top of page

ლიბერთი ბანკის ყოფილი თანამშრომელი პენსიონრების ძარცვაზე



მე ლიბერთი ბანკის ყოფილი თანამშრომელი ვარ. რამდენიმე წელია იქ აღარ ვმუშაობ, სხვა ბევრი ქართველივით მეც ემიგრაციაში ვარ და ოჯახს ამით ვარჩენ. თქვენი მოძრაობის აქტივობებმა ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით გამახსენა ჩემი იქ მუშაობის პერიოდი და რაღაცების გაზიარება მომინდა.


ლიბერთი ბანკში 2013 წელს დავიწყე მუშაობა. უნდა იცოდეთ, რომ ზოგადად ყველა ბანკს აქვს ასეთი პოლიტიკა: "იმუშავეთ რაც შეიძლება მეტი პროდუქტის გაყიდვაზე, თორემ ყველაზე სუსტ რგოლს (ანუ, ვისაც ყველაზე ნაკლები ექნება პროდუქტი გაყიდული) გადავიყვანთ რეზერვში და შევცვლით რეზერვით, ვინც უკეთესად იმუშავებს". იმ დროს ბანკის ოპერატორების ხელფასი 400 ლარიც არ იყო, ლიბერთის მანქანების ოპერატორებს საერთოდ 200 ლარს უხდიდნენ. ამიტომ, ოპერატორები იძულებულები იყვნენ რაც შეიძლება მეტი საპენსიო სესხი გაეცათ, რომ რეზერვში არ მოხვედრილიყვნენ.


ბანკში პენსიონერი რომ მოვიდოდა სესხის ასაღებად, მომდევნო თვის პენსიის წინასწარ აღებასაც ვთავაზობდით: "შემდეგი თვისაც ხომ არ გნებავთ? ბარემ ახლავე აიღეთ და შემდეგ თვეში აღარ მოხვალთ". პენსიონერს იმ დღეს შეიძლებოდა არ აეღო მომდევნო თვის პენსიაც, მაგრამ აღებული თანხა მალე შემოეხარჯებოდა და შემდეგ თვეში იძულებული ხდებოდა, სესხად აეღო ისევ, რადგან უკვე დახარჯული ქონდა.


პენსიონრების უფრო დიდი ძარცვა 2018 წლიდან დაიწყო, როცა ე.წ. საპენსიო ოვერდრაფტი დაინერგა, რომელსაც პენსიონრებს ვთავაზობდით შემდეგი ფრაზით: "სესხი ოდნავ განსხვავებული პირობით, მაგრამ თითქმის იგივეა". ლიბერთი ბანკის ოპერატორები მაქსიმალურად ცდილობდნენ, პენსიონერს ოვერდრაფტი აეღო, იმიტომ, რომ საპენსიო სესხზე, თუნდაც გრძელვადიანზე (მათ შორის 48 და 56 თვიანზე), ბონუსი 1.50 ლარი იყო, ხოლო ოვერდრაფტზე, თუნდაც ერთთვიანზე - 3 ლარი.


ამიტომ ოპერატორს ერჩივნა ოვერდრაფტი გაეკეთებინა. თუ ოვერდრაფტის გაუქმება არ მოხდებოდა, ის ავტომატურად გრძელდებოდა. თუნდაც პენსიონერს არ გაეტანა პენსია და საპენსიო ანგარიშზე დაეტოვებინა, პროცენტი ავტომატურად მაინც ჩამოეჭრებოდა. თანაც, რაც უფრო დიდია თანხის ოდენობა, მით მეტია პროცენტი. თუ ერთმაგ ოდენობაზე 4.50 ლარი ეჭრებოდა, 9-მაგ ოდენობაზე - 47 ლარი. ოვერდრაფტი უვადოა, ძირს არ აკლდება მანამ, სანამ პენსიონერი ათვისებულ თანხას ანგარიშზე არ დატოვებს და ხელშეკრულებას არ გააუქმებს. მაგრამ, ამას სპეციალურად არ უხსნიდნენ პენსიონრებს.


მე სესხებს, მიტუმეტეს ოვერდრაფტებს, მხოლოდ აუცილებობის შემთხვევაში ვაკეთებდი, როცა ვხედავდი, რომ ადამიანს სჭირდებოდა წამლისთვის ან სხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის. და ყოველთვის დაწვრილებით ვუხსნიდი ყველაფერს. მახსოვს, რომ ერთმა ოპერატორმა ოვერდრაფტის ბონუსი 600 ლარი აიღო, ანუ მან 200 პენსიონერი გააუბედურა ერთ თვეში. ასე გვაიძულეს და მიგვაჩვიეს პენსიონრების გატყავებას.


ლიბერთი ბანკში 2019 წლიდან აღარ ვმუშაობ, იმის მერე ძარცვის მეთოდებს ალბათ კიდევ უფრო მეტად დახვეწავდნენ. მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ამაზე ლაპარაკობს და მომავალში ილაპარაკებს. ლიბერთი ბანკის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს შორისაც მოიძებნებიან ისეთები, ვინც პენსიონრების ძარცვის სქემებზე უფრო მეტს და უფრო დაწვრილებით მოგიყვებიან.

bottom of page