top of page

No More Trus(s)t in Thatcherism


ფოტო: Sky News

ავტორი: კონსტანტინე ჩაჩიბაია



ჰეგელმა სადღაც შენიშნა: ყველა დიდი მსოფლიო ისტორიული ფაქტი და პიროვნება,

ასე ვთქვათ, ორჯერ წარმოიშობაო. მას დაავიწყდა დაემატებინა:

პირველად - როგორც ტრაგედია, მეორედ - როგორც ფარსი.



ჩვენ არ ვიცით, როგორ ითამაშა 7 წლის ლიზ ტრასმა სკოლის წარმოდგენაზე მარგარეტ ტეტჩერის როლი, მაგრამ აშკარაა, რომ 40 წლის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერის რანგში მან ვერ მოახერხა კონსერვატიული პარტიის მომხრეებს შორის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის მიღწევების განმეორება. და ამისათვის მას ბრიტანელი მშრომელებისგან მადლობა ეკუთვნის. მისი პრემიერობა რეკორდულად ხანმოკლე და რეკორდულად არაპოპულარული (მოსახლეობის 80% აფასებდა მის საქმიანობას უარყოფითად) გამოდგა. თუმცა, ის პრობლემები რაც ტრასის მმართველობის დროს გამოვლინდა განსაკუთრებული სიმძაფრით, მხოლოდ მისი 45 დღიანი პრემიერობის შედეგი არ არის. ამის დასტურია ისიც, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ უკვე რიგით მე-5 პრემიერს გამოუცხადა ნდობა.


ტრასის სამთავრობო კაბინეტს არაერთი მძიმე პრობლემა ერგო მემკვიდრეობით წინამორბედი კონსერვატიული მთავრობებისგან. პირველ რიგში, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაცია - შარშანდელთან შედარებით ტრანსპორტის ხარჯები გაიზარდა 10,9%-ით, ავეჯის და საყოფაცხოვრებო საქონელის 10,8%-ით, ტანსაცმლის 8,4%-ით, საცხოვრებლის 9,3%-ით. ყოველი მესამე დამქირავებელი დიდი ბრიტანეთში იხდის მისი შემოსავლის ნახევარს ქირაში. მზარდი ინფლაციის ფონზე ხშირია სატრანსპორტო სექტორის, საკურიერო მომსახურების, ფოსტის, ჯანდაცვის მუშაკების და სხვათა მასშტაბური გაფიცვები.


პანდემიასთან და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებთან ერთად ბრიტანეთის მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი წინარე მიზეზი ე.წ. “ბრექსიტიცაა“. ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა დევიდ კამერონმა ისეთი თავდაჯერებით დანიშნა ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმი, რომ ბრიტანეთის მთავრობას არც კი ჰქონია წინასწარი გეგმა, როგორ უნდა ემოქმედათ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კავშირიდან გასვლას მართლაც დაუჭერდა მხარს. უფრო მეტიც, ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგაც, ამ საკითხზე შეთანხმების სხვადასხვა ვარიანტების შედგენის ლაბირინითში გაიხლართა კამერონის მემკვიდრე პრემიერის - ტერეზა მეის მთავრობა, ხოლო მუდმივი გაურკვევლობით დაღლილ მოსახლეობას რეფერენდუმის შემდეგ რიგით მესამე პრემიერმა, ექსცენტრულმა ბორის ჯონსონმა პრიმიტიული გამოსავალი შესთავაზა - ევროკავშირიდან გასვლა ნებისმიერ ფასად. რეფერენდუმის შედეგებმა დიდი არეულობა გამოიწვია კონსერვატიული პარტიის ელიტაში. თავდაპირველად, კონსერვატიული პარტიის ლიბერტარიანული ფრთა სულაც არ წარმოადგენდა წამყვან პოლიტიკურ ძალას „ბრექსიტის“ მომხრეებს შორის. მაგალითად, თავად ტრასი, თავდაპირველად, ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. თუმცა, მუდმივად დაბნეულ პარტიულ ელიტასთან შედარებით, ლიბერტარიანელი კონსერვატორები თანდათან წარმოჩინდნენ ერთადერთ ძალად პარტიის შიგნით, რომლებსაც კონკრეტული ხედვა ჰქონდათ ევროკავშირიდან გამოსული, პანდემიით და ევროპაში მიმდინარე ომის შედეგებით დასუსტებული ბრიტანეთის მომავლის შესახებ. ლიზ ტრასის და მისი მომხრე ლიბერტარიანელი კონსერვატორების შეთავაზება მაცდური იყო - სკანდინავიური კეთილდღეობა ამერიკული საგადასახადო სისტემით. ტრასმა მეტი რეგულაციები, მეტი გადასახადები და სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში მეტად ჩარევა პრინციპულად არასწორ მიდგომად გამოაცხადა და თავდაჯერებით აცხადებდა, რომ მის მიერ გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯები ხელს შეუწყობდა ბრიტანეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების შემცირებას და ეკონომიკის ზრდას შორის პირდაპირი კავშირი არ დასტურდება, ხოლო ტრასის მიერ შემოთავაზებული გეგმა სინამდვილეში მდიდრებისთვის მეტი ფულის დატოვებას და კლასობრივი უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავებას გულისხმობდა, ტრასის დემაგოგია მაინც დამაჯერებელი აღმოჩნდა კონსერვატიული პარტიის წევრების უმრავლესობისთვის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მის გაპრემიერებას. თუმცა უკვე პრემიერი ტრასის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ოფიციალურ გეგმა ე.წ. „მინი ბიუჯეტი“ მაშინვე უარყვეს როგორც ოპოზიციური - ლეიბორისტული, ასევე კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში და რაც ყველაზე საინტერესოა ფინანსურმა ბაზარმაც.


ტრასის მთავრობის კანცლერის (ფინანსთა მინისტრის) კვაზი კვარტენგის მიერ წარმოდგენილი გეგმის ძირითადი მიმართულები იყო: ყველაზე მდიდარი ბრიტანელებისთვის (150 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი შემოსავალი) 45%-იანი საგადასახადო განაკვეთის გაუქმება, საბაზისო საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 19%-მდე შემცირება, მომდევნო წლისთვის დაგეგმილი კორპორაციული გადასახადის 19%-დან 25%-მდე გაზრდაზე უარის თქმა, ელექტრო ენერგიაზე და ბუნებრივ აირზე გადასახადების სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება მომდევნო 2 წლის განმავლობაში.


ტრასის მიერ წარმოდგენილ გეგმას „ტრასონომიკსი“ უწოდეს, „რეიგანომიკსის“ ანალოგიით. მარგარეტ ტეტჩერის მეგობარ რეიგანთან ასოციაცია შემთხვევითი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ტრასი თავს არ ზოგავდა გარეგნულად თუ პოლიტიკური რიტორიკითა და პროგრამით გაიგივებულიყო მარგარეტ ტეტჩერთან, მის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური გეგმა ტეტჩერზე რადიკალურად ლიბერტარიანულიც კი გამოდგა. ტეტჩერი ყურადღებით ითვალისწინებდა პოლიტიკურ კონტექსტს და არ დგამდა მისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელ, და მისი თანამედროვე კაპიტალისტური კლასისთვის მიუღებელ რადიკალურ ნაბიჯებს. სანამ დერეგულაციის პოლიტიკის დაიწყებდა, ტეტჩერმა თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო დანახარჯების შეზღუდვაზე. ტრასმა კი ვერ გაითვალისწინა თუ რა დაკვეთა არსებობდა კაპიტალისტთა კლასის მხრიდან მისი მთავრობის მიმართ. პანდემიის შემდგომ, გლობალური ომის ვითარებაში მყოფი ბრიტანელი კაპიტალისტებისთვის მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლებისგან განსხვავებით, მისაღები არ აღმოჩნდა გადასახადების შემცირება და ამის პარალელურად სახელმწიფო დანახარჯების ზრდა ვალების აღების ხარჯზე. ერთობლივად გადადგმულმა ამ ორმა ნაბიჯმა, ისედაც მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა. გაიზარდა სესხის საპროცენტო განაკვეთებიც, ხოლო გირვანქა სტერლინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა დოლართან მიმართებით. სახელმწიფოს მიერ დამატებით ვალების აღების გეგმამ ასევე გამოიწვია სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა - რომლებიც, როგორც წესი, შედარებით უსაფრთხო ინვესტიციებად ითვლება და მათი სწრაფი გაყიდვის გამო საფრთხე შეექმნა საპენსიო ფონდების სტაბილურობას. ერთი სიტყვით, ტრასმა მოახერხა ერთდროულად გაენაწყენებინა კონსერვატიული პარტიის ამომრჩევლების რამდენიმე კატეგორია: უფროსი ასაკის ადამიანები (პენსიონერები), იპოთეკით დატვირთული ქონების მფლობელები, ასევე ბიზნესი, რომლის საქმიანობაც საბანკო სესხების განაკვეთებზეა დამოკიდებული. ფაქტობრივად, ტრასმა საკუთარი მინი ბიუჯეტით კონსერვატიული პარტიის მიერ ხელისუფლებაში დარჩენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამიტომაც პრემიერს სწრაფად და რადიკალურად აუმხედრდნენ თანაპარტიელები და საბოლოოდ თანამდებობიდან გადაგომის გარდა სხვა პოლიტიკური გამოსავალი აღარ დაუტოვეს.


კონსერვატიულმა პარტიამ ტრასი ყოფილი კანცლერით, რიში სუნაკით ჩაანაცვლა. მანამდე ლიზ ტრასმა სუნაკი პრემიერობისთვის გამართულ შიდა პარტიულ არჩევნებში დაამარცხა. სუნაკი დებატების დროს აკრიტიკებდა ტრასის ხედვას და მას უკიდურესად სახიფათოდ მიიჩნევდა როგორც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ასევე კონსერვატიული პარტიის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების პერსპექტივისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ის გადასახადების შემცირების წინააღმდეგი ზოგადად არაა, სუნაკი ტრასის გეგმის საპირისპიროდ ამტკიცებდა, რომ გადასახადების შემცირება ამ კონტექსტში ნაჩქარევი ნაბიჯია და პირველ ეტაპზე აუცილებელი იყო სახელმწიფო ხარჯების შემცირება და გადასახადების შენარჩუნება. სუნაკი აპელირებდა იმაზეც, რომ სწორედ მისი ხედვა იყო ნამდვილი ტეტჩერიზმი და ტეტჩერის ეკონომიკური ხედვის ავტორებიც რეალურად მის აზრს იზიარებდნენ. ტრასის შემდეგ სუნაკის გაპრემიერებით ბრიტანეთში ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის დაბრუნებას პროგნოზირებენ. ეს ძველი ნაცადი გზაა ბრიტანელი კაპიტალისტებისთვის და კონსერვატორულ პარტიას იმედი აქვს, რომ ტრასის არაკომპეტენტური და ულტრარადიკალური ეკონომიკური გეგმის შემდეგ, სუნაკის, როგორც ბანკირისა და ფინანსთა მინისტრის გამოცდილება და მისი პოლიტიკის ტრადიციული, მოზომილი მეთოდები ფინანსურ ბაზარს დაამშვიდებს და სტაბილურ, კრიზისამდელ, ჩვეულ კაპიტალისტურ სტადიაზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება.


თუმცა, ბრიტანეთის მმართველი კლასის ეს გადაწყვეტილება უფრო პესიმისტური დასკვნების გამოტანის საბაბსაც აჩენს. ახალი იდეების დეფიციტისა და პოლიტიკური პარადიგმის შეცვლისთვის საჭირო ნების არარსებობის გამო, კონსერვატიული პარტიის ელიტა უბრალოდ ცდილობს კიდევ ერთხელ გააკეთოს ის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც უნდა და შეუძლია ეკონომიკური კრიზისის პირისპირ. გაამართლებს თუ არა დღევანდელ, საკმაოდ უჩვეულო გლობალურ ვითარებაში ისეთი ნაცადი მეთოდის გამოყენება, როგორიც „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაა, და საკმარისი იქნება თუ არა ბრიტანეთის ფინანსური ბაზრის სტაბილურობისთვის ეს მიდგომა, ამაზეა დამოკიდებული რიში სუნაკის კონსერვატიული მთავრობის ბედი. რა ბედიც არ უნდა ეწიოს სუნაკის მთავრობას, აშკარაა, რომ ტეტჩერიზმის არც ერთი ინტერპრეტაცია: ვერც ტრასის ლიბერტარიანული რადიკალიზმი და ვერც სუნაკის ზომიერი „ქამრების შემოჭერა“ ვერ შეამცირებს უთანასწორობას და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ვერ დაიცავს დაბალ სოციალურ ფენებს კიდევ უფრო გაღარიბებისგან. თუმცა, შეგვიძლია ნაწილობრივ მაინც, კეთილი შურის თვალით შევხედოთ ბრიტანულ პრობლემებს - ის, რაც ბრიტანეთში საზოგადოებრივი კონსენსუსით ეკონომიკურ აბსურდად და პოლიტიკური არაკომპეტენტურობის უტყუარ დასტურადაა აღქმული, საქართველოს პოლიტიკური კლასისთვის დოგმატურ ეკონომიკურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.

Comments


bottom of page