top of page

ჯანყი ყაზახეთში

გიორგი ღვინჯილია



ჩვენ ისევ ვხედავთ რეპრესიებს, რუსულ ჯარს, სისხლისღვრას და დაპირისპირებას ისეთ ქვეყანაში, რომელთან ერთადაც სულ რაღაც 30 წლის წინ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. უკრაინას, ბელარუსსა და ყირგიზეთს ყაზახეთი მოყვა, თუმცა უკვე შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ყაზახური შემთხვევა მათგან განსხვავდება. მოცემული ტექსტის ამოცანაა, აჩვენოს ყაზახური პროტესტის სპეციფიკა, რომლის შუქზე პოსტსაბჭოთა მდგომარეობის დანახვაც შეგვიძლია.



ყაზახურ პროტესტს ჩამოთვლილთაგან, პირველ რიგში, პირველადი მოტივაცია და სახალხო ორგანიზების სტრუქტურა განასხვავებს. ბელორუსსა და ყირგიზეთში პროტესტი არჩევნების შედეგებს მოყვა, უკრაინაში ხალხი მთავრობის მიერ გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებამ გააღიზიანა, ყაზახური არეულობა კი ინდუსტრიული გაფიცვებითა და ეკონომიკური მოთხოვნებით დაიწყო. ყაზახეთის დისკრედიტებულ ოპოზიციას არც პაშინიანის მსგავსი ქარიზმატული ლიდერი ჰყავს; პროდასავლური ოლიგარქიული ჯგუფები უიმედოდ ცდილობენ ტალღის სათავეში მოქცევას და პროტესტის სტრუქტურირებას; პარალელურად, ჩანს მშრომელების მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ჩამოყალიბების მცდელობები. ეკონომიკური მოტივები და პროტესტის ავანგარდში მყოფი პარტიის არარსებობა ყაზახეთს სახალხო ბუნტისა და არეულობის მაგალითად აქცევს. ჩვენ არც ასეთი ბუნტის იდეალიზაცია შეგვიძლია, რადგან მოვლენები ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს, და არც - მისთვის ზურგის შექცევა.


ვულგარული ანალიტიკა ყოველთვის ცდილობს მოვლენების მიღმა დამალული სცენარებისა და ყოვლისმომცველი მზაკვრული გეგმების ამოხსნას. რა თქმა უნდა, ასეთი სცენარები არსებობს. არსებობენ ძალებიც, რომლებიც ამ სცენარების განხორციელებას და საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ. თუმცა სამყაროს ასეთი „კონსპიროლოგიური“ ახსნა, ადგილს არ ტოვებს ცხოვრების მდინარებისთვის, რომელიც მოულოდნელობებითა და წინააღმდეგობებით არის სავსე. დღეების გასვლასთან ერთად, რეალური ჩიხი იკვეთება - ნაზარბაევის უკანა პლანზე გადაყვანას თაყაევის გაძლიერება და ყაზახეთში რუსული ჯარის შესვლა მოყვა. რუსული არმიის ქვეყანაში ყოფნა და თანმდევი რეპრესიები კი მოსახლეობას რუსეთისა და მოქმედი რეჟიმის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკულად განაწყობს. სიტუაცია ყველასთვის სარისკოა.


თუ კონსპიროლოგები კითხულობენ, ვინ დაგეგმა მოვლენები და ვისი სცენარით მიმდინარეობს ის, რაც ხდება, ჩვენ კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ - რა მოხდა და ვინ ცდილობს მომხდარის გამოყენებას. ის, რაც ყაზახეთში ხდება, მოულოდნელი აჯანყებაა. სწორედ ამითია გამოწვეული დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების თავშეკავება და ნერვული მოძრაობები.


ორი კითხვა უნდა დაისვას - რატომ აჯანყდა ყაზახი ხალხი და ვინ არიან ის იმპერიული და ოლიგარქიული ძალები, რომლებიც ამ აჯანყებით სარგებლობას ცდილობენ.




ლეგიტიმაციის კრიზისი და სამი გეოპოლიტიკური იდეოლოგია


ყაზახეთი ოლიგარქიული კლანების მიერ იმართება. დღევანდელი მოცემულობით ქვეყანაში სამი გეოპოლიტიკური მიმართულება არსებობს. პირველი მათგანი მიმავალია, ის ნურსულთან ნაზარბაევთან და ბალანსის პოლიტიკასთან ასოცირდება. ნაზარბაევის მმართველობის დროს ქვეყნის სიმდიდრე მის სანათესაოზე განაწილდა. რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების პარალელურად, ყაზახეთი მჭიდროდ ურთიერთობდა თურქეთთან, ხოლო ქვეყნის ნავთობმომპოვებელი რესურსების დიდი ნაწილი დასავლურ კომპანიებზე გაიყიდა. მეორე, გამოკვეთილად პრორუსული ხაზი ნაზარბაევის მიერ ხელდასმული თაყაევის სახით არის წარმოდგენილი, თუმცა, თუ საქართველოსთან პარალელს გავავლებთ, კრიტიკულად განწყობილი მასების თვალში ქვეყნის პრეზიდენტი უფრო ბიძინას წინააღმდეგ აჯანყებულ ღარიბაშვილს გავს, რომელიც ქვეყანაში რუსულ ჯარებს შემოუძღვა. ნაზარბაევის მსგავსად, მისი ლეგიტიმაციაც დაბალია.


მესამე, პროდასავლურ პოლუსს ბენდუქიძე-სააკაშვილის იდეოლოგიასთან პირდაპირ კავშირში მყოფი ოლიგარქი მუხთარ აბლიაზოვი წარმოადგენს. სააკაშვილს მას ისიც ამსგავსებს, რომ ოპოზიციონერი, უკვე წლებია, დასავლეთიდან ცდილობს საკუთარი პარტიის მართვას. მედიის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ ბრუნდება ყაზახეთში, აბლიაზოვმა სააკაშვილისა და ნავალნის მაგალითების მოხმობით უპასუხა. მისი თქმით ეს ხაფანგი იქნება. თუმცა ხალხის მიერ თაყაევის ძალაუფლების მორყევის შემთხვევაში, ის მზადაა დაბრუნდეს და სახალხო მთავრობას უხელმძღვანელოს.


რატომ არის აბლიაზოვი ჩვენთვის საინტერესო? პირველ რიგში, იმის გამო, რომ მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა საქართველოსთან სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. მიშა აბლიაზოვს საქართველოს ნომერ პირველ ინვესტორად მოიხსენიებდა, 2005 წელს მას ღირსების ორდენიც კი გადაეცა. თავად აბლიაზოვი ღიად აქებს ბენდუქიძე-სააკაშვილის რეფორმებს და ყაზახებსაც იგივეს გამეორებას პირდება.


ყაზახეთში აბლიაზოვს მისი მოწინააღმდეგის მსგავსი ლეგიტიმაცია აქვს. პროდასავლური ჯგუფის წარმომადგენელ ოლიგარქზე ყაზახეთის მიერ ძებნაა გამოცხადებული. ის ბრიტანეთის სასამართლომაც გაამტყუნა. დასავლური მედია მის საქმეს ისტორიის ერთერთ უდიდეს საბანკო თაღლითობას უწოდებს, რომლის დროსაც მან ყაზახების კუთვნილი ხუთი მილიარდი დოლარი მიისაკუთრა. აბლიაზოვი თაღლითია.

მთავრობასა და ოპოზიციაში მყოფი ოლიგარქიული ჯგუფებისთვის ერთი თვალის გადავლებითაც კი გასაგები ხდება ელიტების ლეგიტიმაციის კრიზისის ხარისხი, რამაც ყაზახების აჯანყება გამოიწვია. ოლიგარქიული ჯგუფების სრული გაბანკროტება აჯანყების ერთერთი მიზეზია. თუმცა, როგორც ყველა ბუნტისას, მასების მიერ საკუთარი პოლიტიკური დღისწესრიგის არარსებობის შემთხვევაში, შექმნილი მდგომარეობით ისევ ეს ჯგუფები ისარგებლებენ.




რატომ და როდის ჯანყდება ხალხი?


კითხვაზე ბევრი პასუხის გაცემა შეიძლება - ჩაგვრისა და უსამართლობის გამო, შრომასა და კაპიტალს შორის არსებული წინააღმდეგობის გამო; თუმცა სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია და სხვა მეცნიერებები ჩიხში შედიან, როდესაც საქმე აჯანყების ლოგიკის განზოგადებას ეხება - მაგალითად, მეზობელ რუსეთში გაზი სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ყაზახეთში. ანდა სულაც რატომ არ ჯანყდება ქართველი ხალხი, რომელსაც ყაზახებზე მეტად უჭირს, ხოლო ბენზინი, გაზი და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტები ნაკლებად არ გაძვირებულა?


საქმე ისაა, რომ ჯანყის მომენტის სისტემაში მოქცევა შეუძლებელი ამოცანაა, რადგან საზოგადოებრივი ცხოვრება ისეთი მარტივი მიზეზშედეგობრივობების ჯაჭვის სახით არ მოგვეცემა, როგორიცაა ხალხს მოშივდა → გაჩნდა უსამართლობის განცდა → ხალხმა ბანკების დაწვა დაიწყო. საზოგადოებრივი ურთიერთობები რთული, ურთიერთგანპირობებული მოვლენების ერთობაა, სადაც ქვები დომინოს მწკრივის მსგავსად კი არ არის დალაგებული, არამედ თითოეულ მათგანზე გავლენას ერთდროულად ათასობით ქვა ახდენს. ამდენად, ჩვენ ჯანყის მხოლოდ ძირითადი მიზეზების და კონკრეტული მახასიათებლების შესახებ შეგვიძლია საუბარი.


აქ ორი ძირითადი სკოლა არსებობს. პირველი მათგანი ჰობსისა და ლებონის მემკვიდრეა. ამ სკოლის მიხედვით, ჯანყი მაშინ ხდება, როდესაც სახელმწიფო ავტორიტეტს და ძალადობაზე მონოპოლიას კარგავს. სახელმწიფოს იდეოლოგიური და ძალადობრივი ფუნქციის შესუსტებას მასების ამბოხი მოსდევს. ამ პრინციპამდე დაყვანილ სქემაში სახელმწიფო რაციონალური აქტორია, ხოლო მასების ამბოხი ირაციონალურ მოქმედებად წარმოგვიდგება. რეალობის ასეთი წაკითხვა არეულობის მონაწილეებს მასის/მიტინგის მიერ შთანთქმულ ინდივიდებად ხედავს; მისი ამოცანა მასის ირაციონალიზება, მისი „ბრბოდ“ გამოცხადებაა. ასეთი თეორია იარაღია რეპრესიული სახელმწიფო აპარატისა და კაპიტალის ხელში. ინდივიდი საკუთარ თავსა და რაციონალობას „ბრბოში“ კარგავს - მას საკუთარი ინტერესების გატარება აღარ შეუძლია.


მეორე, მარქსისტული სკოლის მიხედვით, რომელსაც ერიკ ჰობსბაუმი და ჯორჯ რუდი წარმოადგენენ, არც ჯანყია ირაციონალური და არც მასა ყლაპავს ინდივიდს. მარქსისტული თეორიის მიხედვით აჯანყება მოქმედების რაციონალური ფორმაა, რომლის დროსაც ხმაწართმეული ხალხი, ძალადობისა და დესტრუქციის გზით ცდილობს, გავლენა მოახდინოს ელიტებზე და ზეწოლის გზით „გამოივაჭროს“ ის, რის მიღწევაც უნდა - ყაზახეთის შემთხვევაში ეს საწვავის ფასები და მთავრობის გადადგომაა.


ჰობსბაუმი და რუდი გვთავაზობენ მეთვრამეტე საუკუნის ინგლისსა და საფრანგეთში მომხდარი აჯანყებების ანალიზს, სადაც ქუჩაში გამოსული მოსახლეობა კაპიტალისტების ინფრასტრუქტურას ანადგურებდა და პურის ფასების ცვლილებას ითხოვდა. ავტორების მიხედვით, ეს ჯანყები კაპიტალის პირველადი დაგროვების დროს ხდებოდა, როდესაც პირველმა კაპიტალისტებმა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დაიწყეს ადამიანებისა და ბუნების უმოწყალო ექსპლუატაცია. ჰობსბაუმი ამ აჯანყებებს პრეპოლიტიკურს უწოდებს. პრეპოლიტიკური არც ირაციონალურს ნიშნავს, არც პრიმიტიულს და არც მთლიანად პოლიტიკისგან დაცლილს. ეს ისეთი აჯანყებაა, რომლის დროსაც მასები არც საერთო იდეოლოგიას ატარებენ და ვერც საერთო პოლიტიკურ დღისწესრიგს ქმნიან - ამ დროს ხალხი საკუთარ მოთხოვნებს მხოლოდ მორალურ პრინციპებზე აფუძნებს და მიზნების მიღწევას სამართალდამცავებთან დაპირისპირებითა და ინფრასტრუქტურის განადგურებით ცდილობს. პრეპოლიტიკურს ხშირად ამერიკაში მიმდინარე რასობრივ აჯანყებებსაც უწოდებენ. თუმცა, სიცოცხლის სხვა ფორმების მსგავსად, სწორი ხაზის გავლება არც აქ შეიძლება: პრეპოლიტიკურობა პოლიტიზაციისკენ მიმართულ მოძრაობასაც გულისხმობს, სიცარიელეს და წყურვილს, რომლის დროსაც ხალხი პირველი კავშირებისა და საკუთარი პოლიტიკური დღისწესრიგის შექმნას იწყებს.


ყაზახური ჯანყი მნიშვნელოვნად იმეორებს ასეთი პრეპოლიტიკური აჯანყებების მოდელს - ხალხს ფასები არ მოსწონს და ცვლილებები უნდა; მოსახლეობას არცერთი პოლიტიკური იდეოლოგია და ლიდერი არ აკმაყოფილებს; მასები თვითონ ცდილობენ საკუთარი მორალური დღისწესრიგის შექმნას; ეს მცდელობები საერთო ეროვნულია, თუმცა ისევ ფრაგმენტულად რჩება. მთავრობის გადადგომის პოლიტიკური მოთხოვნაც, უფრო მეტად, ცვლილებების წყურვილს გამოხატავს. ხალხს არც რევოლუციური ლიდერი ჰყავს, რომელმაც არსებული ოლიგარქიული ელიტა უნდა ჩაანაცვლოს და არც საერთო შეთანხმების შედეგად მიღებული პოლიტიკური პროგრამა, რომელიც სისტემას შეცვლიდა. სახეზე გვაქვს ხალხსა და ელიტებს შორის წინააღმდეგობა, რომლის დროსაც ხალხს საკუთარი პოლიტიკური იდეოლოგია არ გააჩნია და სამართლიანობისა და მორალის ტრადიციული გაგებით ხელმძღვანელობს. სხვა არეულობებისგან მას ისიც განასხვავებს რომ, ჯანყი არა ლოკალურ ან რასობრივ ჩარჩოში, არამედ საერთო ეროვნულ მასშტაბზე მოხდა.


ასეთი წაკითხვის შემთხვევაში, შემდეგი სურათის დანახვა შეგვიძლია - ექსპლუატაციისა და უსამართლობის ტვირთვის ქვეშ მოქცეულმა ყაზახმა ხალხმა, ასე ვთქვათ, „აიწყვიტა“. გლობალური ოლიგარქიის სხვადასხვა ჯგუფები და მათი კარის ინტელექტუალები კი მოვლენების მათთვის სასარგებლოდ ახსნას და “უკონტროლო” ხალხზე დაწევასა და ტალღის დამორჩილებას ცდილობენ. ოლიგარქია ცდილობს, რომ ხალხსა და ელიტებს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ ჩვენთვის კარგად ნაცნობი კალაპოტი შეიძინოს და საბოლოოდ გადაიქცეს ტიპურ პოსტსაბჭოთა სიუჟეტად, სადაც ერთმანეთს პრორუსული და პროდასავლური ოლიგარქიის ძალები უპირისპირდებიან. ამგვარ სურათში პირველადი კრიზისია, ობიექტური წინააღმდეგობა ხალხსა და პოლიტიკური სისტემით ზურგგამაგრებულ, სხვადასხვა წარმომავლობის კაპიტალს შორის. ყველაფერი მოულოდნელი აფეთქებით იწყება, რომელმაც ოლიგარქიული პოლიტიკური ჯგუფების გააქტიურება გამოიწვია.


კითხვა კი ასეთია, რატომ მიიღო ყაზახი ხალხის პროტესტმა ასეთი აჯანყების ფორმა და რას გვეუნება ეს ბუნტი ჩვენი რეგიონისა და პოსტსაბჭოთა მდგომარეობის შესახებ?



პოსტსაბჭოთა ძარცვა


როგორც ვთქვით, ჩვენ არ შეგვიძლია ბუნტის მომენტის მარტივი მიზეზშედეგობრივი სქემით ახსნა, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომელთა გარეშეც ეს ჯანყი არ მოხდებოდა. ორი მათგანი ცალსახად ნათელია - პირველი ყაზახების არაადამიანური ძარცვა და ექსპლუატაციაა, ხოლო მეორე პრორუსული (მმართველი) და პროდასავლური (ოპოზიციური) ელიტების სრული დისკრედიტაცია. იმპერიული ცენტრების მთავარი ამოცანა კაპიტალის შეუფერხებელი დინებაა. რუსული კომპანიები, მაგალითად, თავისუფლად ფლობენ სტრატეგიულ რესურსებს „პროდასავლურ“ საქართველოში. რუსეთის და დასავლეთის ეკონომიკურ ინტერესებს დაპირისპირების გარეშე შეუძლიათ თანაარსებობა.


ძლევამოსილ საბჭოთა ინდუსტრიას დღეს ნაზარბაევები, კოლომოისკები, პუტინები, პოროშენკოები, ივანიშვილები და დასავლური კორპორაციები აკონტროლებენ. ყაზახეთს თითქმის ყველაფერი აქვს - ურანი, ნავთობი, გაზი და ფერადი მეტალები. მხოლოდ 2019 წელს ყაზახეთიდან 60 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა; ექსპორტის განსაკუთრებული წილი ნავთობს უკავია, რომლის მსხვილ ნაწილს ამერიკის უმსხვილესი ენერგოკომპანია „შევრონი“ აკონტროლებს; ენერგეტიკის სხვადასხვა სექტორებში დიდია რუსული კომპანიების წილიც. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოცულობის სიმდიდრე გადის იმ ხალხის ხელში, რომელიც დღეს საგაფიცვო კომიტეტებს აორგანიზებს და პოლიციის წინააღმდეგ იბრძვის.


„ისე დაგვცინიან, რომ ოქროს კბილებსაც კი არ მალავენ“

ყაზახი მომიტინგის მიერ დაჭერილი შუააზიელი ბურჟუას ეს ხატი კარგად აღწერს პოსტსაბჭოთა ოლიგარქიის ცინიკურ მეთოდებს. სახეები იცვლება, ოქროს კბილებით სავსე პირი კი კატის ღიმილი მსგავსად რჩება. ხალხი მუშტებს იქნევს, მეშახტეები უროებით შეიარაღდებიან, მაგრამ ღიმილი ისევ ჩვენს ირგვლივ დაფარფატებს. ამ ღიმილის თავიდან მოსაშორებლად ხალხს საკუთარი პოლიტიკა სჭირდება. ასეთი პოლიტიკის გაჩენამდე მას, იმპერიული იდეოლოგიებისგან თავბრუდახვეულს, წრეზე ტრიალი მოუწევს.


ხალხის პოლიტიკას კი ერთადერთი სახელი აქვს - პოსტსაბჭოთა ელიტების მიერ ფაშიზმზე უფრო მოძულებული სოციალიზმი, რაც ქვეყნების სიმდიდრის სოციალიზაციას გულისხმობს, მოსახლეობის მიერ საკუთარ რესურსებზე კონტროლის დამყარებას. პროგრესული პოლიტიკის გაჩენისთვის, საჭიროა კავშირების პოვნა აჯანყებული მასების სახალხო მორალზე დაფუძნებულ მსოფლმხედველობასა და კაპიტალიზმის სოციალისტურ კრიტიკას შორის.



Comments


bottom of page