top of page

უთანასწორობის ვირუსი - ვინ გამდიდრდა პანდემიით?

კონსტანტინე ჩაჩიბაია


კოვიდ 19-მა, რომელსაც უთანასწორობის ვირუსსაც უწოდებენ, ჩვენი ცხოვრების ბევრი ასპექტი გააშიშვლა. უთანასწორობის ვირუსის სახელში უნდა ვიგულისხმოთ ვაქცინაციის და ჯანდაცვის შესაძლებლობების უთანასწორობა, რაც პლანეტის მასშტაბით თვალშისაცემი გახდა მდიდარ და ღარიბ სახელმწიფოებს შორის. უთანასწორობის ვირუსმა განსხვავებული ეკონომიკური შედეგე


ბი მოუტანა სხვადასხვა კლასის ადამიანებს ერთი საზოგადოების შიგნითაც. ერთეულებისთვის პანდემია გამდიდრების მორიგი შესაძლებლობა გამოდგა, უდიდესი უმრავლესობისათვის კი - გაღარიბების მწარე რეალობა. პანდემიის მიმდინარეობისას ცხადი გახდა თუ როგორ დაასუსტა კომერციალიზაციამ საჯარო ჯანდაცვის და ზოგადად სახელმწიფოს შესაძლებლობები და კიდევ უფრო მძაფრად საგრძნობი გახდა საზოგადოებაში არსებული კლასობრივი უთანასწორობის უფსკრულიც.


მთელ მსოფლიოში ტენდენცია უცვლელი იყო: კაპიტალისტების ქონება რამდენჯერმე გაიზარდა, ხოლო პარალელურად იზრდებოდა უმუშევართა არმია. მილიარდერების სიმდიდრის ზრდის ტემპმა განსაკუთრებით შთამბეჭდავ რიცხვს აშშ-ში მიაღწია, სადაც მათ მიერ პანდემიის განმავლობაში დაგროვილმა სიმდიდრემ 4.5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. რაც უფრო მაღალ პოზიციას იკავებდა ადამიანი მსოფლიო მილიარდერების სიაში, მით უფრო მეტად გაიზარდა მისი სიმდიდრე კოვიდ-19 პანდემიის დროს. მაგალითად, ელონ მასკის სიმდიდრე პანდემიის პერიოდში 751%-ით გაიზარდა. პანდემიით იხეირეს არა მხოლოდ ამერიკელმა, არამედ პლანეტის ყველა კუთხეში მცხოვრებმა მილიარდერებმა, იქნებოდა ეს ინდოეთი, კანადა, თუ ფილიპინები. კოვიდ 19-ს მოგების გარეშე არ დაუტოვებია არც ქართველი კაპიტალისტები. პანდემიის დროს, კერძოდ, 2020 წელს, საქართველოს კომერციულ ბანკებში სესხების მოცულობა 6 მილიარდი ლარით გაიზარდა, 6 მილიარდი ლარით გაიზარდა სათამაშო ბიზნესის ბრუნვაც. 2020 წელს მოგება 85%-ით გაიზარდა კომერციული დაზღვევის სექტორში. პანდემიამ გაზრდილი ფინანსური სარგებელი მოუტანა კერძო ჯანდაცვის სისტემასაც. მაგალითად, კომერციული კლინიკების მოგება 9.3%-ით, ხოლო ფარმაცევტული კომპანიების მოგება 20%-ით გაიზარდა.


პანდემიურ პერიოდში კაპიტალისტების და მშრომელების უთანასწორობის ზრდის მასშტაბს კარგად აღწერს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის - ჯეფ ბეზოსის და ამერიკელი მშრომელების შემოსავლების შედარება. ბეზოსის მიერ პანდემიის დროს დაგროვებული სიმდიდრე - 116 მილიარდი დოლარი - 35-ჯერ აღემატება ამაზონისა და ვოლმარტის ქსელში მომუშავე 2.5 მილიონი მშრომელის ჯამურ ანაზღაურებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით 225 მილიონი მშრომელის სამუშაოზე აისახა სამუშაო საათების შემცირება ან სამუშაოს დაკარგვა. პანდემიამ საქართველოშიც ბევრ მშრომელს დააკარგინა სამსახური. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები. ჩვენთან 2020 წელს ოფიციალურად 375 000 ადამიანი დარჩა შრომით მისაღები შემოსავლის გარეშე.


ერთი მხრივ პანდემიაში ერთეულების მიერ დაგროვებული სიმდიდრის მაჩვენებელი, ხოლო მეორე მხრივ პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების რიცხვები უზარმაზარია. ამ მონაცემების მასშტაბურობამ დროებით მაინც შეუძლებელი გახადა საზოგადოებებში არსებული კლასობრივი უთანასწორობის არ შემჩნევა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაიწყო მსჯელობა საგადასახადო პოლიტიკის გადახედვაზე. არგენტინის ხელისუფლებამ პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის დანახარჯების, საბინაო პოლიტიკის, მცირე ბიზნესის დახმარებისა და სტიპენდიების გაცემის მიზნით, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანებისთვის (ანუ მათი, ვისი აქტივებიც 200 მილიონ პესოს აღემატება) ახალი ქონების გადასახადი შემოიღო. მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს არგენტინელმა კაპიტალისტებმა, მათ შორის დიეგო მარადონას ოჯახმაც. მარადონა სიცოცხლეში არ მალავდა თავის სიმპათიას სოციალისტური იდეების მიმართ, თუმცა მისი ოჯახის მოქმედება ადასტურებს, რომ კლასობრივი ინტერესები ადამიანის ქმედების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია და ზოგჯერ წინაპრის ხსოვნაზე ძლიერიცაა. კანადაში, სადაც ადგილობრივი მილიარდერის ქონება 4.448-ჯერ აღემატება სტანდარტული კანადური ოჯახის შემოსავალს, ასევე მოითხოვენ მდიდრების დაბეგვრას. პანდემიამ პოპულარულობა შემატა ე.წ. მდიდრების გადასახადის დაწესების იდეას აშშ-ში.


თუმცა, კრიზისების პერიოდში ხელისუფლებების მოქმედება ძირითადად მსხვილი ბიზნესის ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული, რაც არის კიდეც პანდემიაში ერთეულების ასეთი არნახული გამდიდრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. კრიზისების დროს მილიარდერები თავიანთი პოლიტიკური კავშირების დახმარებით იღებენ გაცილებით მეტ შეღავათს თუ საბიუჯეტო დახმარებას, ვიდრე რიგითი მოქალაქეები ან მცირე ბიზნესი. ისევე როგორც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, კოვიდ პანდემიის დროსაც ამერიკის ხელისუფლებამ მსხვილი საბიჯეტო დაფინანსება გამოყო დიდი კორპორაციების დასახმარებლად და დამატებითი შეღავათებიც დაუწესა. ეს იმდენად ტიპიური მოქმედებაა კრიზისების დროს ამერიკის ხელისუფლების მხრიდან, რომ მაგალითად, ერთ-ერთმა დეველოპერმა ნიუ ორლეანში ქარიშალ „კატრინას“ მიერ ქალაქის განადგურება შეაფასა როგორც „დიდი შესაძლებლობები“. ქალაქის აღდგენის პროექტში ჩართვით, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დანგრეული სახლების აღდგენის გაჭიანურებით, და შემდეგ ამ ქონების შესყიდვაში და გადანაწილებაში მონაწილეობით, მის წინაშე მართლაც დიდი შესაძლებლობები გადაიშალა გასამდიდრებლად, რაც გაწაფულმა კაპიტალისტმა წინდაწინვე იყნოსა. მიუხედავად პოლიტიკოსების ბიზნესის მხარდამჭერი განწყობებისა, კოვიდ პანდემიის დანაკარგები და ზარალი იმდენად მასშტაბურია, რომ სახელმწიფოებს მდიდრების დაბეგვრისკენ გაეროს გენერალური მდივანიც კი მოუწოდებს.


„ოქსფამის“ დაანგარიშებით, პლანეტის უმდიდრესი 10 ადამიანის მიერ პანდემიის პერიოდში დაგროვებული სიმდიდრე საკმარისი იქნებოდა კოვიდით გამოწვეული სიღარიბის შედეგების აღმოსაფხვრელად და დედამიწაზე ყველა ადამიანისთვის ვაქცინის შესაძენად. მაგრამ ეს მხოლოდ პანდემიური (კრიზისული) მდგომარეობა არაა. კოვიდმა შეუძლებელი გახადა იმ უთანასწორობის ვერ შემჩნევა, რაც აქამდე მიიჩნეოდა ნორმად, თავისთავად რეალობად, რომელსაც უნდა შევგუებოდით. ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ მოცემულობაში, სადაც არსებობენ მდიდრები - გამარჯვებულები და ღარიბები - დამარცხებულები; ასეთ მოცემულობაში თითოეული დამარცხებულის მარცხი მის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე დაიყვანება ნაცვლად იმისა, რომ მთავარი აქცენტი უთანასწორობის გამომწვევ მიზეზებზე დაისვას. პანდემიის დროს შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ სოციალურ გარემოს, კლასობრივ მიკუთვნებულობას უდიდესი ზეგავლენა ადამიანის ცხოვრების განვითარებაზე, მის კეთილდღეობაზე. კლასობრივი უთანასწორობა პანდემიური კრიზისით უფრო მკაფიოდ წარმოჩინდა, თუმცა თავის მოტყუება იქნებოდა იმის დაშვება, რომ მსგავსი კრიზისი პანდემიამ წარმოშვა. ის, რაც სინამდვილეა კოვიდის ეპოქაში, ასეთივე რეალური იყო მანამდეც. უამრავი ადამიანისთვის კაპიტალიზმში ცხოვრება მუდმივ კრიზისს ნიშნავს, რომელიც სამუშაოს, სახლის, ჯანმრთელობის და შედეგად, სიცოცხლის დაკარგვის საფრთხითაა დაღდასმული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ დოვლათის განაწილება სამართლიანია პანდემიის დროს, მაშინ ის სამართლიანია ყოველთვის. უთანასწორობის ვირუსი დიდი ხანია შეგვეყარა და მისი მკურნალობა კოვიდ 19-ის დამარცხების შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ.

bottom of page