ანნა კამლაძის თარგმანი

როზა ლუქსემბურგმა ეს წერილი ციხეში, 1917 წლის 5 მარტს დაწერა.
ჰანს დიფენბახს
ვრონკე, პოზენი, 5 მარტი, 1917
(ამ დღის საზეიმოდ) [1]
ჩემო ძვირფასო ჰანშენ!
შენი ვარაუდი ჩემი იმპულსური ბუნების, ახალგაზრდულობისა და მსგავსი მაამებლობების შესახებ მცდარ დაშვებაზეა დაფუძნებული. უპირველეს ყოვლისა, დაგიწერე რვაგვერდიანი, მშვენიერი წერილი და მერე უბრალოდ გადავწყვიტე, აღარ გამომეგზავნა (ამის დასამტკიცებლად, გიგზავნი ნახატს, რომელიც იმ წერილს ამშვენებდა - ვფიქრობ, მოგეწონება). მეორე რაც უნდა ითქვას, მე ვცხოვრობდი ქრონიკული ილუზიით, რომელიც ჩემი მგზნებარე ლტოლვით იყო გამოწვეული და ველოდი, რომ ერთ დღესაც აქ აუცილებლად მეწვეოდი. თუმცა, როგორც ჩანს, ჰერ ფონ კესელმა [2] აღმოაჩინა, რომ ჩემთვის ყველაზე მტკივნეული გზებით დარტყმის მოყენების შანსი აქვს და ახლა სურს გამომცადოს, რათა ნახოს, შემიძლია თუ არა ,,გავუძლო’’ ყველაფერ ამას. გთხოვ, ნუ აქცევ ამ ,,გასაძლისობას’’ უფრო აუტანლად შენი ჩემზე გაბრაზებით, კვლავ დაუღალავად განაგრძე ჩემთვის მოწერა, იყავი კეთილი, მოსიყვარულე და მომთმენი მაშინაც კი, თუ ამის ღირსი არ ვარ - შენ ეს ყოველთვის კარგად გამოგდიოდა.
სინამდვილეში, ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივარ. ყველაფერი ისე მეორდება, როგორც ეს შარშან, ბარნიმის ქუჩაზე მოხდა. შვიდი თვის მანძილზე თავი მტკიცედ მეჭირა, მაგრამ მერვე, მეცხრე [თვეში] უეცრად ნერვებმა მიმტყუნა; ჩემი აქ ცხოვრების ყოველი დღე მესახება, პატარა მთად, რომელზე აცოცებასაც დიდ შრომას ვანდომებ და ყოველგვარი მცირე წვრილმანიც კი საშინლად მაღიზიანებს. ხუთი დღეც და ჩემი მარტოობის მეორე წლის რვა თვე გასრულდება. რა თქმა უნდა, როგორც ეს შარშან მოხდა, გამოცოცხლება თავისით მოვა, მითუმეტეს ახლა, როცა გაზაფხული ასე ახლოა. სხვათა შორის, ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი ასატანი იქნებოდა, ჩემივე შემუშავებული ძირითადი წესი რომ არ დამვიწყებოდა: მთავარია იყო კეთილი და კარგი! ასე მარტივად, იყო კარგი - წყვეტს და აერთიანებს ყველაფერს და სჯობს ყოველგვარ ჭკუას და ვნებას ,,იყო მართალი’’. მაგრამ ვინღა გამახსენებს ამ ყოველივეს ახლა, როცა მიმი [კატა] აქ არ არის? აქამდე იმდენჯერ დავუყენებივარ სწორ გზაზე თავისი დაჟინებული, უხმო მზერით, რომ ყოველთვის მიწევდა კოცნით მომეგუდა (შენი აზრების საწინააღმდეგოდ!) და მეთქვა: მართალი ხარ, მთავარია იყო კეთილი და კარგი. ასე რომ, თუ ხანდახან ჩემი საუბრის ან დუმილისგან შეამჩნევ, რომ მე ვარ საწინააღმდეგო ან საზიზღარი, უბრალოდ შემახსენე მიმის ჭეშმარიტი გამონათქვამი - და თავადაც მომეცი მაგალითი: იყავი კეთილი და კარგი, თუნდაც ამას არ ვიმსახურებდე.
ახლა, უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა - სია საკმაოდ გრძელია - ბუკლეტებისთვის, საქარინისთვის (რომელსაც ბონუსით გიბრუნებ, რადგან დიდი მარაგი მივიღე და შენ თვითონაც გჭირდება), სურათისთვის, თერმომეტრისთვის, ტკბილეულისთვის, ორი უახლესი წიგნისა და რომის იმპერატორების პორტრეტებისთვის, რომლებიც თავიანთი გრაფიკული [ნეგატიური] მაგალითით ასწავლიან რესპუბლიკის რწმენის ხელახლა დადასტურებას. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მადლობა შენი წერილებისთვის, რომლებიც დიდ ნუგეშს მაძლევენ. ძალიან სახალისო იყო ვრონკეში შენი ეპიკური თავგადასავლის წაკითხვა; თუმცა ძალიან ცუდია, რომ შენთან ერთად არ ვიყავი და მას სინათლის ერთი სხივიც კი ვერ გამოვტაცე. თუმცა, ჩემი სიხარული განსაკუთრებით მღელვარედ აქცია იმ წერილმა, რომელშიც მთელი შენი მზაკვრული ხელოვნებით ცდილობ, მაცდუნო, რომ ერთ დღესაც ჰებელი წავიკითხო და ამ მზაკვრობის გზით წინასწარ ტკბები სიურპრიზით [რადაც ეს ნამდვილად გადაიქცეოდა], რომელიც ჩემს უმეცრებას ახდის ფარდას. როგორ მიხარია, რომ ისევ ძველებური ჰანშენი რჩები და ვერც კი უშვებ, რომ შეიძლება, ვიცოდე ისეთი რამ, რაც შენ არ გისწავლებია. ო, ჰანესელეინ, მე უფრო დიდი ხანია ვიცნობ ჰებელს, ვიდრე შენ გიცნობ. მე ის ვითხოვე მერინგისგან, ჩვენი მეგობრობის ყველაზე ცხელ პერიოდში, როცა სტეგლიცსა (სადაც მერინგი ცხოვრობდა) და ფრიდენაუს (სადაც მე ვსახლობდი) შორის მონაკვეთი ჰგავდა ტროპიკულ მიწას, რომელზეც პირველყოფილი სპილოები [Elephas primigenius] ბალახს ძოვენ და აწოწილი ჟირაფები პალმის ტოტებს იღეჭებიან. სწორედ მაშინ, მე წავიკითხე „აგნეს ბერნაუერი’’, „მარიამ მაგდალელი’’, „ივდითი’’, „ჰეროდე და მარიამი’’. დანარჩენები აღარ წამიკითხავს, რადგან ტროპიკული პერიოდი გამყინვარებით დასრულდა და ჩემს გერტრუდს [ზლოტკო] სტიგლიცში ნათხოვარი წიგნებითა და ადრე მიღებული საჩუქრებით სავსე სარეცხის კალათით მოუწია გამგზავრება. მსგავსი ამანათი მეც მივიღე. ეს გაცვლა ჩვენი თითოეული გაუცხოების თანმხლები მოვლენა გახდა. ასე რომ, მე ვიცნობ და პატივს ვცემ ჰებელს, თუმცა გრილპარცერი და კლაისტი მირჩევნია. ინტელექტსა და მწერლობის ფორმას ვერ დავუწუნებ, მაგრამ მის პერსონაჟებს სიცოცხლე და ძარღვი აკლიათ. ისინი უბრალო ტრაფარეტები არიან. კარგად მოფიქრებული და დამუშავებული, მაგრამ მაინც მხოლოდ კონკრეტული პრობლემის ილუსტრაციის მექანიზმები. თუკი ჩემი გახარება გინდა, იქნებ ჰებელი გრილპარცერით ჩავანაცვლოთ? ეს უკანასკნელი ძალიან მიყვარს. ნეტავ შენ თუ იცნობ და აფასებს მას?! თუ დიდებული რამის წაკითხვას გადაწყვეტ, მის ივდითს გაეცანი. [3] შექსპირივით მოხერხებეულია, მაგრამ მსგავსად ნაზი პოეტური კალამი შექსპირსაც კი არ ჰქონდა. ირონიულია, რომ თავად გრილპარცერი უინტერესო სამთავრობო მოხელე და მოსაწყენი კაცი იყო. (შეგიძლია მისი ავტობიოგრაფია ნახო, რომელიც თითქმის ისეთივე მდარეა, როგორიც ბებელის.)
შენ რას კითხულობ? ახალი წიგნები გჭირდება? მე მაქვს რამდენიმე, რომელსაც სიამოვნებით გადმოგცემდი. პირველ რიგში, არ ვიცი უკვე იცნობ თუ არა, გერჰარტ ჰაუპტმანის „ემანუელ ქვინტი’’. ჰანს თომას მიერ დახატული ქრისტე გინახავს? სწორედ ასე წარმოიდგენ იესოს კითხვისას. მაღალს, გამხდარს, წითელი ნათებით შემოსილს, რომელიც პურის ყანაში მიაბიჯებს და ორივე მხრიდან ადევნებული მეწამული ნათელი ვერცხლისფერ თავთავებს ელიცლიცება. [წიგნში] უამრავ პრობლემას შორის, ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა, რომლის განსახიერებაც იქამდე არსად შემხვედრია, თუმცა ცხოვრებაში მწარედ გამომიცდია. ეს არის ტრაგედია მოძღვრისა, რომელმაც იცის, რომ მის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა დაიგრიხება, ფორმას შეიცვლის მსმენელების გონებაში და კარიკატურად გადაიქცევა. სწორედ ამ კარიკატურის გამოისობით, მოძღვარს წრეში მოაქცევენ მოციქულები და უხეშად მიმართავენ:
- სასწაული გვიჩვენე. შენ ხომ ეს გვასწავლე?! სად არის სასწაული?
ჰაუპტმანი ამას ბრწყინვალედ წარმოაჩენს. ჰანშენ, ადამიანის შესახებ საბოლოო წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია. ყველას შეუძლია, სასიამოვნოდ ან უსიამოვნოდ გაგვაოცოს. ჰაუპტმანი ერთი ყოყლოჩინა ბრიყვი მეგონა, მისი ღრმა, დიადი წიგნი კი მანდომებს რომ მგზნებარი წერილი გავუგზავნო. ვიცი, რომ შენ დამეთანხმები, როგორც მაშინ, როცა გინდოდა რიკარდა ჰუხისთვის მიმეწერა, თუმცა, მსგავსი აღსარებებისთვის მეტისმეტად მორცხვი ვარ. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ შენ გაგენდე.
კიდევ ათასი რამე მაქვს შენთვის სათქმელი. ბოლოს და ბოლოს, როდის მომინახულებ? სიყვარულით, [4]
შენი რ.
[P.S.] გთხოვ, ჩემი უდიდესი მადლობა გადაეცი მარჩს [ლუსკისს] კელერმანის ინგებორგისა და საუკეთესო სურვილების გამო. ვიმედოვნებ, რომ მათ სამფლობელოში სტუმრობას ერთ დღესაც მოვახერხებ და მომხიბლავ იაგოდასაც გავიცნობ.
შენიშვნები:
[1] 5 მარტი როზა ლუქსემბურგის დაბადების დღეა.
[2] გენერალი გუსტავ ფონ კესელი ბრანდერბურგის მარშის უმაღლესი მეთაური იყო. სწორედ მისი უფლებამოსილების ქვეშ დაატყვევეს ლუქსემბურგი ,,სამხედრო დაცვითი პატიმრობის ქვეშ’’ მყოფის სტატუსით.
[3] ლუქსემბურგი გრილპარცერის ფრაგმენტს გულისხმობდა, სახელწოდებით ესთერი.
[4] ამ ნაწილში ლუქსემბურგმა გამოიყენა აბრევიატურა Herzl., რაც სავარაუდოდ, გულისხმობდა Herzlich-ს, ინგლისურ ენაში გამოყენებულია აბრევიატურა Aff ’ly, ხოლო ქართულად აბრევიატურის გარეშე, პირდაპირ გამოყენებულ იქნა სიტყვა სიყვარულით.
მოცემული წერილი ამონარიდია კრებულიდან როზა ლუქსემბურგის წერილები.