რატომ მუშათა კლასი?

ვივეკ ჩიბერი

გიორგი ხასაიას თარგმანი

ფოტო მოძრაობა ხმის არქივიდან, ავტორი: ბექა წიქარიშვილი


ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ სოციალისტები მუშათა კლასს საკუთარი პოლიტიკური ხედვის ცენტრში ათავსებენ. მაგრამ რატომ? როცა ამ კითხვით სტუდენტებს და აქტივისტებს მივმართავ, სხვადასხვაგვარ პასუხს ვიღებ, რომელთა უმეტესობა მორალისტურია - სოციალისტები ფიქრობენ, რომ მშრომელები კაპიტალიზმის პირობებში ყველაზე მეტად იტანჯებიან და ეს ტანჯვა მიაჩნიათ მთავარ საკითხად, რომელზეც უნდა ფოკუსირდნენ.


ცხადია, მშრომელები განიცდიან ყველა სახის დამცირებასა და ჩაგვრას და სოციალური სამართლიანობისთვის მოწოდებული ყოველი მოძრაობა ამას ცენტრალურ საკითხად უნდა სახავდეს. მაგრამ თუ მხოლოდ ესაა ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ვფოკუსირდეთ კლასზე, მაშინ არგუმენტი ადვილად გაბათილდებოდა.


ბოლოსდაბოლოს, ბევრი ისეთი ჯგუფია, რომელიც ასევე განიცდის ჩაგვრას და უსამართლობას - რასობრივი უმცირესობები, ქალები, შშმ პირები. რატომ გამოვარჩევთ მშრომელებს? რატომ უბრალოდ არ ვიტყვით, რომ ყოველი ჩაგრული და მარგინალური ჯგუფი უნდა მოთავსდეს სოციალისტური სტრატეგიის გულისგულში?


საქმე ისაა, რომ კლასზე ფოკუსირება მხოლოდ მორალური არგუმენტით არ საზრდოობს. მიზეზი, რატომაც სოციალისტებს ჯერათ, რომ კლასობრივი ორგანიზება ქმედითი პოლიტიკური სტრატეგიის ცენტრს უნდა წარმოადგენდეს, დაკავშირებულია ორ პრაქტიკულ ფაქტორთან: დიაგნოზთან, თუ რა არის უთანასწორობის მიზეზები თანამედროვე საზოგადოებაში და პროგნოზთან, თუ რა ბერკეტებითაა შესაძლებელი ცვლილებები უფრო პროგრესული მიმართულებით.


კაპიტალიზმი დანაპირებს არ ასრულებს


ბევრი რამის ჩამოთვლა შეგვიძლია, რის გარეშეც ადამიანებს ღირსეული ცხოვრება არ ექნებათ, მაგრამ ორი რამ სასიცოცხლოდ აუცილებელია. პირველი ეს არის მატერიალური დაცულობის გარანტია - შემოსავალი, თავზე ჭერი და საბაზისო ჯანდაცვა. მეორე ეს არის სოციალური დომინაციისგან თავისუფლება - თუ შენ სხვისი კონტროლის ქვეშ ხარ, თუ ის შენ ნაცვლად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მაშინ შენ მუდმივად მოწყვლადი ხდები ძალადობისა და დამცირების მიმართ.


საზოგადოებაში, სადაც ადამიანების უმეტესობას არ აქვს სამუშაო ან აქვს, მაგრამ ხელფასით ძირითად ხარჯებს ვერ ფარავს, სადაც ისინი იძულებულები არიან სხვების კონტროლს დაემორჩილონ, სადაც მათ წართმეული აქვთ ხმა კანონების შემუშავების პროცესში, შეუძლებელია სოციალური სამართლიანობის მიღწევა.


კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რომელიც ემყარება ადამიანთა უმეტესობისთვის ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი წინაპირობების წართმევას. მშრომელები ყოველდღე მიდიან სამუშაოდ განცდით, რომ შეიძლება ეს სამუშაო მალე დაკარგონ. დამსაქმებელი მათ უხდის იმდენს, რამდენიც მის მთავარ პრიორიტეტს არ ეწინააღმდეგება. მთავარი პრიორიტეტი კი მოგებაა და არა - დასაქმებულების კეთილდღეობა. მშრომელები მუშაობენ მათი უფროსების დადგენილი რიტმით და ხანგრძლივობით. და ამ პირობებს იმიტომ კი არ თანხმდებიან, რომ მოწონთ ან უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივა სამუშაოს არქონაა. ეს კაპიტალიზმის ეპიზოდური ან მარგინალური ასპექტი როდია. ეს სისტემის განმსაზღვრელი თვისებაა.


ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება კაპიტალისტების ხელშია, მათი მთავარი მიზანი კი მოგების გაზრდაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მშრომელთა პირობები, საუკეთესო შემთხვევაში, მათთვის მეორადი წუხილია. ამიტომაა, რომ ეს სისტემა საფუძველშივე უსამართლოა.


ბერკეტის გამოყენება


პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო ჰუმანური და სამართლიანი გახდეს, არის, შევამციროთ დაუცველობა და მატერიალური ძარცვა უამრავი ადამიანის ცხოვრებაში და გავზარდოთ თვითგამორკვევის შესაძლებლობა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში პრობლემას ვაწყდებით - ელიტების პოლიტიკურ წინააღმდეგობას.


კაპიტალიზმის პირობებში ძალაუფლება არათანაბრადაა გადანაწილებული. კაპიტალისტები წყვეტენ, ვინ დაიქირავონ და გაუშვან და ვინ იმუშავებს და რამდენ ხანს. პოლიტიკური ძალაუფლების უდიდესი ნაწილიც მათ ხელშია, რადგან მათ შეუძლიათ ყავდეთ ლობი, დააფინანსონ პოლიტიკური კამპანიები და პოლიტიკური პარტიები.


და რადგან ისინი ხეირობენ ამ სისტემით, რატომ უნდა წაახალისონ მასში ცვლილებები, ცვლილებები, რომლებიც გარდაუვლად ნიშნავს მათი ძალაუფლებისა და მოგების შემცირებას? პასუხი ნათელია: მათ ეს არ აწყობთ და, ამიტომ, აკეთებენ ყველაფერს სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად.


პროგრესული მოძრაობები ყოველ ჯერზე, როცა სამართლიანობისთვის ბრძოლას იწყებენ, კაპიტალის ძალაუფლებას ეჯახებიან.


ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოითხოვს სიმდიდრის გადანაწილებას, მთავრობის ნებისმიერი სოციალურად პროგრესული რეფორმა - იქნება ეს ჯანმრთელობის დაცვა, გარემოსდაცვითი რეგულაციები, მინიმალური ხელფასი თუ დასაქმების პროგრამა - მუდმივად აწყდება მდიდრების წინააღმდეგობას, რადგან ყოველი ასეთი მცდელობა უკავშირდება მათი შემოსავლის ან მოგების შემცირებას.


ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრესული ცვლილებების მსურველებმა უნდა იპოვონ მობილიზაციის წყარო, ძალა რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს დაძლიონ კაპიტალისტების კლასისა და მათი პოლიტიკური ფუნქციონერების წინააღმდეგობა.


რა ძალა აქვს მუშათა კლასს? კაპიტალისტებს შეუძლიათ, მოგება ნახონ მხოლოდ მაშინ, თუ მშრომელები იმუშავებენ. მაგრამ თუ ისინი ამაზე უარს იტყვიან, მოგება ერთ ღამეში გაუჩინარდება. დამსაქმებლების ყურადღებას არაფერი იპყრობს იმაზე მეტად, ვიდრე ფულის ნაკადის შეწყვეტა.


გაფიცვის მსგავს ქმედებებს აქვს პოტენციალი, არა მხოლოდ კონკრეტული კაპიტალისტები დააჩოქოს, არამედ გავლენა იქონიოს სხვა ინსტიტუციებზეც, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მათზეა დამოკიდებული - მთავრობის ჩათვლით.


შესაძლებლობა, დაემუქრონ მთელ სისტემას მუშაობაზე უარის თქმით, მშრომელებს აძლევს ისეთ ბერკეტს, როგორიც არ გააჩნია საზოგადოების არცერთ სხვა ჯგუფს, გარდა თავად კაპიტალისტებისა.


ამიტომ, თუ პროგრესული სოციალური ცვლილება ითხოვს კაპიტალისტური ოპოზიციის დაძლევას, - და ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ვხედავთ, რომ ითხოვს - მაშინ, ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება მშრომელების ორგანიზებას, რათა მათ შეძლონ ამ ძალის გამოყენება.


ამდენად, მშრომელები წარმოადგენენ არა უბრალოდ სოციალურ ჯგუფს, რომელიც სისტემატიურად ექვემდებარება ექსპლუატაციას, არამედ ჯგუფს, რომელსაც საუკეთესო პოზიცია უჭირავს საიმისოდ, რომ რეალური ცვლილებები გამოიწვიოს და დათმობაზე წამოიყვანოს ძალაუფლების მთავარ ცენტრები - ბანკირები და ინდუსტრიალისტები, რომლებიც სისტემას მართავენ.


მშრომელები წარმოადგენენ ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურ შემხებლობაშია კაპიტალისტებთან და გადაჯაჭვულია მათთან მარადიული კონფლიქტით, როგორც მათი არსებობის შემადგენელი ნაწილი. არ არსებობს სხვა ძალა, რომლის გარშემოც პოლიტიკური მოძრაობის ორგანიზებაა შესაძლებელი.


და ეს არ არის უბრალოდ თეორია. თუ ჩვენ გადავხედავთ პირობებს, რომლებშიც ბოლო ასი წლის მანძილზე შორსმიმავალი ცვლილებები განხორციელდა, ცვლილებები, რომლებმაც ღარიბების მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესეს ან ბაზრის წინააღმდეგ მეტი უფლება მიანიჭეს - ყოველთვის მუშათა კლასის მობილიზაციას ემყარებოდა. ეს სიმართლეა არა მხოლოდ კეთილდღეობის სახელმწიფოს ფარგლებში მიღებული ,,დალტონიკური” ზომების შემთხვევაში, არამედ ისეთი ფენომენის შემთხვევაშიც, როგორიცაა სამოქალაქო უფლებები და ხმის უფლებისთვის ბრძოლა.


ნებისმიერი მოძრაობა, რომელმაც სარგებელი მოუტანა ღარიბებს, მათი კანის ფერის ან სქესის მიუხედავად, ეფუძნებოდა მშრომელების მობილიზაციას. ასე იყო ევროპაშიც და გლობალურ სამხრეთშიც, ისევე, როგორც შეერთებულ შტატებში.


სწორედ ეს ძალა - ძალა, რომელსაც შეუძლია კაპიტალს რეალური დათმობები აიძულოს - აქცევს მუშათა კლასს პოლიტიკური სტრატეგიისთვის ასეთ მნიშვნელოვან ჯგუფად. ცხადია, ის, რომ ნებისმიერ კაპიტალისტურ საზოგადოებაში სწორედ მშრომელები წარმოადგენენ უმრავლესობას და რომ ისინი მუდმივად ექსპლუატირებული არიან, მათ ტანჯვას კიდევ უფრო მწვავეს ხდის. მორალური გადაუდებლობისა და სტრატეგიული ძალის ეს კომბინაცია არის ის, რაც მუშათა კლასს სოციალისტური პოლიტიკის ცენტრში ათავსებს.



 


წყარო:

https://www.jacobinmag.com/2016/03/working-class-capitalism-socialists-strike-power/