top of page

რა არის უფასო სასკოლო კვება? მიმოხილვა


მოძრაობა ხმა



2021 წლის ოქტომბერში ჩვენ, მოძრაობა ხმამ, დავიწყეთ კამპანია სკოლაში ბავშვთა უფასო კვების მოთხოვნით. უფასო კვებაში იგულისხმება უნივერსალური, ყველა მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო კვება სახელმწიფოს დაფინანსებით. მოთხოვნიდან რამდენიმე დღეში უფასო სასკოლო კვება მუნიციპალური არჩევნების ერთ-ერთი თემა გახდა. ოპოზიციამ თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების დაწყების პირობა დადო; ხელისუფლება ამბობდა, რომ უკვე მუშაობდა ამაზე. არჩევნებიდან ერთი წლის თავზე მთავრობას ასეთი პროგრამა არ დაუწყია და, როგორც ჩანს, გეგმაშიც არ აქვს: საქართველოს მთავრობის (2022) ახლახანს დამტკიცებული სტრატეგია უფასო სასკოლო კვების დაწყებას, სულ მცირე, 2022-2024 წლებში არ მოიაზრებს.



რატომ ვითხოვთ უფასო სასკოლო კვებას?

საქართველოში მოსწავლეთა მიღწევებზე გავლენის მქონე ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციოეკონომიკური სტატუსია (CTC, 2021). საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ღარიბ და ეკონომიკურად შეძლებული ოჯახების მოსწავლეებს შორის სკოლის დასრულების მაჩვენებლებლებს შორის განსხვავება 43-დან 88%-მდემერყეობს (საქართველოს მთავრობა, 2022). საქართველოში ყოველი მეოთხე მოსწავლე სიღარიბეში ცხოვრობს. ქვეყანაში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ყოველთვის (35%) ან ხანდახან (42%) მშიერია (CTC, 2021). შიმშილი კი პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე (OECD, 2018). საქართველოს საკლასო ოთახებში ბავშვები მშივრები სხედან და სწავლა უჭირთ.

გლობალურად, ქვეყნების დიდ უმრავლესობას - ყოველი ათიდან რვას - ბავშვებისთვისუნივერსალური ან მიზნობრივი სასკოლო კვების პროგრამა აქვს. ბოლო გამოკვლევით, 388 მილიონიბავშვი სკოლაში სახელმწიფო დაფინანსებით იკვებება. მოსწავლეების სასკოლო კვებისპროგრამები განსაკუთრებით აქტიურად ბოლო წლებში ინერგებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და ახლა სოციალური დაცვის ყველაზე უფრო გავრცელებული მექანიზმია მსოფლიოში (WFP, 2020). ის უფროდა უფრო ხშირად განიხილება არა მხოლოდ სოციალური დაცვის, არამედ მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ინსტრუმენტად. ხარჯთეფექტურობის ეკონომიკური ანალიზის მიხედვით, სასკოლო კვებაზე დახარჯული ყოველი 1 დოლარზე ამონაგები 9 დოლარია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროგრამის სარგებელი მის ხარჯს ცხრაჯერ აღემატება (WFP, 2020).

უფასო სასკოლო კვებას მდიდარი ისტორია აქვს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ასეთი პროგრამა უკვე არსებობდა დიდ ბრიტანეთის ღარიბი უბნების სკოლებში. ამ დროს, აქცენტი შეჭირვებულ მოსწავლეთა სოციალურ დაცვაზე კეთდებოდა. 1940-იან წლებში აშშ-ში უფასო სასკოლო კვების პროგრამის მიზანი, მოსწავლეთა გამოკვებასთან ერთად, ადგილობრივი სოფლის მეურნეობისგან ვითარება იყო. გასული საუკუნის 90-იანი წლების სამხრეთ აფრიკაში უფასო სასკოლო კვება მომავალი თაობის მხარდაჭერის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. დღეს, სულ მცირე, 161 ქვეყანაში შეუძლიათ მოსწავლეებს უფასო საკვების მიღება. სასკოლო კვება უკვე ხშირად განიხილება ადამიანის უფლებად: ინდოეთში სკოლებს სამართლებრივი ვალდებულება აქვთ, ბავშვთა კვება უზრუნველყონ; ბრაზილიასა და მექსიკაში კი ის სოციალური უსაფრთხოების სისტემის ნაწილია (WFP, 2020).

სასკოლო კვების პროგრამები, როგორც წესი, სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება. შესწავლილი 161 ქვეყნის მონაცემების მიხედვით, დაფინანსების 98% სახელმწიფოზე მოდის. განსხვავებულიასურათი, თუ მხოლოდ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დავაკვირდებით; ასეთ ქვეყნებშიდაფინანსების 71% საერთაშორისო დონორებს ეკუთვნით. ქვეყნების მიხედვით განსხვავდებ აუფასო სასკოლო კვების პროგრამის ფარგლები. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მოსწავლეების 90%-ზე მეტი სარგებლობს სასკოლო კვების პროგრამით; ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოცვა 82%-ია, სამხრეთ აზიის ქვეყნებში - 57%, აღმოსავლეთ აზიაში კი - 32%.

სახელმწიფოს დაფინანსებით არსებულ სასკოლო კვების პროგრამებს, მოსწავლეთა სოციალურ დაცვასთან და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად, რამდენიმე მიზანი და სარგებელი აქვს:

განათლება. კვლევები ადასტურებს, რომ უფასო სასკოლო კვება აუმჯობესებს მოსწავლეების, განსაკუთრებით, ყველაზე შეჭირვებული მოსწავლეების განათლების ხარისხს (Adelman et al., 2019; Snilstveit et al., 2015; Kazianga et al., 2014). მსოფლიო ბანკის ანალიზის მიხედვით, სასკოლოკვება განვითარებად ქვეყნებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესების სამ ყველაზე ეფექტურ მექანიზმს შორისაა (Bashir et al., 2018). განაში ახლახანს ჩატარებული კვლევის მიხედვით, უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის შედეგად მოსწავლეებს გაუუმჯობესდათ მათემატიკისა და წიგნიერების დონე (WFP, 2019). უფასო სასკოლო კვება ასევე ზრდის მოსწავლეთა სკოლაში დასწრების მაჩვენებელს და ამცირებს სკოლის მიტოვების შემთხვევებს (Verguet at al., 2020).

სოფლის მეურნეობა. ბევრი ქვეყანა უფასო სასკოლო კვების პროგრამისთვის ადგილობრივიწარმოების პროდუქტებს იყენებს, რითაც ახალისებს ადგილობრივ წარმოებას, ზრდის მოთხოვნას ადგილობრივ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე და თანდათან იმპორტირებულ საკვებზე დამოკიდებულებას ამცირებს. შესწავლილი 39 ქვეყნიდან 21 ასეთ მიდგომას ირჩევს (WFP, 2020). აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები ცდილობენ, სკოლები ნაწილობრივ მაინც ადგილობრივი სოფლის მეურნეობით მოამარაგონ - მაგალითად, 2009 წლიდან ბრაზილიაში სავალდებულო გახდა, სკოლებისთვის საჭირო პროდუქტების არანაკლებ 30% ადგილობრივი წვრილი ფერმერებისგან შეისყიდონ (FAO & WFP, 2018; WFP, 2017).

დასაქმება. 48 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასკოლო კვების პროგრამის ფარგლებში ყოველ 100 ათას მოსწავლეზე 1,668 სამუშაო ადგილი იქმნება. ეს მონაცემი არმოიცავს არაპირდაპირ დასაქმებას, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაზრდილ მოთხოვნაზე საპასუხოდ დასაქმებულ ფერმერებს. ახალი სამუშაო ადგილების უმრავლესობა საკვების მომზადებასთან არის დაკავშირებული (მზარეულები, შემფუთავები, გადამზიდავები), თუმცა პროგრამის არსებობა შედარებით მაღალკვალიფიციური კადრების საჭიროებასაც აჩენს (სურსათის ხარისხის და უსაფრთხოების სპეციალისტები). მაგალითად, ტუნისში სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედების ერთ-ერთი მიზანი წვრილი გლეხების მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც იყო (WFP, 2020).

სასკოლო კვების ხარჯები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. გაეროს გამოანგარიშებით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები მთელი წლის მანძილზე, საშუალოდ, ერთ მოსწავლეზე 55 აშშ დოლარს ხარჯავენ, ხოლო საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყნები - 41 აშშ დოლარს. ამავე გამოთვლის მიხედვით, ყველა ქვეყნის საშუალო ერთ მოსწავლეზე 57 აშშ დოლარია (WFP, 2020). გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ხარჯებზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს, მათ შორის, ის, შეუძლიათ თუ არა სკოლებს საკვები ადგილზე, სკოლის სამზარეულოში დაამზადონ - ამისთვის კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაგალითად, სკოლების უწყვეტი წყალმომარაგებაა საჭირო. სკოლების ინფრასტრუქტურული სიღარიბის გამო, ზოგიერთ ქვეყანაში იყენებენ მზა სადილის ყუთებს და ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებულ საკვებს. ასეთ მოდელში შედარებით მაღალია ტრანსპორტირებისა და მენეჯმენტის ხარჯი და გართულებულია მრავალფეროვანი და ახალი პროდუქტების ჩართვა რაციონში. ახლახანს კუბასა და ჰონდურასში შემოიღეს შერეული მოდელი, რომლის მიხედვით საბაზისო პროდუქტების მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს, ხოლო მალფუჭებადი და ახალი პროდუქტებით მომარაგება ადგილობრივად ხორციელდება - სკოლების, მუნიციპალიტეტებისა ან კოოპერატივების მიერ; სასკოლო კვების დეცენტრალიზებული მართვის მოდელი მეტი მოქნილობით და კვების მრავალფეროვანი რაციონით ხასიათდება (CTC, 2021).

საქართველოში უნივერსალური უფასო სასკოლო კვება არასდროს არსებულა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში რამდენიმე ქალაქის სკოლაში მოსწავლეებს უფასოდ აჭმევდნენ. უფასო სასკოლო კვების პროგრამის დაწყებაზე პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიების ფარგლებში საუბრობენ, თუმცა არჩევნების შემდეგ პროგრამის დასაწყებად საჭირო ძალისხმევა საზოგადოებისთვის ხილული არ არის. კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის ანალიზის მიხედვით, საქართველოში საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეზე გათვლით პროგრამის წლიური ხარჯი დაახლოებით 71 მილიონი ლარი იქნება (CTC, 2021). ეს გაანგარიშება ეყრდნობა საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში იდენტური პროგრამის საშუალო ხარჯს ერთ მოსწავლეზე და ზუსტი ვერ იქნება - განსაკუთრებით, საქართველოში საკვებ პროდუქტებსა დასაწვავზე ფასების ზრდის ფონზე.








გამოყენებული ლიტერატურა

კონსტულტაციისა და ტრენინგის ცენტრი [CTC] (2021). საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები. თბილისი.

საქართველოს მთავრობა (2022). საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს N446 დადგენილებასაქართველოს განათლებისა და მეცნირების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2030 და მისი 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ (სარეგისტრაციო კოდი: 430010000.10.003.023657).

Adelman, S., Gilligan, D.O., Konde-Lule, J. & Alderman, H. 2019. School Feeding Reduces Anemia Prevalence in Adolescent Girls and Other Vulnerable Household Members in a Cluster Randomized Controlled Trial in Uganda. The Journal of Nutrition, 149(4).

Bashir, S., Lockheed, M., Ninan, E., & Tan, J.P. 2018. Facing Forward: Schooling for Learning in Africa. Africa Development Forum series. Washington, DC, World Bank/Agence Française de Développement.

FAO & WFP. 2018. Home Grown School Feeding - Resource Framework. Rome.

Kazianga, H., de Walque, D., & Alderman, H. 2014. School feeding programs, intrahousehold allocation and the nutrition of siblings: Evidence from a randomized trial in rural Burkina Faso. Journal of Development Economics, 106: 15-34.

NAEC. 2019. Literacy: Achievements of Fourth-Graders and the Factors Influencing Them. Tbilisi.

OECD. 2018. Results from PISA - Georgia, Country Note.

Snilstveit, B., Stevenson, J., Menon, R., Phillips, D., Gallagher, E. et al. 2015. The Impact of Education Programmes on Learning and School Participation in Low- and Middle-Income Countries. 3ie Systematic Review Summary 7. London, International Initiative for Impact Evaluation (3ie).

Verguet, S., Limasalle, P., Chakrabarti, A., Husain, A., Burbano, C., Drake, L. & Bundy, D.A.P. 2020. The Broader Economic Value of School Feeding Programs in Low- and Middle-Income Countries: Estimating the Multi-Sectoral Returns to Public Health, Human Capital, Social Protection, and the Local Economy. Frontiers in Public Health, 8: 587046.

WFP. 2020. State of School School Feeding Worldwide 2020. Rome.

WFP. 2019. School Feeding in Ghana. Investment Case: Cost-Benefit Analysis Report. Rome.

WFP. 2017. Smart School Meals. Nutrition-Sensitive National Programmes in Latin America and the Caribbean. A Review of 16 Countries. Rome.



bottom of page