top of page

ტყიბულში აფეთქებულებზე

ვახტანგ ნაცვლიშვილი



ტყიბულში მომხდარი ტრაგედია შემზარავია, მაგრამ მოულოდნელი არ არის. კომპანიამ იცოდა, რომ მეთანი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, აალებულიყო და ნებისმიერი რაოდენობის მეშახტე მოეკლა. იცოდა მთავრობამაც. ეს ეწერა გერმანული კვლევითი კომპანიის მომზადებულ დასკვნაში, რომელსაც მთავრობა მალავდა, მაგრამ მოგვიანებით მაინც გასაჯაროვდა. გაგახსენებთ მოვლენების თანმიმდევრობას.


2018 წელს ტყიბულში ორი აფეთქება მოხდა და ჯერ - 6, შემდეგ კი 4 მეშახტე დაიღუპა. მეორე ავარიის შემდეგ ტყიბულში შახტის მუშაობა ფორმალურად შეჩერდა. მთავრობამ და პროფკავშირმა მოიწვიეს გერმანული კვლევითი კომპანია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა შახტების უსაფრთხოება. ამ კომპანიის დასკვნაში ჩაიწერა ის, რომ შახტში მუშაობა არის სიკვდილთან თამაში და რომ, თუ საწარმოო პროცესი მთლიანად არ გადაიარაღდება, იქ მუშაობა შეუძლებელი იქნება. ექსპერტული ევფემიზმებით, მაგრამ, არსებითად, ეს თქვეს გერმანელებმა.


შახტების დახურვის მიუხედავად, მეშახტეები კომპანიისგან ხელფასს იღებდნენ. ბევრს მუშაობაც უწევდა, მაგრამ იმ ენერგიით არა, როგორც სრული დატვირთვით მუშაობისას არის საჭირო. ასე გრძელდებოდა 14 თვე, 2019 წლის სექტემბრამდე, როცა კომპანიამ ხელფასები აღარ გასცა და მეშახტეები ქუჩაში გამოვიდნენ. ბეჟუაშვილის კომპანიამ ტყიბულიდან გასვლა დაანონსა. ტყიბული მაშინ მღელვარებამ მოიცვა. რითი უნდა ეცხოვრათ? ტყიბულში ჩავიდა ნათია თურნავაც, რომელმაც პირობა დადო, რომ ქალაქში შეიყვანდა ახალ ინვესტორს, რომელიც უსაფრთხოებაში ფულს ჩადებდა, მოპოვებას განაახლებდა და ხელფასებსაც გადაიხდიდა. მაგრამ უსაფრთხოების გაუმჯობესების ნაწილში თურნავამ ტყიბულიც ისე გადააგდო, როგორც ნამოხვანი.


მაინც რას ნიშნავდა არსებული იარაღებით მუშაობის გაგრძელება? ცოტა უკან უნდა დავიხიოთ. 2006 წელს, როცა ტყიბულის შახტები ამუშავდა, გადაიარაღება არ მომხდარა. მეშახტეები შახტში დაბრუნდნენ საბჭოთა იარაღებით. აქ ერთი რამ უნდა გავნმარტოთ: საბჭოთა კავშირი 60-იანი წლებიდან ნახშირის ინდუსტრიაში ინვესტიციებს ამცირებდა და მოპოვება ტყიბულშიც შემცირდა. 1970-იან წლებში გაზეთი ტყიბული წერდა, რომ შახტში არ ახლდებოდა წარმოების იარაღები. მოკლედ, იმის თქმა შეიძლება, რომ მეშახტეები 2006 წელს 50-წლიანი დაძველების იარაღებითა და წარმოების წესით დაუბრუნდნენ შახტს. მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში პირველი მეშახტე დაიღუპა. ეს რიცხვი ყოველ წელს იზრდებოდა, მაგრამ თავად შახტში ბევრი არაფერი შეცვლილა.


წლების მანძილზე მთავრობა და კომპანია ტყიბულში პანიკით ვაჭრობდნენ. ასე შეიძლება ვუწოდოთ მათ სტრატეგიას, ტყიბულში დაემკვიდრებინათ აზრი, რომ საწარმო წამგებიანია. მთავრობისა და კომპანიის რიტორიკაში ქვანახშირის მოპოვება ერთგვარ ქველმოქმედებად იყო მიჩნეული. თუ არ გინდათ არსებულ პირობებში მუშაობა, ტყიბულიდან საერთოდ გავალთ, - ასეთი მუქარა მუდმივად ისმოდა ტყიბულის ყურებში. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ მეშახტეებს პირობების გაუმჯობესება არ მოეთხოვათ - მაგალითად, უსაფრთხოების დაცვა ან ხელფასების გაზრდა. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ბეჟუაშვილის კომპანია მოპოვებულ ქვანახშირს საკუთარი ცემენტის ქარხნის საწვავად იყენებდა და ეს ცემენტის ქარხანა დიდ მოგებაზე მუშაობდა. 2016 წელს ტყიბულმა მაინც მოახერხა მრისხანე გაფიცვა, თუმცა, საბოლოო ანგარიშით, მთავრობა და კომპანია მაინც ახერხებდნენ მშრომელთა თანხმობა უმუშევრად დარჩენის პანიკით გამოევაჭრათ.


ვითარება არც საწარმოს ახალი მესაკუთრის გამოჩენის შემდეგ შეცვლილა. მაგრამ უკვე გასარკვევი და სადავო არაფერია - არჩევანი ასე დგას: ან შრომა, რომლის დროსაც, შეიძლება, აფეთქდე, ან უმუშევრობა, უწამლობა, შიმშილი. რა უნდა უპასუხოს ამას მეშახტემ? საერთოდ, დასაქმების რა შესაძლებლობებია ტყიბულში? ტყიბულში სამუშაო ადგილები არ იქმნება. მუნიციპალური უწყებების გარდა, აქ მხოლოდ რამდენიმე წვრილი დამსაქმებელია; არსებობს ჩაის რამდენიმე საწარმო, მცირე ზომის. სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც ქალებს ასაქმებს. მაღალია ქალთა მიგრაციაც. მაგრამ ქალაქი თითქმის ისევეა დამოკიდებული შახტზე, როგორც საბჭოთა დროს იყო - როცა შახტის მუშაობა ჩერდება, ქალაქიც თითქმის ჩერდება; ნისიებზე გადადის ადგილობრივი მცირე ეკონომიკა, თავისი ყვავილებისა და სილამაზის სალონებით, მაღაზიებით, ბაზრით და საბავშვო სახელოვნებო წრეებით. ერთადერთი, რაც მოძრაობას აგრძელებს, სესხებზე დარიცხული პროცენტია. ზედ ჯარიმები, საურავები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მეშახტისთვის არჩევანი სწორედ ამასა და საშიშ, სარისკო სამსახურს შორის დგას. და, როგორც ჩანს, უმუშევრობა უფრო სარისკო და საშიშია, ვიდრე შახტში მუშაობა.


მაგრამ არის ეს არჩევანი? ცხადია, არა. ასეთი არჩევანით ცხოვრება ჯოჯოხეთს ნიშნავს, რომლის ერთი სურათის ფრაგმენტი გუშინ ვნახეთ ტყიბულში.

bottom of page