top of page

ჩვენი ავადმყოფობის ისტორია, ანუ რა უნდა ვიცოდეთ მიშაზე, ბიძინაზე და ბენდუქიძეზე

გიორგი ხასაია


პირველი ნაწილი


კამათი სამეზობლოში


ქუთაისურ ეზოში კამათობენ. ქარს მოაქვს გახურებული სიტყვები. მესამე დღეა, ქარია. უფრო ახლოს მივდივარ, რომ საუბრის გარჩევა შევძლო. ორი კაცი კამათობს, ერთი ხნის იქნებიან, 60-ს გადაცილებულები. „სექტანტი რატომ ვარ, რაფერ უნდა დოუძახო მაგი ადამიანს. სექტანტი კი არა ვარ, იმედი არ მინდა, დავკარგო, რო რაცხა შეიცვლება და არ დაგვაჩმორონ ბოლომდე“ - ამბობს ნუგო. „კარტოფილზე და ას ლარზე გაყიდულებს გვეძახით, თქვე შობელძაღლებო, და სექტანტი რაა მაგასთან? ჩამევიდა აგერ თქვენი ბელადი და შეგკრიბათ სუყველა, მარა არ გეყოთ, არ ხართ მაგდენი, გეიგე? დაჩმორებაზე რაფერ იღებთ ხმას, რა ნამუსით“ - პასუხობს სოსო. „დაგვაჩმორენ, რა ქვია, აბა, ახლა ამას, ბენზინის ფასს ვერ უყურებ? პური გაძვირდა, ზეთი გაძვირდა. რა დღეშია ხალხი უჭმელი დადის ნახევრად და მაინც არ იღებს ხმას“ - ნუგოს ამ რეპლიკას სოსო ბოხი ხმით პასუხობს: „მაგი ახლა კერძოა, ვერ უზამ ვერაფერს“. დაძაბულობას კერძოს ხსენებასთან ერთად კამათლების ჩხრიალი განმუხტავს. ნარდი ისევ არიგებს სოსოს და ნუგოს, ძველ მეზობლებს, ერთი ხნის ხალხს. ერთის ცოლი საბერძნეთშია, მეორეს შვილი ყავს პოლონეთში. 20 წელიწადს არაფერი უკლია, ერთ ეზოში ცხოვრობენ, ამიტომ დაძაბულობას აქ დიდი გასაქანი არ ეძლევა. თუმცა ყველგან და ყოველთვის ასე არ ხდება. საბოლოო მაშველ რგოლად იუმორი მოდის - “საღამოს პივაზე და სარდელზე გეთამაშები, სოსოია, გაგისტუმრებს ბიძინა, ნუ გეშინია” - გაგორებული კამათლები ჩარი იაქეზე ჩერდება. სოსოს და ნუგოს ღიმილიანი თვალები ერთმანეთს წამით ხვდება. ყველაზე ახალგაზრდა მეზობელი, დისტრიბუტორი ლევანი გადაიხარხარებს, სხვები ჩაიცინებენ, ქალბატონი მარინა ხითხითებს. ეზოში გაჩენილ ხითხითს ქარი ცელოფნის პარკებივით წაიღებს ჯაჭვის ხიდისკენ და პირველივე სუპერმარკეტთან ხელიდან გაუვარდება.



რისი იმედი აქვს ნუგოს - სისხლიანი კლოუნის, რომელიც საკუთარ შიმშილობას კაფკას შიმშილის ოსტატივით სანახაობად აქცევს, მაგრამ მისგან განსხვავებით სხვებსაც შიმშილობას აიძულებს? არა.


ნუგო მიეჯაჭვა იმას, რაც სააკაშვილში ჩაშენდა - იმას, რასაც მისთვის სააკაშვილი განასახიერებს. ეს მიჯაჭვულობა, ყველა სხვა მიჯაჭვულობის მსგავსად, ოპტიმისტურია. ოპტიმისტურია იმიტომ, რომ ის მას რაღაცას პირდება. დაპირებების გარეშე მიჯაჭვულობა არ ჩნდება. მაინც რას პირდება სისხლიანი კლოუნი იმათ, ვინც მას და მის პოლიტიკურ პროექტს მიეჯაჭვა? სააკაშვილის პროექტს მათთვის სწრაფი გარღვევის დაპირება აქვს, სწრაფი გარღვევის ილუზორული დაპირება. ვინც მას პატიობს სისხლს, პატიობს სწორედ სწრაფი გარღვევის დაპირების ხათრით.


მაგრამ ეს მიჯაჭვულობა სასტიკიცაა - სასტიკია, პირველ რიგში, მიჯაჭვულთა მიმართ. სასტიკია იმით, რომ მისი დაკარგვა, მასზე გულაცრუება უარესი შეიძლება, აღმოჩნდეს, ვიდრე მასზე მიჯაჭვულობაა - ამ მიჯაჭვულობის უწყვეტობა ადამიანის ცხოვრების და იმედის უწყვეტობასაც განასახიერებს. მიჯაჭვულობის წყვეტა, მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება, შეიძლება, იმედის დაკარგვას ნიშნავდეს. უიმედობას ნუგოს ის მორალური დისკომფორტი ურჩევნია, რომელიც თავს ცუდად აგრძნობინებს და ხანდახან ტანჯავს კიდეც - რადგან მეორე მხარეს სრული უიმედობა დევს.


იმავდროულად, მის მიერ ნათქვამი „ივანიშვილი გაგისტუმრებს“ ძალიან ზუსტად ასახავს ბიძინას აღქმას ხალხის მნიშვნელოვან ნაწილში - პოსტსაბჭოთა მაფიოზური წრეების ღვიძლი შვილი, კრიმინალური ტერმინი რომ ვისესხოთ, ფუფლოა. მაფიოზი ფუფლო, რომელმაც გასასტუმრებელი არ გაისტუმრა, ჩასატანი არ ჩაიტანა, სიტყვა თქვა და არ შეასრულა. ამ ფუფლოს თავისი მიჯაჭვულობები აქვს, თავისი მიჯაჭვულობებით მართავს. ხალხის ნაწილის აღქმაში ის „დიდი კაცია“ დიდი რესურსებით, რომელიც ფუფლო კი არის, მაგრამ ამის შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლია. ნაწილისთვის ის შემაკავებელია - სააკაშვილის მეორედ მოსვლის შემაკავებელი, ხოლო ნაწილისთვის - „სტაბილურობის“ გარანტი. ორივეს მიჯაჭვულობა გამყარებულია ინფრასტრუქტურით, ქვედა ბნელი სართულებით: სააკაშვილის მიჯაჭვულობას პოლიციური ძალადობა და წამების პრაქტიკა ამყარებდა, ივანიშვილის მიჯაჭვულობების გარანტი ყველგანმყოფი სუს-ია .


გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში ივანიშვილმა გასაგებად თქვა, რომ არავითარი სწრაფი გარღვევა არ იქნება და კეთილდღეობას კიდევ 20-30 წლით დააგვიანდება - მაგრამ არა იმიტომ, რომ სისტემა ვერ მუშაობს. ხალხის მოუმწიფებლობაზე აქცენტით, ივანიშვილმა ყველაფერში შეიტანა ეჭვი, გარდა სისტემის ეფექტურობისა. არჩეული გზა - ნეოლიბერალური საბაზრო კაპიტალიზმი ორივესთვის - მისთვისაც და მისი წინამორბედისთვისაც - ერთადერთი და უალტერნატივოა, მასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს, ეს არის ჩვენი ეკლიანი საცალფეხო ბილიკი კარგი ცხოვრებისკენ.


ბენდუქიძე (და სააკაშვილი) და ივანიშვილი


საზოგადოებრივი ურთიერთობების სიტემა, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, კაპიტალიზმის სპეციფიკური, პოსტსოციალისტური სახეობაა. სსრკ-ს დაშლისთანავე და მის შემდეგაც ჩნდება ოლიგარქიული კლასი - პოსტსოციალისტური ოლიგარქიული კლასი. როგორ ჩნდება ეს კლასი? როგორ და პირვანდელი დაგროვების შედეგად.


კარლ მარქსის მიხედვით, პირვანდელი დაგროვება კაპიტალისტური წარმოების შედეგი კი არ არის, მისი ამოსავალი წერტილია. ფული და საქონელი იმთავითვე არ წარმოადგენენ კაპიტალს - ისინი ჯერ უნდა იქცნენ ამად. თავად ეს გადაქცევა შესაძლებელია მაშინ, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, ერთი მხრივ, ფულის, საწარმოო და საარსებო საშუალებათა მესაკუთრე და, მეორე მხრივ, მუშა, რომელიც საკუთარი სამუშაო ძალის გამყიდველია.


კაპიტალისტური ურთიერთობა მარქსისათვის თავისთავად გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს გათიშვა მუშასა და წარმოების საშუალებებს შორის, რითიც მუშა მთლიანად ბაზარზე ხდება დამოკიდებული.


ადრეულ ევროპაში მწარმოებლები ფეოდალური მარწუხებისგან კი გათავისუფლდნენ, მაგრამ, ამასთან ერთად, გათავისუფლდნენ არსებობის საშუალებისგანაც - მიწაზე წვდომისგან და ყველანაირი გარანტიისგან. მაგალითად, ინგლისში მიწის მესაკუთრეების, კაპიტალისტი ფერმერებისა და სახელმწიფოს ალიანსმა საუკუნოვანი ძალისხმევა გასწია ფერმერული მეურნეობებისა და საერთო სარგებლობაში არსებული საშუალებების პრივატიზებისთვის, რომლებიც ტრადიციულად გლეხების კოლექტივებს ეპყრათ. ინგლისელი გლეხები ძალადობრივად აყარეს მიწებიდან და მთლიანად ბაზარზე დამოკიდებულები გახადეს - „ჩიტივით თავისუფლები“, მაგრამ არაფრის მქონენი, სამუშაო ძალის გარდა. ბოლოსდაბოლოს, აგრარულ ბურჟუაზიას შესაძლებლობა მიეცა, ნორმალური კაპიტალისტური წარმოება დაეწყო, ანუ დაქირავებული შრომა საბოლოოდ დამკვიდრებულიყო. ამ პროცესს ინგლისის სახელმწიფო უწყობდა ხელს, შესაბამისი კანონებით.


უნდა ვიცოდეთ, რომ პირვანდელი დაგროვება არ არის მხოლოდ ისტორიულად დეტერმინირებული პროცესი და მას განგრძობითი ხასიათი აქვს.


პირვანდელ დაგროვების თანამედროვე ვერსიად მიიჩნევა ის პროცესიც, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლით იწყება და დღემდე გრძელდება. თავიდან ამ პროცესს „საბაზრო რეფორმა“ ერქვა. ამ კატასტროფულ ძვრებს, ყავს თავისი მესია და ეს ეგორ გაიდარია - 90-იანების დასაწყისის რუსეთის მთავარი ეკონომიკური იდეოლოგი. ჰარვარდის პროფესორ ჯეფრი საქსისა და მისი ამალის შთაგონებითა და მხარდაჭერით დაწყებული გაიდარ-ჩუბაისის რეფორმების შედეგად გაჩნდა პოსტსოციალისტური ოლიგარქიული კლასი. ჩუბაისი, ბერეზოვსკი, დერიპასკა, ალიშარ უსმანოვი, კახა ბენდუქიძე და ბიძინა ივანიშვილი ამ კლასის შვილები არიან, მისი განუყოფელი ნაწილი, მისი სისხლი და ხორცი. მაგრამ ერთ მხარეს ამ კლასის ჩამოყალიბება, მისი აღმასვლა შობს მილიონობით უმუშევარსა და მოშიმშილეს მეორე მხარეს, არნახულად უთანასწორო ხლეჩას მდიდრებად და ღარიბებად, სიკვდილს, დეპრესიას და უმწეობას.


„დასავლური ყაიდის საბაზრო ეკონომიკა“ არ გამოვიდა, მაგრამ გამოვიდა განგსტერული კაპიტალიზმი, რომლის შედეგად გაჩენილმა ოლიგარქიული კლასის ყველაზე უტიფარმა ნაწილმა გადაწყვიტა „სუფთა პოლიტიკური სახე“ მიეღო, ანუ თავად ემართა ქვეყანა. ეს პროცესი ჩაფლავდა. ერთი მხრივ, გაიდარის რეფორმები გაიყინა. მეორე მხრივ, ოლიგარქიული კლასის ნაწილის მიერ პრეზიდენტად დანიშნულმა პუტინმა ოლიგარქებს შორის ისეთი მოკავშირეების ძებნა დაიწყო, რომლებიც ძალაუფლებაში არ შეეცილებოდნენ. შედეგად, მასთან დაპირისპირებულებმა ქვეყანა დატოვეს, ზოგი ციხეში ჩასვეს, მაგრამ სისტემა არსებითად არ შეცვლილა - რუსული ოლიგარქიული კაპიტალიზმი აკონტროლებს ქვეყნის რესურსებს და მართავს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას.


რუსეთის ფედერაციის მთავრობის ბიზნესმრჩეველთა საბჭოს წევრ კახა ბენდუქიძეს ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს საქართველოში აგზავნიან. ეს რუსეთში განსაკუთრებით იმათ უხარიათ, ვინც გაიდარის ბოლომდე ვერმიყვანილი ეკონომიკური მოდელის განხორციელების შანსს ახლა საქართველოში ხედავს. „საინტერესო სოციალური ექსპერიმენტი გველოდება “ - ასე ამბობდნენ მაშინ არა მხოლოდ რუსი ლიბერალები, არამედ კონსერვატორების ნაწილიც კი.


ბენდუქიძე ახალი საქართველოს დამფუძნებელი მამაა - სწორედ ის, და არა - სააკაშვილი. სააკაშვილის ფიგურა ამ პოსტსოციალისტური ოლიგარქიული კლასის ეკონომიკურ ექსპერიმენტს მარიონეტად ჭირდებოდა და ყავდა კიდეც - მას ამისთვის ქონდა საკმარისი ქარიზმა და უტიფრობა, რაც ამ ეკონომიკურ ექსპერიმენტს წყალივით ჭირდებოდა. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს რომ 2000-იანების დასაწყისიდან რუსეთი ხელახლა იწყებს აღზევებას, როგორც „პერიფერიული იმპერია“ - ნედლეულის, კერძოდ კი, ნავთობის პერიფერიული იმპერია. ამ იმპერიისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა მთლიანი რეგიონის ენერგორესურსებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლი. საქართველოში ეს კონტროლი ბენდუქიძის და სააკაშვილის ხელით შეუფერხებლად განხორციელდა „საბაზრო“ პრინციპების დაცვით - საქართველო, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ანატოლი ჩუბაისის ახლო გარემოცვის “საიმედო” ხელშია.


მოკლედ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რუსეთში დროებით შეჩერებული პროცესი საქართველოში სრული სვლით, მთელი სისავსით აგრძელებს სიცოცხლეს. ის, რაც გაიდარმა რუსეთში ვერ მოასწრო, საქართველოში ბენდუქიძის ხელით და ივანიშვილის დახმარებით, მთელი თავისი რადიკალიზმით ხორციელდება - სამედიცინო და სამრეწველო სექტორის თითქმის სრული და განათლებისა და ენერგოსისტემის დიდი ნაწილის პრივატიზაცია, სახელმწიფოს ფუნქციის დაყვანა შინაური თუ გარეული ბიზნესისთვის გადასახდების დაწევამდე, პოლიტიკური ხელისუფლების გამოდევნა შრომის ბაზრის კონტროლის პროცესიდან და ამ ეკონომიკური პოლიტიკის საკანონმდებლო ჩაბეტონება. ცალკე უნდა ვახსენოთ გავალიანება, ვალაუვალობა.


მაგრამ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ეკონომიკური ცხოვრება არ არის - ის მისგან ამოზრდილი, მაგრამ მასზე გავლენის მქონე ყოველდღიური კულტურული ცხოვრებისგანაც შედგება. ამ ახალ ვითარებას ჭირდებოდა და ჭირდება ახალი ტიპის სუბიექტი, ახალი ადამიანი, რომელიც ძველი, საბჭოთა ინდუსტრიული საზოგადოებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კი აღარ იქნებოდა, არამედ ვაჭრობის, საოფისე სამუშაოსთვის, მომსახურების სფეროსთვის საჭირო და მენეჯერული უნარ-ჩვევებით იქნებოდა აღკაზმული. ახალი წესრიგის ყველაზე დიდი იმედი მაინც ახალი ტიპის მეწარმე-ქართველია, თვითნაბადი, თავისი თავის შემქნელი მეწარმე, რომელმაც დანარჩენი საზოგადოება წინ უნდა წაიყვანოს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ციხე, პატრული, კრიმინალური პოლიციაც და სხვა ძალოვანი ორგანოები ამ ახალ, ჯერარარსებულ სუბიექტს უთავისუფლებს გზას. მაშინ, როცა აწამებს ან კლავს ბნელ ოთახში ან სარდაფში, ზევით, განათებულ ქუჩაზე მცხოვრები ჯერ ბოლომდე არარსებული, მაგრამ უკვე კონტურებშეძენილი ქართველის მშვიდ ძილს იცავს.


როდის ჩნდება ივანიშვილი? როცა სისტემა სახეს კარგავს, არაადამიანურ სახეს აჩენს და, შესაბამისად, მისი პოლიტიკური სახის შემქმნელი სააკაშვილი უკვე საჭირო აღარაა. ჩვენი ბოლო წლების საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარი პარადოქსიც ესაა - იმისთვის, რომ მიშიზმმა არსებობა გააგრძელოს, მას მიშა აღარ ჭირდება! ამ ნეოლიბერალურ სისტემას არსებობის გასაგრძელებლად ადამიანური ნიღაბი ჭირდებოდა. ივანიშვილმა სისტემა კიდევ 9 წელიწადს ისე ამუშავა, რომ სააკაშვილთან იდეოლოგიური დაპირისპირება არცთუ ცოტა ადამიანს დააჯერა.


კიდევ ერთხელ მკაფიოდ რომ ვთქვათ: გაიდარის რეფორმების შედეგად ჩნდება ოლიგარქიული კლასი. ამ კლასის წარმომადგენლები არიან ბენდუქიძე და ივანიშვილი. ამ კლასს ქონდა და აქვს თავისი რწმენა- წარმოდგენები ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, საზოგადოებაზე, ადამიანსა და ბუნებაზე. და ეს წარმოდგენები სწორედ საქართველოში განახორციელდა ყველაზე სრულყოფილად და არა - რუსეთში. ამავე კლასს ქონდა ლოგიკური სურვილი სუფთა პოლიტიკური სახე მიეღო - ანუ პოლიტიკურადაც თავად ემართა ქვეყანა ან ქვეყნები. რუსეთში ესეც არ გამოვიდა, მაგრამ გამოვიდა საქართველოში. შეგვიძლია, ვთქვათ: ბენდუქიძე და სააკაშვილი რუსი ლიბერალური ოლიგარქიის ეკონომიკური ოცნებების ხორცშესხმაა საქართველოში, ხოლო ივანიშვილი - იმავე კლასის პოლიტიკური ოცნებების განხორციელება.


რუსი ლიბერალების (და ქართველი ლიბერალების მნიშვნელოვანი ნაწილის) ახალი მოწამე ვალერია ნოვოდვორსკაია ამბობდა: „არ არსებობს თეორეტიკოსების - ფრიდმანის, ფონ მიზესის, ადამ სმიტის - რეფორმები. არსებობს გაიდარის რეფორმები... ეგორ გაიდარი მესიაა, პერსონალურად მოვლენილი პლანეტის ⅙-ისათვის, მაგრამ ჩვენთვის ეს მეორედ მოსვლა ისევე დასრულდა, როგორც პირველი - მას საკუთარმა მოციქულებმა უღალატეს...“ - ნოვოდვოსკაია აქ იმ ოლიგარქებსა და პოლიტიკურ ფიგურებზე საუბრობს, რომლებიც პუტინს შეეკრნენ. მაგრამ გაიდარის მოციქულებს შორის ყველაზე ყოჩაღები ახალი საქართველოს სათავეებთან დგანან - საქართველო მათი პათოლოგიური წარმოდგენებით, მათ მიერ დაწერილი და ნაკარნახევი კანონებით, მათი წესებით იმართება და ცხოვრობს. ისევ ნოვოდვორსკაია არ მოგვატყუებს: „ყოჩაღ ბიჭებს, როგორც ჩანს, გაიდარის წიგნი ედოთ და უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებოდნენ“ - თქვა მან 2010 წელს საქართველოზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე.


გაგრძელება იქნება


შენიშვნები:

მიჯაჭვულობაზე შეგიძლიათ ნახოთ პირველი თავი ლორენ ბერლანტის წიგნიდან სასტიკი ოპტიმიზმი. 

პირვანდელ დაგროვებაზე ნახეთ მარქსის კაპიტალის 1-ელი ტომის 24-ე თავი. კაპიტალის ამ თარგმანში, პირვანდელი დაგროვების ნაცვლად, ვხვდებით თავდაპირველ დაგროვებას. 

პირვანდელი დაგროვების განგრძობითობის და მის თანამედროვე ნაირსახეობათა შესახებ ნახეთ მაიკლ პერელმანის ტექსტი. 

პირვანდელ დაგროვებაზე რუსეთსა და ჩინეთში, ასევე განგსტერულ კაპიტალიზმზე ნახავთ აქ.  

ნოვოდვორსკაიას გამოსვლებსა და ტექსტებს ნახავთ აქ და აქ. 






bottom of page