იკითხეთ ჩვენი გამოცემის რუბრიკა მშრომელის წერილი. სხვადასხვა ასაკის, სქესის და პროფესიის ადამიანები მოყვებიან მათი სამუშაო დღის, შრომის პირობების და მათ მიერ გაწეულ შრომასთან შეუსაბამო ხელფასის შესახებ. თუ უკმაყოფილო ხარ სამუშაო პირობებით, ხელფასით და დამოკიდებულებით, მოგვწერე წერილი მისამართზე: gezimagazine@gmail.com
თითქმის 10 წელია, ფარმაცევტად ვმუშაობ. რამდენიმე აფთიაქი გამოვიცვალე. ყველგან ერთი და იგივე ხდება.
ფარმაცევტების მთავარი პრობლემა არის ხელფასები. სხვა ტიპის პრობლემაც უამრავია, მაგრამ მთავარი მაინც ხელფასია. ხელფასები გაიცემა კატეგორიების მიხედვით, ამას ემატება ბონუსები. ხელფასის ქვედა ზღვარია 350 ლარი, ხოლო ზედა - 550. ფარმაცევტების კატეგორიების მიხედვით ემატება 50 ლარი ქვემოდან ზედა ზღვრისკენ. მაგრამ არასდროს გამიგია ან მინახავს ვინმე, ვისაც 550 ქონდა ხელფასი. ბონუსების მაქსიმუმი 400 ლარია, მაგრამ არავის ვიცნობ, ვისაც მაგხელა ბონუსი აუღია. საშუალოდ, 200 ლარამდეა ყოველთვიური ბონუსი. ხელფასი 600 ლარი გამოგვდის თვეში, თავისი ბონუსებით. ყველაზე კარგ შემთხვევაში - 700 ლარი, თუმცა ყველაფერი, რაც გადაგვიყვება, გაგვიტყდება ან გაგვიფუჭდება, ხელფასიდან გვექვითება. ყველა აფთიაქში ასეა.
ყოველთვიურად არსებობს აფთიაქის გეგმა და ინდივიდუალური ფარმაცევტის გეგმა, რომლებიც გაყიდვებზეა მიბმული. არსებობს აფთიაქის 80%-იანი, 95%-იანი და 100%-იანი გეგმები. რაც უფრო მაღალპროცენტიანი გეგმა აქვს აფთიაქს, გაცილებით მაღალია ბონუსი. თუ აფთიაქი თვიურ გეგმას ვერ ასრულებს, სახელფასო ბონუსები არ გაიცემა. ქართული სქუიდ გეიმია აფთიაქის ეს გეგმები და ბონუსები. ბონუსები არ გაიცემა ან ბუნდოვანი სქემით გაიცემა ასევე იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქის თანამშრომლებიდან რომელიმე ერთი მაინც ვერ ასრულებს ფარმაცევტის ინდივიდუალურ თვიურ გეგმას. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, მე 100%-ზე გადაჭარბებით შემისრულებია გეგმა და სხვას - ვერა. ამ შემთხვევაში, მე მაინც იმაზე ბევრად ცოტა მერიცხებოდა ბონუსი, რაც წესით მეკუთვნოდა. ზოგჯერ კი საერთოდ არ მერიცხებოდა. ზოგადად გეგმაზე გადაჭარბება წახალისებულია და ბონუსებიც იზრდება ხოლმე ამის მიხედვით. ყოველთვიურად რაღაც პრიორიტეტული მედიკამენტებია, რომლებიც უნდა შევთავაზოთ მომხმარებლებს. ფარმაცევტი პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ესა თუ ის მედიკამენტი დაყიდოს, რადგან ბონუსს მიიღებს. ვიცი, რომ ყველა ქსელში ასეა. თუ პრიორიტეტულ მედიკამენტებს არ გაყიდი, სხვები ერთნაირად არ გეთვლება ბონუსის შესრულებაში. მაგალითად, შეგიძლია იმავე მოქმედების პრიორიტეტული მედიკამენტი შეთავაზო გამოწერილი მედიკამენტი ნაცვლად. არ არის სქუიდ გეიმი?
გარდა სახელფასო და ბონუსების სისტემისა, არსებობს მომსახურების სტანდარტის სქემა. აფთიაქში გვაქვს შიდა მონიტორინგის სისტემა და ტრენერი, რომელიც ქცევაში გვამეცადინებს. სტანდარტებში შედის მომხმარებლისთვის თვალებში ყურება, თავაზიანობა, სასიამოვნო ხმის ტემბრი, დაბალ ტონალობაში საუბარი - ჯოჯოხეთი, მოკლედ. სულ კამერებში გვიყურებენ და გვისმენენ, მუდმივი კონტროლია. ამაში ცალკე ვფასდებით 100 ქულიანი სქემით. 3 თვეში ერთხელ მოდის შეფასებები და, ვისაც მომსახურების სტანდარტში მაღალი ქულა აქვს, ხელფასის ნახევარს აძლევენ სამი თვის თავზე. თუმცა მაგათი სტანდარტით მაღალი 98 ქულაა და თითქმის შეუძლებელია მაგ შედეგის მიღწევა. გვევალება, რომ ყველა მომხმარებელს რაღაც შევთავაზოთ, რაღაც შევასაღოთ. როცა ვხედავთ, რომ მომხმარებელი ხურდებს ითვლის და ძლივს ყოფნის ფული, გვერიდება შეთავაზების გაკეთება. ამას ხარვეზში გვითვლიან. 98 ქულიანს მე არავის არ ვიცნობ.
ფარმაცევტებს არანაირი შეღავათი არ გვაქვს. იმავე ფასად ვყიდულობთ ყველაფერს, რასაც მომხმარებელები იხდიან. ზოგადად, აფთიაქები ფასდაკლებაში უშვებენ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ვადაგასულია ან რომლებსაც დღე-დღეზე გასდით ვადა. რაც შეეხება წამლების ფასს, ჩვენ თვითონაც გვაწუხებს სიძვირე, არ გვაქვს ნორმალური დაზღვევა და, ჩვენ სულ რომ ვერ ვამჩნევდეთ, ყოველ მეორე დღეს რომ ძვირდება წამლები, მომხმარებლები ამჩნევენ და ამაზეც ჩვენ გვეჩხუბებიან. ნაწილი ფიქრობს რომ ჩვენ ვუმატებთ თანხას და ვთაღლითობთ და არა - ქსელი. მე თვითონ არ შემიძლია, მედიკამენტის გუშინდელი და დღევანდელი ფასი შევადარო, თუ ზეპირად არ მახსოვს, გუშინ რა ღირდა. პროგრამაში მარტო ახალი ფასი მიჩანს, მაგრამ ვიცი, რომ მაგის მთვლელი და შემდარებელი პროგრამაც აქვს ქსელს. რაღაც ალგორითმით მუშაობენ და ფასებით ეგრე მანიპულირებენ. ნუ, ისედაც გასაგებია, რომ ამას დაგეგმილად აკეთებენ.
ბოლოს ვიტყვი იმას, რომ ჩვენი კონტრაქტები მკაცრად კონფიდენციალურია და ქსელის შიგნითაც და სხვადასხვა ქსელის თანამშრომლებთანაც გვეკრძალება ხელფასებზე საუბარი. ჩემი რამდენიმე მეგობარი მუშაობს სხვა სააფთიაქო ქსელებში და თუ დამიჯერებთ, ისე გვეშინია, ვერ ვეუბნებით ერთმანეთს სამუშაოს დეტალებს. სერიოზულად გვაშინებენ არა მარტო სამსახურიდან გაშვებით, არამედ სააფთიაქო სფეროში დაბლოკვით. არ ვიცი, რამდენ ხანში, მაგრამ აუცილებლად მოგვიწევს, რომ გავაპროტესტოთ ჩვენი სამუშაო პირობები. გაფიცვით იქნება თუ სხვა გზით.
Commentaires