top of page

ყაზახეთის მშრომელთა ორგანიზაციის ,,წითელი იურტის" პოზიცია

გიორგი ხასაიას თარგმანი



მომხდარზე


0. ყაზახი ხალხი გმინავს ბურჟუაზიის უღელქვეშ. დევალვაციის ყოველი ტალღა, ფასების მორიგი მატება მშრომელებს ურტყამს. გადახედეთ ბოლო თვეების შრომის ქრონიკებს და ნახავთ: კაპიტალისტები, ართმევდნენ რა მშრომელებს საბჭოთა ხელისუფლების მონაპოვარს, მიერეკებოდნენ მათ სიღარიბეში, სასოწარკვეთასა და გაბოროტებაში. სოციალური შეღავათების მუდმივი შეკვეცა, ჯარიმები, სულ უფრო კლებადი შრომის ანაზღაურება და უკიდურესი უსამართლობა უსასრულოდ უპასუხოდ ვერ დარჩებოდა. დროებითი სიჩუმე ხალხის უსაზღვრო მოთმინების შთაბეჭდილებას კი ტოვებდა, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ ქარიშხალი ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ამოვარდნილიყო და ასეც მოხდა.


1. მღელვარებას, რომელმაც დიდი ქალაქები და პატარა დასახლებული პუნქტები მოიცვა, გაფიცვების მთელი რიგი უძღოდა წინ. მშრომელები ჯანყდებოდნენ შრომის პირუტყვული პირობებისა და მიზერული ხელფასების წინააღმდეგ. ცხადია, სახალხო მასების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვისთვის საბრძოლველად უბიძგებს. ცნობილია, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ბრძოლა ყოველთვის გადაიზრდება პოლიტიკურში. თუმცა, არავინ ელოდა, რომ მოვლენები ამდენად მასობრივ და სწრაფ ხასიათს მიიღებდა. ერთი შეხედვით, მორიგი ლოკალური, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ერთ პატარა ქალაქში თხევად აირზე ფასების მატებით გამოწვეული უკმაყოფილების ამოფრქვევა რამდენიმე დღეში გადაიზარდა პროტესტში, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ჟანაოზენელებს ახსოვთ ათი წლის წინანდელი ხოცვა-ჟლეტა, მათ ისევ გაბედეს მოედანზე გამოსვლა. ამჯერად მათ თავიდან სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს პატარა დასახლებებმა, მოგვიანებით კი მსხვილმა ქალაქებმა. სულ მალე კი ჟანაოზენმა მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო. ხელისუფლებამ უკან დაიხია, მაგრამ ეკონომიკურ ლოზუნგებს ახლა პოლიტიკურიც დაემატა - საუბარი გაცდა გაზს და მმართველი რეჟიმის ცვლილებას შეეხო.


2. მოულოდნელად, ჟანაოზენს შეუერთდა ახლომდებარე რეგიონული ცენტრი - აქთაუ. მოგვიანებით ადამიანებმა შეკრება დაიწყეს დასავლეთ ყაზახეთის სხვა ქალაქებშიც. მალევე ადამიანები ორივე დედაქალაქის (ალმათი და ასტანა) ქუჩებში გამოვიდნენ პროტესტის მხარდასაჭერად. გამოსვლებს ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ბოლო ღამეს ალმათიში მასობრივ არეულობებში გადაიზარდა.


3. ხელისუფლებამ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოზიცია დაიკავა. 4 იანვარს, დღისით მათ განაცხადეს, რომ გაზის ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდებოდადა ხელისუფლება გადადგებოდა, თუმცა მეორე ხელით ახშობდნენ კომუნიკაციის საშუალებებს, კეტავდნენ ქალაქის შემოსასვლელებს, შემოიყვანეს სპეცტექნიკა, აჟღერებდნენ დაპატიმრების მუქარებს. ბევრ ქალაქში უკვე დაშალეს მიტინგები და, რაც მთავარია, ორივე დედაქალაქში შედარებით სიმშვიდეა.



თეორიები


1. კონკურენტები


როცა ჟანაოზენში პირველი პროტესტები დაიწყო, ლიბერალებმა ძველი სიმღერა შემოსძახეს, რომ თითქოსდა თავად მშრომელები კი არ აპროტესტებენ რამეს, არამედ ეს ადამიანები კონკურენტი კორპორაციებისა და ფირმებისგან იმართებიან. რა თქმა უნდა, მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ფასების საახალწლო მატება ნადვილად მკვეთრი და უსაფუძვლო იყო. ადამიანებისთვის ცხადი ხდება, რომ გაზის ფასის მატებასთან ერთად მოიმატებს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტის ფასიც. ყბადაღებული საშუალო კლასი ღარიბდება, ხოლო ღარიბები ღატაკდებიან.


2. ოპოზიცია

არაერთი წელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მაუწყებლობს ოდიოზური გაქცეული ოლიგარქი მუხტარ აბლიაზოვი - ნავალნისა და ხოდორკოვსკის თავისებური ნაზავი. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთში ის კანონგარეშედაა გამოცხადებული, ფინანსური ბერკეტების წყალობით აბლიაზოვს ქვეყანაში თავისი ხელის ორგანიზაცია ყავს. ასევე, ყაზახეთში ძლიერია ნაციონალისტური მოძრაობები. ორივე ძალამ მაშინვე სცადა სახალხო პროტესტების სათავისოდ გამოყენება და საკუთარი ლოზუნგების თავს მოხვევა. აბლიაზოვმა ჯერჯერობით მხოლოდ საინფორმაციო ხმაური გამოიწვია, ხოლო მამაი - ერთერთი მთავარი ნაციონალისტი - პოლიციელებმა დააკავეს.


უკმაყოფილოთა სტიქიურობა და არაორგანიზებულობა იმაზე მიუთითებს, რომ თავდაპირველად ეს გამოსვლები არავის მიერ არ იყო მართული. ეს ნამდვილად უწესრიგო, თუმცა სახალხო გამოსვლებია. მაგრამ შემდეგ გაჩნდა აგრესიული ვექტორი, მიმართული არეულობისა და ვანდალიზმისკენ, რომელიც, როგორც ჩანს, ზემოთხსენებული ოპოზიციური ძალების მიერაა ორგანიზებული.


3. პროვოკატორები


ალმათიში, საპროტესტო ტალღის მასშტაბების ზრდის პარალელურად იზრდებოდა პროტესტის სისასტიკე. გამოჩნდნენ სხვადასხვა ჯურის პროვოკატორები და წამქეზებლები. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ადამიანები სახელმწიფო მოხელეები იყვნენ, რომლებიც ნიადაგს უმზადებენ პოლიციისა და სამხედროების გადამწყვეტ მოქმედებებს.


4. მოსკოვის/დასავლეთის/პეკინის/ვაშინგტონის/ ერდოღანის ხელი

რა თქმა უნდა, ნებისმიერ პროტესტში პოულობენ გარე ძალებს. უკვე ჟანაოზენის გაფიცვის შემდეგ გაჩნდა უამრავი ვარაუდი და მცდელობა, კავშირის არმქონე მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირების და ბრალის დადების ნებისმიერი ვინმესი, გარდა არჩეული ეკონომიკური მოდელისა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მიმდინარე გაფიცვებისა და პროტესტებისგან რომელიმე ქვეყანა რამეს მკაფიოდ მოიგებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყაზახეთი ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად გახსნილი ქვეყანაა - აქ ჩინური, რუსული, ამერიკული და ბრიტანული კომპანიები ისე უფროსობენ, როგორც საკუთარ სახლში. დამატებით რაიმეს მიტაცება საჭირო არ არის. სასურველი ხელისუფლების წყალობით ისედაც ყველაფრის ყიდვა შეიძლება.


5. ყაზახური ხელისუფლების მზაობა


ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნაზარბაევი იანუკოვიჩი არ არის, ის უმალ პინოჩეტია. თუ ხალხისთვის სროლა გახდება საჭირო, ნაზარბაევი ამას უყოყმანოდ გააკეთებს, „დასავლელი პარტნიორების“ მოურიდებლად. ეს ხისტი, აღმოსავლელი ტირანია და ლუკაშენკოს ტიპის ცბიერი პოლიტიკოსი.



წითელი იურტის (ყაზახეთის მშრომელთა ორგანიზაცია) პოზიცია


1. ჩვენ უპირობოდ მხარს ვუჭერთ ყაზახ მშრომელებს და მათ სამართლიან მოთხოვნებს. დროა, ოლიგარქებმა და მათი ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ ხალხის საჭიროებებს ყური დაუგდონ!


2. თავად პროტესტს ჩვენ, როგორც ორგანიზაცია ჯერ კიდევ ვერ შევუერთდებით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არ გაგვაჩნია სახალხო მასების ფართო მხარდაჭერა, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მიმდინარე კონფლიქტის კლასობრივ ხასიათს. ამას ხელი შეუწყო ათწლეულების მანძილზე მიმდინარე ანტიკომუნისტურმა პროპაგანდამ. თუ ჩვენ ახლა ქუჩაში გავალთ, ნაციონალისტებისა და პროდასავლური ოპოზიციონერების სათამაშოდ ვიქცევით. ადამიანები, რომლებიც სერიოზულად ამტკიცებენ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ქუჩაში და „დღის წესრიგი ხელში ჩავიგდოთ“, უბრალოდ ფანტაზიორები არიან.


3. არსებული ყაზახური ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც კი, რაც ნაკლებსავარაუდოა, ჩვენთვის, კომუნისტებისთვის პრინციპულად არაფერი შეიცვლება, უბრალოდ საბალახოდ სხვები მოვლენ.


4. ჩვენ ვეწინააღმდეგებით სახელმწიფო გადატრიალებას არსებული წესრიგის ცვლილების გარეშე! ჩვენ ვემხრობით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების რადიკალურ გარდაქმნას, რომელიც მშრომელი უმრავლესობის ცხოვრებას გააუმჯობესებს, მისცემს მათ სოციალური დაცულობის გარანტიას და ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე. პრობლემა ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებებში კი არაა, არამედ მთელ მსოფლიოში გაბატონებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში. ხოლო მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ამას მთელი ხალხი აცნობიერებს და მხოლოდ სხვა ქვეყნების მშრომელებთან კავშირით. სწორედ ამაზე მოგვიწევს მუშაობა.



ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, გეზი კვლავაც შემოგთავაზებთ ამ მოვლენების შესახებ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებას.


Comments


bottom of page