ლიზა ალფაიძე

კინემატოგრაფია თავიდანვე იმ იდეით შეიქმნა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თუმცა, დღეს ჩვენთან კინოში წასვლა ფუფუნებაა. კინო, ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და კომპლექსური დარგი, საქართველოში ატრაქციონადაა ქცეული და სრულად დაკარგული აქვს სახელოვნებო და საგანმანათლებლო ფუნქცია.
კომერციული კინოთეატრები ძირითადად მხოლოდ მაღალბიუჯეტიან ფილმებს გვთავაზობენ, რომელთა ბილეთების ფასიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის არა მხოლოდ ძვირი, არამედ აბსურდულიც კია. გარდა მაღალი ფასისა, არც ერთი კომერციული კინოთეატრი მაყურებელს არ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას, ყველა მათგანი ერთსა და იმავე, ძირითადად ჰოლივუდურ ფილმებს უჩვენებს, პრაქტიკულად ყურადღების მიღმა რჩება კინო, რომელიც მაღალი შემოსავლის მოსაზიდად არ არის გადაღებული, და ხშირად ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მაგალითად, ე.წ “ბლოკბასტერები”.
კინოს ასეთი კომერციალიზაცია ვნებს არა მხოლოდ მაყურებელს, არამედ ქართულ კინოინდუსტრიასაც.
კინოთეატრებში ქართული ფილმის ნახვას ძალიან იშვიათად თუ მოახერხებთ. ნამუშევრები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა ქვეყნის კინოფესტივალებზე და ხშირად იმარჯვებენ კიდევაც, ქართველი მაყურებლისთვის პრაქტიკულად ყურადღების მიღმა რჩება. ხშირად, ამ ფილმების ნახვა მხოლოდ რამდენიმე დღით, ქვეყანაშივე არსებულ ფესტივალებზეა შესაძლებელი. დედაქალაქსა თუ სხვა, პატარა ქალაქებში, პერიოდულად იმართება ქართული ფილმების ჩვენებები, თუმცა ეს ჩვენებები ყოველთვის რეჟისორების, კინომცოდნეების ან კინომოყვარულთა ენთუზიაზმეა დამოკიდებული და სახელმწიფოს ჩართულობა მინიმალურია.
სამაგიეროდ, კომერციულ კინოთეატრებში უხვად შეხვდებით ძალიან დაბალი ხარისხის, ყოველგვარი მხატვრული ღირებულებისგან დაცლილ ქართულ პროდუქტს, ძირითადად სხვადასხვა კომედიურ შოუს, ან ტელესერიალის სადღესასწაულო ეპიზოდებსა თუ პოპულარული ფილმების რიმეიქებს, რომლებიც ყოველწლიურად გამოდის და რომელთა ერთმანეთისაგან გარჩევაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაყურებელს თანამედროვე ქართული კინო არ აინტერესებს და შედეგად, კინოთეატრებიც არ აჩვენებენ იმას, რაზედაც მოთხოვნა არ არსებობს.
თუმცა, რეალობა სულ სხვაა. მაგალითად, სულ რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისში, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალმა გამართა ალექსანდრე კობერიძის ფილმის, “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” სპეციალური ჩვენება, რომელსაც იმდენი ადამიანი დაესწრო, რომ კინოდარბაზში სკამების დამატება, ხოლო მეორე დღეს, კიდევ ერთი სეანსის დანიშვნა გახდა საჭირო.
რეალურად კი, კინომოყვარულებს პირატულ საიტებზე უწევთ როგორც ქართული, ასევე უცხოური ფილმების ყურება და კინოთეატრი, როგორც სოციალური სივრცე, ნელ-ნელა ქრება.
თუმცა, ეს რამდენიმე დიდი ქალაქის პრობლემაა, პატარა ქალაქებსა და სოფლებში კინოთეატრები საერთოდ აღარ არსებობს. არც მუნიციპალური და არც კომერციული.
ალბათ ეს ფაქტი ნაკლებად ტრაგიკული იქნებოდა, რომ არა გაყიდული, ფუნქციაშეცვლილი, მიტოვებული და დანგრევის პირას მყოფი კინოთეატრების შენობები, რომლებსაც არაერთ სოფელსა თუ ქალაქში შეხვდებით.
არადა ფაქტია, რომ დაინტერესება ყოველთვის დიდი იყო. ყველა ჩვენგანს, ერთხელ მაინც მოუსმენია რომელიმე უსახელო, უმნიშვნელო სოფლის სტუმრობისას, თუ რა კარგი კინოთეატრი იყო ადრე იქ, როგორ ჩამოდიოდა უახლესი ფილმები და რამხელა რიგში უწევდათ დგომა ახალგაზრდებსა თუ მოხუცებს, კინოში შესასვლელად
დღეს სულ სხვა სურათს ვედავთ. ფოთში არსებული კინოეატრი "რუსთაველი" დაინგრა, რუსთავში - დაიწვა და მის ადგილას ბანკი აშენდა. "ხაშურში გასხვისებული კინოთეატრის შენობას, რომელიც ამ ეტაპზე უფუნქციოა, "ვისოლ ჯგუფში" შემავალი "ველაჯიო" ფლობს, ასევე შეცვლილი აქვს ფუნქცია კინოთეატრ "სინემას" ლაგოდეხში.განსაკუთრებით სევდიანია ზუგდიდის ისტორია, 2005-06 წლებში გაყიდული შენობის ძირითად ნაწილში ტოტალიზატორია გახსნილი, დარჩენილ ძალიან პატარა სივრცეში 2014 წლამდე ოფიციალურად ფუნქციონირებდა კინოთეატრი, თუმცა ინტერესი დაბალი იყო, რადგან კინოთეატრში ახალი ფილმები არ ჩადიოდა, ან თუ ჩადიოდა ძალიან დაბალი ხარისხით. 2014 წლიდან “ატრიუმი” ახალიდან დაიბადა, რამდენიმე სკოლის ჯგუფმა იქ კინოჩვენებების მოყობა დაიწყო, თუმცა 2015 წელს ჩვენებები შეწყდა, და მთელს შენობაში ტოტალიზატორი და სლოტ-კლუბი განთავსდა. ამის შემდეგ, ზუგდიდში არაერთხელ მოითხოვეს ახალგაზრდებმა კინოთეატრის გახსნა, რამდენიმეჯერ დაიწერა ბიზნეს გეგმაც, თუმცა ქალაქი ისევ კინოს გარეშე რჩება. კიდევ უფრო აბსურდულია ის, რაც მცხეთაში მოხდა. მცხეთის კინოთეატრის შენობა, რომელიც გარდა ფუნქციისა, არქიტექტურულადაც ძალიან საინტერესო ნაგებობას წარმოადგენს, გადაეცა მუზეუმს. გაურკვეველი მიზეზის გამო, ხელოვნების ერთმა დარგმა გააქრო მეორე. აღმაშფოთებელია ბათუმის “აპოლოს” მდგომარეობაც, 1911 წელს აშენებული ძალიან საინტერესო შენობა იმდენად სარემონტოა, რომ უამინდობისას დარბაზშიც ზუსტად ისევე წვიმს, როგორც გარეთ.
მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, თითქოს მუნიციპალურ კინოთეატრებზე საუბრის დრო არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი კინოს ითხოვს.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხალხის მოთხოვნით ფინანსდება საზაფხულო, ღია კინოთეატრები, რადგან შენობები ან გაყიდულია, ან გამოუსადეგარ მდგომარეობამდე მიყვანილი. 2020 წელს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დმანისში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევის მიხედვით, დმანისელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად კინოთეატრი სურთ.
საზაფხულო კინოთეატრები კარგია, თუმცა ეს გამოსავალი მხოლოდ დროებითია.
როგორც აღვნიშნე, კინო მხოლოდ გართობის საშუალება არ არის. ფილმის კინოთეატრში ყურება თანაგაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ხოლო მუნიციპალური კინოთეატრების არსებობა ერთი მხრივ ცენტრიდან მოშორებით სოციალური ცხოვრების გააქტიურებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, უკანასკნელ წლებში გამოცოცხლებულ, აღმავლობის გზაზე მდგომ ქართულ კინოს ხალხისათვის ხელმისაწვდომს გახდის.