წინააღმდეგ ტრამპის მიერ წამოწყებული აგრესიული პოლიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდშიც გრძელდება. ამის მაგალითია, 2022 წელს მიღებული მკაცრი რეგულაციები, რომლის მიზანშიც ჩინეთის ნახევრადგამტარი მიკროსქემების მზარდი ინდუსტრიაა ამოღებული. მაგალითისათვის, 2022 წლის 7 ოქტომბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ რეგულაციის ახალი პაკეტი დაამტკიცა, რაც ამერიკულ კომპანიებს ჩინეთში გამოთვლითი სქემებისა და სუპერკომპიუტერების წარმოებაში საჭირო ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფისა და აღჭურვილობის ექსპორტს უზღუდავს. [3]


20-ე ყრილობის ანგარიშებში შეცვლილი პოზიციები შეინიშნება „სარტყელისა და გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ „სარტყელი და გზა“ გასულ წლებში მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა და, ამის პარალელურად, ჩინეთმა უკვე წამოაყენა სხვა ახალი საერთაშორისო ინიციატივები (მაგ. „გლობალური განვითარების ინიციატივა“), ის შორსაა გაქრობისაგან. პარტიის ოფიციალურ ხაზში გაცილებით მეტი აქცენტი კეთდება „სარტყელისა და გზის“ საშინაო მნიშვნელობაზე, რაც თავისთავად, ბმაშია ზემოთნახსენებ სამომავლო ეკონომიკურ სტრატეგიასთან და ეკონომიკურად ჩამორჩენილი რეგიონების განვითარებასთან. უმრავლესობის ვარაუდით, ჩინეთი მეტად შეეცდება „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში თავიდან აირიდოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის სარისკო სესხების გაცემა გლობალური სამხრეთის ქვეყნებში. [4] მეორე მხრივ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მეტად პრიორიტეტული გახდება ისეთი პროექტები (მაგ. ინფრასტრუქტურა ევრაზიის კონტინენტზე), რომლებიც ჩინეთის ჩამორჩენილი, დასავლური რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.


საინტერესოა, რას გვეუბნება სის ანგარიში ტაივანის საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში მუდმივად მეორდება ტაივანის საკითხის მშვიდობით გადაჭრის გზების უპირატესობა, ასევე გვხვდება შემდეგნაირი ფორმულირებებიც:


„ტაივანი, ესაა ჩინეთის ტაივანი. ტაივანის საკითხის გადაწყვეტა ჩინელების საქმეა. ჩვენ უდიდესი გულწრფელობითა და სრული ძალისხმევით გავაგრძელებთ გაერთიანებისაკენ მშვიდობიანი გზით სწრაფვას, მაგრამ არასდროს დავდებთ პირობას ძალის გამოყენების სრულად უარის თქმაზე, ვიტოვებთ რა ყველა საჭირო ზომის მიღების შესაძლებლობას. ეს მიმართულია არა ტაივანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, არამედ გარეშე ძალების ჩარევისა და რამდენიმე სეპარატისტის საქმიანობის წინააღმდეგ, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ საკითხს გამუდმებით აყენებენ დღის წესრიგში.“ [5]

ნულოვანი COVID-19-ის პოლიტიკა და საპროტესტო ტალღა ჩინეთში


ყრილობის დაასრულებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა სის მეთაურობით სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც სინძიანის დედაქალაქ ურუმჩიში, სადაც ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა ათი ადამიანი იმსხვერპლა. [6] ამის საპასუხოდ, დაღუპულების მიმართ სოლიდარობის აქციები და „ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის“ საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები მოედო დიდ ქალაქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის პეკინს, ნანკინს, ჩენგდუს, ჩუნგცინს, შანხაისა და სხვ. აღსანიშნავია, რომ შანხაიში 27 ნოემბერს მიმდინარე აქციაზე პარტიისა და მათი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო შეძახილებიც კი გაისმოდა, რაც ჩინეთში არც თუ ისე ხშირია. [7]


ერთი რამ ფაქტია, რომ ჩინეთის მთავრობას ნულოვანი კოვიდის პოლიტიკასთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. თუ ტრადიციულად, ჩინეთში არსებული საპროტესტო მუხტის მთავარი ადრესატი არა ცენტრალური, არამედ ადგილობრივი ხელისუფლებები იყვნენ, ხოლო პეკინი პირიქით - კორუმპირებული თუ არაკომპეტენტური ადგილობრივი ხელმძღვანელობების ზედამხედველი, „ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის“ შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია - მასზე პასუხისმგებლობა ძალაუფლების ცენტრს, ანუ პარტიის უმაღლეს ეშელონებს ეკისრება. 26 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები განსაკუთრებული შემთხვევაა, თუმცა, ეს წინააღმდეგობა, საბოლოო ჯამში, მაინც სუსტად კოორდინირებული, ორგანიზებული და აფექტური აღმოჩნდა.


შესაბამისად, ახლა ყველაფერი, დიდწილად, პარტიის ხელმძღვანელობის საპასუხო ნაბიჯებსა და ნულოვანი COVID-19-ის პოლიტიკის მომავალ განვითარებაზეა დამოკიდებული. საგულისხმოა ისიც, რომ დაბალი ვაქცინაციისა და ჰიბრიდული იმუნიტეტის არარსებობის პირობებში, ხანგრძლივი მკაცრი პოლიტიკის შემდგომ რეგულაციების მკვეთრად მოხსნაც სარისკოა, რა შემთხვევაშიც, არსებული გათვლებით, 1.5 მილიონამდე ადამიანის სიკვდილი და ჯანდაცვის სექტორის სწრაფი გადატვირთვაა მოსალოდნელი. [8] რეგულაციების შერბილების სიგნალები პეკინიდან უკვე წამოსულია. [9][10][11] ერთი სიტყვით, პეკინს სახიფათო ბეწვის ხიდზე გავლა უწევს, სადაც სასწორზე ერთბაშად დევს მოქალაქეების ჯანდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და პარტიის ლეგიტიმაცია.



[9] https://www.reuters.com/world/china/chinese-cities-announce-further-easing-covid-curbs-2022-12-04/ [10] http://paper.people.com.cn/rmrb/html/2022-12/06/nw.D110000renmrb_20221206_6-04.htm [11] http://www.news.cn/politics/2022-12/05/c_1129185654.htm?utm_source=substack&utm_medium=email

bottom of page