
11 აპრილს საღამოს ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს შენობასთან დააკავეს ჟანაოზენის ნავთობსაბადოზე სამუშაოების ჩამტარებელი ქვეკონტრაქტორი კომპანიის 80-მდე თანამშრომელი. მუშები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათი დასაქმება არასტაბილურია. მათი თქმით, 2 წელიწადში ერთხელ იმართება ტენდერი, რის გამოც ხშირად იცვლება სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია და ამის გამო ბევრი მათგანი უმუშევარი რჩება. ამჯერადაც, მათმა დამქირავებელმა კონტრაქტორმა ტენდერი წააგო და მუშებს შესთავაზეს ახალ კომპანიაში დასაქმება, თუმცა შემცირებული ხელფასის სანაცვლოდ. მუშების თქმით, კომპანიაში ხელფასი 80 000 ტენგე იყო, მაგრამ ახალი შეთავაზებით 60 000-მდე შემცირდა. ისინი 10 დღის განმავლობაში იყვნენ შეკრებული ქალაქ ჟანაოზენის ადმინისტრაციასთან და ტენდერების ჩამტარებელ სახელმწიფო კომპანია ОзенМунайГаз-თან, მაგრამ უშედეგოდ.
მუშები ითხოვდნენ ქვეკონტრაქტორ კომპანიებში არასტაბილური დასაქმების ნაცვლად მუდმივ სამუშაო ხელშეკრულებებს უშუალოდ სააქციო საზოგადოება ОзенМунайГаз-ში, რომელიც აცხადებს ქვეკონტრაქტორი კომპანიებისთვის ტენდერებს სამუშაოების ჩასატარებლად.
11 აპრილს კომპანიასა და მუშებს შორის მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდეგ დაშალეს ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს წინ მიმდინარე აქცია და მუშებს არასანქცირებული შეკრების გამართვის გამო ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ელით. მუშების დაკავების გასაპროტესტებლად მათი ოჯახის წევრები და მეგობრები ჟანაოზენის ავტოსადგურზე შეიკრიბნენ.
ჟანაოზენისთვისთვის სამუშაო პირობებით უკმაყოფილო მუშების პროტესტი უცხო არც აქამდე ყოფილა. 2011 წელს ამ ქალაქში მუშების სამსახურიდან მასობრივი დათხოვნის გამო საპროტესტო მოძრაობა დაიწყო, რომელიც მთავრობამ ძალის გამოყნეებით დაშალა. შეტაკებაში ოფიციალური მონაცემების თანახმად 15 ადამიანი დაიღუპა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ რეალური მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო. პროტესტის დარბევის შემდეგაც ყაზახეთის მთავრობამ გააგრძელა რეპრესიები პროტესტის ორგანიზატორი პროფკავშირების ლიდერების მიმართ. ზოგიერთი მათგანი გაურკვეველ ვითრებაში დაიღუპა, რამდენიმე ლიდერი გასამართლებულ იქნა. 2022 წელს კი გაზის ფასების მატების და სხვა სოციალური პრობლემების გამო გაფიცვებმა მთელი ყაზახეთი, მათ შორის ქალაქი ჟანაოზენიც მოიცვა და სერიოზული პოლიტიკურ კრიზისს და ცვლილებებს დაუდო სათავე. თუმცა ცვლილებები პოლიტიკურ ვერტიკალში და ნაზარბაევის ტოკაევით ჩანაცვლება, როგორც მოსალოდნელი იყო, ყაზახეთის მშრომელთა კლასის მდგომარეობაზე დადებითად არ ასახულა. ჟანაოზენში მუშების პროტესტი კვლავ გრძელდება. გეგმავენ უწყვეტ საპროტესტო აქციის გამართვას ОзенМунайГаз-ის ოფისთან. ჯერჯერობით შეუძლებელია პროგნოზირება ამჯერად რამდენ ხანს გაგრძელდება ან რა შედეგით დასრულდება ჟანაოზენელი მუშების პროტესტი.
წყაროები:
https://rus.azattyq.org/a/kazakhstan-astana-oil-workers-protest/32359179.html
https://www.youtube.com/watch?v=dhTFZrkk26A
https://www.youtube.com/watch?v=hPz2C2Kl-Ig
https://www.business-humanrights.org/en/companies/ozenmunaigaz/?issue=368
https://www.youtube.com/watch?v=pIlWxxhRUmI