ვოლოდიმირ არტიუხი
თორნიკე ჭუმბურიძის თარგმანი

ფოტო: გენია სავილოვი/Getty Images
ვოლოდიმირ არტიუხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ასევე გამოცემის Commons: Journal of Social Critique სარედაქციო საბჭოს წევრია.
აქ, პოსტ-საბჭოთა სამყაროში, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ თქვენგან. ,,ჩვენ’’ ვართ ატომიზებული ან მყიფედ ორგანიზებული კომუნისტები, სოციალ-დემოკრატები, ანარქისტები, ფემინისტი მეცნიერები და აქტივისტები კიევში, ლვივში, მინსკში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და სხვა ადგილებში, სადაც ახლა ომისა და პოლიციური ძალადობის საზარელება მეფობს. მას შემდეგ, რაც ჩვენი მარქსისტული ტრადიცია სკლეროტიზაციამ, დეგრადაციამ და მარგინალიზაციამ გამოხრა, ,,კაპიტალის’’ კომენტარების კითხვა ინგლისურად დავიწყეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თქვენს ანალიზებს ვეყრდნობოდით ამერიკის ჰეგემონიის, კაპიტალის აკუმულაციის ნეოლიბერალური ფორმების აღმოცენების და დასავლური ნეოიმპერიალიზმის გასააზრებლად. შთაგვაგონებდა დასავლური სოციალური მოძრაობებიც, ალტერგლობალიზმიდან ომის მოწინააღმდეგე პროტესტებამდე, ,,ოქუფაი ვოლ სთრითიდან’’ ,,ბლექ ლაივზ მეთერამდე’’.
ჩვენ ვაფასებთ იმას, თუ როგორ ცდილობდით სამყაროს ჩვენი კუნჭულის თეორიზებას. მართებულად აღნიშნავდით, რომ აშშ-მ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ და ეკონომიკურად პროგრესულ შესაძლებლობებს რუსეთში და მის მიღმა. ისიც მართალია, რომ აშშ-მ და ევროპამ ვერ შექმნეს უსაფრთხოების ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს მოიცავდა. ჩვენს ქვეყნებს კარგა ხანია უწევთ ადაპტირდნენ, დათმონ, დამამცირებელ პირობებს დათანხმდნენ. ამ ყველაფერზე მიგვითითებდით თანაგრძნობით, რომელიც რომანტიზებასთან იდგა ახლოს და, ხშირად, ჩვენ ამას გვპატიობდით.
დაბომბილი ხარკივი თქვენგან ნასწავლის შეზღუდულობას გვაჩვენებს. ეს ცოდნა ამერიკული ჰეგემონიის პირობებში შეიქმნა; ჰეგემონიის, რომელმაც თავის ლიმიტებს რუსეთის მიერ სისხლის მოხაზულ მიჯნებთან მიაღწია. აშშ-ს აღარ შეუძლია თავისი მიზნები საერთო ინტერესებად წარმოუდგინოს რუსეთსა და ჩინეთს ან სამხედრო ძალით დაიმორჩილოს ისინი. მისი ეკონომიკური ბერკეტებიც აღარ არის ძველებურად ძლიერი. ბევრი თქვენგანის მტკიცებების საპირისპიროდ, რუსეთი არ რეაგირებს, აღარ ადაპტირებდა, აღარ თმობს; მან აგენტობა დაიბრუნა და ძალუძს, თავის გარშემო სინამდვილე განსაზღვროს. რუსეთის მეთოდები განსხვავდება ამერიკულისგან; ისინი ჰეგემონური არ არის, ,,რბილ ძალას’’ და ეკონომიკას კი არა, შიშველ ძალადობას ეყრდნობა. თუმცა, შიშველი ძალადობა მძლავრი იარაღია: თქვენც კარგად იცით ეს ლათინურ ამერიკაში, ერაყში, ავღანეთში, მსოფლიოს გარშემო ამერიკის ქმედებების გამოისობით. რუსეთმა ამერიკული იმპერიალიზმის ძალადობრივი ინფრასტრუქტურა ისე გადაამღერა, რომ მისი ჰეგემონური ბირთვი არ შეუნარჩუნებია.
და მაინც, მიბაძვა დამოკიდებულობას არ ნიშნავს. რუსეთი ავტონომური აგენტი გახდა; მის მოქმედება შიდა პოლიტიკური დინამიკა განაპირობებს და, დღეს, ამ მოქმედების შედეგები დასავლური ინტერესების საწინააღმდეგოა. რუსეთი განსაზღვრავს სამყაროს თავის გარშემო, ადგენს წესებს ისე, როგორც აშშ ადგენდა; ოღონდ - სხვა საშუალებების გამოყენებით. დერეალიზაციის განცდა, რომელიც ბევრ მიმომხილველს იპყრობს - ,,ეს არ ხდება ჩვენს თავს’’ - გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის მოქიშპე ელიტებს შეუძლიათ, თავიანთი ფანტაზიები მოგვახვიონ თავს, მიწიერ მოცემულობებად გარდაქმნან ისინი, სხვები აიძულონ, რომ ეს ფანტაზიები მიიღონ. ამ ფანტაზიებს აშშ და ევროპა ვეღარ განსაზღვრავენ; ეს რეაქცია კი არა, ქმნის აქტია.
შევეჩეხე რა ,,წარმოუდგენელს’’, ვხედავ, როგორ აკეთებს დასავლური მემარცხენეობა იმას, რაც ყოველთვის ყველაზე კარგად გამოსდიოდა: აანალიზებს ამერიკულ ნეოიმპერიალიზმს, ნატოს გაფართოებას. ეს ანალიზი საკმარისი აღარ არის, რაკი ვერ ახსნის სამყაროს რომელიც დონბასის და ხარკივის ნანგრევებიდან ამოიზრდება. სამყაროს ერთიანად ვერ მოიხელთებს მისი აღწერა ამერიკის ქმედებებით განპირობებულად ან მათზე რეაქციად. მან საკუთარი დინამიკა შეიძინა და აშშ და ევროპა ბევრ არეალში თავად არიან რეაგირების რეჟიმში. თქვენ შორეულ მიზეზებს განმარტავთ ნაცვლად იმისა, რომ მზარდი ტენდენციები შეამჩნიოთ.
ამიტომაც, ჩემთვის საგულისხმოა რომ სამყაროს ჩვენ კუნჭულში მიმდინარე დრამატული პროცესების განხილვისას, თქვენ ისინი თქვენივე მთავრობების და ბიზნეს ელიტების საქმიანობაზე რეაქციამდე დაგყავთ. თქვენგან ყველაფერი ვისწავლეთ აშშ-ს და ნატოს შესახებ, მაგრამ ეს ცოდნა ძველებურად გამოსადეგი აღარ არის. შესაძლოა, სათამაშო დაფას მართლაც აშშ-მ მისცა ფორმა, მაგრამ უკვე სხვა მოთამაშეებიც ამოძრავებენ ფიგურებს და ახალ კონტურებსაც მოხაზავენ წითელი მარკერით. აშშ-ცენტრული განმარტებები საკმარისი აღარ არის. ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც მემარცხენეები წერდნენ და ამბობდნენ აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის შარშან გამძაფრებულ კონფლიქტზე. განხილვების უმეტესობა საშინლად აცდენილი იყო სინამდვილეს, ბევრად უფრო - ვიდრე მეინსთრიმული განმარტებები. მათ ვერაფრის წინასწარმეტყველება ვერ შეძლეს.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დასავლური მემარცხენეობა ეთნოცენტრიზმში დავადანაშაულო. მისი პერსპექტივის შეზღუდულობაზე მინდა მივუთითო. ომის ორომტრიალითა და ფსიქოლოგიური სტრესით გათანგულს, უკეთესი პერსპექტივის შემოთავაზება არ ძალმიძს. მხოლოდ დახმარება შემიძლია ვითხოვო. დახმარება იმაში, რომ, სამყაროს ჩვენს კუნჭულში წარმოშობილი ცოდნის გათვალისწინებით, ამჟამინდელი სიტუაციის თეორიულად მოხელთება შევძლოთ. Us-plaining [1] არც იმდენად სასარგებლოა ჩვენთვის, როგორიც გგონიათ. გვჭირდება ძალისხმევაც, რომ აღმოსავლური მარქსიზმის ნანგრევებს და დასავლური მარქსიზმისგან კოლონიზებას დავაღწიოთ თავი. ამ გზაზე შეცდომებს ვუშვებთ და თქვენ შეიძლება ნაციონალიზმი, იდეალიზმი, პროვინციალიზმი დაგვდოთ ბრალად. ისწავლეთ ამ შეცდომებისგან: ახლა თქვენ კიდევ უფრო პროვინციულები ხართ და დიდია ცდუნება, ზერელე მანიქეველობაში გადაეშვათ.
თქვენ ახლა მოგიწევთ რეაგირება ომზე, რომელიც თქვენს ქვეყნებს არ წამოუწყიათ. იმ თეორიული წინაღობების გათვალისწინებით, რომლებზეც ზემოთ მივუთითე, ომის საწინააღმდეგო გზავნილის ფორმულირება ადვილად არ გამოვა. ერთი რამ მტკივნეულად ცხადია: შეგიძლიათ, ომის შედეგებთან გამკლავებაში დაგვეხმაროთ, თუ უკრაინიდან ლტოლვილებს გაუწვდით ხელს, მათი პასპორტის და კანის ფერის მიუხედავად. ასევე შეგიძლიათ, მოსთხოვოთ თქვენს მთავრობებს, რომ უკრაინის საგარეო ვალი გააუქმონ და ჰუმანიტარული დახმარება გამოგზავნონ.
არ მისცეთ ნაძალადევ პოლიტიკურ პოზიციებს საშუალება, ამ სიტუაციის ანალიზი ჩაანაცვლონ. მაქსიმა, რომ მთავარი მტერი თქვენსავე ქვეყანაშია, არ უნდა ითარგმნოს იმპერიალიზმებს შორის დაპირისპირების ნაკლოვან ანალიზად. ამ ეტაპზე, ნატოს დაშლისკენ, ან, საპირისპიროდ, მასში რომელიმე ქვეყნის მიღებისკენ მოწოდებები ვერ დაეხმარებიან მათ, ვისაც უკრაინაში ბომბები ხვდება და მათ, ვინც რუსეთის და ბელარუსის ციხეებში იტანჯებიან. ლოზუნგებით აზროვნება ახლაც ისევე საზიანოა, როგორც ყოველთვის. უკრაინელების ან რუსების ფაშისტებად მონათვლა მხოლოდ პრობლემის ნაწილად გაქცევთ და არა გამოსავლის. რუსეთის გარშემო ახალი სინამდვილე აღმოცენდება, განადგურებისა და სასტიკი რეპრესიების სინამდვილე. სინამდვილე, სადაც ბირთვული კონფლიქტი წარმოუდგენელი სულაც აღარ არის. ბევრ ჩვენგანს თვალთახედვიდან გამორჩა ის ტენდენციები, რომლებმაც ამ სინამდვილემდე მიგვიყვანა. და ახლა, ომის ქარბუქში, ახალი სინამდვილის კონტურებს ვერ ვარჩევთ. ისე ჩანს, რომ ვერც - აშშ-ს და ევროპული ქვეყნების მთავრობები.
ამ სინამდვილეში, ჩვენ, პოსტ-საბჭოთა მემარცხენეებს, განუზომლად ნაკლები ორგანიზაციული, თეორიული, და, მარტივად, სასიცოცხლო რესურსი გვექნება. თქვენ გარეშე ჩვენ გადარჩენა გაგვიჭირდება. ჩვენ გარეშე თქვენ კიდევ უფრო მიუახლოვდებით უფსკრულის კიდეს.
შენიშვნები:
[1] შედგენილი სიტყვა და სიტყვებით თამაში. US (United States) - შეერთებული შტატები და explaining - ახსნა, განმარტება. ალუზიაა ფემინისტური ტერმინზე mansplainng - ფენომენზე, როცა მამაკაცები ვრცლად განუმარტავენ ქალებს იმას, რაც მათ ისედაც კარგად იციან. ტექსტში Us-plaining კიდევ რამდენჯერმე გვხვდება, მათ შორის - სათაურშიც. სხვაგან ვარჩიე, აზრობრივად ჩამენაცვლებინა (მთარგმნელის შენიშვნა).