კლასიონ კვიმსაძე
ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან
„ხელდახელი მიგაქვს ლელო, მიჰქრი, აღარ გცალია, და სახელი, სისხლისმსმელო, შენი - კაპიტალია.“
გალაკტიონ ტაბიძე
ბოლო დღეებში ხშირად იხსენებენ 30 წლის წინ თბილისში მომხდარ პუტჩს და სამოქალაქო ომს. ამ გახსენებას ძირითადად ახლავს შეგონება, რომ სამოქალაქო ომი და დაპირისპირება არ უნდა განმეორდეს. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიული და უშინაარსო პოლიტიკური დაპირისპირებით დაძაბულ და დაღლილ საზოგადოებაში თითქოს ბუნებრივად ჩნდება ამგვარი შინაგანი სიფრთხილის სურვილი და საფრთხის შეგრძნება. თუმცა, ამ კუთხით 30 წლის წინანდელ მოვლენებს უჩემოდაც ბევრი გამოეხმაურება. მე შევეცდები 30 წლის წინანდელი ომის ერთ-ერთ ტრაგიკულ შედეგზე დავწერო. აქ სიტყვას დავუთმობ 1991-1992 წლების გამორჩეულ ფიგურასა და მაშინდელი ამბების საკმოდ გულახდილ, დეტალურ ჟამთააღმწერელს ჯაბა იოსელიანს, რომელიც საკუთარ წიგნში „სამი განზომილება“ გვიყვება:
„კიტოვანი გარშემორტყმულია გასამხედროებული საქმოსნებით. ისინი რუსი სამხედროების გამონთავისუფლებულ შენობებს, ჰოსპიტლებს, რომელიღაც გასამხედროებულ ქარხნებს უმიზნებენ, მათ ხელში ჩასაგდებად ჩალიჩობენ. მახსენდება სამოქალაქო ომის დროს რუსეთში აღმოცენებული რუსული ბლატნოი სიმღერის კირპიჩიკის რეფრენი: ი პო ვინტიკუ, პო კირპიჩიკუ, რაზაბრალი ვეს ნაშ ზავოდ... მამუკა გვარიშვილს ჩემთან მოჰყავს ვიღაც ვახტანგ რჩეულიშვილი, გინდა თუ არა, რუსის ჯარის რომელიღაც ყოფილი ქარხანა ჩვენ უნდა გადმოგვცეთ, რაღაც ფირმას თუ კოოპერატივს ვხსნითო.“
ამ მოკლე ფრაგმენტში, ფაქტობრივად, ქართული კაპიტალიზმის მშობიარობის სცენაა აღწერილი. თბილისის ომის შემდეგ და მისი შედეგებიდან გამომდინარე, დაიწყო ათწლეულების მანძილზე ხალხის მიერ შექმნილი ქონების სწრაფი დატაცება (პრივატიზაცია) ერთეული, სათანადო კავშირების მქონე ადამიანების მიერ. პუტჩის შედეგად ყოფილმა საბჭოთა ნომენკლატურის წევრებმა, მაგალითად ფრიდონ ინჯიამ (სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება „კრასნაია ზარიას“ თბილისის ფილიალის დირექტორი) და სამოქალაქო ომის მონაწილე უნარიანმა ყაჩაღებმა, მაგალითად მხედრიონელმა გიორგი რურუამ, მოკლედ რომ ვთქვათ - მაფიამ, მალევე სრული და ლეგალური კონტროლი დაამყარა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე. და(ნარჩენებს) კი თავის გადარჩენის გზად მხოლოდ მათ დაქირავებულ მსახურად ყოფნა ან ქვეყნიდან გაქცევა დაგვრჩა.
ხშირად გვიკვირს, თუ რატომ არის დაცლილი პოლიტიკური ბრძოლა თუ საჯარო განხილვები სოციალური თემებისგან. ვინაიდან პუტჩის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე კონტროლი დაამყარეს, 90-იანი წლებიდან დღემდე, ოლიგარქები ქვეყნის ეკონომიკურ რესურსებს პოლიტიკოსებთან ინაწილებენ. ასეთი გზებით გამდიდრებული პოლიტიკოსები შეგვიძლია ვიპოვოთ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, მაგალითად, ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი, და „ქართულ ოცნებაშიც“, ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის სახით. ლოგიკურია, რომ პოლიტიკური საკითხები, რაც ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას აწუხებს, ვერ ხვდება ასეთი პოლიტიკოსების მიერ დადგენილ დღის წესრიგში. ვინც საქართველოში საჯარო სივრცეს აკონტროლებს, მათი ინტერესები სრულიად აცდენილია ხალხის ინტერესებს. საქართველოში საზოგადოებრივი განხილვის საკითხს არ წარმოადგენს საბინაო პოლიტიკა, რადგან უამრავი საშუალო და დაბალი სოციალური კლასის ოჯახისგან განსხვავებით, ქართველი პოლიტიკოსებს და მათი დამფინანსებელ ოლიგარქებს სადარდებლად არ სჭირდებათ თვის ბოლომდე ქირისთვის, ან იპოთეკური სესხისთვის თანხის შეკოწიწება. ვერც განათლების პოლიტიკა დაიჭერს ამ კამათში ცენტრალურ ადგილს, რადგან მათი შვილები, როგორც წესი, არ დადიან საჯარო სკოლებში და ქართულ უნივერსიტეტებში. შესაბამისად, მათ არ აინტერესებთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დაგროვებული პრობლემების მოგვარება. პოლიტიკური განხილვის თემა ვერ იქნება ვერც ჯანდაცვის სახელმწიფო სექტორის განვითარება, ან წამლებზე ხელმისაწვდომობა, რადგან ოლიგარქები და პოლიტიკოსები უცხოეთში სამკურნალო ფულს ფეისბუქზე არ აგროვებენ, და არც წამალსა და საჭმელს შორის აკეთებენ არჩევანს. მათი ერთადერთი ინტერესია ჯერ კიდევ 30 წლის წინ ხელში ჩაგდებული კაპიტალის გაფართოება. ამისთვის კი საჭიროა კაპიტალს შეხვდეს რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება ქვეყანაში არსებული ადამიანური თუ სხვა მატერიალური რესურსების ასათვისებლად, რათა მიიღონ მაქსიმალური მოგება. სწორედ ამიტომაც ჰგავს 30 წელია საქართველოს ყველა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ერთმანეთს და ერთადერთ ჭეშმარიტებად გვიცხადებს სახელმწიფოს ჩაურევლობას ეკონომიკაში, გადასახადების შემცირებას, შრომის უფლებების ანულირებას. მხოლოდ ასეთი ეკონომიკური პოლიტიკაა მისაღები და ხელსაყრელი მათთვის, ვინც ამ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას აკონტროლებს პუტჩიდან მოყოლებული დღემდე.
ბანკში, სასტუმროში, შახტაში, კლინიკაში, აფთიაქში, საჯარო სამსახურში, სუპერმარკეტში თუ სხვა ეკონომიკურ ობიექტზე ჩვენი შრომის გარეშე მათი კაპიტალის ზრდა, ამ ერთეული ოლიგარქების კიდევ უფრო გამდიდრება შეუძლებელია. ეს თეორიულად გვაძლევს შესაძლებლობას, ბრძოლით მივაღწიოთ ჩვენი ცხოვრებისთვის ღირეულ საცხოვრებელ პირობებს, სამუშაო გარემოს, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას თუ განათლებას. თუმცა, რადგან ოლიგარქები მედიასა და კერძო უნივერსიტეტებს აფინანსებენ, ხოლო საჯარო განათლების სივრცეს მათი დაფინანსებული პოლიტიკოსები აკონტროლებენ, მშრომელების ორგანიზებისა და მობილიზების შესაძლებლობებიც შეზღუდულია. საინფორმაციო მანქანა და აკადემიური სივრცე არწმუნებს ადამიანებს, რომ მხოლოდ გამდიდრება ნიშნავს წარმატებას, ხოლო ეს წარმატება მიღწევადია მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით. ღარიბი ადამიანი ამ ლოგიკის თანახმად მხოლოდ ზარმაცი და მუქთახორა თუ იქნება, რომლის ცხოვრების სავალო და სავალალო პირობები მისივე სიზარმაცის სასჯელია. ტვინის რეცხვაზე მუშაობის მრავალწლიანი პროცესის შედეგად, მშრომელების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია სოციალურ კიბეზე დაწინაურების ილუზიურ შესაძლებლობაზე და არა სოლიდარული ბრძოლით მიღწევად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. ეს დეზინფორმაციის კამპანია შედეგიანია იმის გათვალისწინებით, რომ მშრომელების წინააღმდეგობის ორგანიზების შესაძლებლობები დამსაქმებლებზე მათი ეკონომიკური დამოკიდებულების და ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილების არ ქონის გამო, ისედაც შეზღუდულია.
დღეს, სამოქალაქო ომიდან 30 წლის შემდეგ, უნდა ვიდარდოთ არა იმაზე, თუ რომელი მაფიოზური ჯგუფი („პარტია“) იქნება ძალაუფლების მწვერვალზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გავთავისუფლდეთ პუტჩის შედეგებისგან. იმ მაფიოზური, ანტიდემოკრატიული მმართველობის მოდელისგან, რომელიც გამორიცხავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ხალხის მონაწილეობასა და ჩვენი კლასობრივი ინტერესების გათვალისწინებას.
Comments