top of page

თეზისები ყაზახეთზე

ბორის კაგარლიცკი


გიორგი ხასაიას თარგმანი


გეზი გთავაზობთ მარქსისტი პოლიტოლოგის, ბორის კაგარლიცკის შეფასებას ყაზახეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის თაობაზე

  1. თავდაპირველად მთავარზე ვთქვათ. პოლიტიკურ კრიზისს ყაზახეთში აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური საფუძველი, არამედ ის ასევე მჭიდრო კავშირშია საერთო კრიზისთან, რომელშიც გლობალურ დონეზე მთელი ნეოლიბერალური კაპიტალისტური სისტემა იმყოფება. ამ თვალსაზრისით მღელვარებებს ალმათისა და ამსტერდამში ერთი და იგივე ობიექტური ბუნება აქვს. მრავლისმთქმელია, რომ ყაზახეთში ამბოხის მიზეზი - საწვავზე ფასების მატება - თითქმის იგივეა, რამაც სამი წლის წინ საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის პროვოცირება გამოიწვია. მაგრამ გასაგებია, რომ ერთი მხრივ, დასავლური დემოკრატიები უფრო მოქნილები და შესაბამისად, უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ სოციო-პოლიტიკური კრიზისების მიმართ, და მეორე მხრივ - სწორედ ნედლეულის მიმწოდებელი პერიფერიული ქვეყნები, როგორებიც რუსეთი და ყაზახეთია, ყველაზე მოწყვლადები არიან. 2000-იანებში ისინი ძალიან კარგად ჩაეწერნენ სისტემაში, მაგრამ ახლა ეს სიტემა ყანყალებს. ხოლო რუსი და ბელორუსი ჩინოვნიკების ილუზია, რომ ობიექტურ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს შეიძლება რეპრესიით გაუმკლავდე, საქმეს მხოლოდ ართულებს.

  2. ყაზახეთში არ გამოვა რეპრესიული ნორმალიზაციის გამეორება ბელორუსისა და რუსეთის მსგავსად. ყაზახური ხელისუფლების ძალოვანი ბლოკი ნაკლებად განვითარებული და უფრო სუსტად ორგანიზებულია. ის საკმარისია სასტიკი, წერტილოვანი დარბევებისთვის, როგორც ჟანაოზანში 2011 წელს, მაგრამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სახალხო აჯანყების მასშტაბური ჩახშობისთვის საკმარისი ძალები მას უბრალოდ არ გააჩნია. ხოლო ყაზახეთის მოსახლეობა არ იმყოფება სულელური ილუზიების ტყვეობაში იმასთან დაკავშირებით, რომ ისე უნდა მოიქცეს, როგორც წარმოსახვით ევროპაში (აჩუქოს ყვავილები პოლიციელებს, იაროს ფანრებით და ფეხზე გაიხადოს, როცა სავარძელზე ადის). ყაზახები იქცევიან როგორც რეალური, და არა წარმოსახვითი ევროპელები - ჩხუბობენ პოლიციასთან, კეტავენ გზებს, იკავებენ ადმინისტრაციულ შენობებს.

  3. მოვლენები სრულიად სხვა საფეხურზეა, ვიდრე ბელორუსში 2020, ან რუსეთში 2011 ან 2020 წლებში. 4 იანვრის ღამეს ამბოხებულებმა დაიკავეს ალმათის ადმინისტრაცია, სახელმწიფო მმართველობის სისტემა ინგრევა, პოლიცია ტოვებს ქუჩებს, ხელისუფლება საჯარო განცხადებებს აკეთებს, მათ შორის, პოლიტიკური დათმობების (ხელისუფლების ცვლილება) შესახებ. ცხადია, ეს დროის გაყვანისა და უფრო რადიკალური ცვლილებების თავიდან არიდების მცდელობაა, მაგრამ შემობრუნების წერტილი უკვე გავლილია. ხელისუფლებას არმიის გამოყენების გარდა სხვა ვარიანტი არ რჩება, თუმცა, სამხედროების საპოლიციო ძალად გამოყენება სარისკო საქმეა - ისინი ამისთვის არ გამოდგებიან. ჯარისკაცები და უმცროსი ოფიცრები უკვე გადადიან ხალხის მხარეს, ხოლო გენერლებს შეუძლიათ, პოლიტიკოსებს საკუთარი პირობები წაუყენონ და საბანი თავისკენ გადაქაჩონ. ერთიც და მეორეც რეჟიმის კრიზისს მხოლოდ გააღრმავებს. როდესაც რევოლუციური პროცესი ასეთ ფაზას აღწევს, ელიტებში განხეთქილება პოლიტიკურად გარდაუვალია. სწორედ ამიტომ, კონტროლირებადი დაშოშმინების სცენარი უკიდურესად არადამაჯერებლად გამოიყურება. ყაზახეთში ელიტა ნაკლებად კონსოლიდირებულია ვიდრე ბელორუსში, და ნაკლებად შეშინებული ვიდრე რუსეთში. ამიტომ, ყოველი დაჯგუფება საკუთარი დღის წესრიგის გატარებას შეეცდება, ხოლო ხალხის მასები - ახალ-ახალი მოთხოვნების წამოყენებას.

  4. პროტესტი არ დაიყვანება ქუჩის გამოსვლებამდე. ამბოხს შეუერთდა მუშათა კლასი. ბელორუსში სწორედ გაფიცვებმა თითქმის გადატეხეს ვითარება და პროტესტის ლიბერალ ლიდერებს (ისევე როგორც რუსეთში) რომ არ ეცადათ მოლაპარაკებებით საქმის დასრულება, რომელზეც ხელისუფლება არ წამოვიდა - დაინახა რა ამ ლიდერების სისუსტე, არავინ იცის რა მოხდებოდა. რამდენად შეძლებს ყაზახეთში მუშათა მოძრაობა დამოუკიდებელი როლის თამაშს, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ყაზახური გამოსვლების დიდი უპირატესობა, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ ოპოზიციის სისუსტეა. ლიბერალური ოპოზიციის მიერ პროტესტის ჩაფლავების ტრადიციული სცენარი ჯერჯერობით არ განიხილება. ქუჩები და სახელოსნოები საკუთარ ლიდერებს წამოწევენ. გაართმევენ ისინი თავს საკუთარ როლს? ეს ცხადი არ არის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქვედა ფენებში სოლიდარობის განცდა ყაზახურ საზოგადოებაში ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსეთში. ამასთან, ის დამყარებულია არა მხოლოდ კლასობრივ, არამედ ასევე ოჯახურ, კლანურ და რეგიონალურ-სამეურნეო კავშირებზე. და ეს ფაქტორები ერთმანეთს აძლიერებენ. „სუფთა“ კლასობრივი ბრძოლა და „სუფთა“ პროლეტარული რევოლუცია შეიძლება მხოლოდ დილეტანტი იდეოლოგების თავში არსებობდეს, საშინაო მარქსისტული წრეებიდან.

  5. ამ დრომდე ყაზახეთი, რუსული ელიტის თვალსაზრისით, სტაბილურობისა და წესრიგის იდეალად გამოიყურებოდა. იქაური ფსევდო-ტრანზიტი კრემლის ხელმძღვანელების ზომიერი ნაწილისთვის სამაგალითო იყო (სწორედ ამ სცენარის მიხედვით მზადდებოდა კონსტიტუციური შესწორების პირველი ვარიანტი, რომელიც პუტინმა ჩაშალა, მოულოდნელად „გაანულა“). სინამდვილეში ასეთი სცენარები ადრეც არსებობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო მოფუსფუსე ექსპერტებისა და კონსულტანტების თავებში. მაგრამ ახლა დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ყაზახური აჯანყების შემდეგ რუსეთში აღარ არსებობს თეორიული საბაბიც კი, ვილაპარაკოთ რაიმე „ტრანზიტზე“. პუტინი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს მანამ, სანამ ფიზიკურად ფეხზე დგომა და ლაპარაკი შეუძლია. ნებისმიერი დისკუსია ამიერიდან აღკვეთილი იქნება, როგორც ძირგამომთხრელი - „თქვენ რა, ყაზახეთი გინდათ?“.

  6. ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები რუსეთზე უშუალო გავლენას მოახდენს. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილ თანამოქალაქეებს მეზობელი სახელმწიფოდან აღფრთოვანებითა და შურით უყურებს, არამედ კიდევ იმიტომ, რომ რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი ახლა სინამდვილეში ერთი საერთო კრიზისის ქვეშ არიან. აქ საქმე მხოლოდ რეჟიმების მსგავსებაში არ არის, რომელზეც ლიბერალი პოლიტოლოგები მიუთითებენ. არამედ პირველ რიგში რომ ეს ქვეყნები ერთად იკავებენ საერთო ნიშას ნეოლიბერალიზმის მიერ შექმნილ შრომის გლობალურ დანაწილებაში. სწორედ ამიტომ, სიღრმისეული პროცესები მსგავსია, მიუხედავად პოლიტიკურ რეჟიმებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებებისა. ბელორუსსა და რუსეთში განხორციელებული რეპრესიები გამოწვეულია არა უბრალოდ პუტინისა და ლუკაშენკოს ბოროტი ბუნებით, არამედ სოციო-ეკონომიკური ვითარების გამოუვალი მდგომარეობით. ყაზახეთის სიტუაციამ აჩვენა, რამდენად წარმოსახვითი შეიძლება იყოს რეჟიმის მხარდაჭერის ილუზია მსგავს გარემოებებში.

  7. რეჟიმი, რომელიც ავტორიტარული სტაბილურობის მაგალითად ითვლებოდა, წლების მანძილზე შენდებოდა, ტოტალურად აკონტროლებდა მედია-სივრცეს და საკუთარი ოპოზიციის ფორმირების მცდელობებიც კი არ დაჭირვებია, ჩვენს თვალწინ იშლება. ორდღიანი მასობრივი გამოსვლები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ასეთი ძალისხმევით ნაგებ შენობას ნგრევა დაეწყო. და ეს მხოლოდ ყაზახეთს არ ეხება. კრიზისის გეოგრაფიული გაფართოვება მხოლოდ დროის ამბავია. რუსული საზოგადოება არა მხოლოდ უფრო შეშინებული, არამედ უფრო დაქსაქსულიცაა. ამიტომ ყაზახური სცენარის გამეორება აქ ნაკლებსავარაუდოა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მმართველი წრეები შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას. ამისთვის მათ არ აქვთ არც რესურსები, არც დრო, არც შესაძლებლობა.


ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, გეზი კვლავაც შემოგთავაზებთ ამ მოვლენების შესახებ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებას.

bottom of page