top of page

ჩინეთი კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის მოლოდინში


ფოტო: AP News.


ავტორი: გიორგი ქართველიშვილი


ჩინეთის კომუნისტური პარტია ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენისათვის ემზადება. პეკინის დიდ სახალხო დარბაზში, 2022 წლის 16-22 ოქტომბერს, პარტიის მე-20 ყრილობა უნდა გაიმართოს. ყრილობიდან არა მხოლოდ გავიგებთ თუ ვინ იქნება ჩინეთის კომუნისტური პარტიის სათავეებში მომდევნო ხუთი წლით, არამედ მისი შედეგი განსაზღვრავს როგორც პარტიის პოლიტიკურ ლანდშაფტს, ასევე ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებას.


რა როლი აქვს პარტიის ყრილობას ჩინეთის პოლიტიკურ პროცესში?


1921 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან, წლევანდელი ყრილობა რიგით მე-20 იქნება. 1977 წლიდან დღემდე, პარტიის საერთო ყრილობა ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. მე-20 ყრილობაში 96 მილიონიანი პარტიის 2296 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება დედაქალაქ პეკინში. პარტიის უმაღლესი წარმომადგენლების რამდენიმედღიანი მოლაპარაკებისა და მსჯელობის შემდეგ, ცნობილი გახდება თუ ვინ იქნება ხუთი წლის ვადით პარტიის უმაღლესი ხელმძღვანებლობა (პარტიის გენერალური მდივანი, პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტი, პოლიტბიურო და პარტიის ცენტრალური საბჭო, პრემიერი და ვიცე-პრემიერები, და სხვ.), გაჟღერდება პარტიის სამომავლო ხედვა და მონახაზები საშინაო და საგარეო საკითხებზე, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე, შეფასდება 2017-2022 წლების დინამიკა და ა.შ.


მის წინამორბედებთან შედარებით, სი ძინპინის[1] მმართველობის პერიოდში პარტიის, უფრო კონკრეტულად კი, გენერალური მდივნისა და პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ძალაუფლება და გავლენა განსაკუთრებით დიდია. სი ძინპინი და მისი ახლო გარემოცვა, მიუხედავად ბოლო დროს სხვადასხვა წყაროებისა და მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ჭორებისა (რაც, როგორც წესი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობას ხშირად ახლავს ხოლმე თან), პარტიაში მყარ პოზიციებს ინარჩუნებს – ჩინეთის პოლიტიკის მკვლევართა უმრავლესობის ვარაუდით, მინიმუმ კიდევ ორი ხუთწლიანი ვადით. ახლა კი მოკლედ შევეხოთ იმას, თუ როგორ მივიღეთ მოცემული სიტუაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში, ანუ სის გენერალურ მდივნად წარდგენიდან დღემდე.


სი ძინპინის მმართველობის თავისებურებები: რა შეიცვალა 2012-2022 წლებში?


მის ორ წინამორბედ ლიდერებს თუ შევადარებთ, ჩინეთის პოლიტიკაში სი ძინპინის მმართველობამ საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა. ერთი მხრივ, ეს ცვლილებები განაპირობა ძიანგ ძემინისა და ხუ ძინთაოს პერიოდში დაგროვებულმა გამოწვევებმა, და მეორე მხრივ, სი ძინპინის განსხვავებულმა ხედვამ მოცემული გამოწვევების აღმოფხვრის გზების ძიების კუთხით.


უხეშად თუ ვიტყვით, ძიანგ ძემინისა და ხუ ძინთაოს მმართველობის პერიოდები 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2012 წლამდე, 1978 წლიდან დაწყებული ეკონომიკური ღიაობის რეფორმებისა და, ამის შედეგად, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გაგრძელებით ხასიათდება. განსაკუთრებით ხუს პერიოდში, ძლიერდება ე.წ. ფრაქციული პოლიტიკა და პარტიის მაღალ ეშელონებში ძალაუფლების რამდენიმე ცენტრის ფორმირებას ვხედავთ. იმავე პერიოდში, რეფორმებისა და მზარდი ეკონომიკური განვითარების პარალელურად მიმდინარეობს ერთგვარი დეცენტრალიზაციის პროცესიც და მყარდება რეგიონალური მთავრობების ავტონომია გარკვეულ სფეროებში, რომლებიც ნაკლებად მართულები ხდებიან ცენტრიდან და მეტნაკლებად დამოუკიდებლად იღებენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს. ჩინეთის მსოფლიო ბაზართან მჭიდრო ინტეგრაციასთან და ჩინეთის ეკონომიკაში მსხვილი საერთაშორისო აქტორების გაჩენასთან ერთად ჩნდება დასავლური კაპიტალის მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვების საფრთხე. გარდა ამისა, სახეზეა სწრაფი ეკონომიკური ზრდის პარალელურად გაჩენილი სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები (გარემოს დაბინძურება, მოსახლეობის დაბერება და დემოგრაფიული კრიზისი და ა.შ.), რომელთა ეფექტური მართვა რთულია მრავალი ცუდად კოორდინირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური აქტორების პირობებში.


შეიძლება ითქვას, რომ მაო ძედუნის შემდგომი ხანის ჩინეთის პოლიტიკური ლიდერების ფუნდამენტური მოდუსებიდან და იდეებიდან („სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით“, „საბაზრო სოციალისტური ეკონომიკა“ და ა.შ.) არც სი ძინპინს არ გადაუხვევია, თუმცა, მის მმართველობის პერიოდში ჩინეთის პოლიტიკაში ძირეული ცვლილებები ხდება. სი ძინპინმა წინამორბედებისაგან განსხვავებული ხედვა შემოგვთავაზა, რასაც მისი 2013 წელს პარტიისადმი მიმართული ცნობილი სიტყვა კარგად აღწერს, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარ მიზეზად სი კომუნისტური პარტიის დასუსტებას ასახელებს.[2] მისთვის ძლიერი, ძალაუფლების ერთი ცენტრის გარშემო შეკრული პარტია როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გარანტორია. ამისათვის ის 1990-2000-იანების ფრაქციებისა და კოლექტიური მმართველობის ტრადიციის სანაცვლოდ არჩევანს მკაცრი დისციპლინის მქონე ცენტრალიზებული პარტიის მშენებლობაზე აკეთებს.


96 მილიონიანი პარტიის პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია 25 წევრით დაკომპლექტებულ პოლიტბიუროში, განსაკუთრებით კი, მის ფარგლებში არსებულ 7-წევრიან მუდმივ კომიტეტსა და პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაში. გენერალური მდივანი, პოლიტბიუროსა და მისი მუდმივი კომიტეტის წევრები ყველაზე მნიშვნელოვან კომიტეტებს, საბჭოებს, სახელმწიფო ორგანოებსა და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებს ხელმძღვანელობენ.

2012-2013 წლებში, სი ძინპინი ჯერ პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო მალე თავადვე ხდება ცენტრალური სამხედრო საბჭოს მდივანიც, და სახელმწიფოს პრეზიდენტიც. პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა ძალაუფლების უმაღლესი საფეხურია, ამავდროულად, პარტიის 7-წევრიან ცენტრალურ სამხედრო საბჭოს ექვემდებარება ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია.


სი ძინპინი მალევე იწყებს მასშტაბურ ანტიკორუფციულ კამპანიას, რომელსაც პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი დისციპლინის ინსპექციის ცენტრალური საბჭო ზედამხედველობს. 2013-2022 წლებში კამპანიის ფარგლებში ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი დაისაჯა. სიმ 2013 წელს აღნიშნა, რომ სამიზნეა როგორც კორუმპირებული „ვეფხვები“, ანუ პარტიისა და ორგანოების მაღალჩინოსნები, ასევე „ბუზები“ – დაბალი რანგის პარტიული კადრები.[3] დასჯილ „ვეფხვებს“ შორის გამოსარჩევია პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრები ჭოუ იუნგქანგი და სუნ ჭენგცაი, ხუ ძინთაოს მაღალჩინოსანი გენერლები კუო პოსიუნგი და სიუ ცაიხოუ, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ვიცე სპიკერი სუ ჟუნგი, ქალაქ ჩუნგცინგის გუბერნატორი პო სილაი.[4]


სი ძინპინის ირგვლივ ძალაუფლების კონცენტრაციის კარგი მაგალითია ასევე ფაქტი, რომ ის პირადად ხელმძღვანელობს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სამუშაო ჯგუფს. ე.წ. „მცირე წამყვან“, ან „მცირე მოწინავე“ ჯგუფებს[5], ანუ პარტიულ საბჭოებსა და ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა საშინაო თუ საგარეო საკითხების მიმართულებით მუშაობენ. ეს ჯგუფები უმნიშნელოვანეს გამტარ როლს ასრულებენ პარტიის პოლიტიკისა და ინიციატივების აღსრულებაში. ამ ჯგუფების ნაწილი დროებით, გარკვეული ვადით იქმნება (მაგ. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის, ან სხვადასხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო ჯგუფები), ხოლო ზოგიერთი მათგანი მუდმივი და ინსტიტუციონალიზებულია (მაგ. საგარეო საქმეთა საბჭო, ფინანსთა და ეკონომიკის საბჭო, ტაივანის საკითხზე მომუშავე ჯგუფი). ეს საბჭოები ბიუროკრატიული გამტარი არხების როლს ასრულებენ პარტიის ხელმძღვანელობასა და სამინისტროებს შორის – ისინი ზემოდან ქვემოთ გადასცემენ შედარებით ზოგად მონახაზებსა და დავალებებს (fāngzhēn), რის ჩარჩოშიც შემდგომ კონკრეტული პოლიტიკები და რეფორმები (zhèngcè) იწარმოება. ცენტრალური სამხედრო საბჭოს გარდა, სი ძინპინი ხელმძღვანელობს მის მიერ შექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოებისა და რეფორმების საბჭოს, ასევე ფინანსებისა და ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, და ტაივანის საკითხზე მომუშავე საბჭოებს.[6]


„პარტია მართავს, ბაზარი ქმნის დოვლათს“ – ეს გამოთქმა კარგად გადმოსცემს ჩინეთის კომპარტიის ყველა თაობის ლიდერების პოლიტეკონომიურ ხედვას 1978 წელს, ეკონომიკური რეფორმების[7] დაწყებიდან, დღემდე, სი ძინპინის მმართველობის ჩათვლით. თუმცა, განსხვავება დეტალებშია. სი ძინპინის მმართველობის დროინდელი ეკონომიკური პოლიტიკა სახელმწიფო საწარმოების მოდერნიზებას და კერძო სექტორის მაკროეკონომიკურ სტრატეგიებზე უფრო მეტად დაქვემდებარებას ისახავს მიზნად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზანი არა მსხვილი კერძო აქტორების ნაციონალიზაცია, არამედ მათი მეტად დაქვემდებარებაა პარტიული ხაზისადმი (აქ აღსანიშნავია 2021 წლიდან დანერგილი მკაცრი რეგულაციები ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ სექტორში). ამერიკასთან სავაჭრო ომის, პანდემიისა და უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და სხვა გამოწვევების საპასუხოდ, ჩინეთის ამჟამინდელი ეკონომიკური გათვლა ე.წ. ორმაგი ცირკულაციის სტრატეგიით შეიძლება შეჯამდეს, სადაც უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ შიდა მოხმარების ზრდას ენიჭება, რაც სი ძინპინის ეკონომისტების გათვლებით, სამომავლოდ, ჩინეთის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი და კრიზისების მართვის მთავარი იარაღი გახდება.[8][9]

სი ძინპინის ჩინეთი გაცილებით აქტიურადაა წარმოდგენილი საერთაშორისო არენაზე ვიდრე მისი წინამორბედების პერიოდში. ეს, პირველ რიგში, უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში ჩინეთის მზარდი ეკონომიკური, სამხედრო და მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების შედეგია. დენგ სიაოპინისეულ ფრთხილ საგარეო დოქტრინას 2010-იანი წლებიდან გაცილებით აქტიური საგარეო პოლიტიკა ცვლის, რომელსაც „მეომარი მგლის დიპლომატიაც“ კი დაერქვა.[10] ამის დამადასტურებელია ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად პოზიციონირება და დაძაბული კონკურენცია აშშ-სთან, ამბიციური „სარტყელისა და გზის“ ინიციატივა, ჩინური კაპიტალის მასობრივი შესვლა გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, გაცილებით ხისტი დიპლომატია ტაივანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხებში და მზარდი სამხედრო-სტრატეგიული აქტივობა მოცემული რეგიონის ირგვლივ.


ჩვენ მოკლედ განვიხილეთ სი ძინპინის მმართველობის თავისებურებები ჩინეთის საგარეო და საშინაო საკითხებთან დაკავშირებით. ზემოთგანხილული მიმართულებების მომავალი საკმაოდაა დამოკიდებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში მე-20 ყრილობის შედეგად წარმოქმნილ სიტუაციასა და ძალთა ბალანსზე.


რას უნდა ველოდოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე?


2018 წელს ჩინეთის კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი შესწორება შევიდა: თუ იქამდე სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მხოლოდ ორი ვადით არჩევა შეიძლებოდა, ახლა ეს ლიმიტი მოხსნილია. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი ძალაუფლება პარტიაში, კერძოდ, გენერალური მდივნისა და პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ირგვლივაა კონცენტრირებული. ჩინეთის პოლიტიკის მკვლევრებისა და დამკვირვებლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სი ძინპინი გენერალური მდივნის პოსტსაც მინიმუმ კიდევ ორი ვადით დაიკავებს.


ვფიქრობ, სის სამი გზა აქვს პარტიის სათავეში დასარჩენად:

ა) დაარღვევს პარტიის დაუწერელ კანონს ასაკთან დაკავშირებით (რის მიხედვითაც 68 წელს გადაცილებული კადრი ვალდებულია დატოვოს პოსტი) და მას უბრალოდ ახლიდან აირჩევენ პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით.

ბ) ის დააბრუნებს და დაიკავებს პოლიტბიუროს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს (მაო ძედუნი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ამ პოსტზე, ხოლო 1978 წლიდან ძალაუფლება გენერალური მდივნის, დენგ სიაოპინის ხელში გადადის და 1982 წელს ეს პოსტი უკვე ოფიციალურადაც უქმდება).

გ) ნაკლებად მოსალოდნელი ვარიანტი – იგი ოფიციალურად დატოვებს გენერალური მდივნის თანამდებობასა და პოლიტბიუროს, თუმცა, მაინც მისი გავლენა პარტიაზე ამით არ გაქრება (დაახლოებით ანალოგიური რამ, რაც დენგ სიაოპინმა გააკეთა ბოლო წლებში).


მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება ყველაზე გავლენიანი პარტიული ერთეულის - პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ახალი შემადგენლობა. ამჟამინდელი 7 წევრიდან კომიტეტს დატოვებენ ლი ჭანშუ და ხან ჭენგი - ორივე მათგანი 68 წელს გადაცილებულია. მათი შემცვლელები პოლიტბიუროს ამჟამინდელი 25 წევრიდან აირჩევა. მოსალოდნელია, რომ პოლიტბიუროდან მუდმივ კომიტეტში დაწინაურდება ჩენ მინ’ერი - ამჟამად პარტიის რეგიონული გენერალური მდივანი ქალაქ ჩუნგცინგში და სის ახლო პოლიტიკური მოკავშირე. ასევე გადაწყვეტილია, რომ ლი ქეციანგი დატოვებს ცენტრალური სახელმწიფო საბჭოს პრემიერის პოსტს, რომელიც მას უკვე ორი ვადით ეკავა, თუმცა, სავარაუდოდ, ის პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში მაინც დარჩება. პოლიტბიუროს წევრს ხუ ჩუნხუას, რომელიც ლი ქეციანგის მოკავშირედ და სის კონკურენტი პოლიტიკური ფრაქციის – „ახალგაზრდული კომუნისტური ლიგის“ (Tuánpài) წრის წევრად ითვლება, პრემიერის პოსტის დაკავებას უწინასწარმეტყველებენ. იმ შემთხვევაში, თუ ლი ქეციანგი პრემიერის პოსტთან ერთად პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტსაც დატოვებს, ვფიქრობ, სი ძინპინის კიდევ ერთი მოკავშირის - დინგ სუესიანგის დაწინაურებაც მოსალოდნელია, რაც სის უკვე ერთპიროვნულ გავლენას პარტიის მაღალ ეშელონებში კიდევ უფრო გაამყარებს. თუკი მე-20 ყრილობა პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრთა რაოდენობაას გაზრდის (სხვადასხვა დროს, მათი რიცხვი 5-დან 9-მდე მერყეობდა), სის უფრო მეტი მოკავშირის დაწინაურებას უნდა ველოდოთ, თუმცა, ამჟამად ამის წინასწარ პროგნოზი ნაკლებადაა შესაძლებელი.


პოლიტბიუროსა და მისი მუდმივი კომიტეტის წევრები პარალელურად სხვადასხვა საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს ხელმძღვანელობენ (მაგ. სი ძინპინი ცენტრალურ სამხედრო საბჭოს, ჭაო ლეწი ანტიკორუფციული კამპანიის ზედამხედველ ცენტრალური დისციპლინის ინსპექციის საბჭოს და ა.შ.). შესაბამისად, მათ შორის ყველაზე გავლენიანი საბჭოების სათავეში კვლავ სის გარემოცვას უნდა ველოდოთ. მრავლისმეტყველი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ერთეულების ახალი ხელმძღვანელობა, როგორებიცაა რეფორმებისა და დისციპლინის ინსპექციის ცენტრალური საბჭოები - მათი ამჟამინდელი მდივნები ასაკის გამო პენსიაზე გადიან. ასევე, პოლიტბიუროს შემადგენლობას ტოვებს სი ძინპინის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ლი ხე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის შედარებით ლიბერალურ წრეს მიეკუთვნება, სის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ტექნოკრატად ითვლებოდა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ამ მხრივ, ყრილობის შედეგები გარკვეულ სურათს მოგვცემს ჩინეთის საშინაო პოლიტიკის კურსის შესახებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ერთი რამ კი ნათელია, სის გამოცდილი კადრები და მოქნილი ბიუროკრატია ნამდვილად დასჭირდება არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის გზების საძიებლად: დემოგრაფიული დაბერება, ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის ეკონომიკური მსხვერპლი, კრიზისი უძრავი ქონების ბაზარსა და სამშენებლო სექტორში, ეკოლოგიური პრობლემა და ა.შ.


ცვლილებებია მოსალოდნელი პარტიის უმაღლესი რანგის დიპლომატებშიც, ხოლო მათი შემცვლელების ვინაობამ შესაძლოა ზოგადი სურათი გამოკვეთოს მომდევნო დეკადაში ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე: აქ საინტერესოა, დაწინაურდებიან თუ არა მე-20 ყრილობაზე ტაივანის საკითხში გამოცდილი დიპლომატები (მაგ. ლიოუ ძიეი).


ასევე საინტერესოა, თუ რას გვეტყვის ყრილობის ანგარიშები ჩინეთის სამომავლო გეგმებზე მასშტაბურ საერთაშორისო ინიციატივებთან დაკავშირებით. წინა ყრილობებზე 21-ე საუკუნის აბრეშუმის გზა - „სარტყელისა და გზის ინიციატივა“, საუკუნის პროექტად და საერთაშორისო არენაზე აღმავალი სუპერსახელმწიფოს საგარეო ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად მოიხსენიებოდა, თუმცა, ბოლოდროინდელ განცხადებებში მან თითქოს დაკარგა პირვანდელი მნიშვნელობა. ეს გასაკვირი არცაა, რამდენადაც, მრავალი წარმატებული პროექტის მიუხედავად, პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ისედაც ცუდად კოორდინირებული პროექტის პერსპექტივებს. საგულისხმოა, რომ ეს აისახება ოფიციალურ ენაზეც, და მას უკვე თავად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოიხსენიებს როგორც „სარტყელისა და გზის პარტნიორობას“, „მწვანე სარტყელსა და გზას“ და ა.შ. გარდა ამისა, 2021 წელს გაეროს სამიტზე სი ძინპინმა ახალი, „საერთაშორისო განვითარების ინიციატივა“ გააჟღერა, რომელიც გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრაშია. ინიციატივაში ჩართვის სურვილი გამოთქვა მრავალმა ქვეყანამ, და უმრავლესობა ქვეყნებისა, რომელიც მოცემული ინიციატივის ფარგლებში ჩინეთის მეგობარ ქვეყნებად „ჩაეწერნენ“, სწორედ გლობალური სამხრეთის წარმომადგენლები არიან. ვფიქრობ, რომ ზოგადად, ჩინეთის სამომავლო სტრატეგია, ამ საკითხში, შედარებით ფრთხილი იქნება, ვიდრე 2012-2022 წლებში იყო. ის ეცდება თავიდან აირიდოს სარისკო სესხებისა გაცემა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ეს უკანასკნელი კი განვითარებად ქვეყნებში „სარტყელისა და გზის“ მთავარი კოზირი იყო (მსხვილი სარკინიგზო ხაზები, პორტები, აეროპორტები, ჰიდროელექტროსადგურები და გზები აფრიკის, სამხრეთ აზიასა და სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში). გადამწყვეტია, იქნება თუ არა მეტი კოორდინაციისა და ცენტრალიზების ნიშნები ამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით – ის რაც „სარტყელსა და გზას“ ნამდვილად აკლდა.


მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოახლოებული მე-20 ყრილობის შედეგები, განსაკუთრებით კი, მნიშვნელოვანი პარტიული და სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელობის შემადგენლობა, მოგვცემს სურათს, თუ რა გავლენა ექნება სი ძინპინს ჩინეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკაზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მის მიღმა. ეს კი, თავის მხრივ, მოგვცემს ზოგად სურათს, თუ რა გზას დაადგება ჩინეთი ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე. დამკვირვებელთა უმრავლესობა თანმხდება, რომ მისი პოზიციები პარტიის ძალაუფლების მთავარ არხებში საკმაოდ მყარია. ყრილობის დეტალურ შედეგებს კი სულ მალე გავიგებთ.



[1] მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს დამტკიცებული ჩინური ენის მარცვალთა ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის მიხედვით, სწორი ფორმა იქნებოდა: სი ძინფინგი (სი ძინპინი), მაო წეტუნგი (მაო ძედუნი), ტენგ სიაოფინგი (დენგ სიაოპინი), პეიძინგი (პეკინი), შანგხაი (შანხაი), თაივანი (ტაივანი), ნანძინგი (ნანკინი) და სხვა, ტექსტში რამდენიმე ცნობილი ჩინური სახელისა და ტოპონიმის სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ენების გავლენით უკვე დამკვიდრებულ შესატყვისებს ვიყენებ.

[2] https://chinadigitaltimes.net/2013/01/leaked-speech-shows-xi-jinpings-opposition-to-reform/

[3] https://www.theguardian.com/world/2013/jan/22/xi-jinping-tigers-flies-corruption

[4] https://www.chinafile.com/infographics/visualizing-chinas-anti-corruption-campaign

[5] 领导小组 (Lǐngdǎo xiǎozǔ) – ჩინურად „მცირე მოწინავე“, ან „მცირე წამყვანი ჯგუფები“.

[6] https://merics.org/en/short-analysis/ccps-nerve-center-0

[7] 改革开放 (Gǎigé kāifàng) – ჩინეთის ეკონომიკური რეფორმების ოფიციალური სახელწოდება, სიტყვასიტყვით – „რეფორმა და გახსნა“.

[8] https://www.fujian.gov.cn/english/news/202108/t20210809_5665713.htm#C12

[9] https://www.bruegel.org/report/what-behind-chinas-dual-circulation-strategy

[10] 战狼外交 (Zhànláng Wàijiāo) – მეტსახელი „მეომარი მგელი“ ამავე სახელწოდების პოპულარული ჩინური ფილმიდანაა აღებული.

bottom of page