თათა ვერულაშვილი
ფოტო: ელენე ცინცაძე
ვიდრე ბათუმში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრეოდა და ცხრა ადამიანს იმსხვერპლებდა, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე საინფორმაციო საშუალებებიდან ვიცოდით, რომ: 1) დედაქალაქის მერი გეგმავს, უახლოეს მომავალში თავისი პასუხისმგებლობა დაურეგულირებელ დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს გადააბაროს და ავარიული შენობების ჩანაცვლების, თითქოს, ეკონომიკურად გამართული კონცეფცია შესთავაზოს; 2) ბათუმში უკანონოდ აშენებულ შვიდ კორპუსს კიდევ ორი დაემატა; 3) ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმი“ უკითხავად, უნებართვოდ ჩვიდმეტ სართულს აშენებს. ერთი მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა საკუთარ თავს, როგორც საჯარო სიკეთის შემქმნელ და დამცველ ინსტიტუციას აუქმებს. მეორე მხრივ კი ჩანს, რომ ბიზნესს სახელმწიფო უკვე ნებართვის გამცემადაც აღარ სჭირდება - ქალაქის მმართველობა ბიზნესისთვის მომსახურე პერსონალის როლსაც კი აღარ ასრულებს. თუ უფრო შორსაც წავალთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობასა და ბიზნესს შორის ფარული გარიგებები არსებობს ან სულაც, თავად არიან მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა ხერხს მიმართავენ.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან მალევე პოლიტიკური თოქ-შოუებიდან გაისმა კითხვა, - ვინ უფრო დამნაშავეა, მოქალაქე თუ სახელმწიფო? ,,სანამ ნაგავს ქუჩაში ვყრით და ქუჩაში ვიფურთხებით, არაფერი გვეშველება’’, - გვმოძღვრავენ საზოგადოების მუდმივი აღმზრდელები. წესით, პასუხად მარქსის ერთი ცნობილი აზრის თანახმად, ჯერ ამ აღმზრდელების აღმზრდელები უნდა გავიხსენოთ, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს. პრემიერის განცხადებით, ,,კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება“. დამნაშავეები მალევე ,,იპოვეს” - დააკავეს ორი მუშა და ბინის მეპატრონე. მათ დაკავებას დიდი აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია. კითხვა კი ასე უნდა დაგვესვა - პოტენციურად რამდენად დიდია ამ მოვლენის გამომწვევი დანაშაულებრივი სქემა და ვინ არის მისი რეალური დამნაშავე? რეალური დამნაშავე გაუქმებული სახელმწიფოა, დაურეგულირებელი სამშენებლო სექტორით. რეალური დამნაშავე ამ სისტემის მმართველი კლასია.
ბათუმში მომხდარი ტრაგედია საზოგადოების კიდევ ერთ ნაწილს იმის დასადასტურებლად მოჰყავს, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო საზოგადოება ვართ. საზოგადოების ეს ნაწილი მუდმივად ახმოვანებს ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების პოზიციას, რომ ყველა პრობლემის სათავე ხალხის სამოქალაქო თვითშეგნების ნაკლებობაა. მოკლედ, მათი აზრით, შეუგნებლები ვართ და ვიდრე შეგნება არ მოგვემატება, ამ დღეში ვიქნებით. ეს ლოგიკა გულისხმობს, რომ პირველ რიგში დამნაშავეები ის მუშები არიან, რომლებმაც პატრულში არ დარეკეს. იმის შემდეგ, როცა ამ მუშებს დასჯიან, სხვები უფრო ფრთხილები იქნებიან, სამოქალაქო შეგნება აუმაღლდებათ და მსგავს შემთხვევაში, პატრულშიც ხელის აუკანკალებლად დარეკავენ. ასეთია განაჩენი. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების ეს ნაწილი არასდროს მოერიდება უბრალო ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენებას, თუმცა მუდამ ენას უჩლექს ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და თავიანთ დამსაქმებლებს. ეს განაჩენი ფარავს კიდევ სხვა, უფრო მნიშვნელოვან და დრამატულ განაჩენს, რომელიც უკვე დიდი ხანია გამოგვიტანეს.
განაჩენი, რომელიც ჩვენ გამოგვიტანეს ნეოლიბერალურ, ცრუ წმინდა სამებას დაეყრდნო, ესენია: პრივატიზაცია, დერეგულაცია და კონკურენცია. ვარდების რევოლუციის შემდეგ, თავისუფალი ბაზრის მოციქულებმა საბინაო პოლიტიკა ბაზრის ლოგიკას დაუქვემდებარეს. თავზე ჭერის ქონა კეთილდღეობის ელემენტიდან საბაზრო პროდუქტად გადაიქცა. ამის კვალდაკვალ პრივატიზდა საჯარო საცხოვრებელი ფონდი, დერეგულირდა ინსტიტუციები და მათ გამოეცალათ საზოგადოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. კერძო ინტერესი და ინიციატივა თითქმის ყოველ ჯერზე ერევა საჯარო ინტერესს. ბათუმის ტრაგედია სწორედ ამას აჩვენებს - რადგან ხელშეუხებელი ,,წმინდა’’ სამეწარმეო საქმიანობა ჩვენი კეთილდღეობის და განვითარების მთავარ გამწევ ძალადაა მიჩნეული, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორი ხელშეუხებელ ფიგურად იქცა. მას ყველაფრის უფლება აქვს თავის კერძო სამფლობელოში და არა მხოლოდ იქ - მას აქვს უფლება თავისი კერძო სამფლობელოსთვის დაემუქროს ადამიანების სიცოცხლეს. ამის მეტყველი მაგალითი ვაშლიჯვრის ფერდობზე დაძრული მიწაა, რომელიც ნახევარ ქალაქს კატასტროფით ემუქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ დასახლებას დამატებითი გზა დასჭირდა. აქვე, სოფელი შუქრუთის გახსენება შეგვიძლია, სადაც მოგების ინტერესით დარაზმულმა ბულდოზერებმა მიწად აქციეს საცხოვრებელი ადგილები.
2007 წელს დაინერგა საბინაო მართვის ახალი მექანიზმი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. ეს მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ ბინების მოვლა-პატრონობა მესაკუთრეების პასუხისმგებლობაა, თუმცა მოქალაქეების დიდი ნაწილი ამას ფინანსურად თავს ვერ ართმევს. შედეგად კი ვიღებთ საცხოვრებელ კორპუსებს ავარიული მდგომარეობით. ეს მექანიზმი კარგად აჩვენებს, როგორ ირიდებს სახელმწიფო მართვაზე პასუხისმგებლობას.
სად იყო მუნიციპალური ინსპექცია მაშინ, როცა ბათუმში კორპუსი ჩამოიშალა? სამსახური, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაც სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენაა. სამაგიეროდ, ამ სამსახურის ,,ეფექტურობაში” ბაზრების მიმდებარე ტერიტორიებზე შეგვიძლია დავრწმუნდეთ. ისინი წარმატებით აჯარიმებენ ან არბევენ გარემოვაჭრეებს გარემოს იერსახის დამახინჯებისთვის. ეს სამსახური დანაშაულებრივ ქმედებებში ხელს არ შეუშლის ბიზნესს, რადგან მას ამ მისიას არ აკისრებენ. საერთოდაც, ჩვენ გვაჯერებენ, რომ ქართული სახელმწიფოს არსებობის მთავარი ამოცანა ისაა, რომ აქ ბიზნესის კეთება ყველაზე ადვილი გახადოს. ჩვენ ყველას გვაღეჭინებენ გემოდაკარგულ, დასავლეთში დიდი ხნის წინ გადმოფურთხებულ საღეჭ რეზინას, რომლის შეფუთვაზეც მარგარეტ ტეტჩერის სიტყვები წერია: ,,ვინ არის საზოგადოება? არ არსებობს ასეთი რამ. არსებობენ მხოლოდ ცალკეული ქალები და კაცები და ასევე ცალკეული ოჯახები...“
ბათუმის ტრაგედია გვარწმუნებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს! არსებობს საჯარო ინტერესი და ის ხშირად, შეიძლება კონფლიქტში მოდიოდეს კერძო სამეწარმეო ინტერესთან. პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის დაბალანაზღაურებად მშრომელებზე დაკისრებით, ვნებათაღელვას მხოლოდ დროებით თუ ჩააცხრობენ, მაგრამ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ამით პრობლემა მოგვარდება. ჩვენი ქვეყანა თავადაც საყრდენი კედლის გარეშე დარჩენილ კორპუსს ემსგავსება, რომლის პირველ სართულზე ზედამხედველობის სამსახური არ შედის, რადგან ბიზნესის განვითარებას ასე სჭირდება. ამ ტრაგედიას დამნაშავეები, რა თქმა უნდა ჰყავს - ხელუხლებელი კერძო ინტერესი და გულგრილი ქართული სახელმწიფო. სახალხო წინააღმდეგობის გარეშე ამ ორის ტანდემი კიდევ ბევრს მოგვიყოლებს ნანგრევებში, საიდანაც გადარჩენის შემთხვევაში მხოლოდ იმის თქმასღა მოვახერხებთ, რომ
სუნთქვა შეგვიძლია.
Comments