top of page

სკოლაში კვება სკოლაში კვების გარეშე


ანნა კამლაძე


ფოტო: ბათუმელები, ლელა დუმბაძე




2023 წლის თებერვლიდან, წალენჯიხაში სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეთა კვების საპილოტე ვერსია ჩაეშვება. წალენჯიხის მერიის გეგმის მიხედვით, ბავშვებს საბანკო ბარათები დაურიგდებათ, მათზე დარიცხული დღიური 4 ლარით, რომლის განაღდებასაც ბუფეტებსა და სკოლასთან ახლოს მდებარე ქსელურ მაღაზიებში შეძლებენ.


წალენჯიხის მერიის გეგმა უფასო სასკოლო კვების ყველაზე ცუდ სცენარს გვთავაზობს, მაგრამ გვაჩვენებს იმასაც, რომ ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს განვითარების სახელით სკოლებს ყიდიდა და საბავშვო ბაღები ფასიანი გახადა, ახლა უფასო სასკოლო კვების დანერგვით ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს. მეორე მხრივ, მთავრობა, რომელსაც ამ დრომდე არ შეუჩერებია ბავშვების უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება, გვიანონსებს, რომ უფასო სასკოლო კვების პროგრამაზე მუშაობს. პოლიტიკური კლასის ეს ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს საერთო საზოგადოებრივ ძალისხმევას შედეგი აქვს.


მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ზოგადად, რა არის სასკოლო კვების მიზანი. სასკოლო კვების მიზნები სოციალურ დაცვასთან ერთად არის:

  1. მოსწავლეთა საგანმანათლებლო შედეგების გაუმჯობესება, რასაც დაბალანსებული და ჯანსაღი საკვების მიღება განაპირობებს;

  2. ადგილობრივი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, რაც მოიაზრებს უფასო სასკოლო კვებისთვის ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების საკვების გამოყენებას.

წალენჯიხაში დაანონსებული კამპანიის დეტალები აჩენს კითხვას, თუ როგორ, რა ფაქტორების გათვალისწინებით შემუშავდა კონცეფცია. სასკოლო კვების მიზნობრიობა, მისი როლი და პოტენციური შედეგები ამ მოდელში მხოლოდ სოციალურ შემწეობაზეა დაყვანილი, რაც მართალია არის სასკოლო კვების ერთ-ერთი მიზანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩანაფიქრს სასკოლო კვების პროგრამა ეწოდოს.


შემოგთავაზებთ რამდენიმე პუნქტს, საიდანაც იკვეთება, რომ დაგეგმილი პროგრამა სასკოლო კვების მოდელს არსებითად არ წარმოადგენს.

  • სასკოლო კვების პროგრამად ვერ ჩაითვლება ბავშვისთვის ნებისმიერი საკვების საყიდელი ფულის მიცემა. იმისთვის, რომ უფასო სასკოლო კვებამ თავის ერთ-ერთ მიზანს - მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას - მიაღწიოს, აუცილებელია საკვები იყოს მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული, ჯანსაღი და დაბალანსებული. წალენჯიხის გეგმის მიხედვით, საბანკო ბარათზე დარიცხული ფულის გამოყენება ბავშვებს სკოლის ბუფეტებში, საცხობებსა და მაღაზიებში შეუძლიათ. საგულისხმოა, რომ დღესდღეობით სკოლებში არსებული ბუფეტების პროდუქცია თითქმის იგივეა, რაც მაღაზიებისა და საცხობების. ამ გზით, დასახული მიზანი მიღწევადი არ არის. მიიჩნევა, რომ არაჯანსაღი და დაუბალანსებელი საკვებით დანაყრებული ბავშვი მაინც მშიერია.

  • ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, რომელშიც ჩვენი ყოველდღიურობა ბანკთან ურთიერთობითაა გაშუალებული. თუ სახლი გვაქვს, ბანკში დევს, თუ არა, ბანკის გარეშე ვერ ვიყიდით; ვცხოვრობთ სესხიდან სესხამდე, ბანკში აღებული პენსიით, ხელფასით და სოციალური შემწეობით. არის რაღაც სასტიკი ამ საბანკო ურთიერთობებში პირველკლასელების ადრეული ასაკიდანვე ჩართვაში. მოსწავლეების ადრეული ასაკიდან ბანკზე დამოკიდებულად ქცევის შედეგები განსაკუთრებით საფრთხილოა.

  • როგორც ირკვევა, ბუფეტი წალენჯიხის 30 საპილოტე სკოლიდან მხოლოდ 6 სკოლაშია, რაც თავისთავად, პირველკლასელების უმეტესი ნაწილის საკვებად სკოლის გარეთ გასვლას ნიშნავს. დაანონსებულია, რომ მოსწავლეთა ბარათებს ლიმიტი აქვს და თანხის განაღდება ანდა გადარიცხვა შეუძლებელი იქნება; თუმცა ეს ინფორმაცია ბოლომდე ზუსტი არ გამოდის, რადგან სკოლებში, სადაც ბუფეტი არაა, მშობლებს ერთკვირიანი ლიმიტის, 20 ლარის ერთდროულად გამოტანა და ამ თანხით ბავშვის საკვების სახლში დამზადება შეეძლებათ. კვლევების მიხედვით, სოციალური შემწეობის მსგავსი სისტემა არ მუშაობს.

  • წალენჯიხის მოდელი მთავარ პასუხისმგებლობას ისევ და ისევ ოჯახს აკისრებს. მშობლის გადასაწყვეტია, რაში დაიხარჯება ყოველკვირეულად ბავშვის კვებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი და ისიც, საერთოდ მოხვდება თუ არა ბავშვის ხელში ეს საბანკო ბარათები. ყველაზე არაეფექტურია ბავშვთა კვების ისეთი პროგრამები, როდესაც არსებობს საშუალება, გამოყოფილი თანხა ოჯახის წევრმა განკარგოს, რადგან უშუალოდ ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებამდე ეს თანხა უმეტეს შემთხვევაში ვერ აღწევს და ოჯახის სხვადასხვა გადაუდებელ საჭიროებაზე ნაწილდება. წალენჯიხის მერიის არგუმენტია, რომ არამიზნობრივი ხარჯვის რისკი არსებობს, თუმცა, ზოგადად, ,,სოციალური პაკეტები და სოციალური დახმარების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში პირად ანგარიშზე ირიცხება’’ - რას ამტკიცებს ეს არგუმენტი? ჩვენ ისედაც ვიცით, რომ საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა არაეფექტური და დიდწილად, ღირსებისშემლახველია. პასუხისმგებლობის ოჯახზე დაკისრება პასუხისმგებლობის გადატანის პოლიტიკაა.

ჯერჯერობით, არაა ნახსენები სასკოლო კვებაზე მიბმული ისეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სკოლის შიგნით სასადილო სივრცეების გამოყოფა ანდა ლანჩისთვის განსაზღვრული ადეკვატური დრო. ამის გარეშე, ბავშვების კვება ისევ დანაწევრებული, ქაოტური და არაჯანსაღი ქცევის პროცესში მოქცეული რჩება, იმ განსხვავებით, რომ ყველა პირველკლასელს ექნება დღიური ოთხი ლარი და შესაძლებლობა, იყიდოს რაც სურს. უნდა ითქვას, რომ სასკოლო კვების განხორციელების გზების უკეთ გააზრების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, ერთჯერადი დღიური კვება ბევრად იაფი ყოფილიყო და განსაზღვრული ბიუჯეტით პოტენციურად, მეტი მოსწავლე გამოკვებილიყო. არ არის გასაკვირი, რომ მუნიციპალიტეტისთვის გამოწვევას წარმოადგენდა სასკოლო კვების სისტემის არსებულ მოცემულობაში დანერგვა, მაგრამ მიუღებელია შემოთავაზებულის სასკოლო კვების პროგრამად გასაღება.


წალენჯიხაში დაგეგმილი პროექტის განხორციელების გზა არის ტყუილი, ერთგვარი მანიპულაცია დანაპირების შესრულების სახელით და კარგად აგრძელებს იმ ხაზს, როგორც პოლიტიკური ელიტების მიერ სოციალური პოლიტიკაა აღქმული - გამოშიგნულად, ფასადური ფორმითა და შინაარსით. ყოველდღიური ოთხი ლარი ნამდვილად სჯობს არცერთს, მაგრამ მსგავსი მოდელი არის არა სასკოლო კვების, არამედ ერთგვარი სოციალური შემწეობის მოდელი, რომელსაც ასევე შეიძლება ვუწოდოთ საქველმოქმედო აქცია. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს სააზროვნო და პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც წალენჯიხასა და დანარჩენ საქართველოში გვიწევს ცხოვრება.


საყოველთაო უფასო სასკოლო კვების დანერგვა მიღწევადი და შესაძლებელია. ჩვენი შვილები იმსახურებენ და მიიღებენ სრულფასოვან, მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ პრაქტიკას.

Comments


bottom of page