top of page

კლასი მართავს ყველაფერს ჩემ გარშემო

ავტორი: პოლ ჰაიდემანი

გიორგი ბერიძის თარგმანი


საინფორმაციო ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების განვითარებამ ძველი წიგნები და რევოლუციური მნიშვნელობის ავტორები საინფორმაციო ოკეანის მიღმა დატოვა. მალკოლმ იქსი და ბობი ჰატონი (რომლებიც ამერიკელი აფროამერიკელების ბრძოლის სიმბოლოდ იქცნენ) მილიონობით ადამიანმა ისტორიის ფურცლების ნაცვლად, ლეგენდარული 2PAC-ის ტექსტებიდან გაიცნო, კუბის რევოლუციის შესახებ კი მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ძირითადად ტელევიზიებიდან, ან მხატვრული/დოკუმენტური ფილმებიდან იღებს ინფორმაციას.

დღეს მარტივია სოციალური ქსელების საშუალებით სხვადასხვა პრობლემის გარშემო პროტესტების ორგანიზება, თუმცა, როგორც წესი, ყველა პროტესტი დროთა განმავლობაში იშლება და სუსტდება. ასე ხდება ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში, ასე ხდება საქართველოშიც.

მოცემულ სტატიაში, ავტორი ცდილობს მკითხველამდე აზროვნების კარგად დავიწყებული ძველი ფორმის ხელახლა გაცნობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უამრავი საპროტესტო მოძრაობა გაჩნდა და გაქრა, თუმცა, პრობლემები ძირითადად, იგივეა. ამიტომაც, ავტორი - პოლ ჰაიდემანი გვთავაზობს კლასებზე და კლასობრივ უთანასწორობაზე აქცენტს, ამ ენის შესწავლას, ენისა - რომელმაც ყველაზე წარმატებული პროტესტები შვა, როგორც ამერიკის ისტორიაში (შავი პანტერები ხომ მემარცხენე ლოზუნგებით გამოირჩეოდნენ), ასევე მთელს მსოფლიოში (ჩე გევარა ხომ ლათინურ ამერიკას ამ ენით ათავისუფლებდა, აფრიკულმა ქვეყნებმა ხომ ამ ენით მოიპოვეს დამოუკიდებლობა). ეს არის ენა, რომელიც საუბრობს თავსმოხვეულ სიღარიბეზე, მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებაზე და ღარიბებისა თუ საშუალო კლასის გასაჭირზე.


 

კლასობრივი პოლიტიკა აღმავლობის გზაზეა. ამბოხებულმა მასწავლებლებმა სიტყვა „გაფიცვა“ პოლიტიკურ ლექსიკონში დააბრუნეს, ბერნი სანდერსი კი თავისი ბუზღუნით მილიონობით ადამიანს „მილიარდერების კლასთან“ საბრძოლად ეპატიჟება. თუმცა, ზოგიერთი ლიბერალი ამტკიცებს, რომ ამაში ახალი არაფერია, და რომ ,,კლასობრივი პოლიტიკა იდენტობის პოლიტიკის ერთ-ერთი ფორმაა.“


მწერალმა ჟილ ფილიპოვიჩმა უკანასკნელ პერიოდში საკუთარი შეხედულება ტვიტერზე, პოსტების სერიით გამოხატა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ „მუშათა კლასი“ იდენტობაა. „მუშა - იდენტობაა, ის არ არის ნეიტრალური, უნივერსალური ფენომენი, მუშათა კლასის სახელით პოზიციონირება აგრეთვე იდენტობის პოლიტიკაა.“


ფილიპოვიჩის არგუმენტი, რომელიც „წითელი ვარდის ტვიტერს“ მიემართებოდა, სათავეს სავარაუდოდ 2016 წლის პრაიმერიდან იღებს, როდესაც სანდერსის მხარდამჭერები დანარჩენ დემოკრატიულ პარტიას დაუპირისპირდნენ. ჰილარი კლინტონი ფიქრობდა, რომ სანდერსის განეიტრალება (რომელსაც პარტიის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლობის ამბიცია ჰქონდა) შესაძლებელი იყო მასზე შეტევით და ბრალდებით, თითქოს სანდერსი უგულებელყოფდა რასობრივი და გენდერული ჩაგვრის პრობლემას. კლინტონმა საზოგადოებას ასე მიმართა:


„თუ ჩვენ ხვალ დიდ ბანკებს დავანგრევთ, დაასრულებს კი ეს რასიზმს? დაასრულებს კი ეს სექსიზმს? დაასრულებს კი ეს დისკრიმინაციას ლგბტ თემის მიმართ? გახდის ეს ჩვენს ხალხს უფრო სტუმართმოყვარეს ემიგრანტების მიმართ, ერთ ღამეში?“


არგუმენტი, რომ კლასობრივი პოლიტიკა იდენტობის პოლიტიკის ერთ-ერთი შრეა, ზემოთხსენებული პოლემიკის გაგრძელებაა. თუ ამ მტკიცების უფრო სრულყოფილ არტიკულირებას ვეცდებით, დაახლოებით ასეთ რამეს მივიღებთ: კლასი არის იდენტობა, ისევე როგორც რასა ან გენდერი, მაგრამ სოციალისტები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტობაა. მაშასადამე, როდესაც ისინი ამბობენ რომ ლიბერალურ „იდენტობის პოლიტიკას” ეწინააღმდეგებიან, ეს არ ნიშნავს რომ ისინი იდენტობის პოლიტიკაზე უარს ამბობენ, არამედ იმას, რომ ისინი იდენტობის პოლიტიკის მათთვის სასურველ ვერსიას აძლიერებენ, რითაც უკან წევენ რასობრივი ან გენდერული ჩაგვრის მნიშვნელობას.


რამდენიმე მიზეზის გამო, ეს ძლიერი და ეფექტური არგუმენტია. პირველი მიზეზია ის, რომ გამომდინარე რასობრივი, გენდერული თუ სხვა არაკლასობრივი ჩაგვრის მუდმივობიდან, აშშ-ში, ნებისმიერი პოლიტიკა, რომელსაც არ აქვს მკაფიო სტრატეგია ამ ჩაგვრების დასანგრევად, ვერ აღწევს მემარცხენეების მხარდაჭერას. მეორეც, ამერიკული ლიბერალიზმი კლასს განმარტავს, როგორც „სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს”, ეს განმარტება სოციალურ მეცნიერებშიც ფართოდაა გავრცელებული. ამ კუთხით კი, ფილიპოვიჩის არგუმენტიც დამაჯერებლად მოგვეჩვენება.


მაგრამ, სოციალისტები კლასში სულ სხვა რამეს გულისხმობენ, ვიდრე ეს ერთი ადამიანის კუთვნილებაში არსებული განათლება ან ფულია. სოციალისტებისთვის კლასი ნიშნავს ერთ მთლიან სტრუქტურას, რომელიც აწესებს მოქმედებათა ძალიან სპეციფიკურ ლოგიკას საზოგადოებაზე. შესაბამისად, გამომდინარე იმ ძალაუფლებიდან, რასაც კაპიტალისტური კლასი ფლობს, ძალაუფლების ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადანაწილება საჭიროებს ამ კლასთან დაპირისპირებას. ამ არგუმენტებს უზარმაზარი გაგრძელება და გავლენა შეიძლება ჰქონდეს, როგორც მთლიანად პოლიტიკურ პროცესზე, ასევე რასობრივი და გენდერული ჩაგვრის დასრულებაზე.


სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციალისტების აზრით კლასი მეტია, ვიდრე მორიგი იდენტობა.


კლასის ლიბერალური და სოციალისტური გაგება


კლასის ლიბერალური გაგება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა, ძალიან ახლოს დგას ამ სიტყვის ყოველდღიური გამოყენების მნიშვნელობასთან. აქ კლასი კონცეპტუალიზებულია, როგორც სიმდიდრის, შემოსავლისა და განათლების კომბინაცია, რისი ერთობლიობაც გვაძლევს გარკვეულ სტატუსს. ამ გაგებით, კლასი ერთგვარი კიბის საფეხურებია - ზოგი ადამიანი უფრო მაღლაა, ზოგი დაბლა. ზოგიერთი ვერსიით, ამ ნარევს „კულტურული კაპიტალი” ემატება, მათ შორის, მაგალითად იმის ცოდნა, თუ რა საკვები რომელი ჩანგლით მივირთვათ.


კლასის ამგვარი განსაზღვრებისას, ადვილდება იმის დანახვა, თუ რატომ ხედავენ ლიბერალები კლასს კონცეპტუალური სიმეტრიულობით რასასთან ან გენდერთან მიმართებით. კლასების განლაგება ძირითადად გრადაციულია, უპირატესობის ან მოწყვლადობის ხარისხებით. მსგავსი უპირატესობების ან მოწყვლადობის მქონე ხალხი მარტივად ქმნის საერთო იდენტობას, მათი სიტუაციების მსგავსების გათვალისწინებით, მაგალითად - ზედა კლასების წარმომადგენლები საკუთარ ცხოვრების წესს აყალიბებენ, მუშათა კლასის ხალხი კი საკუთარს.


კლასის სოციალისტური აღქმა, რომელიც მარქსისგან მოდის, ძალიან განსხვავებულია. თუ ლიბერალების მიხედვით, კლასი ერთგვარი რკინის კიბეა, სადაც უთვალავი საფეხური შეიძლება იყოს და თითოეული მათგანი რომელიმე ცალკეულ ჯგუფს ეკუთვნოდეს, სოციალისტური ხედვით კლასი პოლარიზებული ფენომენია, ორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დაპირისპირებული ჯგუფით: კაპიტალისტური და მუშათა კლასით. მოცემული სტრუქტურული პოზიციები აწესებენ მოქმედების ერთიან ლოგიკასა და საერთო ინტერესებს კლასობრივი მიკუთვნებულობის შესაბამისად.


თანამედროვე მარქსისტმა სოციოლოგმა, ერიკ ოლინ რაითმა კლასის სოციალისტური თეორია ორ მკაფიო წესში შეაჯამა: „ის რაც შენ გაქვს, განსაზღვრავს იმას თუ რას იღებ” და „ის, რაც შენ გაქვს, განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა გააკეთო რომ მიიღო ის, რასაც იღებ”. „ის, რაც შენ გაქვს” მიემართება საკუთრებას, რომელსაც შენ ფლობ. ფლობ თუ არა წარმოების საშუალებას, მაგალითად - ქარხანას, ან რაიმე მსგავს საკუთრებას, რომელიც მოგცემს ყოველდღიური ხარჯებისა და გადასახადების დაფარვის საშუალებას? თუ ეს ასეა, გილოცავ! შენ კაპიტალისტი ხარ. მეორე მხრივ, თუ შენ არ ფლობ საკუთრებას, რომელიც გამოიმუშავებს ფულს იმისათვის, რომ იყიდო საჭირო ნივთები (მაგალითად, საკვები, სახლი და ა.შ), და თუ შენ იძულებული ხარ გაყიდო შენი შრომა მასზე, ვისაც ეს ყველაფერი უკვე აქვს, გამოდის, რომ შენ ხარ მუშა და ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად უმრავლესობას განეკუთვნები. ის რაც შენ გაქვს, განსაზღვრავს იმას, თუ რას იღებ.


თუმცა, რაიტის მეორე წესი არის ის, რითიც კლასის სოციალისტური გაგება მართლაც გამორჩეულია. კაპიტალისტებიც და მუშებიც საკუთარ პოზიციებს თავიანთი ქმედებებითა და მათ მფლობელობაში არსებული საკუთრების გათვალისწინებით აღწევენ. თუმცა, მათი მდგომარეობა არ არის სამუდამოდ გარანტირებული. მშრომელებისა და კაპიტალისტების პოზიცია ორივე ჯგუფისათვის თავისთავად მოიაზრებს მოქმედების გარკვეულ ლოგიკებსა და წესებს. ამ ლოგიკიდან გადახვევა კი კაპიტალისტებისთვისაც და მუშებისთვისაც საკუთარი პოზიციების დათმობას გულისხმობს.


კაპიტალისტები უნდა შეეჯიბრონ სხვა კაპიტალისტებს ბაზარზე, რომ გაყიდონ საკუთარი პროდუქტი. როცა „უხილავი ხელის” ფაბულა მიგვითითებს, რომ ეს პროცესი ყველასათვის მომგებიანია, სოციალისტური პოზიცია საპირისპიროა და ამტკიცებს, რომ ეს ექსპლუატაციის, ჩაგვრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. კაპიტალისტებისთვის ფუნდამენტურია შეჯიბრი იმ მიზნით, რომ გაზარდონ მუშების მიერ გამომუშავებული დოვლათი, ხოლო ეს დეტალი პირდაპირ აპირისპირებს კაპიტალისტების ინტერესს მუშათა ინტერესთან. მოგების მაქსიმალიზაციის კაპიტალისტური პრინციპი ყველას თანაბრად აზიანებს - სოფლის მეურნეობაში ან ქარხნებში დასაქმებულებსა თუ ინტერნეტის ტექნოლოგიების მცოდნეებს.


მუშებს ბევრად რთულ სიტუაციასთან უწევთ შეჭიდება. მათ უწევთ კონკურენცია სხვა ნიჭიერ დასაქმებულებთან. სამუშაოს მისაღებად მუშებმა უნდა დაარწმუნონ კაპიტალისტი რომ დაიქირავონ ის, რათა შემდეგ გამოიმუშავოს საჭირო დოვლათი. აყვანის შემდეგ, მათ უნდა შეინარჩუნონ პროდუქტიულობა, რომ შეინარჩუნონ სამსახური. როცა კაპიტალისტები მოგების მიღების მოლოდინით განსაზღვრავენ საკუთარ ინტერესებს, მშრომელებს უწევთ არჩევანის გაკეთება: დაწინაურების იმედით დახარონ თავი და იყვნენ „კარგი მუშები”, ან კოლექტიურად ორგანიზდნენ და ერთად გასცენ პასუხი კაპიტალისტებს.


აი ამას გულისხმობდა რაითი, როდესაც წერდა: „ის, რაც შენ გაქვს განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა გააკეთო რომ მიიღო ის, რასაც იღებ.” კაპიტალისტები და მუშები აწყობენ ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სტრატეგიებს თავიანთი ინტერესების დასაცავად, ეს განსხვავება კი, პირველ რიგში, კლასობრივი სტრუქტურიდან გამომდინარეობს და საბოლოოდ, ერთმანეთს უპირისპირდება კიდეც. რაც კარგია კაპიტალისთვის, ცუდია მუშისათვის და პირიქით.


სოციალისტებისთვის, კლასი ნაკლებად არის სტატუსი და, უფრო მეტად, საერთო ინტერესებისა და მოქმედებების ერთობლიობაა. სხვადასხვა განათლებისა და შემოსავლის დონის მქონე მშრომელები (მაგ. მომვლელი და პომიდვრის მკრეფავი) კლასობრივ სტრუქტურაში ერთ პოზიციაზე დგანან, რადგან მათ საკუთარი შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, ხოლო მათი დამსაქმებლები კი იდენტური იმპერატივებით მოქმედებენ მათი კეთილდღეობის წინააღმდეგ.


კლასი და ჩაგვრის სხვა ფორმები

კლასთა სოციალისტური თეორია მრავლისმთქმელია. თუმცა, ის არ ამტკიცებს, რომ ჩაგვრის სხვა ფორმები უმნიშვნელოა. რასობრივი და გენდერული იერარქიების წინააღმდეგ მებრძოლმა მოძრაობებმა ამერიკული საზოგადოება მნიშვნელოვნად შეცვალეს და ძალაუფლების დიდ გადანაწილებასაც მიაღწიეს. ამ მოძრაობების არარსებობის შემთხვევაშიც ხდება ხოლმე ძალაუფლების განაწილება, მატერიალური ჩაგვრის ხარისხი კი სხვადასხვა სიდიდით არის გამოხატული. ამ ჩაგვრის ყველაზე სასტიკი ფორმა კლასობრივი ექსპლუატაციაა.


საინტერესოა, რომ ფილიპოვიჩის მსგავსი ლიბერალები ბოლომდე არ ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ კლასი - იდენტობაა. ცალსახად, კლასი შეიძლება იყოს იდენტობის ბაზისი, ისევე როგორც რასა ან გენდერი. შეიძლება ითქვას, რომ მშრომელი ხალხის საკუთარ კლასთან პოლიტიკური თვითიდენტიფიკაციის წახალისება და ამაზე დაყრდნობით კონკრეტული ქმედებების გახორციელება სოციალისტური პროექტის უმთავრესი შემადგენელია. მაგრამ ლიბერალური კრიტიკა ვერ ამჩნევს ორ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც განასხვავებს კლასობრივ სტრუქტურას იერარქიის სხვა ფორმებისგან. პირველი, კლასობრივი სტრუქტურები აშენებულია დამოკიდებულების დახურულ ფორმაში; მეორე, კაპიტალისტური კლასის ძალაუფლების საყრდენი არის მათი კონტროლი საზოგადოების წარმოებით უნარზე, რაც იწვევს მთელი საზოგადოების დამოკიდებულებას კაპიტალისტებზე.


პირველი ფაქტორის მიხედვით, ხშირად აღნიშნავენ, რომ ტერმინი „თეთრი ადამიანი”, თავისი მნიშვნელობით, დამოკიდებულია „შავკანიან ადამიანზე”. თუმცა, კლასი განსხვავებულია, ის არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ „მუშის” ცნებაში, რომელიც დამოკიდებულია თავის მნიშვნელობით კაპიტალისტზე. მუშად ყოფნა გულისხმობს კაპიტალისტზე ან კომპანიაზე დამოკიდებულებას. მსგავსად, იყო კაპიტალისტი ნიშნავს ჩართული იყო ცალკეული მუშების ექსპლუატაციაში იმისთვის, რათა შეინარჩუნო შენი დაწინაურებული პოზიცია. თეთრკანიანი ადამიანის სითეთრე, შედარებისათვის, არ არის არავითარ კავშირში არათეთრ ადამიანთან. ანტირასისტიც და რასისტიც თანაბრად თეთრები არიან.


მაშასადამე, კლასობრივი სტრუქტურები ეფუძნებიან ურთიერთდამოკიდებულების გამორჩეულად დახურულ ფორმებს. ეს ურთიერთდამოკიდებულება ნიშნავს, რომ მუშად ყოფნა გულისხმობს ყველგან და ყოველთვის საკუთარი ინტერესების ქონას, რომელსაც ემუქრება დამსაქმებელი კაპიტალისტი. მუშად ყოფნა აგრეთვე გულისხმობს პოტენციურ ძალას დაემუქროს დამსაქმებლის კაპიტალისტურ საქმიანობას და მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. კლასობრივი სტრუქტურის ეს ახლო ურთიერთდამოკიდებულება ერთდროულად საფრთხეს უქმნის მუშათა ინტერესს და ამავდროულად უზრუნველყოფს ძალაუფლების იმ წყაროს, რისი საშუალებითაც მუშებს საფრთხის წინააღმდეგ გაბრძოლება შეუძლიათ.


ძალაუფლების ის ცალკეული ფორმა, რომელსაც კაპიტალისტები ფლობენ კვლავაწარმოებს დამოკიდებულების მსგავს ფორმებს საზოგადოებრივ მასშტაბებში. საზოგადოება სრულადაა დამოკიდებული საწარმოო საკუთრებაზე - საკუთრების ტიპზე, რომელსაც კაპიტალისტები აკონტროლებენ. ამ გაგებით, მხოლოდ მუშები არ არიან დამოკიდებულები კაპიტალისტებზე. კაპიტალისტებს შეუძლიათ აარიდონ თავი წარმოებას ან ინვესტიციას, თუ ისინი ჩათვლიან, რომ მოგება არასაკმარისად დიდია, შესაბამისად - მთელი საზოგადოება იძულებულია უზრუნველყოს მოგების მაქსიმალური მაჩვენებელი და წარმოების გაგრძელება, მიუხედავად იმისა, თუ რა ფასად დაუჯდება მას ეს.


მოკლედ რომ ავხსნათ, სოციალისტები არ უარყოფენ იმას, რომ კლასი, თავის მხრივ, იდენტობაცაა. თუმცა, ისინი მიუთითებენ, რომ კლასი ბევრად მეტია ვიდრე მხოლოდ იდენტობა. კლასის სოციალისტური გაგებით კაპიტალისტებს გააჩნიათ ძალაუფლების ისეთი ფორმა, რაც საზოგადოების თითეულ წევრს მათზე დამოკიდებულს ხდის. გამომდინარე იქიდან, რომ კაპიტალისტებიც დამოკიდებულები არიან მუშებზე, მუშებსაც შესწევთ იმის ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ კაპიტალისტურ პრეროგატივებს.

ეს საკვანძო დეტალი ლიბერალების ყურადღების მიღმა რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის კლასი კიბეა, სადაც პოზიციები ერთმანეთისგან უფრო რაოდენობრივად, ვიდრე თვისებრივად განსხვავდება, ლიბერალები უარყოფენ კლასის რაიმე კავშირს რომელიმე ცალკეულ სოციალურ ძალასთან. მათთვის, ეს სხვა იდენტობის მსგავსი იდენტობაა, და ნებისმიერი გადამეტებული აქცენტი კლასის ფენომენზე შეიძლება ჩაითვალოს როგორც ჩაგვრის სხვა ფორმების უკანა პლანზე გადაწევის მცდელობა.


კლასები და პოლიტიკა

ახლა უკვე ნათელია, რომ კლასის სოციალისტურ განმარტებას პოლიტიკურ პროცესთან რადიკალური მიმართებები ახასიათებს. გამოსარჩევია ორი ცალკეული მიმართება. პირველია ის, რომ საზოგადოების ყველა წევრი დამოკიდებულია კაპიტალისტებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩაგვრის სხვა ფორმები მიბმულია კლასობრივ ძალაუფლებაზე და მათთან დაპირისპირება თავისთავად გულისხმობს კაპიტალისტურ კლასთან დაპირისპირებას. მეორე, კლასის სოციალისტური გაგება რაღაც საკვანძოს გვეუბნება ძალაუფლების იმ ცენტრის ლოკაციის შესახებ, ვისთან ბრძოლითაც შესაძლებელია ჩაგვრის სხვადასხვა ფორმების აღკვეთა.


წარმოდგენა, რომ ჩაგვრის სხვადასხვა ფორმები ინტერსექციურად თანაარსებობენ, ლიბერალური აზრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმულაა. მაგრამ ამ ინტერსექციის სპეციფიკური ფორმა ხდება საზოგადოებაში, სადაც ადამიანების მცირე ჯგუფი (კაპიტალისტების) აკონტროლებს წვდომას იმ რესურსებზე, რაც ყველას ჭირდება გადარჩენისათვის. ამას კი ლიბერალები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.


სოციალური ძალაუფლების ეს მასობრივი კონცენტრაცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, საფერმო კორპორაციებს უადვილდებათ თავიანთი სანაგვეების მოწყობა აფროამერიკელებით დასახლებულ ფერმებთან ახლომახლო. ამას ხელს უწყობს რასისტული კულტურა, როდესაც შავკანიანი მოქალაქეების საჩივარი ნაკლებად სერიოზულად განიხილება და რის გამოც შავკანიანების უბნებსა და დასახლებებს საპასუხო ბრძოლის გასაჩაღებლად ნაკლები მატერიალური რესურსი აქვთ. კაპიტალისტებმა იციან, რომ შავკანიანების სამეზობლოები შედარებით ადვილ სამიზნეს, ანუ „დაბალ ღობეს” წარმოადგენენ.


კაპიტალისტური ძალაუფლების, მოგების საჭიროებისა და შავკანიანთა კომუნების მწირე რესურსების ერთობლიობა რასისტულ გარემოს გარდაუვალს ხდის ჩვენი საზოგადოებისათვის.


სტრატეგიული მიმართულებები ნათელი უნდა იყოს: თუ ჩვენ გვინდა რომ შევაჩეროთ კორპორაციები აფროამერიკულ და ლათინურ უბნებში ნარჩენების დაყრისგან, ჩვენ უნდა შევზღუდოთ კაპიტალის ძალაუფლება. ანალოგიურად, როგორ შეიძლება შევამციროთ რასობრივი განსხვავება მატერიალური კეთილდღეობის კონტექსტში დოვლათის მასობრივად გადანაწილების გარეშე? როგორ მიიღებდნენ აფროამერიკელი სტუდენტები თანაბარ საგანმანათლებლო გამოცდილებას თეთრებთან, თუ მეტი თანხა არ დაიხარჯებოდა იმ სკოლებში, რომლებსაც ისინი ესწრებოდნენ? არგუმენტები უფრო ზოგადი რომ გავხადოთ, რასიზმის თანამედროვე, ყველაზე მჩაგვრელი მანიფესტაციების დასამარცხებლად საჭიროა შევუტიოთ თანამედროვე „თავისუფალ” ბაზარს.


იგივე სიმართლე არსებობს გენდერულ უთანასწორობასთან მიმართებითაც. #MeToo კამპანიამ შეახსენა ქვეყანას, რომ სამუშაო გარემო - ეს გენდერული იერარქიების ლოკაციაა, სადაც მენეჯერები და ბოსები იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას სექსუალური შევიწროებისთვისა და ძალადობისთვის. ძალადობის ამგვარი ფორმების წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ძალაუფლების შეზღუდვას ბოსებისათვის, რომელსაც ისინი მუშებზე ახორციელებენ. მსგავსად, გენდერული სახელფასო დისბალანსი ხშირად გვხვდება იმ დამსაქმებლებთან, რომლებიც ქალებს ბავშვის ყოლისთვის ან მათზე ზრუნვისთვის აჯარიმებენ.


ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც აიძულებს დასაქმებულებს შესთავაზონ დეკრეტული შვებულება ორივე მშობელს, რადგან კარიერული პაუზით მხოლოდ ქალები არ უნდა ზარალდებოდნენ. კაპიტალისტები, როგორც მოსალოდნელია, არ არიან დაინტერესებულები ისწავლონ საკუთარ დასაქმებულებთან ქცევის ზოგადად მიღებული ნორმები, რომელიც თავისმხრივ ხსნის, თუ რატომ ვერ მოხდა დეკრეტული შვებულების საყოველთაო დანერგვა, მიუხედავად საყოველთაო მხარდაჭერისა.


სხვა სიტყვებით, ჰილარი კლინტონის რიტორიკული შეკითხვა: დიდი ბანკების დანგრევა დაასრულებს თუ არა რასიზმს? არასწორია. სოციალისტური არგუმენტი არ არის ის, რომ კაპიტალიზმთან ბრძოლა ავტომატურად დაასრულებს ნებისმიერ სხვა ჩაგვრას, არამედ ის, რომ კაპიტალთან დაპირისპირების გარეშე შეუძლებელია რაიმე შინაარსობრივი პროგრესის მიღწევა არაკლასობრივი ჩაგვრის დასრულებისათვის ამერიკის ცხოვრებაში. როგორც მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა თავის ცხოვრების უკანასკნელ წლებში: „ჩვენი პრობლემების მოგვარება შეუძლებელია ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების რადიკალური გადანაწილების გარეშე.”


ვფიქრობ, ლიბერალები ამ არგუმენტით შეიძლება არ დაკმაყოფილდნენ. სულ რომ არაფერი, თვითიდენტიფიცრებული კაპიტალისტებიც კი, როგორიცაა მაგალითად ელიზაბეთ ვორენი, წინ მიუძღვებიან მოძრაობებს, რომლებიც კაპიტალის ძალაუფლების შეზღუდვისკენ არიან მიმართულნი. ბევრი ლიბერალი სიამოვნებით ეთანხმება იმ მტკიცებას, რომ თავისუფალ ბაზარსა და კაპიტალისტების ძალაუფლებას გარკვეულწილად შეზღუდვა ესაჭიროება. აი აქ ხდება კლასის სოციალისტური თეორია აბსოლუტურად საკვანძო. სოციალისტები მიიჩნევენ, რომ მთავარი არის არა ის, თუ რა რაოდენობის ფინანსებს ფლობენ კაპიტალისტები, არამედ ის, თუ რაოდენ აკონტროლებენ წარმოებით რესურსებს და რა ტიპის ძალაუფლებას ანიჭებს მათ ეს.


ეს უპირველეს ყოვლისა იმითაა განპირობებული, რომ სახელმწიფო დამოკიდებულია კაპიტალისტების სურვილზე განახორციელონ ინვესტიცია, გააფართოონ წარმოება, დაიქირაონ მუშახელი. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესები სტრუქტურულად არის მიკერძოებული კაპიტალის ინტერესებისადმი.


შედეგად, გენდერულ ან რასობრივ ჩაგვრასთან ბრძოლაში აუცილებელია კაპიტალის ძალაუფლებასთან დაპირისპირებასაც. დეკრეტული შვებულება კი უბრალო პოლიტიკური კალკულაციების საგანი არ უნდა იყოს კონგრესში ხმების მოსაპოვებლად. იმ სიტუაციებშიც კი, სადაც სახელისუფლებო პლატფორმებზე გამორჩეულად სოციალისტი პოლიტიკოსები აირჩა, ცხადი გახდა, რომ კაპიტალის სტრუქტურული ძალაუფლება მარტივად ფენომენი არ არის.


ნამდვილი იმედგაცრუება იქნებოდა კლასების სოციალისტური თეორია მხოლოდ იმას ამტკიცებდეს, რომ სტრუქტურული რეფორმების განხორციელება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ეს ლიბერალებს გონიათ. მაგრამ, როგორც გერმანელი სოციალისტი თეორეტიკოსი კარლ კაუცკი წერდა, „სოციალიზმი არ არის გამამხნევებელი წერილი, არამედ უფრო კარგი ახალი ამბავი, ახალი სახარება.” აქ კი კარგი ახალი ამბავი არის ის, რომ არსებობს აქტორი, ვისაც შეუძლია კაპიტალიზმის დაჩოქება - ეს მუშათა კლასია.


თუ მუშები კაპიტალისტების მიერ გამოყოფილ სამსახურზე არიან დამოკიდებულები, კაპიტალისტები, თავის მხრივ, დამოკიდებულები არიან მუშების მიერ გამომუშავებულ ფინანსურ მოგებაზე. გამოდის, რომ არსებობს ორმხრივი ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს აძლევს სარგებელს. მუშებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ სამუშაო მაშინ, როდესაც კაპიტალისტები ხედავენ მუშათა მთელ რიგს, რომლებიც ცდილობენ სამუშაო ადგილის მოპოვებას. თუმცა, თუ მუშები კოლექტიურად ორგანიზდებიან, მათ შეუძლიათ სათავისოდ გამოიყენონ კაპიტალის მათზე დამოკიდებულება. გაფიცვა სწორედ ესაა. გაფიცვის მიზანია დაარწმუნოს კაპიტალისტი იმაში, რომ მას დასაკარგი ბევრი აქვს, რომ სჯობს დაეთანხმოს გაფიცულთა მოთხოვნებს და ამის შემდეგ განაგრძოს ბიზნესის კეთება.


უფრო ვრცლად, ესაა ის, თუ როგორ აიძულებენ ქვემოდან წამოსული მოძრაობები მჩაგვრელებს დანებებას. ისინი იყენებენ სხვადასხვა ჩამშლელ მეთოდებს, რათა აიძულონ გაბატონებული ძალები რეფორმების განხორციელება და ორი ბოროტებიდან (რეფორმა ან რევოლუცია) უფრო ზომიერის და სასურველის, რეფორმის ამორჩევა. ხოლო როდესაც არსებობს ჩამშლელი იძულების განხორციელების მრავალი სხვადასხვა გზა, მუშათა კლასი - შავკანიანი თუ თეთრკანიანი, კაცი თუ ქალი, აბორიგენი თუ იმიგრანტი, უნიკალურ პოზიციას ფლობს ამ იძულების პრაქტიკაში რეალიზებისთვის, ეს პოზიცია კაპიტალისტურ საზოგადოებაში მისი სტრუქტურული მდებარეობიდან გამომდინარეობს.


როგორც სოციალისტური პარტიის და მუშათა საერთაშორისო კავშირის ლიდერმა, „ბიგ ბილ” ჰეივუდმა თქვა, თუ მუშები ორგანიზდებიან „მათ ხელები საკუთარ ჯიბეებში უნდა ჩაიწყონ და ამით კაპიტალისტურ კლასს გაამათრახებენ.” ცხადია, არსებობს დიდი „თუ”. შეძლებს თუ არა მუშათა კლასი, ან რომელიმე სხვა ჯგუფი იერარქიის ქვედა საფეხურიდან, კაპიტალთან საკუთარი ინტერესის გატანას? თუმცა, როგორც აშშ-ს დემოკრატიზაციის ისტორია გვაჩვენებს, დაქვემდებარებული ჯგუფები ჩამშლელი მეთოდებით ძალაუფლებას ეტაპობრივად მოიპოვებდნენ.


რატომ მნიშვნელობს კლასი

სოციალისტებისათვის თანამედროვე სამყაროში კლასის მოქმედება დამოკიდებულებისა და ექპსლუატაციის ურთიერთმიმართებაა, რომელსაც ჩაგვრის არაკლასობრივი ფორმების წარმოქმნაც შეუძლია. კლასს ძალა შესწევს ამ ჩაგვრებს სამი გზით შებრძოლოს.


პირველ რიგში, ეს ბრძოლა გულისხმობს ნებისმიერ ანგარიშგასაწევ წინააღმდეგობას კაპიტალის ძალაუფლების შესუსტებისათვის. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა რეფორმა, დეკრეტული შვებულებიდან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ბავშვთა მზრუნველობის პროგრამამდე, ან მაგალითად, გარემოს დაცვაში გამოვლენილი რასიზმის წინააღმდეგ.


მეორე, ეს ნიშნავს, რომ ამ რეფორმების მიღწევა დიდ შრომას მოითხოვს, ისევე როგორც მისი დაცვა. თუ რეფორმის მოწინააღმდეგეები და მომხრეები საპარლამენტო დემოკრატიებში მანდატებს თანაბარი რაოდენობით მოიპოვებენ, სახელმწიფო კაპიტალისტურ კლასს დაუჭერს მხარს, ამის გათვალისწინებით, არსებობს ბრძოლის მუდმივი საჭიროება.


დაბოლოს, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოძრაობა რასიზმის, პატრიარქატის ან რაიმე მსგავსი ბოროტების დასამარცხებლად წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როდესაც ამ მოძრაობებს ორგანიზებული მუშათა კლასი შეუერთდება. დიდი დეპრესია ამის შესანიშნავი მაგალითია: მუშათა მოძრაობის რადიკალური ფლანგი, რომელსაც კომუნისტები ხელმძღვანელობდნენ, იბრძოდა რასიზმის წინააღმდეგ „ნაციონალურ ზანგთა კონგრესის” მხარდამხარ. შედეგად, ვ.ე.ბ დუ ბუას მიხედვით, ძალიან სწრაფი ტემპით გავრცელდა ტოლერანტობა და მიმღებლობა თეთრკანიან და შავკანიან ამერიკელებს შორის.


სავარაუდოდ, არცერთი მოძრაობა არ ყოფილა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ასეთი წარმატებული რასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ, როგორც პროფკავშირების ეს რადიკალური მოძრაობა. ამ მოძრაობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები შავკანიანი მუშების მხარდასაჭერად, იბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბინაო პოლიტიკაში და შეურთდა „ლინჩის წესით გასამართლების” საწინააღმდეგო კამპანიას. ამ მოძრაობას საბოლოოდ მაკარტიზმი დაუპირისპირდა და სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლა ათწლეულებით უკან დახია.


რასობრივი და გენდერული თანასწორობის მიმართ გულმხურვალედ გამოხატული საჯარო მხარდაჭერების მიუხედავად, კლასის ლიბერალური გაგება საბოლოოდ მიდის იმგვარ დასკვნებამდე, რაც ჩაგვრას ვერ დაასრულებს. კლასის ერთ-ერთ იდენტობად ჩათვლა და იმის მტკიცება, რომ არცერთი ცალკეული იდენტობა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს საზოგადოებრივი ძალაუფლების გადანაწილებაში, ნიშნავს ბაზრის მიერ ჩაგვრის წარმოების გამიზნულ დამალვას.


ლიბერალებმა შეიძლება წინ წამოწიონ ინტერსექციურობის ენა, მაგრამ კლასის მათეული აღქმა ხელს უშლის რასობრივი/გენდერული ჩაგვრებისა და კლასობრივი ექსპლუატაციის კავშირის სწორ გაგებას. აი ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომაც იქცევიან ხშირად ანტირასისტული ლიბერალური პროგრამები სტერეოტიპების საწინააღმდეგო ტრენინგებად, ან კორპორაციების მიერ მრავალფეროვნების პოპულარიზაციის ინიციატივებად, რომლებიც რეალურად ძალიან ცოტას აკეთებენ არსებული უთანასწორების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.


მათი თეორია აცალკევებს რასობრივ უთანასწორობასა და კლასობრივ ძალაუფლებას, უშვებს მათ უმიზნო სტრატეგიებამდე, რომელიც ებრძვის უმნიშვნელოს და საერთოდ არ ეხება ცენტრალურს. ლიბერალური ინსტიტუტები და პოლიტიკური სტრატეგიები, მარტივად რომ ვთქვათ, ლიბერალური იდეების გახორციელებას გამორიცხავენ კიდეც.


ჩაგვრის ყველა ფორმის მოსასპობად, პირველ რიგში, საჭიროა საზოგადოების სწორად დანახვა, და ამის შემდეგ, სტრატეგიის შემუშავება, თუ როგორ დავარტყათ მათ, ვინც ძალაუფლებას ფლობს. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ აკეთებენ სოციალისტები აქცენტს კლასზე, როგორც ძალაუფლების საკვანძო სტრუქტურაზე ჩვენს საზოგადოებაში.


 

პოლ ჰაიდემანი ფლობს დოქტორის ხარისხს ამერიკისმცოდნეობაში. რუტჯერსის უნივერსიტეტი, ნიუარკი (ნიუ ჯერსი).


Comments


bottom of page