top of page

ვინ ყიდის გაზაფხულს ზუგდიდში?

ავტორი: გიორგი ხასაია


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან ახლოს თუ დადგები, საკუთარი თვალით ნახავ დამცირების გულის მომკვლელ სურათებს: სკოლის მოსწავლეების ჯგუფი, რომელსაც ღიმილი და ენთუზიაზმი მოაქვს, ბოტანიკურის ჭიშკართან გაკვირვებული სახეებით ჩერდება და ცოტა ხანში უკან ბრუნდება. შუა ხნის ქალი შვილიშვილთან ერთად ჭიშკართან შეშდება და შემდეგ ისიც უკან მიდის. შეყვარებულების წყვილი იმავე ჭიშკართან ჯიბეებში იქექება, შემდეგ ტრიალდება და გაწბილებული სახეებით ნიკოსეული სასახლისკენ უხვევს. რა ხდება, ბოტანიკურ ბაღს თავკერძა გოლიათი დაეუფლა? ვინ ჩაკეტა ეს ჭიშკარი, ვინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ვინ აღუმართა რკინის ღობე ზუგდიდელების მრავალათწლოვან ჩვევას - იყვნენ ბოტანიკურ ბაღში, ისეირნონ ბოტანიკურ ბაღში, ილაპარაკონ ბოტანიკურ ბაღში, იფიქრონ ბოტანიკურ ბაღში, გადაკვეთონ ბოტანიკური ბაღი დღის ნებისმიერ დროს. აქტი, რომლის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ჯერ არ ჩანს. მაგრამ გამოჩნდება.


ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტი 2022 წლისთვის 850 ათასი ლარია. ბაღის ადმინისტრაციას ეს არ ყოფნის, მეტი ჭირდება. პირველ რიგში იმიტომ, ამბობენ ისინი, რომ ვანდალიზმის ფაქტებია - შემოდიან და აფუჭებენ ყველაფერს. ეს ლოგიკა მიყვება დაშვებას, უფრო რწმენას, რომ გაფასიანების შემთხვევაში აქ შემოვლენ მხოლოდ ისინი, ვისაც 2 ლარი მოეძებნება. ხოლო ვინც 2 ლარს გადაიხდის, ის გასაფუჭებლად არ შემოვა. აქედან კი გამომდინარეობს, რომ გასაფუჭებლად შემოდის ის, ვისაც 2 ლარი არ აქვს. ჩანაფიქრი უფრო ცხადი რომ გავხადოთ, ასეთია: თუ გვინდა, რომ ნაკლები ვანდალიზმი იყოს, ღარიბები და მათი შვილები ღობის იქით უნდა დავტოვოთ და აქ მარტო ის ხალხი შემოვიდეს, ვინც კარგად იქცევა. ხოლო კარგად მოიქცევა ის, ვინც ამას 2 ლარის ქონით დაადასტურებს. ხალხის გაფილტვრის ეს კრიტერიუმი სოციალური რასიზმი და კლასიზმია. ეს შეხედულებები მზარდ ეკონომიკურ უთანასწორობასა და სიღარიბესთან ერთად ჩვენში სულ უფრო იკიდებს ფეხს. მაგრამ მისი ასე ღიად გაცხადება მაინც შოკისმომგვრელია.



„რა არის 2 ლარი?“


ხშირად გვახსენებენ, რომ ორი ლარი არაფერი არ არის. ცალკე აღებული ორი ლარით სურთ აჩვენონ, რომ სინამდვილეში, ზუგდიდელებისთვის ბევრი არაფერი იცვლება. ვნახოთ, რა ეკონომიკურ ვითარებაში ცხოვრობენ ადამიანები საქართველოში მთლიანად და, კერძოდ, ზუგდიდში.

პანდემიის განმავლობაში შინამეურნეობების (ოჯახების) 53%-ს ყოველთვიური შემოსავალი შეუმცირდა და მათმა 67%-მა საკვებზე დანახარჯის დაზოგვა დაიწყო. ზუგდიდის მაცხოვრებლების 34% ოფიციალურად იღებს საარსებო შემწეობას, ხოლო განაცხადი 54%-ზე მეტ ოჯახს აქვს შეტანილი. რას გვეუბნება ეს მონაცემები? იმას, რომ ორი ლარი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ქმედითი ფულია. ეს ფულია მათთვისაც, ვინც არც სოციალურ დახმარებას იღებს და არც პოტენციურ მიმღებთა ბაზაშია დარეგისტრირებული. ადვილი მოსალოდნელია, რომ მათი უმეტესობა საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს ბოტანიკურ ბაღში ყოფნას შეუზღუდავს.


მოდით, ვიკითხოთ - მას მერე, რაც დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა გარეთ დარჩება, ხომ არ არის ჩაფიქრებული ბოტანიკური ბაღის შიდა სივრცის კომერციალიზება? გასართობი, კვების და სხვა ობიექტებისთვის სივრცის ფართოდ დათმობა. ამას ხელს ვერაფერი შეუშლის - ისინი, ვისაც ფული არ ქონდა და ამიტომ ვანდალი იყო, უკვე გარეთ იქნება და აქ მხოლოდ ისინი შემოვლენ, ვისაც ცოტა ფული მაინც აქვს - ამიტომ ეს საინვესტიციო შეთავაზებაა ბიზნესისთვის - მეტი დავახარჯინოთ. ამ პირობებში სპეციალური საშვით შემოსული პენსიონერი თუ სოციალურად დაუცველი დამამცირებელ გარემოში ხვდება - გარემოში, რომელიც სავსეა გასართობი და კვების ობიექტებით, რომელზეც მათ ხელი არ მიუწვდებათ. ან რატომ უნდა მოუნდეთ? მადლობა თქვან, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა მოწყალება გაიღეს და შემოუშვეს (იმ პირობით, რომ არაფერს გააფუჭებენ).


„ბოტანიკური სხვაგანაც ფასიანია“


არის ერთი არგუმენტიც, რომელსაც ადვილად გავაბათილებთ - რომ სხვა ქალაქებში (ბათუმი, ქუთაისი, თბილისი) ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია, ამიტომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაფასიანებაში ახალი არაფერია. რეკრეაციული სივრცეების თვალსაზრისით ზუგდიდი უნიკალური ადგილია - ქალაქში არსებული მთელი სარეკრეაციო სივრცის 90%-ს ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს. ამ სივრცეში შესვლაზე შეზღუდვა ნიშნავს პრინციპში სარეკრეაციო სივრცეზე წვდომის შეზღუდვას, რაც ასე არაა არცერთი სხვა ქართულ ქალაქში - სხვაგან ბოტანიკური ბაღის წილი მთლიან სარეკრეაციო სივრცეში ამასთან მიახლოებულიც არაა და, ამას გარდა, ბოტანიკური ბაღი არსად სხვაგან, სარეკრეციოსთან ერთად, სოციალური და კულტურული ცხოვრების შუაგული არაა. ეს თითქმის იგივეა, რომელიმე სხვა ქალაქში უბნის გამწვანებულ სკვერში შესვლა ფასიანი გახდეს.

კიდევ ერთი არგუმენტის თანახმად, ბოტანიკური ბაღი გაფასიანების შემდეგ ნამდვილად სამეცნიერო კვლევითი ადგილი გახდება. ეს სასაცილო არგუმენტი სათვალავშიც არაა ჩასაგდები - გაფასიანების შემდეგ შეიცვლება თუ არა ბოტანიკური ბაღის ფუნქცია იმისთვის, ვინც იქ შევა? რა თქმა უნდა, არა. თუ შემსვლელებისთვის ფუნქციურად არაფერი იცვლება, მაშინ გაფასიანების მომხრეებს უბრალოდ ატყუებენ, რომ ისინი ფულის გადახდის შემთხვევაში რაღაც სამეცნიერო პროცესის თანამონაწილეები ხდებიან.


ახლა დავუშვათ, რომ ადმინისტრაციას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ ყოფნის ბაღის მოსავლელად. მას შეუძლია ისარგებლოს ბოტანიკური ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით და დამატებითი თანხები მოიძიოს, ხოლო როგორც აიპს, მას ასევე აქვს გრანტებზე მუშაობის შესაძლებლობა. ამას გარდა, ზუგდიდის მერიას შეუძლია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გაზრდა - იმდენით, რამდენის უფლებასაც არსებული კანონი აძლევს. მაქსიმალური ოდენობა კანონით 40 ათასი ლარია, ზუგდიდში კი 25 ათასი ლარი. მაგრამ ამის ვერ ბედავენ. ჩვენი ბიუროკრატია გამბედავი და შეუპოვარი ღარიბებთანაა.


გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი!


რატომ უბედავენ ამდენს ზუგდიდელებს? პოლიტიკურად ეს ერთერთი ყველაზე პოლარიზებული ქალაქია. ნაცებად და ქოცებად დაყოფილ ხალხს ერთმანეთი მოკავშირედ არ ეგულება. პოლიტიკური პარტიები არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩევლებად ყოფენ ხალხს, არამედ ეს პოზიცია მათთვის სამუდამოდ აქვთ გამზადებული. სინამდვილეში ნაცის და ქოცის როლი ქვედა ფენებისთვის გამოგონილი როლია. ამ როლში ხალხის სამუდამოდ დატოვება ორივეს აწყობს - წარმოიდგინე მოქალაქე, რომელიც ნაცის იარლიყის შიშით არასდროს დაგიპირისპირდება - აკეთე რაც გინდა. და წარმოიდგინე მოქალაქე, რომელიც მოღალატის და ქოცის იარლიყის შიშით სამუდამოდ გყავს დატყვევებული. ეს მათთვის ამომრჩევლის იდეალური ტიპია. მაგრამ ამ შეთანხმებულმა მზაკვრობამ დარტყმა უნდა მიიღოს. ხალხის დიდ ნაწილს ზუგდიდში ახლა ერთი პრაქტიკული ამოცანა უდგას დღის წესრიგში - იმის მიუხედავად, ხმა ვის მისცა ბოლო არჩევნებზე, მშობლიური ბოტანიკური ბაღის გაფასიანება არ უნდა დაუშვას. ზუგდიდელების საინიციატივო ჯგუფი „ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო“ კარგ სამუშაოს ატარებს - სააგიტაციო სამუშაოს, რომელიც ქალაქს მოსვენებას არ აძლევს და ახსენებს, რომ ახლა გამოჩენილი გულგრილობა ნიშნავს ათასობით ზუგდიდელს, რომელიც გაზაფხულზე ბოტანიკური ბაღის გარეთ დარჩება - გაზაფხულზე, რომლის მოსვლის დასტურს ქალაქს ბოტანიკური ბაღი აძლევს აყვავებული, ზღაპრულად ლამაზი გარემოთი. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება გაზაფხულით ვაჭრობას აპირებს - გაზაფხული ბოტანიკურ ბაღში და, შესაბამისად, ქალაქში, მალე დადგება და მისი ნახვის შესაძლებლობა ბოტანიკურის ჭიშკართან გაიყიდება. ზუგდიდელებმა ეს არ უნდა დაუშვან.



Comments


bottom of page