top of page

სასკია სასენი - ლათინური ამერიკის ქალაქების ტრანსფორმაცია, განდევნები და გაღრმავებული უთანასწორობა

გიორგი ჭანტურიას თარგმანი

ლარი ბუსაკას ფოტო, გადაღებულია ნიუ იორკში 2015 წელს


სოციოლოგი სასკია სასენი დაიბადა ნიდერლანდებში, გაიზარდა არგენტინაში, სწავლობდა საფრანგეთსა და იტალიაში, ახლა კი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლის. მისი ცხოვრების ტრაექტორია გარკვეული გაგებით გლობალიზაციას ასახიერებს, რომელსაც ის ათწლეულებია იკვლევს. 2021-ში 30 წელი გადის მას შემდეგ რაც მან შემოიღო ტერმინი „გლობალური ქალაქი,“ რომელიც პირველად მის წიგნში „გლობალური ქალაქი: ნიუ იორკი, ლონდონი, ტოკიო“ იხმარა. ამ წიგნში მან გააკეთა ისეთი მსხვილი ქალაქების ანალიზი, როგორიც ნიუ იორკი, ლონდონი და ტოკიოა, რომლებიც როგორც ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ძალის ცენტრები ისე მოქმედებდნენ და იყვნენ ღრმა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის ნავთსაყუდელი. პირდაპირი გავლენა ჰქონდათ მსოფლიოში მიმდინარე მივლენებზე და როგორც მეცნიერი ამბობს, წარმოადგენდნენ „გლობალური კაპიტალიზმის სიმბოლოს.“

La Dairia-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სასენი ხსნის როგორ ღრმავდება უთანასწორობა ქალაქებში ელიტების საშუალებით, ვისთანაც ხდება ძალაუფლების და სიმდიდრის დაგროვება ყოველგვარი კონტრიბუციის გარეშე ეროვნულ პროექტში, საშუალო და მუშათა კლასის ტერიტორიიდან „განდევნით.“ მისი აზრით, მნიშვნელოვანია არა დიდი ქალაქების გაფართოება, არამედ მათი „შემცირება“ და ახლების წარმოქმნა, რომლებიც გაზრდიან შესაძლებლობებს დასაქმებისთვის.


 

30 წელი გავიდა მას შემდეგ რაც პირველად გამოიყენეთ ტერმინი „გლობალური ქალაქი.“ მას შემდეგ როგორ მოხდა ამ ტერმინის ტრანსფორმაცია? რა თვისებები აქვთ დღეს გლობალურ ქალაქებს?


ჩემი ანალიზის ცენტრალური ელემენტი იყო დიდი ქალაქების გაზრდილი მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე. რაც ნიშნავდა, რომ ეროვნული სისტემების მაგივრად ცვლილებებს დიდი ქალაქები აყალიბებდნენ. ეს ბევრისთვის მოულოდნელობა იყო, რადგან ეროვნული სახელმწიფო ისტორიულად მნიშვნელოვანი აქტორი იყო, თავის დიდი ძალაუფლებით. მე ამის შესახებ ძალიან დიდი წიგნი დავწერე და წიგნის წერის დროს ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ეროვნული სახელმწიფოები კარგავდნენ მნიშვნელობას, ეს დიდი სიურპრიზი იყო, რადგან ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ეროვნული სახელმწიფო დომინანტი აქტორია. რა თქმა უნდა არის ეროვნული სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც კვლავ მოქმედებს, რომელთაც კვლავ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ და რომლებიც აუცილებელია, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ახდენს ქალაქი გავლენას ახალ მოდალობაზე და ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ინტერნაციონალიზმზე.


რა ფორმებს იღებს ქალაქების გლობალიზაცია ლათინურ ამერიკაში?


ლათინურ ამერიკაში ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანი და მოკრძალებული საშუალო ფენაა (გამონაკლისებით), და არის ძალიან ინტერნაციონალიზებული და ძალიან მდიდარი ელიტები. ეს ელიტები ძალიან ძლევამოსილი მოთამაშეები არიან. ასეთი განაწილება ვერ დაეხმარა მოსახლეობის უმრავლესობას. ჩემი აზრით, ლათინური ამერიკისთვის დამახასიათებელია სუბიექტები, რომლებიც დომინირებენ, არიან ძალიან მდიდრები და ძალიან გავლენიანები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას ისეთ ეროვნულ პროექტებში, რომლებიც ქვეყნის შესაძლებლობებს გაზრდის და დაეხმარება ღარიბებს ნაკლებად ღარიბები იყვნენ. ლათინურ ამერიკაში ძალიან ბევრი წიაღისეულის და წყლის მოპოვების პროექტი მუშაობს, რომლებიც ამ ელიტების და სხვა იქ მოქმედი სუბიექტის ძალაუფლებას ზრდის. ლათინური ამერიკის შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი შემთხვევაა. იქ ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება, მაგრამ ისინი ვინც იქ დომინირებს, ძირითადად ძალიან სასტიკები არიან. ამჟამად იქ შეინიშნება ამ მდიდრების შვილების ტრანსფორმაცია, გარკვეული გაყოფა, სადაც ნაწილს ვინც კარგად არის ინფორმირებული გარკვეული სუბიექტების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ, აქვთ სოციალური სამართლიანობის და საჯარო სიკეთეების ღარიბებისთვის უკეთ განაწილების სურვილი.


თქვენს ნაშრომში, თქვენ ამბობთ, რომ დღეს სოციალურ ფენებს შორის განსხვავება არა ქვეყნებს შორის, არამედ ყოველი ქვეყნის შიგნით არის. რა წარმოქმნის ამ განსხვავებას ქალაქის შიგნით?


ეს დაახლოებით 30-40 წლის წინ დაიწყო. წარმოიშვა მოპოვების ახალი ფორმა. ამ კონტექსტში ქალაქი წარმოადგენს წყაროს მრავალი საშუალებით. ლათინურ ამერიკაში არიან მსხვილი მიწათმფლობელები, ვისთვისაც მოპოვების მთავარი წყარო იყო მინდვრები. მაგრამ გარკვეულ მომენტში რაღაც ახალი გამოჩნდა, რასაც მეტი საერთო ჰქონდა ქალაქთან ვიდრე აგრარულ მხარესთან. მე არ ვგულისხმობ, უბრალოდ რაღაცის ყიდვას და მდიდრად გახდომას. რაღაც ახალი, რომელიც ასევე კავშირშია მოპოვებასთან. ძალიან ბევრი ელიტა დაკავშირებულია ელემენტების მთელი წყების მოპოვებასთან. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ოქროს ფლობა სურს. ეს გაცილებით ფართე რამ არის ვიდრე უბრალოდ ოქროს ფლობა და ეს დაკავშირებულია ინოვაციებთან, ძალიან საინტერესო და ძალიან ჭკვიანურ ინოვაციებთან. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას სძენს მიწათმფლობელებს და დიდ ელიტებს. ლათინური ამერიკის შემთხვევაში ელიტები საოცრად სასტიკნი და გულგრილები არიან. მათი მხრიდან არ იგრძნობა დემოკრატიული ცვლილებების ან ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი. როცა მე სისასტიკეზე ვსაუბრობ, მე ვგულისხმობ ელიტების უნარს მოიხვეჭონ და არ გასცენ, რასაც საოცარი გულგრილობით აკეთებენ. ამავდროულად მსოფლიოში არიან ქვეყნები, სადაც იგრძნობა პასუხისმგებლობა. მაგალითად საფრანგეთი. იქ ნამდვილად ხედავ ღარიბების დახმარების მცდელობას ზოგიერთი მთავრობის მხრიდან. მათ ინტერესში არ არის ამდენი ღარიბის ყოლა, რადგან ეს მათი სირცხვილია. რასაც ვერ ვხედავთ ამერიკაში, განსაკუთრებით კი სამხრეთ ამერიკაში. ეს ძალაუფლების კონცენტრაციას ეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ლათინური ამერიკა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კონტინენტია. მე ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ძალაუფლება და არა მოქალაქეები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


რა შეზღუდვები უნდა იყოს კერძო საკუთრებაზე, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილისთვის საცხოვრისი ხელმისაწვდომი იყოს?


ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც ბევრს ავიწყდება როცა ქალაქებზე საუბრობენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო დრო, როცა წარმოიშვა ტანჯვის განცდა, გულუხვობა, და მოქალაქეებში გაჩნდა განცდა, რომ მათ მთავრობა იცავს. ეს დრო დასრულდა. რა დომინირებს დღეს? ორი სამი მნიშვნელოვანი ელემენტი. ერთი არის მიწის და შენობების შესყიდვა, არა ცხოვრების მიზნით, არამედ უბრალოდ მათი ფლობა. მიწა და შენობა გახდა რესურსი, სიმდიდრის დაგროვების საშუალება. ამან ძალიან ექსტრემალური სახე მიიღო: ელიტების მიერ ხდება მიტაცება, მიტაცება და მიტაცება. ამჟამად, ჩვენ გვაქვს განსხვავების გაკეთების შესაძლებლობა, რადგან არის ახალი თაობა, რომელსაც სხვა ინტერესები აქვს, სხვა მოდალობა. ისინი იბრძვიან გარემოსთვის, სხვადასხვა უფლებისთვის, და ა.შ. მაგალითად სამეზობლოში ყველაზე დიდი მანქანის ყოლა მათთვის არაფერს ნიშნავს. მათი დიდი ნაწილი ტაქსით მოძრაობას ამჯობინებს. ამან გარკვეული ელემენტები შეცვალა. გარდა ამისა დიდ ქალაქში ცხოვრების მომხიბვლელობა საკმაოდ გაფერმკრთალდა, რადგან მგზავრობის დრო საკმაოდ გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა საშუალო ზომის ქალაქებისადმი ინტერესი. განსაკუთრებით ამერიკის შემთხვევაში. ევროპაში განსხვავებული მდგომარეობაა. ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ დიდ კომპანიებს - მათ მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში უნდათ ოპერირება. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ ქალაქებში სჭირდებათ მოსამსახურეები. ეს ასევე ნიშნავს, რომ დასაქმებულმა დილის ოთხ საათზე უნდა გაიღვიძოს, რომ სამსახურში ტრაფიკის გამო არ დაიგვიანოს. ეს მარტო ელიტების გამო არ არის, ეს ადამიანთა იმ ნაწილის გამოც არის ვინც თავს კარგად გრძნობს, ვისაც საკუთარი ინტერესები აქვს, რომელიც ხშირად არ არის კეთილშობილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული გარემოებები, მაგალითად ქალაქებს შორის მოგზაურობა, რაც მათთვის არც ისე სასიამოვნოა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯობს მეტი ქალაქი აშენდეს, ვიდრე დიდი ქალაქები გაიზარდონ უსასრულოდ. ელიტები არ არიან დაინტერესებული ამ ტიპის გაზრდით. ეს მომუშავე ადამიანებზე და ქალებზე ახდენს გავლენას, როცა ყველაზე მოკრძალებული ნაწილი იძულებულია დილის ოთხ საათზე ადგეს. ეს ჩემთვის არის ბოროტება - უზარმაზარი და ნელი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ. ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია. ამ მხრივ მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი დიდი ქალაქების გაფართოება. პირიქით: ჩვენ უნდა დავაპატარავოთ ისინი და ახალი ქალაქები შევქმნათ. ახალი ქალაქების შექმნა ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ დასაქმებულებს, ვინც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას.


როგორ წარმოიქმნება ტერიტორიებზე ის, რასაც თქვენ „სისტემურ განდევნას“ ეძახით?


განდევნა კვლავ გრძელდება. საცხოვრისის პრობლემა ძალიან ძლიერია, რადგან ის ძალიან ბევრმა დაკარგა და კვლავ კარგავს. ჩვენ ძალიან დრამატულ ისტორიებს ვხედავთ - ქალი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ოფისში, სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა, რადგან ვერ შეძლო ეყიდა ბინა. არის გარკვეული კვლევები, რომლებიც გაკეთდა კალიფორნიაში, სადაც ძალიან ბევრი ფულია, და სადაც ფასები ძალიან მაღალია, სადაც სამუშაოთა მთელი წყებაა, რომელზეც ადამიანები წლები მუშაობენ კეთილსინდისიერად, მაგრამ ქუჩაში კარვებში უწევთ ცხოვრება. ეს დიდი შოკია: 70 წლის მოხუცი ქალები, რომელთაც არ აქვს სახლში ცხოვრების საშუალება. ისინი ქუჩაში ცხოვრობენ. ეს ჩრდილოეთ ამერიკაში ხდება, მის დასავლეთში, სადაც ძალიან ბევრი ფულია და სადაც ცხოვრება ძალიან ძვირია. სადაც ხედავ ქალებს, რომლებიც პატარა კარვებში ცხოვრობენ იმის გამო, რომ ქალაქის იმ ნაწილმა რაღაც დაკარგა. იქ ხედავ პატარა სისასტიკეებს, პატარა ჯოჯოხეთებს.

მეჩვენება, რომ ახალ რეალობაში შევდივართ, რომელშიც მეტი პრობლემაა. სადაც მეტი სიღარიბეა - იმის მიუხედავად, რომ იმავდროულად არიან ისეთი მდიდრები, რომ მათთვისაც მოულოდნელობაა ასეთ სიმდიდრის ფლობა. და რაც დამახასიათებელია დიდი ქალაქებისთვის - მეტი ტანჯვა, ნაკლები არჩევანი და ნაკლები ძილი.


თქვენს ნაშრომში, თქვენ ასევე ეხებით „ქალაქებზე საუბრის“ კონცეფციას და „დუმილს“ ქალაქების გარკვეულ „დეურბანიზაციასთან“ დაკავშირებით. რა შემთხვევაში შეუძლია ძალაუფლებას გააჩუმოს ქალაქის ხმა?


ეს საერთო სურათის ნაწილია. როცა დიდ ქალაქში ცხოვრობთ, ელემენტების მთელი სერიაა, რომელიც არ გექნებოდათ, პატარა ქალაქში, ან სოფელში რომ ცხოვრობდეთ. ქალაქში ყოფნა გაიძულებთ დაინახოთ. თქვენ ხედავთ, თქვენ არ შეგიძლიათ არ დაინახოთ. ეს არის კონცეფცია, რომელზეც მე ვფიქრობდი, რომ ქალაქი რაღაცეებს გვაჩვენებს, გველაპარაკება და მიგვითითებს გარკვეულ ელემენტებზე. ამ კუთხით, ჩვენი დიდი ქალაქები ცოტა პრობლემურები არიან, რადგან ისინი ძალიან დიდები არიან და მე ვიმეორებ, რომ არსებულების გაზრდის ნაცვლად ახალი ქალაქები უნდა ავაშენოთ. ეს გაზრდა სასტიკია მომუშავეთა უდიდესი ნაწილის მიმართ, მდიდრები კი ამას უბრალოდ ვერ ამჩნევენ. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ იმისთვის, რომ თანამშრომელი ექვსზე მივიდეს ოფისში, ის ოთხზე ან ხუთზე უნდა ადგეს. მე მსგავს რაღაცეებზე მაქვს საუბარი. სისასტიკე, რომელიც დაუნახაობით აღინიშნება.


კვირას, 26 სექტემბერს, ბერლინელთა უდიდესმა ნაწილმა იჯარის ფასის შემცირების მიზნით, რეფერენდუმში ხმა უძრავი ქონების მსხვილი მფლობელებისგან ექსპროპრიაციას მისცა. ამას გულისხმობდით, როცა ამბობდით რომ „ქალაქი არის სივრცე, სადაც ძალაუფლების არმქონეს შეუძლია ისტორიის შექმნა?“


დიახ, ზუსტად. მე მჯერა - და საკმაოდ ბევრი მონაცემი გვაქვს ამის დასამტკიცებლად - რომ ქალაქი არის სივრცე, რომელიც გაზრდილ საშუალებას აძლევს მშრომელებს, რომელთაც ჰქონდათ ძალაუფლება და რომელსაც ისინი ერთმნიშვნელოვნად ჰკარგავენ. ამავდროულად არიან მომუშავე კლასის შვილები, რომელთაც უკვე აქვთ ხედვა, რომ მათ შეუძლიათ რაღაცის შეცვლა. დიდ ქალაქებში სავარაუდოდ ეს უფრო ადვილია ვიდრე პატარა ქალაქებში, სადაც ელემენტები ძალიან შეზღუდულია და სადაც ელიტებს შეუძლიათ დომინირება. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალაქებს შორის არის განსხვავებები და ყველგან ერთნაირი სურათი არ გვაქვს. არსებობს გარკვეული სივრცეები სადაც აღინიშნება საინტერესო ინოვაციები და არის სხვა ქალაქები, სადაც ინოვაცია არ არის და არის სიმდიდრე და მშრომელთა ჩაგვრა. ამერიკაში, ჩვენ ძალიან ფართო სპექტრი გვაქვს. ევროპაში, ყველაფერი გაცილებით ორგანიზებულია, სადაც ყველაფერი რეგისტრირდება და კონტროლდება ეროვნული მთავრობის მიერ. ის რაც ბერლინში მოხდა, ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრისთვის ეს მოულოდნელობა და შოკი იყო. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა გერმანიაში, განსაკუთრებით კი ბერლინში, ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. ბრძოლა მეტი სოციალური სამართლიანობისთვის, საცხოვრისისადმი მეტი ხელმისაწვდომობისთვის. ეს ნამდვილად ღრმა ტრანსფორმაციაა.


არსებული სცენარიდან გამომდინარე, რა ადგილი უკავია უფლებებს ქალაქებში?


ძალაუფლების მქონე იმ აქტორებისთვის, ვისაც პოზიტიურის გაკეთების საშუალება აქვთ, კანონმა ცოტა მნიშვნელობა დაკარგა. ჩვენ ვცხოვრობთ დროში რომელიც გულგრილობით ხასიათდება. ჩვენი დიდი ქალაქები საშუალებას გვაძლევს არ შევამჩნიოთ სიღარიბე, არ ვიფიქროთ მასზე და შორიდან ვუცქიროთ მას. მაგრამ არსებობს ზღვარი: როცა ექსტრემალურ შემთხვევებს ვუყურებთ და უნდა ვიმოქმედოთ. ეს არ არის შემთხვევა, როცა შეიძლება კითხვის დასმა „აბა, რას ვაპირებ?“ არა, საჭიროა ორგანიზება.

თითქოს შევეგუეთ რომ ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანია, რომ ძალიან ბევრი 55-ზე ასაკოვანი ქალბატონი ცხოვრობს კარვებში.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის სოლიდარობის უნარი.


La Dairia, 5 ოქტომბერი, 2021


bottom of page