top of page

მიშიზმის იდეოლოგიური დამხობისათვის

მარიამ შენგელია

გეზი სივრცეს უთმობს მარიამ შენგელიას.


ფარსი განმეორებადია პოლიტიკური, იდეური და ეთიკური სტერილურობის ჟამს.

მიშა ისევ ტელევიზორებშია. ამჯერად, ჰაგიოგრაფიულისა და ჰეროიკულის პირმოთნეული ნიმუში.

სანახაობა პურის გარეშე, მაშინ, როდესაც არ გვაქვს პური და თავისუფლება.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა შეწყვიტა და რეაბილიტაციას „ნიუ ჰოსპიტალში" გადის. მიშა - გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

ზუგდიდში დევნილებმა პირი ამოიკერეს და რეაბილიტაციას არ გადიან.

არც კაზრეთელ მუშებს გაუვლიათ რეაბილიტაცია, არც ირაკლი ბაღდავაძეს, არც ჭიათურელ მაღაროელებს, არც რკინიგზელებს, არც ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეებს და სხვა არაპოპულარულ მოშიმშილეებს.

არც არავის უთხოვია.

‘შვილიც’ ეკრანებზეა.

მიშისტები ვარდების რევოლუციას ქუჩაში ზეიმობენ,

ვახო სანაია და სტუმრები - სტუდიაში.

მაგრამ ამერინდიელებისთვის კოლუმბი ვერასდროს გახდება თეთრკანიანების სათაყვანო მოგზაური.

დარჩენილები, მიშიზმის რეჟიმის ‘მსხვერპლები’, აღიარებას ვითხოვთ. ჩვენი გამოცდილებების აღიარებას. დიქტატურის აღიარებას. უპირობო მხარდაჭერას.

არც ერთი და არც მეორე.

სანაცვლოდ, ელიტების ნაცნობი პროპაგანდა განვითარებაზე: შუქი, შადრევნები, ევროპა, გაზი, გზები.

უფრო მეტი, ვიდრე პოლარიზაცია.

დომინაცია ყოველთვის ყველა გამარჯვებულის მიერ გადაცემული მემკვიდრეობაა.

ვალტერ ბენიამინი

ახლა, როდესაც არჩევნები ჩავლილია და მიშას ასამართლებენ, როდესაც პოლიტიკა სავალალო ბინარულობამდე- ‘მიშიზმი’ და ‘ქოციზმი’ - დაიყვანება, ხოლო საყოველთაო სოციალური კრიზისის პირისპირ საზოგადოების ნაწილი იმ მოვლენასაა მიბრუნებული, რომელსაც 2003 წლის შემდეგ კვლავ უტიფრად ჰქვია რევოლუცია, ისევე მნიშვნელოვანია მიშიზმის იდეოლოგიური დამხობა, როგორც მისი ერთპარტიული ძალაუფლების გადაგდება იყო საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი 2012 წელს.

თავიდანვე რომ ნათელი იყოს: მიშიზმისთვის ბოლოს მოღება არ უნდა ემსახურებოდეს ‘ოცნების’ შენარჩუნებას.

‘ოცნება’ ისევეა საძულველი, როგორც ყველა უბადრუკი მთავრობა და მისი გაზულუქებული მეთაურები როლექსიანი მაჯებით, სახლში პინგვინებით და კედლებზე დამიენ ჰირსტებით.

ხოლო ‘ოცნების’ სიძულვილი არ უნდა ემსახურებოდეს მიშიზმის დაბრუნებას.

მაგრამ მიშიზმი არც არსად წასულა : პოლიტიკანა მასხარები, ტაბულა, გირჩი, ევროპული საქართველო, ლიბერალი ინტელექტუალები, ელენე ხოშტარია, მთავარი არხი, ფარმამაფია, მონოპოლიური ბიზნესი და ეკონომიკა, კოლონიური მოკითხვები ამერიკის ელჩისგან.

უფრო სწორად რომ ვთქვათ : ოცნების სიძულვილი არ უნდა ემსახურებოდეს მიშიზმისთვის მეტი ძალაუფლების ხელახლა გადაცემას, მიშიზმისკენ მიბრუნებას.

მიშიზმის იდეოლოგიური და იდეური დამხობა ნიშნავს ქვეყნის უახლოესი წარსულის აღიარებას, პოლიტიკური მეხსიერების გადაცემას და დაცვას ისეთი

გარდამავალი პოლიტიკური პროცესის არარსებობის დროს, ყოველი პოსტდიქტატორული მმართველობის პერიოდი რომ მოითხოვს.

დიქტატორული მმართველობა.

ცხადია, ამაზე ვერც მიშისტებთან შევთანხმდებით და ალბათ, ვერც ლატენტურ მიშისტებთან. ეს არც არის საჭირო. ისევე, როგორც არ არის საჭირო ნეოფაშისტებთან პინოჩეტის დიქტატურის თაობაზე შეთანხმება. ეს იმ ტიპის პოლარიზაციაა, ამიერიდან კარგად ცნობილი ტერმინი რომ გამოვიყენო, რომელსაც მხოლოდ ერთი იდეოლოგიური და ეთიკური საწყისებიდან მეორეზე გადასვლა თუ მოარღვევს.

ძალთა ჭიდილი, ფრანგულად rapport de force.

ნაციონალისტური და პოპულისტური მისწრაფებების ნიადაგზე დიქტატორული, ფაშიზმნარევი მმართველობებისკენ ციკლური მიბრუნება პოლიტიკური იმედგაცრუებების კანონზომიერებად იქცა (როგორც დღეს, ჩილეში, ულტრამემარჯვენე კანდიდატის პირველ ტურში გამარჯვება) და ეს პოლიტიკური მეხსიერების ფალსიფიკაციას, ან უარეს შემთხვევაში, მის უარყოფას ნიშნავს.

თუ ჩილეში, ულტრამემარჯვენეები და ნეოლიბერალები იმ რეჟიმის შინაარსის გაყალბებას ცდილობენ, რომელსაც თავიდანვე დიქტატურა ეწოდა, საქართველოში მიშას ავტორიტარული რეჟიმის სახელდებაც ისევეა გაყალბებული, როგორც ისტორიული ნარატივი: რევოლუციით მიღწეული დემოკრატიული აღმშენებლობა.

ქვეყნის უახლოესი ისტორიის მსგავსად, შიმშილობაც გაყალბების საგნად იქცა.

სინამდვილეში, საქმე გვაქვს პინოჩეტის რეჟიმისგან განსხვავებით, არა მილიტარისტულ, არამედ პოლიციურ დიქტატურასთან.


მიშიზმი არ არის უბრალოდ ერთი მიშა, ერთი მეგისი და სამი ახალია.

არც მხოლოდ ნაციონალური მოვლენაა მიშიზმი. ის მიეკუთვნება, უპირველეს ყოვლისა, პოსტტოტალიტარულ დემოკრატიებში ავტორიტარიზმის ახალი ფორმის, ნეოლიბერალური ავტორიტარიზმის აღზევებას ნაციონალისტური სულისკვეთებით:

Chicago Boys, პრივატიზაცია, მინიმალური სახელმწიფო და მაქსიმალური მართვა, ბენდუქიძე, სადამსჯელო და რეპრესიული აპარატები, თავისუფალი ბაზარი, ფრიდმანი, ფრიუნი, ფსევდოდამოუკიდებლობა, პოპულიზმი, სანდრა და ელარჯი, ფსევდოანტიიმპერიალიზმი და თვითკოლონიზაცია, ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა და რეიგანის ქანდაკება, მილიტარისტული მისიები ახლო აღმოსავლეთში, ზონდერები, ფარული კამერები, კაბინეტებში დაგეგმილი რევოლუცია, ანუ ფარსი.

კანონი, ღარიბებსაც და მდიდრებსაც ერთნაირად უკრძალავს პურის მოპარვას.

ანატოლ ფრანსი

ციხე სამართალდამცავი სახელმწიფო სისტემის სადამსჯელო ფორმაა.

ციხე ბოროტებაა.

ის კიდევ უფრო დიდი ბოროტება მაშინაა, როდესაც რიგით მოკვდავებს, დედებს, სექს მუშაკებს, ტრანსგენდერებს, ‘ნარკომანებს’, ქუჩის კრიმინალებს, გაბოროტებულ ღარიბებს, მუშებს, მარგინალებს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ან კიდევ, ‘ჩარეცხილებს’ აპატიმრებს.

კანონის უზენაესობის ფარგლებში ის მოიაზრება, როგორც სასჯელაღსრულებითი, საიზოლაციო სივრცე ძალაუფლების მხრიდან კონტროლის შესანარჩუნებლად.

დიქტატორული და ავტორიტარული მმართველობის დროს, ის სასჯელაღსრულებით სივრცესთან ერთად, რეპრესიული იარაღია ძალაუფლების მხრიდან ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

პოლიცია, სასამართლო, ციხე: სამება, რომელიც იქცა მიშიზმის მმართველობის თავდებად.

მონსტრი, რომელიც აღარ სცნობს თავის შემოქმედს.

“No justice, no peace”

სლოგანი პირველად გამოყენებულ იქნა 80-იან წლებში აფროამერიკელების მიერ

პოსტმიშისტური საქართველო იქცა მოუნელებელი, გამოუთქმელი და აუღიარებელი უსამართლობის დაუსჯელობის სცენად.

სამართლებრივ დაუსჯელობაზე მეტად აქ ზოგადი, პოლიტიკური დაუსჯელობა იგულისხმება; დამოუკიდებელი, სახალხო აზრით მართული.

ბრაზი გადაუყლაპავი ხორცის ნაგლეჯად ექცა საზოგადოების ერთ ნაწილს. ის მანამ იხავებს, სანამ გადმოფურთხებაში ხელს შეუშლიან.

დაღდასმული, დაავადებული სხეულები არც ივიწყებენ და არც პატიობენ.

ეს ბრაზი, როგორ უსამართლობისგან გამოწვეული ყველანაირი ბრაზი, წმინდაა. და ვერაფერი მოიტანს სიმშვიდეს მანამ, სანამ ის არ მიიღებს კუთვნილ აღიარებას.

მეც ამ ბრაზისგან მოცემული ლეგიტიმაცია მალაპარაკებს:

ეს ბრაზი უარს ამბობს სახელმწიფო რეპრესია უბრალო სტატისტიკამდე დაიყვანოს, ხოლო საკუთარი თავი - პასიურ მსხვერპლამდე.

ის არ იწყალებს ძალაუფლებას და მის პერიფერიულ დამქაშებს, მეგის ქარდავას, ტატო ლაგვილავას, ახალაიას...

ის არ პატიობს პოლიციურ მიზოგინიას და ჩინოვნიკების მიერ დაგეგმილ ძალადობას; სხეულის წართმევას, შანტაჟს ოჯახით და ‘ქალის’ მდგომარეობით პატრიარქალურ ყოფაში.

არ ენდობა ინსტიტუციას და არც მის დაუსჯელობას პატიობს.

მიშას რეჟიმისაგან აქამდე დაზარალებულები ახლაც ზარალდებიან, ამჯერად, მიშიზმის განახლებული ძალადობით - ზონდერების ნაცვლად მასმედიური პროპაგანდით.. ზარალდებიან ისევ ისინი, და არა ‘ოცნების’ მინისტრები.

პატიმრები, მოწამლულები, დაავადებულები, მოტყუებულები, მოტაცებულები, დაღუპულები და მათი ახლობლები, ისინი არსებობენ და მეც - მათ შორის.

პირველ რიგში, მე სწორედ მათ მივმართავ და თანადგომას ვუცხადებ.

თანავუგრძნობ ათასობით ბრაზის ათასობით ისტორიას ჩაგვრის შესახებ, რომელიც ჩუმი და უხილავი გახდა.

ეს ბრაზი ისევე ეხება რეჟიმის შემოქმედებს, როგორც ამ ბრაზის გულგრილ მაყურებლებს, პოლიტიკური ამნეზიის ნებაყოფლობით სნეულებაში მყოფ გავლენიან გამპრავებლებს: ვიწრო სამოქალაქო საზოგადოება, ანუ თბილისელი ელიტები თვითკოლონიური მისწრაფებებით, მედიები, კარიერისტი პრადვინუტები, გია ნოდიები, ‘ობსკურანტიზმის’ წინააღმდეგ საბრძოლველად დაფინანსებული ენჯეოები, საჯარო მოხელეეები, ჰიპსტერები და არტისტები, მაკკეინები ამერიკიდან და დემოკრატიის მისიონერები ევროპარლამენტიდან.

ეს ბრაზი ციხესა და სასამართლოებს სცდება და მათზე მეტად საშიშია.

ის უარს ამბობს მურუსიძის სასამართლოზე და ლუკა სირაძის მკვლელ პოლიციაზე.

ეს ბრაზი იარაღია უსამართლობის ამოსაცნობად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი მხრიდან ძალადობა ლეგიტიმურია, მისი აღმოფხვრის მცდელობა კი ამ ბრძოლის გაჩუმების მცდელობაა.

ეს ბრაზი არის ქარბუქი, რომელიც სტიქიის მაუწყებელია.

მე ვარ ყველა იმ ჯგუფთან, ვინც წერაქვით, დინამიტითა და ცეცხლით ებრძვის ძველი წესრიგის წყეულ ძეგლს.

ლუიზ მიშელი

პოლიტიკა არ არის არჩევნებზე ხმის მიცემა, და არც მართვაა პოლიტიკა.

პოლიტიკაა ყოველდღიურობა: ოჯახი, სკოლა, სამსახური, გენდერი და სექსუალობა, აფთიაქი, საცხოვრებელი, ქუჩა, საძინებელი, ბანკი, ქალაქი, საზღვრები, სამეზობლო, სამეგობრო, იმპერია, ურთიერთობა, სოფელი, ხეობა, საკვები, მაღაზია, საავადმყოფო, კონფლიქტი.

პოლიტიკაა ბრაზი, ბრძოლა და თანადგომა.

მოქმედება, ანუ potentia agendi.

პოლიტიკა კოლექტიურია და ამასთან, ზედმეტად პერსონალური იმისათვის, რომ განაცალკევო პიროვნება მის მიღმა.

ის ერთდროულად აახლოვებს და აშორებს.

ის არ სცნობს პაციფიურ მისალმებასა და ზრდიალობიან შებრალებას.

ის არის ყველგან, სადაც არიან ჩაგრული და მებრძოლი სხეულები.


bottom of page