ამონარიდი გიორგი ხასაიას და ვახტანგ ნაცვლიშვილის წიგნიდან ,,მარტო პური. ქვანახშირი, შრომა და ყოველდღიურობა ტყიბულში” (გამომცემლობა პრაქტიკა, 2020).

საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებს ორ შემთხვევაში მიემართება მედიისა და საზოგადოების ყურადღება - ჩოჩქოლისა და ტრაგედიების შემთხვევაში. ჩოჩქოლი, როგორც წესი, გაფიცვებია, ტრაგედიები კი - ამ ქალაქებში შრომის არაადამიანური პირობების გამო მეშახტისა თუ მაღაროელის დაღუპვა.
ასეთი შემთხვევების მოწოდება კი ისე ხდება, რომ მაყურებლისთვის ან მსმენელისთვის დამნაშავე უჩინარია. და რახან დამნაშავე უჩინარია (წარმატებული ადამიანი, რომელიც ხალხს ასაქმებს და ეკონომიკას ამუშავებს, შეუძლებელია დამნაშავე იყოს), თავისთავად ჩნდება განცდა, რომ თვითონ მეშახტეები და მაღაროელები არიან დამნაშავეები - თავიანთი უგულისყურობით, არაპროფესიონალიზმით ან უნიათობით. და რომ სანამ ისინი ასეთებად რჩებიან, განწირულები არიან იმისთვის, რომ პერიოდულად ილეწებოდნენ და იმარხებოდნენ. მათზე საუბარი იშვიათად ცდება მათსავე პირად პასუხისმგებლობას და ბოლო-ბოლო რომელიმე მომდევნო იაფფასიან პოლიტიკურ სკანდალში ჩაინთქმება.
ინდუსტრიულ ქალაქებზე საუბრისას და მათი აღწერისას იხატება უიმედობის, სასოწარკვეთის, უმომავლობის და განწირულობის სურათები, მაგრამ მიზეზები იშვიათად სახელდება. თითქოს ასეც უნდა იყოს. ცუდია, მაგრამ ლოგიკურია, რადგან ასეთ სამუშაოს ყველგან ახლავს რისკი. და რახან ასეც უნდა იყოს, გამოდის, რომ მეშახტეების დაღუპვა უსიამოვნო, მაგრამ მაინც გარდაუვალობაა, რომელსაც სახადივით ვიხდით და რომელიც ახალი ქართული კაპიტალიზმის კერპს დროგამოშვებით უნდა მივართვათ.
მუშა ჩავარდა, მუშა ჩამოვარდა, მუშა დაიღუპა, მუშის მდგომარეობა მძიმეა, მუშები გაიფიცნენ - ამგვარად ნათქვამი სიტყვა მუშა, თანაგრძნობით გამოთქმულიც კი, მოიცავს იმ დისტანცირებას, რომელიც ფიზიკურად მომუშავე ადამიანის მიმართ არსებობს. თითქოს შრომა მხოლოდ ფიზიკური იყოს ან გონებრივი შრომა ფიზიკურ ძალისხმევას არ მოითხოვდეს და პირიქით. გეგონება, შრომა სადღაც თვალს მიეფარა და მის საძებრად სპეციალურად უნდა გაეშურო. სინამდვილეში კი შრომა ყველგანაა, იმ ჟურნალისტის მეტყველებასა და ძალისხმევაშიც, რომელმაც ეს-ესაა გვამცნო, რომ მუშებს სოლიდარობას უცხადებენ ახალგაზრდები.
ამგვარად, მცდელობა, მუშა შემოიფარგლოს ინდუსტრიული ქალაქის სამუშაო ფორმაში ჩაცმული ან მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანის ხატით, ემსახურება მის გადაქცევას განყენებულ, ცალკე მდგომ ფიგურად და, თანდათან, იდენტობადაც კი.
ეს მიდგომა არ ითვალისწინებს იმას, რომ მუშა მხოლოდ სამუშაოს ტიპის მიხედვით კი არ ერქმევა ადამიანს, არამედ ადგილის მიხედვით, რომელსაც ის წარმოებით ურთიერთობებში იკავებს. ადამიანი, რომელიც ყიდის სამუშაო ძალას, ფიზიკურს ან გონებრივს, იმაზე, ვინც ამ სამუშაო ძალის გამოყენებით შექმნილი დოვლათის დიდ ნაწილს ითვისებს, არის დაქირავებული მშრომელი. დაქირავებული მშრომელი - იმის მიუხედავად, უმეტესწილად ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს თუ გონებრივს, ხელშესახებ ნივთებს ქმნის, თუ ნივთები ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს, ინფორმაციას ქმნის, იმიჯებს თუ დიზაინის შექმნაში მონაწილეობს. ამდენად, მშენებლობაზე მომუშავე, მეშახტე, დიზაინერი, მუსიკოსი, ბარში რომ უკრავს, მთარგმნელი, რომელიც ჰონორარს ელოდება, მიმტანი, რომელიც ყველას აჭმევს, მაგრამ თავად საჭმლისთვის ფული ძლივს ყოფნის, აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც ყველას ეხმარება გაფრენაში, მაგრამ თავად მცირე ხელფასის გამო ვერსად მიფრინავს, ბანკის თანამშრომელი, რომელიც გასცემს ან ამტკიცებს სესხს, მაგრამ თავად სესხის აღების ეშინია - ყველანი დაქირავებული მშრომელები არიან. ცხადია, ის, თუ ვის რა ადგილი ერგო შრომის დანაწილებაში, უმეტესწილად ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს თუ გონებრივს და ვინ არის მისი დამსაქმებელი, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების წესს და შეხედულებებს. მაგრამ ყველანაირი კულტურული გაუცხოებისა და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ფასეულობების მიუხედავად, ისინი დაქირავებული მშრომელები არიან. მათ გასათიშად და გასაუცხოებლად მილიონობით ტექნიკა და ტაქტიკა არსებობს, რაც თავად პრინციპს, რომ ისინი დაქირავებული მშრომელები არიან, არ ცვლის.
დავაკვირდეთ სამრეწველო ქალაქებისადმი მიპყრობილ ერთ მზერას. საუბარია მოკლემეტრაჟიან ქართულ მხატვრულ ფილმზე „შავი თუთა“ - ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ვარსკვლავით, მაქსიმე მაჩაიძით (ნიკა), მთავარ როლში. ფილმის მოქმედება ჭიათურაში ხდება, შავი ოქროს ქალაქში. ნიკას მამა, ზურა, მაღაროელია, ძუნწად ლაპარაკობს და იმასაც კბილებში ცრის. ნიკა თვითმფრინავებს აწყობს და ცაში უშვებს, მისი თვალი ცისკენაა მიპყრობილი, რითაც თავიდანვე გვეუბნებიან, რომ მიწისქვეშ, მაღაროში ჩასვლის სურვილი მას არ უნდა ქონდეს. მეზობელი ოჯახი თბილისიდან ახალი ჩამოსულია, ჭიათურაში სახლს ყიდიან და სამუდამოდ მიდიან იქიდან. "ჩემი მშობლები ვერ იტანენ აქაურობას, არადა რა ლამაზია ეს ქალაქი" - ეუბნება ნიკას ანა, ამ მეზობლების შვილი. და უზიარებს, რომ ის კითხულობს მოთხრობას "თოლიაზე, რომელიც სხვა თოლიებივით საჭმლის საშოვნელად კი არ დაფრინავს, უბრალოდ ფრენა უყვარს". აქედან ვიგებთ, რომ ანა კითხულობს რიჩარდ ბახის ცნობილ ნაწარმოებს "თოლია ჯონათან ლივინგსტონი".
ბოლო კადრებში, როცა ნიკა მაღაროში თავის პირველ სამუშაო დღეს მაინც შედის, ის უცბად გამოიქცევა და კლდიდან გადახტება - მაგრამ კლდიდან გადამხტარი მის მიერვე აწყობილ თვითმფრინავად გადაიქცევა და ვხვდებით, რომ რეჟისორს ჩვენი შეშინება რაღაცის სათქმელად ჭირდება. კერძოდ კი იმის, რომ ნიკას ფრენა ურჩევნია მიწისქვეშ მუშაობას. ნიკას მისწრაფებები თანაგრძნობას იწვევს - ოღონდ რატომ მთავრდება ყველაფერი ასეთი მორჩილებით? ანდა რატომ ხდება ისე, რომ ნიკას არ ეძლევა შესაძლებლობა, თავისი უნარი განავითაროს და თვითმფრინავების აწყობაში რეალიზდეს? რა აიძულებს ჩავიდეს შახტში და მაღაროელთა რიგებს შეუერთდეს? ის ხომ არა, რომ მის მაღაროელ მამას ხელფასი არასდროს ეყოფა, ნიკას სათანადო განათლება მისცეს? რატომ ხდება ასე იმ ქალაქში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი უნდა იყოს? მაგრამ ამ პრობლემაზე - ყველა სხვა პრობლემის საფუძველზე - ფილმში კრინტს არ ძრავენ. და რახან კრინტს არ ძრავენ, გაჩენილი სიცარიელე რაღაცით უნდა შეივსოს. ასეთ დროს ყოველთვის მხსნელად გვევლინება თავისუფლების ყალბი იდეა, რომელიც თავისუფლებას მატერიალურ ცხოვრებას მთლიანად მოწყვეტს და მატერიალური ცხოვრებისგან დამოუკიდებლად განიხილავს. როგორც თოლია ჯონათან ლივინგსტონში შეგვიძლია ამოვიკითხოთ: მრავალნაცადი სიმსუბუქით უკვე იცოდა, რომ ის მხოლოდ ძვალი და ბუმბული კი არ იყო, არამედ თავისუფლებისა და სინათლის სრულყოფილი, ყოვლად დაუსაზღვრავი იდეა - მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ადამიანი, პირველ რიგში, სწორედ ძვლები და კუნთებია. და, პირველ რიგში, მას სწორედ უხეში საგნები ჭირდება - საკვები და ტანსაცმელი. და რა ვუყოთ იმას, რომ შეუძლებელია ეს ადამიანი განვიხილოთ ამ საკვებისა და ტანსაცმლის მოპოვების პროცესისგან დამოუკიდებლად, რომელშიაც ის ჩართულია და რომ სწორედ ამ პროცესშია შეწნული მისი მატერიალური ცხოვრებაც და არსებობის წესიც. მის წარმოდგენებს, ოცნებებს მისწრაფებებს მნიშვნელოვანწილად მისი მატერიალური საარსებო პროცესი განსაზღვრავს.
არჩევანი მაშინ არსებობს, როცა არსებობს არჩევნისთვის საჭირო მატერიალური და კულტურული პირობები. თუ არადა, ასეთი არჩევანი არანამდვილია, ყალბია.
მატერიალურად გაბატონებული, როგორც წესი, სულიერად გაბატონებულიცაა - მისი წარმოდგენები თავისუფლებაზე, ადამიანზე, ცხადდება საყოველთაოდ და თავს გვეხვევა - დაძალებით ან დარწმუნებით. ტიტრებში ვკითხულობთ, რომ ფილმის ერთ-ერთი დამფინანსებელი ჭიათურის მანგანუმის მთავარი ინვესტორია. ამაში არაფერია უჩვეულო - თავისუფლების ყალბ იდეას, რომელიც შრომის გათავისუფლებაა და სამუშაო დროის შემცირებას არ ეხება, ხალისით აფინანსებს ის, ვინც მოგების მიღების მიზნით დაუფიქრებლად იმონებს ადამიანს.