top of page

მასწავლებლები ვითხოვთ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას

მეთორმეტე წელია სკოლაში ვმუშაობ. 22 წლის ვიყავი, რომ მივედი. სკოლაში მუშაობის პერიოდში ორი შვილი გავაჩნე. პირველ შვილზე დეკრეტული შვებულების 6 თვე სრულად გამოვიყენე, რადგან მაშინ ხელფასი სამას ლარამდე მქონდა და დეკრეტულის ერთჯერადი ათასი ლარი არც თუ ისე ცოტა იყო.


მაშინ დიდად ვერც ვერკვეოდი კანონმდებლობაში და ყურადღება არ გამიმახვილებია. მეორე შვილზე, 2018 წელს დოლარის კურსმა აიწია და ლარმა გაუფასურება დაიწყო. ხელფასი გაიზარდა, რადგან პროფესიულად წინ წავიწიე და ათას ლარამდე გახდა. მაშინ უკვე ჩემი 6 თვის ხელფასი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ერთჯერადად გაცემული ათასი ლარი. ვთხოვე დირექტორს, რომ მოეცა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რადგან კანონში წერია, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული უნდა შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე, გარდა იმ ათასი ლარისა, რასაც სახელმწიფო იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დირექტორს ნამდვილად სურდა დამხმარებოდა, სკოლის ბიუჯეტში არ იყო საკმარისი თანხა და ვერ გადამიხადა. მაშინაც გავაკეთე პეტიცია, 2017 წლის იანვარში, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. იძულებული გავხდი ორი თვის ჩვილი დამეტოვებინა და სამსახურში გავსულიყავი, რადგან კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებოდი - ზაფხულის ხელფასი ბოლო სამი თვის ნამუშევრის მიხედვით ანგარიშდებოდა და რომ არ გავსულიყავი, სრულად ვერც ზაფხულის ხელფასს ავიღებდი.


ამ ამბის შემდეგ, სულ მქონდა პროტესტის გრძნობა და დავიფიცე, მესამე შვილს მხოლოდ მაშინ გავაჩენ, როდესაც ჩემ კუთვნილ ხელფასს სრულად ავიღებ დეკრეტული შვებულების დროსთქო. ყველა მინისტრისთვის ვცდილობდი ხმის მიწვდენას, მაგრამ ამაოდ. ალექსანდრე ჯეჯელავა დაგვპირდა განვიხილავთ ამ საკითხსო, მაგრამ ისე წავიდა, დანაპირები არ შეუსრულებია.

ბევრ ადამიანს, ვისაც სკოლასთან შეხება არ აქვს, ჰგონია რომ მასწავლებლობა ადვილი პროფესიაა. სინამდვილეში კი, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვართ მასწავლებლები. არ გეგონოთ ვწუწუნებდე, არ მეზარება მუშაობა, არც სწავლა, მაგრამ რომ ნახოთ, რამდენი სიახლე მოგვაყარეს ამ ბოლო წლებში, ნამდვილად გაგიკვირდებათ, თუ როგორ ვასწრებთ ამდენ რამეს ერთდროულად. პანდემიის პირობებში დღე და ღამე სოციალურ სივრცეში ვცხოვრობდით. მოსწავლეების დავალებებს შუაღამითაც კი ვიღებდით. ძალიან ხშირად ეს ოჯახებში უთანხმოების მიზეზიც გამხდარა, რადგან შვილები და ქმრები აპროტესტებენ მუდმივი დროის დანაკლისს - როცა მუდივად სხვის შვილზე ზრუნავ და საკუთარი მეორეხარისხოვანი ხდება.


ჩავერთეთ ახალ სქემაში, რომელიც იმდენად რთული და ბუნდოვანია, რომ ახალგაზრდებსაც კი გვიჭირს ყველაფერი დეტალურად ათვისება. სათითაოდ ყველა მოსწავლისთვის კომპლექსური დავალებების სიმრავლეზე და განმავითარებელი შეფასებების წერაზე არაფერს ვამბობთ, ამას ფეხი ავუწყვეთ და უცებ, საგამოცდო მასალა შემოიტანეს იმხელა, დაახლოებით 4 ათასი გვერდია. კარგი, არც მაგაზე ვწუწუნებთ, ვისაც არ უნდა არ გავა და არ აიმაღლებს სტატუსს და

ვინც შეძლებს, რომ ისევ გვერდზე გადადოს ოჯახი და პირადი ცხოვრება, გაათენოს ღამეები, გადაიხადოს ტრენიგებში ფული, აიყვანოს კერძო ტრენერი და გამოცდაზე გავიდეს, თუ ჩააბარა, მერე კიდევ ძალიან ბევრ პროცედურას გაივლის სკოლაში და ბოლოს მიიიღებს ნანატრ სტატუსს და სამასი ლარით მოემატება ხელფასი. ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან, რა გზასაც მასწავლებლები დღეს გადიან.

მესმის, რომ უნდა ვვითარდებოდეთ, ისიც მესმის, სიახლეებიც რომ უნდა მივიღოთ, მაგრამ რატომ არავინ ფიქრობს რამდენი ათასი ახალგაზრდა მასწავლებელი დგას ცუდი სამუშაო პირობების წინაშე, რისი გაპროტესტებაც დავიწყეთ? ჯგუფებში მოდის ასობით წერილი, სადაც მეუბნებიან, რომ მხოლოდ იმიტომ იკავებენ შვილის გაჩენისგან თავს, რომ დეკრეტული შვებულება არ უნაზღაურდებათ. თუ წარმოუდგენია რომელიმე მინისტრს, ან თანამდებობის პირს, როგორ გავზარდოთ დღევანდელ დღეს ათას ლარად ექვსი თვე ჩვილი ბავშები? ზოგჯერ ასე მგონია, დაგვცინიან და საერთოდ არ აინტერესებთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, რომ ჩვენს შილებსაც უნდათ კარგი კვება და ლამაზად ჩაცმა, კარგი განათლება და ა.შ.


როგორ წარმოგიდგენიათ, ახალ ნამშობიარები ქალი, რომელსაც ჰორმონები ჯერ კიდევ არეული აქვს, გავიდეს სამსახურში 2-3 თვეში და ასწავლოს პატარა ბავშებს. ჰკითხეთ ნებისმიერ ფსიქოლოგს და დაგიდასტურებთ, რომ ეს სრულიად დაუშვებელია.

და ბავშვი? ჩვილი, უსუსური, დაუცველი არსება, რომელსაც დედა სჭირდება და მხოლოდ მასთან მყარი კავშირით შეიძლება ჩამოყალიბდეს ნორმალურ ადამიანად, მის უფლებებზე ვინ ფიქრობს ამ დროს? სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირის წევრობაზე, ეს პრობლემა მოგვარებული უნდა ჰქონდეს! რომელი ერის გამრავლებაზეა საუბარი, როდესაც ამდენი ქალი თავს იკავებს შვილის გაჩენაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ კანონში შეიტანეს მუხლი - ‘’დამსაქმებლის კეთილი ნება’’ და თითქოს ეს კანონი, რომელიც უბრალო მოკვდავმა დაწერა, შეუცვლელია!


ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ ბავშვებზე, რომლებსაც დედასთან მიჯაჭვულობა სრულფასოვნად ვერ ჩამოუყალიბდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ‘’კეთილი ნება’’ ვერ მიიღო მისმა დედიკომ?!

არ მესმის იმ სამინისტროსი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ თავისუფალი, განათლებული თაობა აღზარდოს და ამ დროს მისი მასწავლებელი, რომელზეც ის ძალიან უნდა ზრუნავდეს, მათხოვრულ ათასი ლარზე უშვებს დეკრეტულ შვებულებაში, რომელსაც ვერ გაუგია, ბედნიერი იყოს იმით, რომ ახალი სიცოცხლე მოავლინა, თუ იტიროს, იმიტომ რომ ამ ახალ სიცოცხლეს შესაბამისად ვერ არჩენს.


პასუხს თქვენგან დაველოდები.


პატივისცემით, თამარ ცანავა, ერთი უბრალო მასწავლებელი.


bottom of page