როგორ ძვირდება სიცოცხლე

ესმა გუმბერიძე


უკვე მრავალი წელია, რაც სამედიცინო მომსახურების, გამოკვლევებისა და წამლების

ფასების უმართვად ზრდაზე ვსაუბრობთ. სამედიცინო დანახარჯებს თანდათან ჩვენი

შემოსავლების უფრო და უფრო დიდი წილი მიაქვს. ხშირად უძლურების განცდა

გვეუფლება, რადგან ვერანაირ გავლენას ვერ ვახდენთ ჯანდაცვის სფეროში მიღებულ

გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ყველას უშუალოდ გვეხება. ხშირად ვერც იმას ვიგებთ,

თუ ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს.


ჯანდაცვა სპეციფიკური სფეროა. ეკონომიკის დანარჩენ დარგთაგან განსხვავებით, აქ

მოთხოვნას არა მომხმარებელი, ანუ პაციენტი, არამედ მიმწოდებელი, ანუ ექიმი ქმნის -

ჩასატარებელ გამოკვლევებსა და მკურნალობას ხომ სწორედ ის განუსაზღვრავს

პაციენტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამედიცინო ჩარევის არჩევანს ექიმი აკეთებს

და არა - პაციენტი. ამავდროულად, სამედიცინო ხარჯს ხშირად ვერ ვითვალისწინებთ

ჩვენს შემოსავლებში, აღმოვჩნდებით რა მოულოდნელად რომელიმე დაავადების წინაშე.

ამ ბლოგში მიმოვიხილავ, თუ რა გავლენას ახდენს კონკურენციის კანონმდებლობის

სისუსტე სამედიცინო ლაბორატორიული გამოკვლევებისა და ანალიზების ფასებზე.

ივნისის თვეში შევამჩნიე, რომ ავერსის ლაბორატორიებში კუაგულოგრამის ფასმა 45

ლარს მიაღწია. არადა, მანამდე, რამდენიმე თვით ადრე 20 ლარს შეადგენდა.

კუაგულოგრამა პოსტკოვიდური სინდრომის სამართავად საჭირო ერთერთი საკვანძო

გამოკვლევაა. ალოგიკურია, ვივარაუდოთ ამ ანალიზის თვითღირებულება გაიზარდა. მის

ჩასატარებლად საჭირო რეაქტივების ფასი ასე სწრაფად ვერ მოიმატებდა. ბიზნესის

წამოსაწყებად გაღებულ ხარჯებს კი კომპანია, როგორც წესი, წამოწყების პირველ

თვეებში ინაზღაურებს ხოლმე. ამავდროულად, უკვე დიდი ხანია, კუაგულოგრამის ფასი

40 ლარზე მეტია ევექსი კლინიკებში. საქართველოში სამედიცინო მომსახურების

მიმწოდებელი სულ რამდენიმე მსხვილი კომპანიაა და მათ ბაზრის მნიშვნელოვანი

წილი უჭირავთ. თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ მანკიერ პრაქტიკას

გავითვალისწინებთ, ამ რამდენიმე მსხვილ მიმწოდებელს შორის კარტელური

შეთანხმების არსებობა ადვილი წარმოსადგენია.


რა არის კარტელური შეთანხმება? კარტელური შეთანხმებები დგება კონკურენტებს

შორის ერთნაირი ან მიახლოებული ფასებისა თუ პირობების დაწესების მიზნით. ეს

ბიზნესს უმარტივებს მუშაობას, აძლევს გარანტირებულ მომხმარებლებსა და

შემოსავალს. სამაგიეროდ, ასეთი გარიგეგები მძიმედ აისახება პაციენტების

ჯანმრთელობასა და შემოსავლებზე. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნებში

კარტელური შეთანხმებები კონკურენციის სამართლით არის აკრძალული. ევროპის

კონკურენციის კომისრის ოფისს აქვს ძალოვან საგამოძიებო სტრუქტურასთან გათანაბრებული უფლებამოსილება; მას შეუძლია, ნებისმიერი პირის საჩივრის

საფუძველზე გაუფრთხილებლად შეამოწმოს კომპანია, გამოკითხოს თანამშრომლები,

ჩაატაროს ფარული საგამოძიებო მოქმედებები კარტელური შეთანხმების ან

კონკურენციის სამართლის სხვა დარღვევის გამოსავლენად.


გადავწყვიტე, მიმემართა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის -

ვარაუდით, რომ ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პოლიტიკის პირობებში

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსაც გამოძიების მსგავსი შესაძლებლობა ექნებოდა.

სააგენტოდან ჩემი განცხადების განხილვაზე უარი მითხრეს და წერილობით მაცნობეს,

რომ რიგითი მომხმარებლის განცხადების განხილვის ვალდებულება სააგენტოს არ აქვს.

განსახილველად სავალდებულო საჩივრის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ

ეკონომიკურ აგენტს, პოტენციურ კონკურენტს, ბიზნესს, რომელიც თვლის, რომ

ზარალობს. აღმოჩნდა, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ

ამბობს, რომ რიგით მომხმარებელზე კონკურენციის წესების დარღვევა გავლენას არ

ახდენს. კანონის მიხედვით, განმცხადებელი არის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან

მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს

კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი.

არადა, ხომ ვიცით, სწორედ რიგითი მომხმარებელი ზარალობს კონკურენტებს შორის

ფასებისა და პირობების დაფიქსირების შედეგად; თორემ კონკურენტები, თუ

კარტელური შეთანხმების მონაწილენი არიან, ერთობლივად მართავენ მიწოდებასა და

ინაწილებენ გავლენის სფეროებს.


შემდეგი ნაბიჯი იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამედიცინო და

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსადმი განცხადებით მიმართვა,

სადაც ასევე ვწერდი გამოკვლევათა ფასებზე ავერსსა და ევექსი კლინიკებს შორის

შესაძლო შეთანხმების თაობაზე. სააგენტომ მიპასუხა, რომ შეისწავლიან მხოლოდ ისეთ

შემთხვევას, თუკი ჩემთვის სამედიცინო დახმარების გაწევისას სახელმწიფო

პროგრამით გათვალისწინებული თანხა არ იყო სწორად გადახდილი. ვინაიდან ავერსის

ლაბორატორიაში ანალიზის გასაკეთებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ

მისარგებლია, იქ ამ გამოკვლევის ფასის ზრდასაც ვერ განიხილავდნენ. აღსანიშნავია

ისიც, რომ გამოკვლევებსა თუ პროცედურებზე ფასების ზრდას ვერ ეწევა სახელმწიფოს

მიერ დაწესებული განაკვეთები. რადგანაც სახელმწიფო საავადმყოფოები თითზე

ჩამოსათვლელი გვაქვს, ის, რასაც სახელმწიფო „სრულ ანაზღაურებას“ უწოდებს, კერძო

კლინიკების მხრიდან მუდმივად ზრდადი ფასების პირობებში თანაგადახდა გამოდის.

არადა, ჯანმრთელობის უფლებაზე ჯანდაცვის სერვისების ფინანსური მისაწვდომობის

გარეშე ვერ ვილაპარაკებთ.


საქართველოს კანონმდებლობა და მისი აღსრულების პრაქტიკა ნოყიერ ნიადაგს ქმნის

კონკურენტებს შორის არაფორმალური მოლაპარაკებებისთვის, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო მომსახურების გაძვირებას იწვევს. სამედიცინო მომსახურების გაძვირება

კი, თავისი არსით, სიცოცხლის გაძვირებაა.