კოტე ერისთავის თარგმანი

Vadim Ghirda / AP
იანა ცონევას ინტერვიუ ვოლოდიმირ არტიუხთან
ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული იმპერიული პოლიტიკის საწარმოებლად „დემილიტარიზაციის“ ენას იყენებს. ჟურნალ „იაკობინისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, უკრაინელი სოციალისტი საუბრობს კრემლის საბაბების სიყალბეზე და იმაზე, თუ რატომ შეიძლება, ომი კიდევ არაერთი წელი გაგრძელდეს.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა დანაშაული და ადამიანური ტრაგედიაა. უკრაინის ქალაქებში ბომბები და რაკეტები ცვივა. უკვე 2 მილიონი ადამიანია ლტოლვილი. თავდამსხმელი ძალების თავდაპირველმა წარუმატებლობამ დაბადა აზრი, რომ ვლადიმერ პუტინის ქმედებებმა უკუშედეგი გამოიღო. მიუხედავად ამისა, უკრაინელებს ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომის პერსპექტივა ემუქრებათ, რომლის დასასრულიც, მათი გამალებული სამხედრო წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯერ არ ჩანს.
ვოლოდიმირ არტიუხი უკრაინელი ანთროპოლოგია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში შრომისა და მიგრაციის საკითხებს სწავლობს. იანა ცონევასთან ჩაწერილ ინტერვიუში ის საუბრობს პუტინის იმპერიულ დღის წესრიგზე, ბოლო რვა წლის ომსა და სამშვიდობო პროცესის მიმართ ჯერ კიდევ შერჩენილ იმედებზე.
როგორ უკავშირდება ეს ომი 2014 წლის შემდეგ გაჩაღებულ სამოქალაქო ომს?
მოკლედ რომ ვთქვათ, 2013-2014 წლების მაიდანის პროტესტმა, ყირიმის შემდგომმა ანექსიამ, და რუსეთის მიერ დონბასის აჯანყების მხარდაჭერამ უკრაინის გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური კურსი შეცვალა. უკრაინამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, საკუთარი კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია ევროატლანტიკური სტრუქტურების სასიკეთოდ შეცვალა, და ეკონომიკური და პოლიტიკური ერთობის რუსულ პროექტში ინტეგრაციაზე თქვა უარი. ამის პასუხად კი, რუსეთმა ანტიდასავლური ნარატივი კიდევ უფრო გააძლიერა.
ყირიმის ანექსიამ - რომელიც, დიდწილად, უსისხლო იყო - რუსეთის შიგნით პუტინის პოპულარობა გაზარდა. ამის შემდეგ პუტინმა დონბასის მოვლენებზე სცადა კაპიტალიზება, რომელიც კიევში მთავრობის შეცვლის წინააღმდეგ დაიწყო. ეს აჯანყება მოითარგმნა როგორც ‘რუსული სამყაროს’ თავდაცვა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინელი ნაციონალისტების წინააღმდეგ. უკრაინის წარმოჩენა ხდებოდა როგორც ვერშემდგარი სახელმწიფოსი, რომლის დასავლეთის მიერ კონტროლირებადი არალეგიტიმური მთავარობა რუსულენოვან მოსახლეობას ატერორებდა. ეს ის იდეოლოგიური ელემენტებია, რომლითაც დღეს პუტინი უკრაინაში შეჭრას ამართლებს: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, დეკომუნიზაცია.
გააკეთა თუ არა კიევის ახალმა ხელისუფლებამ რაიმე, რაც წააქეზებდა აჯანყებას აღმოსავლეთში?
ეს იყო აჯანყება, რომელიც, არსებითად, მაიდანის მსგავსად დაიწყო - როგორც ქვემოდან წამოსული მობილიზაცია, ბარიკადებითა და აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების ხელში ჩაგდებით. თავდაპირველად, ეს წმინდად ნეგატიური ფენომენი იყო - რაღაცის წინააღმდეგ და არა რაღაცისთვის. თუმცა, მალე ეს ადგილობრივი აჯანყება გადაიბარა ხალხმა, ვინც რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიისა და საბჭოთა ნოსტალგიის უცნაურ ნაზავს წარმოადგენს და რუსეთთან გაერთიანების იმედითა და ყირიმის ანექსიითაა შთაგონებული.
მათ სურდათ აჯანყება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის დანარჩენ ნაწილშიც გაევრცელებინათ, მხარეში, რომელსაც რუსეთის იმპერიის დროინდელი სახელი, ნოვოროსია, უწოდეს. რუსეთმა დონბასის ნახევრად დამოუკიდებელი მთავარსარდლები რუსეთის უსაფრთხოების აპარატში გააერთიანა. ამან, 2014 წლის ზაფხულში, ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის გზით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დონბასის დაბრუნების მცდელობა გამოიწვია.
ეს იყო ომი აჯანყებულების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე საკმაოდ პრორუსები იყვნენ. ისინი იბრძოდნენ უკრაინისგან დამოუკიდებლობისთვის და რუსეთთან ინტეგრაციისთვის. საბოლოოდ, 2014 და 2015 წლებში, რუსული ჯარები იქ რამდენჯერმე შევიდნენ. ამ შეჭრამ უკრაინის არმიის მნიშვნელოვანი მარცხი მოიტანა, რასაც სიცოცხლისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები მოჰყვა. ამან უკრაინის მთავრობა აიძულა, მინსკის შეთანხმებებზე მოეწერა ხელი.
საბოლოო ჯამში, უკრაინის სხვა მხარეებში აჯანყების გავრცელება შეფერხდა, მაგრამ თვითგამოცხადებულ „სახალხო რესპუბლიკებს“ რუსეთი მაინც იყენებდა როგორც ბერკეტს კიევის პროდასავლური ორიენტაციის საწინააღმდეგოდ. მინსკის შეთანხმებები არსებითად რუსეთის სამხედრო უპირატესობის დიპლომატიური გამოხატულება იყო; რუსეთის სამხედრო გამარჯვება ამ დიპლომატიურ დოკუმენტებში ითარგმნა. რეალურად, ეს შეთანხმებები ბრძოლის ნაწილია,და არა მისი შეწყვეტის მექანიზმი.
დაიცვა თუ არა უკრაინის ხელისუფლებამ ამ შეთანხმებების პირობები?
არც ერთმა მხარემ შეთანხმება არ დაიცვა და თითქმის თავიდანვე გაჩნდა ურთიერთდაპირისპირებული ინტერპრეტაციები. როგორც გამოჩნდა, ამ შეთანხმებების ფუნქცია არა ომის შეჩერება, არამედ უკრაინული და რუსული ელიტების საპირისპირო ინტერესების ჩახშობა და საბრძოლო მოქმედებების იმგვარი შეკავება იყო, რომ მხარეებს შეძლებოდათ გადაჯგუფება და ბრძოლის შემდგომი ეტაპისათვის მომზადება.
ანუ, ცეცხლის შეწყვეტა, რაც შეთანხმების მხოლოდ ნაწილი იყო, ცვალებადი წარმატებით სრულდებოდა. ხან სრულმასშტაბიანი ომი მიდიოდა; ხან თითქმის სრულად წყდებოდა ცეცხლი, როგორც, მაგალითად, 2020 წლის ზაფხულიდან, ფაქტობრივად, ნახევარი წლის განმავლობაში. სამხედრო მოქმედებები პოლიტიკურ მოლაპარაკებების რიტმს უწყობდა ფეხს. საბოლოოდ, ეს შეთანხმებები უბრალოდ ომის დიპლომატიური დამუხრუჭება აღმოჩნდა და არა მისი უარყოფა.
ვოლოდიმირ იშჩენკო წერს, რომ 2007 წელს ნატოში შესვლას უკრაინელების მხოლოდ 20 პროცენტი უჭერდა მხარს, ყირიმის ანექსიის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 40 პროცენტი გახდა. თუმცა, ეს მაინც არაა უმრავლესობა. მაშ, რამ დააჩქარა 2013 წლისთვის გეოპოლიტიკური ცვლილება და მაიდანი?
მართალია, რომ 2013 წლის მაიდნამდე უკრაინული საზოგადოება საკმაოდ პოლარიზებული იყო; მოსახლეობის უმრავლესობა არც რუსეთთან და არც ევროკავშირთან ინტეგრაციას მხარს არ უჭერდა; კიდევ უფრო ნაკლები იყო ნატოში გაწევრიანების მსურველი. მაიდანის აჯანყების მიზეზი იყო შიდა, და არა გეოპოლიტიკური. ; ის დაიწყო როგორც სახალხო აჯანყება უკიდურესად კორუმპირებული და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა, საბოლოო ჯამში, უკრაინული საზოგადოების ამ წინააღმდეგობრიობებზე კაპიტალიზება ოლიგარქებმა მოახდინეს, მათ შორის, ელექტორალური მიზნებისთვის.
ასე რომ, მაიდანის აჯანყება მალევე მიიტაცა ერთ-ერთმა ასეთმა დაჯგუფებამ, რათა სახალხო უკმაყოფილება ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერისკენ მიემართა. მაიდანის შემდეგ აღმოცენდა თვითორგანიზებული მოხალისეების, გასამხედროებული ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური ავანტიურისტებისა და ინტელექტუალების მთელი ფენა, რომლებმაც ნაციონალიზმი, ნეოფაშიზმი, ეკონომიკურ ლიბერალიზმი და „ოქსიდენტალიზმი“ - დასავლური ცივილიზაციის რაღაც ზოგადი იდეა - გააერთიანეს. ამას აძლიერებდა დასავლური რბილი ძალა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი - მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.
ასე რომ, კონფლიქტის ამ ფორმით პროგრესირებასთან ერთად - სადაც კონფლიქტის გაღვივებაში რუსეთიც თამაშობდა როლს თავისი იმპერიალისტური იდეოლოგიით - ხალხის აღქმა სულ უფრო მეტად ექცეოდა ისეთ ვიწრო საზღვრებში როგორიცაა: ან დასავლეთი, ან რუსეთი.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა ჩუმი უმრავლესობა, რომელიც ინარჩუნებდა საღ აზრს და არაფრად აგდებდა ამ კითხვებს. მათ სხვა საზრუნავი ჰქონდათ, მაგრამ საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ საუბრის არხი არ გააჩნდათ. 2019 წელს ამ უმრავლესობამ ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩია. მან პირობა დადო, რომ დაასრულებდა ომს და არ გააქტიურებდა იდენტობისა და სახელმწიფო ენის მტკიცნეულ საკითხებს. ამით მან უმრავლესობის გულის მოგება და განხეთქილების გამომწვევი მიზეზების მიჩქმალვა მოახერხა.
მაგრამ, გარდა ამისა, მან კონსტიტუციით განამტკიცა უკრაინის ახალი გეოპოლიტიკური ორიენტაცია.
დიახ, პრეზიდენტად არჩევიდან ერთ წელში, მან მიმართულება შეცვალა. თავდაპირველად მას პრორუსულობას აბრალებდნენ, რომ თითქოს ის რუსეთის წინაშე კაპიტულაციისთვის ემზადებოდა. მაგრამ, რეალურად, უკრაინის ყველა სხვა პრეზიდენტის მსგავსად, ის ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მოეხვეჭა. მას უნდა დაემარცხებინა ნაციონალისტი მტრები, გადმოებირებინა მათი ამომრჩევლები, და ამასობაში ის იქცა ნაპოლეონის მსგავს ფიგურად, რომელიც აბალანსებდა მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს, პრორუსებსა და პროევროპელებს, ხოლო ერთ-ერთ მოსახვევში კი, პროდასავლურ, ნაციონალისტურ კუთხეში გაიჭედა. სწორედ ამ დროს ჩამოინგრა ყველაფერი.
და ახლა, ომით ეს პოზიცია კიდევ უფრო რადიკალიზდა?
დიახ, ომმა ყველაფერი შეცვალა.

Aris Messinis / AFP / Getty
ჩვენ განვიხილეთ ომის დაწყებამდე რუსეთის ჩართულობა - როგორი იყო ნატოს როლი?
არის რუსეთ-ნატოს ურთიერთობები, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირისა და ნატოს დაპირისპირებიდან და 1991 წლიდან იღებს სათავეს. ეს არის ერთი შრე. თუმცა, მე დაჟინებით ვითხოვ ამის განცალკევებას მეორე შრისგან, რომელიც უკრაინა-რუსეთი-ნატოს ურთიერთობებს წარმოადგენს. ამ ორის გაიგევება არ შეიძლება.
უკრაინის ნატოში შესვლა ხომ ისედაც არ იდგა დღის წესრიგში?
არა. ომამდე, ბოლო დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს, ჯო ბაიდენი მზადაც კი იყო, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე მორატორიუმის შესაძლებლობა განეხილა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ ჩაერთვებოდა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში. სხვა ძლიერი დასავლური ძალები, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, სერიოზულად არ განიხილავდნენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
რუსეთმა ნატოს გაფართოება საბაბად გამოიყენა?
ცალსახად. მაგალითისათვის, ავიღოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ულტიმატუმი ნატოს საზღვრების 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც მან ჯერ კიდევ დეკემბერში გააჟღერა. ცხადია, მისი მოწოდება, რომ საკითხი, პირდაპირი მნიშვნელობით, მეორე დღესვე უნდა გადაწყვეტილიყო, არავინ ჩათვალა კეთილსინდისიერი მოლაპარაკებისათვის მზაობად. ვფიქრობ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის იდეა, რაღაც ფორმით, მაშინ უკვე არსებობდა და თავად ომი მოლაპარაკებების მექანიზმად სჭირდებოდათ. მათ ომი დასავლეთის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სურდათ, მაგალითად ასეთის: ესკალაციის რა მასშტაბისთვისაა მზად დასავლეთი? რამდენად შორს შეგვიძლია ჩვენ, რუსებს, წასვლა? რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენს უკანა ეზოში და რამდენად შორს წავლენ ისინი ამის პასუხად?
რატომ სჭირდებოდათ ამის ცოდნა?
იმიტომ, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება. მათ შორსმიმავალი ფიქრები აქვთ. თუ მოუსმენთ რუსეთის ოფიციალურ პირებს და გაეცნობით მათ იდეოლოგიურ მანიფესტებს, თუ წაიკითხავთ მათ, ვინც რუსეთში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიმღებების ინტერპრეტაციას ცდილობენ, - ისინი წინასწარ ხედავენ ამ აპოკალიფსურ მოვლენებს. ისინი ხედავენ, რომ სამყარო ძირფესვიანად იცვლება. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ახალ სამყაროში, სადაც რუსეთმა თავისი ადგილი უნდა იპოვოს, თორემ მას მტაცებლები - ჩინეთისა თუ აშშ-ის სახით - შეჭამენ. ისინი ფიქრობენ ასე: „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, ახლა, ან არასდროს. დგება დრო, რომელიც იქნება დიადი,, ან გავქრებით“. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ჩინეთთან ერთგვარ ალიანსს შექმნიან. ამისთვის კი, უკვე მოსანიშნი აქვთ საკუთარი ტერიტორია. ლოგიკა ასეთია: „წინ შვიდი ცუდი წელი გველოდება, მაგრამ შემდეგ ჩვენი ასწლიანი იმპერიის ჟამი დადგება“. თუ კარგად დააკვირდებით, რას ამბობენ რუსები, სწორედ ამგვარ სააზროვნო ჩარჩოს შეამჩნევთ.
მემარცხენე მედია აქცენტს ნატოს როლზე აკეთებს, მაგრამ თქვენეული წაკითხვა მაფიქრებინებს, რომ ნატოზე საუბარი რუსეთმა ყალბ საბაბად გამოიყენა.
არა, არ იყო ყალბი საბაბი. მოდით ასე ვთქვათ, ბოლო სამი ათწლეულის პერსპექტივიდან, პუტინისთვის და მისი ძალიან ვიწრო ელიტური ჯგუფისთვის ნატოსგან მომავალი საფრთხე რეალური იყო: საზღვრებამდე ნატოს მოშვება მათთვის დამარცხებას ნიშნავდა. თუ პირველ რაუნდს არ ჩავთვლით, ნატოს გაფართოება პუტინის ძალაუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. რა თქმა უნდა, ის საუბრობს რუსეთის ინტერესზე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ის ამას თავის პირად მარცხადაც აღიქვამს, თავისი ლეგიტიმურობის საკითხად ხედავს, არა მხოლოდ საშუალო რუსის თვალში, არამედ ელიტის პერსპექტივიდანაც.
მაგრამ, რაღაც ეტაპზე, რუსეთსაც ხომ სურდა ნატოში გაწევრიანება?
პუტინმა მსგავსი რამ თქვა, მაგრამ ეს განცხადება არასერიოზული იყო. თუ საფრთხეების მისეულ აღქმას გვერდზე გადავდებთ, გაცილებით ფართო პრობლემა იყო ის, რომ დასავლეთმა ვერ მოახერხა რუსეთის ინტეგრირება უსაფრთხოების უფრო ყოვლისმომცველ შეთანხმებაში და ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ხელშეკრულებაში. ასე რომ, ახლა პუტინისთვის, ნაწილობრივ, სწორედ ამ მარცხის გამოსწორება დგას დღის წესრიგში.
როგორც მაშინ, როცა ის 1991 წელზე საუბრობს როგორც ‘კატასტროფაზე’.
დიახ. და ამ გრძელვადიანმა პერსპექტივამ კარიკატურული გამოვლინება ჰპოვა ლავროვის ულტიმატუმში, რომელიც ცდილობდა მთელი პრობლემის ორ თვეში გადაჭრას. ლავროვმა თქვა, რომ ნატო უკრაინისკენ მიიწევდა და სულ მალე იქ იარაღს განალაგებდა. ეს იყო ისტერიული სანახაობა, ყველა დაგროვილი წყენის გამომზეურება. მაგრამ ამ დიპლომატიური სანახაობის მიზანი ოცდაათწლიანი პრობლემის გადაჭრა არ იყო.
ასე რომ, უკრაინის ომი არ არის ნატოს გაფართოების პირდაპირი შედეგი. ეს არის რუსეთის პროაქტიული ნაბიჯი ძალაუფლებრივი ურთიერთობების იმ სტრუქტურის შეცვლისა და მორღვევისკენ, რომელშიც რუსეთი არსებობდა. ეს არ იყო რეაქცია მყისიერ საფრთხეზე, არამედ მტაცებლის თავდასხმა მაშინ, როდესაც, კრემლის აზრით, მტერი ყველაზე სუსტ მდგომარეობაში იყო. დიპლომატიური სანახაობა მხოლოდ ყურადღების გადატანას ემსახურებოდა.

Sergey Bobok / AFP / Getty
მოდით, ვისაუბროთ ლიბერალების მიდგომაზე, რომლის თანახმადაც პუტინს სურს ‘საბჭოთა იმპერიის’ აღდგენა მის ყოფილ საზღვრებში.
მოდით, უბრალოდ, დავივიწყოთ ეს სასაცილო იდეა, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა. მოუსმინეთ თავად პუტინს - მან თავისი გამოსვლის ნახევარი ლენინის დაგმობას დაუთმო.
და უკრაინის დაპირებული ‘დეკომუნიზაცია’.
დიახ, ზუსტად. მისთვის დეკომუნიზაცია ნიშნავს სსრკ-ის, როგორც „პოზიტიური დისკრიმინაციის იმპერიის“ დანგრევას. პუტინს სურს სსრკ-ის მიერ თავისი ისტორიის მანძილზე შექმნილი ეკონომიკური და ნაციონალური ერთეულების დანგრევა. რეალურად, მისი მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა, ერთი იმპერიული ცენტრით; და არ არის აუცილებელი ეს ძველ საზღვრებში მოხდეს. საკმარისი იქნება მსგავსი ძალაუფლებრივი სტრუქტურა, ერთი იმპერიული ცენტრით, რომელიც ეყრდნობა მჩაგვრელ აპარატს და არ საჭიროებს ხალხის ქვემოდან მობილიზების პოტენციალის მქონე ჰეგემონურ იდეოლოგიას.
ჰეგემონური ლიდერობა გულისხმობს დათმობებს ჰეგემონური ძალაუფლების ბლოკში შემავალი პარტნიორების მიმართ, როგორც ამას ეროვნებების მიმართ გარკვეული დათმობებით საბჭოთა კავშირი აკეთებდა. პუტინს ჰეგემონია არ აინტერესებს. მას ამ „ვერტიკალური ძალაუფლების“ აშენება სურს, რომელიც იწყება და მთავრდება კრემლით. ეს საბჭოთა კავშირისგან ძალზედ განსხვავებული რამაა. ნახეთ, როგორ ესაუბრება პუტინი თავის უშიშროების საბჭოს, როგორც სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ შეასრულეს საშინაო დავალება. ამასთან შედარებით, კომუნისტური პარტია პირდაპირი დემოკრატიის კაშკაშა ნიმუში იყო.
24 თებერვალს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, თქვენ განაცხადეთ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განჭვრიტეთ. როგორ?
პროცესი, რომელმაც ამ ომამდე მიგვიყვანა, უკვე ხილული იყო 2021 წლის აპრილში, როდესაც ომის საფრთხე პირველად დადგა. მაშინ, რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებთან მოგროვების ფონზე, ბაიდენისა და პუტინის პირველი შეხვედრა გაიმართა და ყველა ომის დაწყებას მოელოდა.
თუმცა, პუტინმა და ბაიდენმა სტრატეგიულ სტაბილურობაზე დაიწყეს საუბარი, და პუტინმა გარკვეული განცხადებები გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მინსკის შეთანხმებებზე. ამ შეხვედრის შემდეგ, ჯარები ნომინალურად გაიყვანეს საზღვრებიდან, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი იქ დარჩა. მალევე, პუტინი წითელ ხაზებზე ალაპარაკდა და ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ასიმეტრიულ პასუხზე; შემდეგ მან უკრაინაზე თავისი სტატია დაწერა, რომელიც არსებითად ზელენსკისადმი მიმართული ულტიმატუმი იყო. ეს სტატია ერთგვარი დრაფტი იყო იმ სიტყვის, რომლითაც პუტინმა ომი გამოაცხადა თავის ორ ვიდეო მიმართვაში, 22 და 24 თებერვალს. სავარაუდოდ, ვიდეოები ერთბაშად ჩაიწერა.
ასე რომ, პუტინისა და ბაიდენის 2021 წლის შეხვედრის შემდეგ, სამხედრო ინფრასტრუქტურა და შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვართან რჩებოდა. სექტემბერსა დ ოქტომბერში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ზაპადი (‘დასავლეთი’) ჩატარდა, სადაც ჯარების რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე ამჟამადაა აქტიური უკრაინაში. თან ეს წვრთნები, ცხადად, უკრაინის აღებას ეხებოდა. ეს იყო მზადება უკრაინის აღებაში. ამავდროულად, დონბასის სეპარატისტული რეგიონები თითქმის რუსეთის ნაწილად იქცა. ნახევარ მილიონზე მეტმა მოსახლემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამ რესპუბლიკების ლიდერები რუსეთის მმართველ პარტიაში გაწევრიანდნენ.
მხოლოდ ზედმეტად ოპტიმისტები თუ ვარაუდობდნენ, რომ პუტინს ისევ მინსკის პროცესის გაგრძელება სურდა. იმ დროისთვის უკვე ცხადი იყო, პუტინი რომც წასულიყო მინსკის შეთანხმების მიმართულებით, ეს სხვა გზით ომს ნიშნავდა, რადგან მინსკის პროცესი ამ ტერიტორიების უკრაინაში რეინტეგრაციას გულისხმობს, მაშინ, როცა ისინი უკვე დე ფაქტო რუსეთში იყვნენ ინტეგრირებულები, მათ ჰყავდათ საკუთარი სამხედრო ძალები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით უკრაინაში იქნებოდნენ ინტეგრირებულნი, ადრე თუ გვიან, უკრაინელ ნაციონალისტებს შეეჯახებოდნენ. გარდა ამისა, მინსკის შეთანხმებების ამგვარი შესრულების წინააღმდეგ უკრაინაში მაინც დაიწყებოდა შიდა არეულობა. ერთი სიტყვით, მინსკის პროცესიც უკრაინის დაშლისა და ომის გაგრძელების ერთ-ერთი ფორმა იქნებოდა.
უკრაინა მათ ისე ექცევა, როგორც უცხო მიწას: არ იხდის პენსიებს, სოციალურ გადასახადებს. ყველა ამგვარი ფინანსური და ფისკალური კავშირი გაწყვიტეს. შეუძლიათ კი მათ ოდესმე - ან საერთოდ სურთ კი - უკან მიბრუნება? ასევე დგას ენის საკითხიც.
ვფიქრობ, რომ ეს ომამდეც კი შეუძლებელი იყო. უკრაინის ელიტა უკვე შეეჩვია აზრს, რომ ეს ტერიტორიები მათ აღარ ეკუთვნოდათ. არც სეპარატისტული რესპუბლიკების ელიტას უფიქრია, რომ ოდესმე უკრაინას შეუერთდებოდნენ. როდესაც პუტინმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა, უკრაინის ელიტამ შვებით ამოისუნთქა. მათ არ იცოდნენ, რომ ომი უახლოვდებოდათ. ბოლო მომენტამდე არ სჯეროდათ ომის. ისინი შვებას გრძნობდნენ იმით, რომ ეს პრობლემური რეგიონები საბოლოოდ მოიშორეს.
დასავლეთმა ომს სანქციებით უპასუხა, რასაც მედიამ უპრეცედენტო უწოდა. როგორ ფიქრობთ, სანქციები პუტინს შეაჩერებს თუ მსოფლიო ომი გველის?
სანქციები ომს ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ტანკებს და იარაღს შეუძლია ტანკებისა და იარაღის შეჩერება.
მაგრამ ამ ტანკებსა და იარაღს საწვავი და საბრძოლო აღჭურვილობა სჭირდება, რაც ისევ ფულით უნდა იყიდონ. როგორ აპირებენ ომის დაფინანსებას, თუ ის გაიწელა?
მე ვსაუბრობ გრძელვადიან პერსპექტივაზე; თუ სანქციები წლების განმავლობაში დარჩა, ალბათ, ამ ეფექტს დავინახავთ. თუმცა, ჯერ ესეც არ არის დამდგარი ფაქტი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა რეაქცია ექნება ჩინეთს. მაგრამ მოკლევადიან პერიოდში, შეუძლებელია სანქციებმა რაიმე გავლენა იქონიოს ომის მიმდინარეობაზე.
რას ფიქრობთ ომის საწინააღმდეგო მოძრაობაზე რუსეთში? არის იმის შანსი, რომ რუსები თავად ჩამოაგდებენ რეჟიმს და დასრულებენ ომს?
არა. მოსახლეობის უმრავლესობა ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერს ომს. ეს უკვე ცხადია.
ნამდვილად? ლევადას ცენტრმა ომის მხოლოდ 40 პროცენტიანი მხარდაჭერა დააფიქსირა.
ბოლო გამოკითხვებმა გაცილებით მაღალი პროცენტულობა აჩვენა.
ეს კვლევები ხომ მთავრობის მიერაა მართული?
დიახ, რუსეთში მსგავსი გამოკითხვები პრობლემურია, რადგან პასუხზე უარის თქმის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ასე რომ, ჩვენ ალბათ მხედველობაში ვიღებთ მოსახლეობის ძალინ დიდ ნაწილს, რომელიც, ამა თუ იმ მიზეზით, უარს ამბობს პასუხზე. მაგრამ ვხედავთ მინიშნებებს, რომ ომის მოწინააღმდეგეები უმცირესობაში არიან. მეტიც, მათ ზურგს არანაირი პოლიტიკური სტრუქტურა არ უმაგრებს. ასეთი სტრუქტურა ბოლო წლებში მთლიანად განადგურდა. ამას დაუმატეთ უსაზღვროდ გაზრდილი რეპრესიული აპარატი და ცენზურის ინსტიტუციონალიზაცია. რა თქმა უნდა, ომის საწინააღმდეგო მოძრაობა აუცილებელია; ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი და გავზარდოთ თანამშრომლობა ომის მოწინააღმდეგე რუს მეცნიერებთან და აქტივისტებთან; უნდა ვებრძოლოთ მათ წინააღმდეგ ქსენოფობიას. მაგრამ ეს მომავლის საქმეა.
რა უნდა გაკეთდეს მოკლევადიან პერიოდში, ახლა, როცა ხალხი ცეცხლის ქვეშაა და გარბის?
შეეცადეთ დაეხმაროთ ლტოლვილებს და უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის შემსუბუქებას. დასავლეთის მთავრობებმა უნდა იფიქრონ არა მხოლოდ იარაღის მიწოდებაზე, არამედ უკრაინის საგარეო ვალის ჩამოწერაზე, ეკონომიკური დახმარების გაწევაზე, ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაზე მოსახლეობის ბომბებიდან გამოსაყვანად. მათ უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა მოუვა უკრაინის ეკონომიკას ძალიან მალე და როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი სურსათის მსოფლიო ბაზარზე.
ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია და რაც დასავლეთის მთავრობებს შეუძლიათ. მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სამხედრო მოქმედებებზე. ისინი ამას აკეთებენ. მაგრამ ყველაფერი მაინც უკრაინელების ბრძოლის ჟინზეა დამოკიდებული, რაც ახლა საკმაოდ დიდია. უკრაინული დროშის ქვეშ რუსულენოვანი უკრაინელებიც კი ერთიანდებიან.
ფიქრობთ, რომ დასავლეთი, რაღაც ეტაპზე, ჯარებს გაგზავნის?
ეს არ მოხდება. ისინი აგზავნიან იარაღს და ანტისატანკო დანადგარებს, და საუბარია სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნაზე - არ ვიცი, ეს მართლა მოხდება თუ არა. ეს სტრატეგიულ სურათს არ შეცვლის, თუმცა ხელს შეუწყობს ომის გაჯანჯლებას და რუსეთის გამარჯვების გადადებას. ანტისატანკო რაკეტით ბრძოლა სჯობს შიშველი ხელებით ბრძოლას.
მაგრამ თუ გაჯანჯლდა, რა უნდა ქნან უკრაინელებმა?
რუსეთი ნელნელა აიღებს უკრაინას, ქალაქ-ქალაქ, რასაც უზარმაზარი ნგრევა და უზარმაზარი ტანჯვა მოჰყვება.
ისე, როგორც ჩეჩნეთში.
დიახ, მაგრამ არაა გამორიცხული რომ, რაღაც ეტაპზე, რუსეთმა მთელი თავისი რესურსი ჩაასხას უკრაინაში. სინამდვილეში, როგორც ჩანს, რუსეთს უკვე უმთავრდება რესურსები და დასჭირდება სრული მობილიზება როგორც ეკონომიკის, ისე დამატებითი წვევამდელების, რეზერვისტების და ა.შ; ეს დიდი ალბათობით მნიშნველოვნად შეცვლის სურათს რუსეთის შიგნით. სავარაუდოდ, ამას უარყოფითი გავლენა ექნება, სანქციებზე გაცილებით უარყოფითი, მაგრამ დაველოდოთ. მე პესიმისტურად ვუყურებ ამ ომის შედეგებს. მაინც არ ვფიქრობ, რომ უკრაინის არმია გაიმარჯვებს. რაც შეეხება იმას, მიაღწევს თუ არა პუტინი უკრაინის რეჟიმის ცვლილების მიზანს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ვერ მიაღწევს. გამორიცხულია, მან შეძლოს სტაბილური, პრორუსული რეჟიმის შენარჩუნება.
იმიტომ, რომ კიდევ ერთი მაიდანი იქნება, რომელსაც ხელახალი ინტერვენცია მოჰყვება?
დიახ, და ამას უკვე ვხედავთ მშვიდობიანი პროტესტის სახით რუსების მიერ დაპყრობილ ქალაქებში. თან გასათვალისწინებელია, რომ ეს რუსულენოვან ქალაქებში ხდება, იქ, სადაც არმია დგას, შეტევები მიდის ქუჩებში. ამის მიუხედავად ხალხი მაინც გამოდის გარეთ და უიარაღოდ აპროტესტებს. თუ ეს ახლა ხდება, პუტინის მიერ დასმულ ნებისმიერ რეჟიმსაც იგივე ელის.
აქვს თუ არა პუტინს გამოსავალი?
არ მგონია მან ეს თავადაც იცოდეს. ეს ისეთ სიტუაციას გავს, როცა ჯერ ბრძოლაში ერთვები და შემდეგ იწყებ ფიქრს - სწორედ ასე მოიქცნენ. ვერ გათვალეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინული არმია ჩამოიშლებოდა, ხალხი კი ყვავილებით ხელში შეეგებებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.
დასავლეთიც რისკავს სახის დაკარგვას. მე ვერ დავინახე შარშან დასავლეთის მზაობა ომისთვის, ვერც ევროკავშირის და ვერც აშშ-ის. ამ უკანასკნელმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ არ გვჭირდება პრობლემები ევროპაში, ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება ჩინეთზე. ნაწილობრივ, ესეც არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გადადგა პუტინმა ეს ნაბიჯი. მან დაინახა, რომ დასავლეთი არ იყო მზად ომისთვის. გახსოვთ, როგორ სულელურად გამოუვიდა ემანუელ მაკრონს, მშვიდობა დავამყარეო და მომდევნო კვირას პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ასე რომ, დასავლეთი ვერაფერს გააკეთებს. ომი, სამწუხაროდ, უკრაინისა და რუსეთის არმიებს შორის უნდა გაიმართოს. ყველაფერს ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი გადაწყვეტს. და აქედან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ - მხოლოდ სიკვდილს, სიკვდილს და სიკვდილს.
დაბოლოს, ერთი კითხვა ომის დროს ცოდნის წარმოების შესახებ. თქვენ გააკრიტიკეთ კონფლიქტის ამხსნელი პარადიგმები, რომლებიც აშშ-ზეა ფოკუსირებული. გეთანხმებით, რომ ომზე საუბრისას ამერიკელები მიდრეკილები არიან, დიდ წილად, საკუთარ თავზე ისაუბრონ. რა ტიპის ჩარჩოები გვჭირდება იმისთვის, რომ დავიწყოთ ამ ომის გააზრება?
ჩემი აზრით, ცოტა ხნით უნდა შევეშვათ აშშ-ის ჰეგემონიის ანალიზს, რადგან მის შესახებ უკვე ფაქტობრივად ყველაფერი ვიცით. მეორე მხრივ, ამერიკელი მკვლევრების მიერ პუტინისა და რუსეთის კარიკატურული კლიშეების მიღმა ძალიან მწირი ცოდნა გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ იქცა რუსეთი ასეთად.
მემარცხენეების ნაწილმა უნდა დაივიწყოს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის ერთგვარი გაგრძელებაა, ან, რომ ის იმპერიალისტურ ორთაბრძოლაში მაჩანჩალაა და დახმარებას საჭიროებს. ჩვენ ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ რუსი მკვლევრების ნაშრომებს. უფრო სიღრმისეულად გვჭირდება ფიქრი იმაზე, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს კრემლში; როგორ წარმოუდგენიათ, თუ რა ხდება მათ გარშემო და რა არის მათი მოტივაცია იმის მიღმა, რაც დასავლეთს მიაჩნია რაციონალურად. უდავოა, მათი მიზნები და საქმიანობის ფორმა სხვანაირია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების შიდა დინამიკას. ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, თუ არ ჩავთვლით დასავლეთის მიერ დახატულ სურათს დაპირისპირებისა კარგ, დემოკრატიულ უკრაინასა და საშინელ, ავტორიტარულ რუსეთს, თუ ნაცისტურ უკრაინასა და მარად ჩაგრულ რუსეთს შორის.
ჩვენ გვჭირდება ბევრად მჭიდრო თანამშრომლობა მემარცხენე ძალებს შორის უკრაინაში, რუსეთსა და დასავლეთში, რაც - თუ არ ჩავთვლით დროდადრო შეხვედრებს - არ გვაქვს. მემარცხენეებს აქვთ გარკვეული ცოდნა; შეზღუდული, თუმცა იშვიათი და გამჭრიახი ცოდნა სიტუაციის შესახებ. რუსეთსა და უკრაინაში ბევრ მემარცხენეს დასჭირდება კონკრეტული მატერიალური მხარდაჭერა, მათ უნდა გავუგოთ, რადგან ომის ბურუსი ანადგურებს რაციონალურ და კრიტიკულ აზროვნებას; და საჭიროა ვიყოთ მომთმენები იმ ადამიანების მიმართ, ვინც შეცდომებს უშვებენ და დაუშვებენ. შეუძლებელია, არ დაუშვა შეცდომა, როცა ბომბები ცვივა და შენი მეგობრები იხოცებიან.
წყარო: