top of page

„ქლაუდალისტები“ - ახალი მმართველი კლასი

იანის ვარუფაკისი

გიორგი ქართველიშვილის თარგმანი

ფოტო: Fabrice Coffrini/Getty Images


 

ოდესღაც კაპიტალი წარმოების საშუალებებს გულისხმობდა. რობინზონ კრუზოს მიერ გადარჩენილი თევზსაჭერი აღჭურვილობა, გლეხის გუთანი და მჭედლის ქურა იყო ის, რაც მეტი ნადავლის, მეტი საკვებისა და ფოლადის მბზინავი ხელსაწყოების შექმნას ემსახურებოდა. კაპიტალიზმმა წარმოების საშუალებების მფლობელებს ძალაუფლების დამატებითი ორი ტიპი შესძინა: ძალაუფლება კაპიტალის არმქონე ადამიანებზე, დათანხმდნენ რა ისინი დაქირავებულ შრომას, და ძალაუფლება პოლიტიკის დღის წესრიგის მწარმოებელ ინსტიტუციებზე. თუმცა, დღეს ვხედავთ კაპიტალის ფორმირების ახლებურ პროცესს, რომელიც ახალ მმართველ კლასსა და მეტიც, შესაძლოა, წარმოების ახალ წესსაც კი აყალიბებს.


ეს პროცესი ტრადიციული ტელე-რადიო მაუწყებლობით დაიწყო. რამდენადაც, თავისთავად მაუწყებლობის გასაქონლება შეუძლებელი იყო, იგი გამოიყენებოდა მაყურებლების ყურადღების მისაქცევად მანამ, სანამ ეს ყურადღება სარეკლამო აგენტებზე გაიყიდებოდა. პროგრამების სპონსორები ადამიანების ყურადღებაზე წვდომას საკმაოდ ამბიციური მიზნისათვის იყენებდნენ: ემოციების (რომლებიც გასაქონლებას გადაურჩნენ) დახმარებით გასაქონლების პროცესის გასაღრმავებლად.


სარეკლამო აგენტის ამოცანა კარგადაა ასახული ცნობილი სერიალის Mad Men-ის [1] პერსონაჟის დონ დრეიპერის სიტყვებში - ადამიანის, რომელიც 1960-იანი წლების სარეკლამო ინდუსტრიას წარმოადგენს. დონ დრეპიერის სიტყვები იმ პერიოდის სულს კარგად აღწერს, როდესაც მის მდივან პეგის მოძღვრავს და შოკოლად „ჰერში“-ზე ელაპარაკება - პროდუქტზე, რომლითაც მათი კომპანია ვაჭრობს:


„ჰერშის მხოლოდ ორი უნცია შოკოლადისათვის არ ყიდულობ. ამას აკეთებ იმისათვის, რომ ხელახლა იგრძნო ის მზრუნველობა, რომელსაც მაშინ განიცდიდი, როდესაც მამაშენი გაზონის გაკრეჭვის სანაცვლოდ შოკოლადით გაჯილდოვებდა“.


ნოსტალგიის მასობრივი კომერციალიზაცია, რასაც დრეიპერი აღწერს, თანამედროვე კაპიტალიზმისათვის გარდამტეხი აღმოჩნდა. დრეიპერმა მიაგნო ფუნდამენტურ მუტაციას კაპიტალიზმის გენეტიკურ კოდში. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებისათვის სასურველი საგნების ეფექტურად წარმოება საკმარისი აღარ იყო. ადამიანების სურვილები თავისთავად პროდუქტად იქცა, რომელიც ოსტატურად გამოძერწვას საჭიროებს.


ძალიან მალე ახლადგამოჩეკილი ინტერნეტი კონგლომერატების ხელში ვარდება, რომლებიც მიზნად მის კომერციალიზაციას ისახავენ. შესაბამისად, რეკლამირების პრინციპებიც ალგორითმურ სისტემებს დაეყრდნო, რამაც შესაძლო გახადა პერსონალური თარგეთინგი, ის, რაც ტელევიზიის მეშვეობით შეუძლებელი იყო. თავიდან ასეთი ალგორითმები (მაგ. გუგლის, ამაზონისა და ნეტფლიქსის) მომხმარებლების ძიების თავისებურებებისა და ლოგიკის მიხედვით კლასტერებს გამოყოფდნენ, აჯგუფებდნენ რა მათ და სთავაზობდნენ მაგ. ფილმებსა თუ წიგნებს. გარდატეხა მოხდა მაშინ, როდესაც ალგორითმები პასიური მდგომარეობიდან გამოვიდნენ.


საკუთარი მოქმედების რეალურ დროში მონიტორინგმა და შეფასებამ ალგორითმებს დამოუკიდებელი აგენტობა შესძინა. ამან გავლენა მოახდინა ალგორითმებზე, იმდენად, რამდენადაც ალგორითმები გავლენას ახდენენ ადამიანებზე. სურვილების ჩვენში ჩანერგვის ფუნქცია, რომელსაც Mad Men-ში დონი და პეგი ასრულებდნენ, ალექსასა და სირის [2] დაეკისრა. იმისათვის, რომ დავადგინოთ, თუ რა საფრთხეს უქმნის ხელოვნური ინტელექტი „თეთრსაყელოიანი“ მშრომელების სამუშაო ადგილებს, უნდა დაისვას კითხვა: კონკრეტულად რას აკეთებს ალექსა?


ერთი შეხედვით, ალექსა მექანიკური შინამოსამსახურეა, რომელსაც შეგვიძლია ვუბრძანოთ ჩააქროს სინათლე, გამოიძახოს პროდუქტები, შეგვახსენოს დავურეკოთ ჩვენს მშობლებს და სხვ. მეორე მხრივ კი ცხადია, რომ ალექსა გიგანტური „ღრუბლოვანი“ ხელოვნური ინტელექტის „ფრონტ-ენდია“ [3], რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ყოველ წუთს რამდენიმე მილიარდჯერ „ავარჯიშებს“. როდესაც ვწერთ მეგობრებს, გადავადგილდებით, ან რაიმე სხვას ვაკეთებთ, ის სწავლობს ჩვენს ქცევებს. რაც უფრო მეტად გვიცნობს ხელოვნური ინტელექტი, მით მეტად გვაოცებს იგი შესანიშნავი შემოთავაზებებითა და დამაინტრიგებელი იდეებით. შედეგად, სისტემას აქვს იმის შესაძლებლობა გაუძღვეს ჩვენს არჩევანს და ასევე, გვიბრძანოს კიდეც.


ალექსას ტიპის მოწყობილობებითა თუ აპლიკაციებით, დიალექტიკურ, მუდმივი რეგრესიის სიტუაციაში აღმოვჩნდებით: ჩვენ ვავარჯიშებთ ალგორითმს, რათა მან გვავარჯიშოს ჩვენ მისი მფლობელების ინტერესების მსახურებაში. რაც უფრო მეტად ვაკეთებთ ამას, მით უფრო სწრაფად სწავლობს ალგორითმი, თუ როგორ დაგვეხმაროს ამაში - თუ როგორ ვავარჯიშოთ ალგორითმი ჩვენს მბრძანებლობაში. შედეგად, ვფიქრობ, რომ ამ ალგორითმულ, ქლაუდზე დაფუძნებული კაპიტალის მესაკუთრეები ცალკე ტერმინს იმსახურებენ, რათა ისინი განვასხვავოთ ტრადიციული კაპიტალისტებისაგან.


„ქლაუდალისტები“ [4] ძალიან განსხვავდებიან იმ ტრადიციული სარეკლამო სააგენტოების მფლობელებისაგან, ვისი რეკლამებიც ანალოგიურად გვარწმუნებდა გვეყიდა ისეთი რამ, რაც არც გვჭირდებოდა და დიდად არც გვსურდა. სარეკლამო სააგენტოები, ისევე როგორც Mad Men-ის პერსონაჟი სტერლინგ კუპერი, ყიდდნენ საკუთარ სერვისს კორპორაციებზე, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი საქონელი საზოგადოებისათვის მიეყიდათ. ამის საპირისპიროდ, „ქლაუდალისტებს“ ორი ახალი ძალაუფლება აქვთ, რაც მათ ძირეულად განასხვავებს ტრადიციული მომსახურების სექტორისგან.


პირველი, „ქლაუდალისტებს“ შეუძლიათ დიდი ოდენობით ქირის ამოღება იმ მწარმოებლებისაგან, ვის საქონელსაც ჩვენზე ასაღებენ. ამის მიზეზია ის, რომ მბრძანებლური კაპიტალი, რომელიც ჩვენს სურვილებს წარმოქმნის, პარალელურად ფლობს იმ პლატფორმებს (მაგ. ამაზონი), სადაც მიმდინარეობს ვაჭრობა. „ქლაუდალისტები“ ტრადიციულ კაპიტალისტებს ახლებურ, ვასალურ კლასად აყალიბებს, რომლებმაც მათ ხარკი უნდა უხადოს იმისათვის, რომ თავიანთი საქონლის გაყიდვის შესაძლებლობა ჰქონდეთ.


მეორე, ალგორითმები, რომლებიც ჩვენს კონსიუმერიზმს წინ მიუძღვებიან, ასევე ავტომატურად გვიბიძგებენ შევქმნათ ახალი კაპიტალი „ქლაუდალისტებისათვის“. ჩვენ კაპიტალის კვლავწარმოების ამ პროცესში მუდმივად ჩართულები ვართ - როდესაც ვდებთ ფოტოს ინსტაგრამზე, ვწერთ ტვიტს, მიმოვიხილავთ წიგნს ამაზონზე, ან მაშინ, როცა უბრალოდ გადავადგილდებით ქალაქში და ჩვენი ტელეფონების მეშვეობით ვაწვდით ინფორმაციას Google Maps-ს.


რა გასაკვირია, რომ ახალი მმართველი კლასი, რომელიც ამ ახალი, „ღრუბლოვანი“ კაპიტალის მფლობელებისაგან შედგება, გვავალებს ამ კაპიტალის კვლავწარმოებას მისივე ალგორითმულ სამყაროში - ამ მიზნით შექმნილ ციფრულ პლატფორმებზე, და ტრადიციული სასაქონლო თუ შრომითი ბაზრების მიღმა. ტრადიციული კაპიტალიზმი სუსტდება, რაც ნამდვილად არაა მოულოდნელი იმ ეპოქაში, სადაც "ქლაუდალისტებს" არნახული ძალაუფლება აქვთ ყველაზე, მათ შორის წარმოების საშუალებების მესაკუთრე კაპიტალისტებზეც კი.


 

შენიშვნები:


[1] 2007 წელს გამოშვებული ცნობილი სატელევიზიო სერიალი.

[2] Alexa და Siri - Amazon-ისა და Apple-ის ვირტუალური ასისტენტები.

[3] ვიზუალური, ინტერაქციული მხარე.

[4] ვარუფაკისი ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს ახალ, ‘ტექნო-ფეოდალურ’ მმართველი კლასთან, რომელიც ფლობს მბრძანებლურ, ‘ღრუბლოვან’, ანუ ‘ქლაუდ კაპიტალს’. Cloud – ე.წ. ღრუბლოვანი წვდომის მოდელია, სადაც მომხმარებლებს აქვთ წვდომა მონაცემებზე, ინფორმაციაზე, პროგრამებზე, აპლიკაციებზე, რომლებიც არა მათ პერსონალურ კომპიუტერებში ან სმარტფონებში, არამედ ვირტუალურ სერვერებზე ინახება, და რომლებსაც მომხმარებლები ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან. ქლაუდ კაპიტალში იგულისხმება მსხვილი კორპორაციების, მაგ. ამაზონისა და გუგლის სხვადასხვა პლატფორმები. რამდენადაც მათი კაპიტალი ‘cloud’-ში „ბინადრობს“, ვარუფაკისმა ამ კლასს პირობითად ‘ქლაუდალისტები’ (cloudalists) უწოდა.



წყარო:

https://www.yanisvaroufakis.eu/2022/04/12/cloudalists-our-new-cloud-based-ruling-class-project-syndicate-op-ed/



bottom of page