
ავტორი: ია ერაძე
საპენსიო სესხის მასშტაბი: საქართველოში დაახლოებით 800 000 პენსიონერია. 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, 360 000 მომხმარებელს აქვს პენსიით უზრუნველყოფილი სესხი. ამ კრედიტების მოცულობა 334 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 924 ლარია. ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, საპენსიო ასაკის ადამიანებზე გაცემულ სესხებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო პანდემიის პირველ, 2020 წელს, რაც აისახა როგორც მსესხებლებთა რაოდენობაში, ასევე გაცემული სესხების ჯამურ მოცულობაში.
საპენსიო სესხის განმარტება: საპენსიო სესხში მოიაზრება ის კრედიტი, რომელიც პენსიითაა უზრუნველყოფილი და რომლის პროცენტიც მსესხებელს ყოველთვიური პენსიიდან ეჭრება. დღესდღეობით, ლიბერთი ბანკი ფინანსურ ანგარიშებში პირდაპირ არ არის მოხსენიებული საპენსიო სესხი. თუმცა, ლიბერთი ბანკის საიტზე ვხვდებით საპენსიო სესხსა და საპენსიო ოვერდრაფტს. თუ 2006-2007 წლებში, ბანკი ფინანსურ ანგარიშებში პენსიით უზრუნველყოფილ სესხს ცალკე კატეგორიად გამოყოფდა, 2010 წელს ამ სესხს საპენსიო ავანსი (pension advances) გადაერქვა და 2012 წლიდან კი სიტყვა პენსია საერთოდ გაქრა სესხების კატეგორიიდან. სანაცვლოდ გაჩნდა ტერმინი - საცალო კლიენტებზე გაცემული სესხი, რეგულარული შენატანებით. თუმცა, ამ კატეგორიაში (დიდი ალბათობით) გაერთიანებულია არა მხოლოდ პენსიონერები, არამედ ისინიც, ვინც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ. ეროვნული ბანკიც საპენსიო სესხს არ გამოყოფს ცალკე კატეგორიად მის ანგარიშებში. ამგვარი ბუნდოვანება კი ართულებს საპენსიო სესხზე ზუსტი სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას.
საპენსიო სესხის პროცენტი: წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 2022 წელს 36% იყო, რომლის ზედა ზღვარიც 2023 წლის იანვრიდან 26%-მდე შემცირდა. ეს განაკვეთი ეროვნული ბანკის რეფინანსირების პროცენტზე იქნება მიბმული და მასზე მაქსიმუმ 15%-ით მეტი შეიძლება იყოს. შედარებისთვის, ლიბერთი ბანკის სამომხმარებლო სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15,75%-იდან იწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილება მხოლოდ 2023 წლიდან გაცემულ სესხებზე გავრცელდება და ცვლილება არ აისახება უკვე დავალიანებული პენსიონერების ვალზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის აპრილის საპარლამენტო გამოსვლაზე დაყრდნობით, საპენსიო სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 2012-2013 წლებში 100-200% იყო, 2014 წელს - 53%-80%, 2017 წელს იგი 41.7%-49.7%-მდე შემცირდა, 2018 წლიდან კი დაახლოებით 43% გახდა. საპროცენტო განაკვეთის ამგვარი კლებადი ტენდენცია პირდაპირ კავშირშია ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებასთან.
პენსიების დარიგება: პენსიების და სხვა სოციალური დახმარებების დარიგება ლიბერთი ბანკის მიერ ხდება. 2022 წლის მაისში, ლიბერთი ბანკმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მომდევნო შვიდი წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს. ამ დრომდე ბანკი უფასო არიგებდა პენსიებს. აღნიშნული ცვლილება საყურადღებოა, რადგან იგი საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის 10%-იან კლებას ემთხვევა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული თანხის ბანკისთვის გადახდა საპროცენტო განაკვეთის შემცირებით გამოწვეული შემოსავლის დანაკარგის დასაბალანსებლადაა გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ გამოცხადებულ ტენდერში, ბოლო ეტაპზე ლიბერთი ბანკის გარდა არცერთი ბანკი არ მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის გაიაფებას ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის მიერ 2022 წლის მაისში, საპენსიო სესხებზე კაპიტალის რისკის წონის 75%-დან 35%-მდე შემცირებამაც.
ლიბერთი ბანკი: ლიბერთი ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, მისი საბაზრო წილი მთლიანი აქტივებში 2021 წელს მხოლოდ 5,1% იყო, მთლიანი სესხების პორტფელში - 4,6% და მთლიანი დეპოზიტების პორტფელში - 5,9%. 2021 წელს ბანკის წმინდა საპროცენტო შემოსავალი 210 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, მაშინ როცა წმინდა არასაპროცენტო შემოსავალი 37 მილიონი ლარი იყო. ლიბერთი ბანკის მთავარი მფლობელი (74%) Georgian Financial Group-ია, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს კანონმდებლობის ქვეშაა დაფუძნებული. ბანკის საბოლოო ბენეფიციალური მფლობელები არიან ირაკლი რუხაძე, ბენ მარსონი და იგორ ალექსეევი.
ფოტო: sputnik-georgia