top of page

ცოცხალია?



ავტორი: მარიამ ნატროშვილი


ახალი წლის ღამეს აივანზე ვლაპარაკობდით. მეგობარი ჰყვებოდა, თუ რატომ გადაწყვიტა სახელოვნებო პრაქტიკაზე უარის თქმა. ამის მიზეზად, ერთ-ერთ საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალზე ნანახი შემზარავი სიცარიელე გაიხსენა. ეს სიცარიელე მეც მინახავს. ამიტომ, ზუსტად მივხვდი რასაც გულისხმობდა.


ამ სიცარიელეს პირველად ციურიხში შევხვდი. უფრო სწორად, პირველად მაშინ დავფიქრდი მასზე. რეზიდენციაში ჩავედი. ერთ-ერთ კურატორთან გალერეაში შეხვედრა მქონდა დანიშნული. გალერეაში სხვა რეზიდენტი - იქაური არტისტი და კურატორი დამხვდნენ. გაცხარებული მსჯელობდნენ არტისტის ერთ-ერთი ნამუშევრის წინ. ნამუშევარი გახლდათ ხის ქვეჩარჩოზე გადახვეული პლასტიკის ზოლი - შესაფუთი მასალა, დაჭრილი ვიწრო ზოლად. ზოგან წვრილად და ფერმკრთალად ეტყობოდა ნომრები, ციფრები. ქვეჩარჩოზე ტილო არ იყო გადაკრული და ხის მართხკუთხა ფორმის ზედაპირს ეს შემოხვეული ზოლი ფარავდა, ხოლო შუაში სნიკერსის ქაღალდი იყო ჩატენილი.


კურატორმა ამიხსნა - ამ ნამუშევრის ყიდვა ერთ ქალბატონს სურს, მაგრამ გვთხოვს, რომ სნიკერსის ქაღალდი შვეიცარული შოკოლადის ქაღალდით ჩავანაცვლოთ. არტისტი უკმაყოფილოდ აქნევდა თავს - ეს ხომ არტისტის შემოქმედებით გადაწყვეტილებაში უხეში ჩარევაა. კურატორიც თითქოს აღშფოთებული იყო, მაგრამ თან ეტყობოდა, ძალიან უნდოდა ნამუშევარი გაყიდულიყო. ამიტომ, ამ მართლაც გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდა. აი, ასეთი დილემის წინაშე ვართ - მითხრა შეშფოთებულმა.


ეს ნამუშევარი ჩვენგან შორს არის, ალბათ უკვე გაიყიდა კიდეც და არ ვაპირებ მასზე მეტი დავწერო. ამ ტექსტის დაწყებისას, ჩემი მიზანი, საქართველოში თანამედროვე ხელოვნების პროცესებზე და ამ პროცესების ხარვეზებზე წერა იყო. მაგრამ, როდესაც ციფრული ფურცელი გავხსენი და წერას შევუდექი, მხოლოდ ეს ამბავი გამახსენდა. ახალი წლის ღამე, გამთენიისას კანტიკუნტად გასროლილი მაშხალები, ღამენათევი, მოკლე, აივანზევე დასრულებული დიალოგი.


ახალი წლის პირველივე განთიადიდან შემომრჩა ეს ფიქრი და როდესაც თანამედროვე ხელოვნების მდგომარეობასა და მის პრობლემებზე დავიწყე წერა, ამ ფიქრმა სხვაგან არსად გამიშვა. ეს სიცარიელე ხშირად მინახავს ჩვენშიც, თბილისური გამოფენების კედლებზეც. აქ სიცარიელეში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ არტისტულ ან კურატორულ კონცეფცტს, სიცარიელის არტისტულ კვლევას და შემდეგ მის ანალიზს თუ მასზე რეფლექსიას.


რა არის ამ სიცარიელის მიზეზი? სახელოვნებო ინსტიტუციების გაუმართავი სტრუქტურა? გაუმართავი სისტემა? დაკეტილი ხელოვნების მუზეუმი? თანამედროვე ხელოვნების უმუზეუმობა? სახელოვნებო განათლების სავალალო მდგომარეობა? სახელოვნებო პროექტების დაფინანსების ფრაგმენტულობა? კულტურის უპოლიტიკობა და პოლიტიკის უკულტურობა? ანუ, კულტურის პოლიტიკის არარსებობა?


ეს კითხვები იანვრის დასაწყისში ჩამოვწერე. ვაპირებდი, ყველა კითხვა განმევრცო და პასუხზე მეფიქრა. მაგრამ, უცბად ისე მოსაწყენი მომეჩვენა ამაზე წერა და ამაზე ფიქრი, თავი დავანებე, ფურცელი “სხვადასხვა” ფოლდერში გადავაგდე და დავივიწყე. რა მნიშვნელობა აქვს - ვიფიქრე.


შაბათს, 4 თებერვალს შეხვედრა გვქონდა ჩვენი პროექტის კურატორთან, გამოფენას ვამზადებთ. 4 საათზე ეროვნულ გალერეაში გამოფენის გახსნა იყო - “ავტოპორტრეტი სარკესთან”. გამოფენებზე წლებია უკვე იშვიათად დავდივარ, მაგრამ იქვე ვიყავით და ფეხით გავუყევით გუდიაშვილის ქუჩას. საჯარო ბიბლიოთეკასთან კედელზე წარწერა შევნიშნე და გადავიღე “Art is dead. Go home”.


თანამედროვე ხელოვნებას საქართველოში გამოცლილი აქვს ცნობიერება, ხშირად, შინაარსიც. ამიტომ, ამ სიცარიელეს მეინსტრიმ მედიასა და ვიწრო სახელოვნებო წრეებში გაბატონებული მზა აზრები ავსებს. რეალობას მოწყვეტილი ხელოვნება ხშირად იმეორებს იმას, რაც სოციალურ ქსელებში ამ წრის კედლებზე იწერება. ეს გამეორება ცოდნის დედა კი არა, არამედ სიტყვის ბევრჯერ გამეორებისას შინაარსის დაკარგვა და უაზრობაა. ამ გამეორებაში, როდესაც სიტყვები ბგერების გაუგებარ გროვად იქცევა, სინამდვილესთან დამაკავშირებელი ბოლო ძაფებიც წყდება.


აგვისტოს ბოლოს კაფე პრაქტიკაში ერთკედლიანი გამოფენა და ლაპარაკი მოვაწყეთ. მე და გიორგი ხასაია ვლაპარაკობდით “რაზე დუმს და რაზე ლაპარაკობს ქართული ხელოვნება”. ამ ლაპარაკიდან ერთ ნაწყვეტს გავიხსენებ.


მარიამი:


ქართული ხელოვნება არასდროს იწყებს თვითონ ლაპარაკს რაღაც თემაზე. ხელოვნება მიყვება, იმას რაც მეინსტრიმულია. იმას, რასაც მედია აწვდის და რაზე ლაპარაკიც უსაფრთხოა, რადგან ამაზე საზოგადოების რაღაც ნაწილი Facebook-ზე უკვე შეთანხმდა. ეს ერთგვარი ‘play safe’ მდგომარეობაა. კომენტარის კეთების ‘mode’. შეიძლება, ეს იყოს სკანდალური, პროვოკაციული, თემები. მაგრამ ეს თემები უკვე შეთანხმებული, დადასტურებულია, რომ ეს ასეა, მწვანე შუქია ანთებული. მეტიც, ხელოვნების Facebook გულშემატკივრები ითხოვენ კიდეც, რომ არტისტებმა მათთვის აქტუალურ თემებზე იმუშაონ.


იშვიათია, რომ ხელოვნებამ თვითონ წამოჭრას საკითხი თუ სატკივარი და პირველმა დაიწყოს მასზე ლაპარაკი. იშვიათია, რომ ხელოვნებამ ილაპარაკოს ტკივილზე. შეგვახსენოს, რომ ეს სატკივარი მნიშვნელოვანია, რომ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ თუ ვიფიქროთ. ხელოვნება დღეს ტკბება საკუთარი თავით.


ვინ არის თანამედროვე ხელოვნება დღეს? ის არის ყმაწვილი, რომელიც შეყვარებულია თავის თავში. მუდამ მოწყენილი და დეპრესიულია, მაგრამ ტკბება თავის თავით. ღარიბი ოჯახიდან არის, თუმცა სიღარიბეზე არ ლაპარაკობს, რადგან რცხვენია ამაზე ლაპარაკი. ცდილობს იმეგობროს, მათთან, ვინც კარნახობს წესებს და კანონებს, ვისაც ფული აქვს. ის ლაპარაკობს თავის ყოველდღიურ პრობლემებზე, რომელიც არ ცდება ერთი წრის, უკვე ბეჭედდარტყმულ პრობლემებს თუ სატკივარს.

ხელოვნება მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობს.


გიორგი:


ტკივილზე გამახსენდა. ერთი პოეტი ამბობს, რომ თავი სტკივა. დედამისს ეუბნება, რომ თავი სტკივა. დედა ეუბნება, მოდი აღწერე შენი ტკივილი, როგორ გტკივა თავი? ის პასუხობს - მე მივხვდი, რომ ჩემს ტკივილს ვერ აღვწერ. და თუ ჩემს ტკივილს ვერ აღვწერ სათანადოდ, მაშინ როგორ აღვწერ სხვის ტკივილს? და თუ სხვის ტკივილს ვერ აღვწერ, მაშინ როგორ ვანუგეშებ?


ხელოვანის ფიგურას, ჩვენ ვერ განვიხილავთ გაყინულ ფიგურად, რომელიც ცალკე დგას. კი, ერთი მხრივ ვიცით, რომ ხელოვნება არის რაღაც, რაც ყოველდღიურობაზე ოდნავ ამაღლების საშუალებას გაძლევს, მაგრამ არც იმდენად, რომ მოწყდე რეალობას. ეს ეხება, როგორც ხელოვნების პროცესს, ასევე ხელოვნების აღქმის პროცესსაც. ხელოვნება ისევე ექვემდებარება პოლიტეკონომიის წესებს, როგორც ქვანახშირის წარმოება. პოლიტეკონომია რაზეა? რა არის წარმოება, როგორ ნაწილდება და ვინ მოიხმარს მას. ამ წესებს ხელოვნებაც ექვემდებარება. შესაბამისად, ხელოვანის ფიგურა, არის ფიგურა, რომელიც ჩნდება შრომის განაწილების გაღრმავებასთან ერთად. ხელოვანის ფიგურა, რომელიც რაღაცას აწარმოებს. როდესაც ხელოვანის ფიგურა რაღაცას აწარმოებს, ამ რაღაცას ვიღაცისთვის აწარმოებს.

ვინ იხდის ამ ხელოვნებაში ფულს? ვინ უკვეთავს ამ ხელოვნებას?

ვინ იხდის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ფულს?

ვინ ქმნის ინფრასტრქტურას და ვინ ყიდულობს?


მარიამი:

ხელოვნების დაფინანსება დღევანდელ საქართველოში ძალიან მწირი და ფრაგმენტულია. ჩამოვთვალოთ რა წყაროები არსებობს, მაგალითად გამოფენის მოსაწყობად ან ნამუშევრის შესაქმნელად: 1) სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებსაც არ აქვთ შემუშავებული სახელოვნებო პროცესების განვითარების სტრატეგია და ხედვა. 2) არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული აჯენდა აქვთ და ნამუშევარი ან გამოფენა მათ მიერ შერჩეულ თემას უნდა ეხებოდეს. 3) ბიზნესი, ბანკები ან კერძო გალერეები.


გალერეები ხშირ შემთხვევაში მშობლების ან საკუთარი ბიზნესით ფინანსდება. თუ გადავხედავთ კერძო დაფინანსებას, თუ შევადგენთ ხელოვნებაში არსებული კერძო დაფინანსების რუკას - მივიღებთ 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წარმოშობის გზამკვლევს. ისე მოხდა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ბიზნესის ფული, რითიც ხელოვნება სხვადასხვა ფორმით ფინანსდება, იქნება ეს გამოფენა თუ საგამოფენო სივრცე, არაა ნაშოვნი კეთილსინდისიერად.


გიორგი:


უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს ხალხის ნაძარცვი ფულია?


მარიამი:


კი, შეიძლება ითქვას.


ეროვნულ გალერეაში მივედით და გამოფენას წრე დავარტყით. ბევრი ხალხი ირეოდა, დეთუს ვუთხარი, რომ გახსნაზე მოსვლას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს ვნახავდით ამდენ ხალხში. გამოფენაში 56 მხატვრის ნამუშევარია გამოფენილი. ერთ-ერთი პირველი დიმიტრი შევარდნაძის ავტოპორტრეტია. ნამუშევრებს კედლებზე კომენტარებად მარიჯანის, ტიციან ტაბიძის, გრიშაშვილის ციტატები გასდევს. მეორე დარბაზში კედელზე მოვარდისფრო საღებავით წარწერა მხვდება “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. ფოტოს ვუღებ. ნაცნობი მეუბნება, რომ სულ ახლახან სანდრო სულაბერიძემ თავის ავტოპორტრეტი ჩამოხსნა და მის ნაცვლად ეს წარწერა დატოვა. კარგად მოქცეულა - ვპასუხობ ღიმილით. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის არტისტის მხარეს ვარ. ტელეფონს ჩავხედე და წინა ფოტო გამახსენდა. სრულიად შემთხვევით, სანდროს წარწერა ქუჩაში დატოვებული წარწერის გაგრძელება თუ პასუხი აღმოჩნდა. ორი სხვადასხვა ადამიანის მიერ, სხვადასხვა ადგილას და დროს დაწერილი წინადადება ჩემს ტელეფონში დიალოგად იქცა.

სანდროს წარწერამ კარგ ხასიათზე დამაყენა. ეს შემთხვევითი დიალოგი ძალიან მომეწონა. კედელზე ავტოპორტრეტების რიგს მართლაც აფხიზლებდა მოვარდისფრო ხელნაწერი.


საღამოს ნიუსი წავიკითხე, რომ პროტესტის ნიშნად არტისტმა ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად წარწერა გააკეთა. ჟურნალისტს კურატორმა, ქეთი შავგულიძემ უთხრა რომ ”გაურკვეველია რა არის ამ წარწერის შინაარსი და კონცეფცია და სასურველია არტისტმა განმარტოს ვის მიემართებოდა მისი პროტესტი, ვინაიდან ის ამ გამოფენის მომზადებისას არავის შეუზღუდავს.”


ამაში, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ შემპარვია. ქეთი შავგულიძის კურატორობით მოწყობილ გამოფენაში, დარწმუნებული ვარ, მხატვარს არავინ შეზღუდავდა. ბევრმა მხატვრის კედელზე დატოვებული კომენტარი მინისტრის და უკანასკნელ პერიოდში სამინისტროს მიერ განხორციელებული პოლიტიკის კრიტიკად მიიღო. ასე ეს წარწერა ძალიან დავიწროვდება - ვუთხარი მეგობარ ჟურნალისტს. ამ წარწერის მხოლოდ ერთი კონკრეტული მინისტრის ან მისი პოლიტიკის პროტესტად წაკითხვა წარწერას მთავარ სათქმელს, შინაარსს აცლის და Facebook ლაიქების ამარა ტოვებს. ასე წაკითხვით გამოდის, რომ ეროვნული გალერეის კედლებზე ხელოვნება კვლავ საკუთარ თავზე ლაპარაკობს. სარკეში იყურება და ამტკიცებს, რომ ცოცხალი და დამოუკიდებელია.


ბევრი წელი ეროვნული გალერეა დაკეტილი ინსტიტუცია იყო, სადაც გამოფენის მოწყობა, ხშირად, მხოლოდ პირადი ნაცნობობის საფუძველზე იყო შესაძლებელი. ეროვნული გალერეის დაარსებიდან 100 წლისთავზე, კოლეგებთან ერთად ვაპირებდით გალერეაში უნებართვოდ შეგვეტანა და გამოგვეფინა ნამუშევრები. პანდემიის გამო ჩაფიქრებული აქცია რამდენჯერმე გადაიდო. გაზაფხულზე კი გალერეის ხელმძღვანელობა შეიცვალა და გამოფენების მოწყობა ღია კონკურსის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. გამოფენების მოწყობის წესი, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ცვლილება რაც გალერეის პოლიტიკაში უნდა შეიცვალოს, რათა ის ღია და ძლიერ, საჭირო ინსტიტუციად იქცეს. ეროვნულ გალერეაში კიდევ ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო იმისათვის, რომ შეასრულოს ასი წლის მინიჭებული როლი, განახორციელოს დიმიტრი შევარდნაძის ჩანაფიქრი და სახელოვნებო პროცესების მთავარ პლატფორმად, ლოკომოტივად ჩამოყალიბდეს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ძალიან შორი და ბუნდოვანი პერსპექტივაა. რადგან ეროვნულ გალერეაში ცვლილებები ახალ მინისტრთან, თეა წულუკიანთან იყო კავშირში, რამდენიმე მხატვარმა უარი თქვა გალერეაში ნამუშევრების გამოფენაზე. მახსოვს, გამიკვირდა, რადგან ეროვნული გალერეა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები საზოგადოებას, ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე მინისტრს. კორუფციით გამდიდრებულ გალერეებში გამოფენას კი შეუძლებელია მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში გამოფენა არ არჩიო. სახელმწიფო ინსტიტუციები, მუზეუმი იქნება თუ ეროვნული გალერეა, ეკუთვნის საზოგადოებას. ეს სივრცეები ჩვენია. ეს არის ადგილები, სადაც შესაძლებელია, რომ ხელოვნება გასცდეს კერძო გალერეების ინტერესებს, ვიწრო სამეგობროებსა თუ წრეებს და დღეს ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ილაპარაკოს.


გახსნაზევე ვუთხარი ვიღაცას, რომ ეს წარწერა, მთავარი მნიშვნელობის გარდა ტესტიც იყო, გალერეის ადმინისტრაციის ტესტი, რომელშიც ის, გახსნის მეორე დღესვე ჩაიჭრა - კვირას გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ეწერა რომ “მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია... კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს.” ნამუშევრის აღმოფხვრის ნაცვლად, წარწერა გამოფენის დასრულებამდე კედელზე უნდა დარჩენილიყო. ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნებოდა შემოქმედებითი პროცესების წარმოებისათვის ნორმალური პირობები.


მაგრამ, დავუბრუნდეთ მთავარს.

რაზე ლაპარაკობს და რაზე დუმს ქართული ხელოვნება?

ვისგან არის დამოუკიდებელი?

სად არის დამოუკიდებელი?


მაგალითად, არის თუ არა ხელოვნება დამოუკიდებელი ბანკების საგამოფენო სივრცეებში, სადაც ზოგიერთი სიტყვა აკრძალულია? ან 90-იანებში საპენსიო ფონდების ნაძარცვი ფულით გახსნილ გალერეებში? ან როდის არის დამოუკიდებელი? არის ხელოვნება დამოუკიდებელი მაშინ, როდესაც ლიბერთი ბანკი გაღატაკებულ პენსიონრებს მოტყუებით უმტკიცებს ოვერდფრატს სესხის ნაცვლად და წლობით ახდევინებს პროცენტებს, ისე რომ სესხის ძირი არ იფარება? ან მაშინ, როდესაც მევახშეები ადამიანებს სახლიდან ასახლებენ? ან როცა კაზინოდან გამოსული მოთამაშე უკანასკნელ ფასეულ ნივთს ტოვებს ლომბარდში? სად არის ხელოვნება, როდესაც დღეს, 5 თებერვალს სამი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი - ვოლტის კურიერების, ბოლტის მძღოლების და ფორმულას ოპერატორების? როცა საქართველოს მოქალაქეები მექსიკიდან ამერიკაში იპარებიან, რადგან აქ, საქართველოში 800 ლარად მუშაობას ოკეანის გადაღმა არალეგალად ცხოვრება ჯობია? როცა წამლები სამჯერ უფრო ძვირია და ჯანდაცვა ფუფუნებაა? როცა ბაშვებს სკოლებში შიმშილისგან გული მისდით? როცა სასურსათე მაღაზიებში ფასებს ცეცხლი წაეკიდა? ცოცხალია?


ეროვნული გალერეის კედელზე დატოვებული წარწერა შეკითხვაა, რომელიც დაესმის დღეს ხელოვნებას - დამოუკიდებელია? ცოცხალია?


bottom of page