top of page

„ისტორიული პაქტის“ ისტორიული გამარჯვება კოლუმბიაში


ფოტო: Pacto Histórico/Facebook


19 ივნისს კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე „ისტორიული პაქტის“ კანდიდატმა, 62 წლის გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა. კოლუმბიის ისტორიაში პირველად მემარცხენე კანდიდატის გამარჯვება მნიშვნელოვანი ცვლილებაა როგორც თავად კოლუმბიის, ასევე მთელი სამხრეთ ამერიკის კონტინენტისათვის. კოლუმბიაში აქამდე არჩევნებში იმარჯვებდნენ მემარჯვენე, კონსერვატორული ძალები და სამხრეთ ამერიკის არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით, კოლუმბიაში მემარცხენე, სოციალისტური მმართველობის გამოცდილება აქამდე არ არსებობდა. „ისტორიული პაქტის“ წარმატებას ხელი შეუწყო რამდენიმე მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა პრობლემამ, რომელსაც მემარჯვენე ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა დაინფიცირების 6 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 140,000-მდე ადამიანი, სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობამ კოლუმბიის მოსახლეობის 39%-ს გადააჭარბა, ხოლო ინფლაციამ 9% შეადგინა.


პეტროსა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ მარკესის საარჩევნო ბრძოლა მარტივი არ ყოფილა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იყო არაერთი თავდასხმის მცდელობა და მკვლელობის მუქარა მათი მისამართით. კოლუმბიის არჩევნებზე ტრადიციულმა პოლიტიკურმა პარტიებმა სრული კრახი განიცადეს. „ისტორიული პაქტის“ კანდიდატების მეტოქე მეორე ტურში სამშენებლო ბიზნესის მაგნატი რუდოლფო ერნანდესი იყო, რომელმაც ანტიკორუფციული სლოგანებითა და სოციალური ქსელების აქტიური, დემაგოგიური მოხმარების გამო, „კოლუმბიელი დონალდ ტრამპის“ მეტსახელი დაიმსახურა.


ახლადარჩეული, პროფესიით ეკონომისტი კოლუმბიის პრეზიდენტი პარტიზანული გაერთიანების M 19-ის წევრი იყო და მცირე ხნით დაკავებულიც იყო იარაღის უკანონოდ შენახვის გამო. M 19 1990-იანი წლებიდან სამხედრო-პარტიზანული დაჯგუფებიდან სამოქალაქო-პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა და საარჩევნო ბრძოლაში ჩაერთო. პეტრო წლების განმავლობაში ამ პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან 2011 წელს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას მერის არჩევნებში გაიმარჯვა. წლევანდელ გამარჯვებამდე კი ორჯერ დამარცხდა კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში.


პეტროს საარჩევნო პროგრამა რამდენიმე სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტს აერთიანებდა. პეტრო ნავთობის, ქვანახშირის და გაზის მოპოვებაზე ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულებას ზიანის მომტანად მიიჩნევს და თვლის, რომ ეკონომიკის ამ დარგებზე დამოკიდებულება ისეთივე დამანგრეველი პრობლემაა კოლუმბიისთვის, როგორც კოკაინის არალეგალური წარმოება. ის გეგმავს მხარი დაუჭიროს განახლებადი, „მწვანე“ ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. პეტროს მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი, იურისტი ფრანსია მარკესი, პირველი აფრო-კოლუმბიელი ქალია, რომელიც ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს. ფემინისტურ და გარემოს დაცვით სახალხო მოძრაობებში მიღებული გამოცდილებით ის იქნება კოლუმბიის ახალი მთავრობის კურატორი ქალთა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით. პეტრო და მარკესი საშინაო შრომაში ჩაბმული ქალების ფინანსურ დახმარებას, პენსიებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ზრდას გეგმავენ. ამ დაპირებების შესასრულებლად „ისტორიული პაქტის“ მთავრობა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ზრდას და მდიდრებისთვის მაღალი პროგრესული გადასახადის დაწესებას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს.


კოლუმბიის ახალ მთავრობა არჩევისთანავე დადგა რამდენიმე შიდა და საგარეო პრობლემის წინაშე. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ „ისტორიულ პაქტის“ მთავრობას არ ჰყავს საპარლამენტო უმრავლესობა და მრავალი რეფორმის გასატარებლად მას დასჭირდება შედარებით ზომიერ ცენტრისტულ პარტიებთან შეთანხმება. მეორე სერიოზულ დაბრკოლებად კი შესაძლოა იქცეს აშშ-ისთან ურთიერთობები. კოლუმბია ამ დრომდე სამხრეთ ამერიკაში აშშ-ის უმთავრეს დასაყრდენად მიიჩნეოდა და მას 2022 წლის მარტში მიენიჭა აშშ-ის NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი. აშშ-ის და კოლუმბიის ახალი მთავრობის პოზიციები პირველ რიგში დაპირისპირებულია ვენესუელასთან დაკავშირებით. კოლუმბიაში იმყოფება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი და მის მიერ ე.წ. „შუალედურ პრეზიდენტად“ ცნობილი ხუან გუაიდო (გუაიდოს ამ სტატუსით აღიარებას მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებაც), რომელიც თავს ვენესუელას პრეზიდენტად მიიჩნევს. პეტროს ხელისუფლება კი ვენესუელას ლეგიტიმურ პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს თვლის და აშშ-ის არ ეთანხმება ვენესუელასთვის სანქციების დაწესების საკითხში. თუმცა პეტრო გეგმავს აშშ-ისთან მოლაპარაკებების გამართვას უფრო სამართლიანი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად.


ტრადიციულად მემარცხენე კუბასა და ვენესუელას გარდა, უკვე კოლუმბიაში, მექსიკაში, არგენტინაში, ბოლივიასა და ჩილეშიც მემარცხენე პარტიები არიან ხელისუფლებაში. სამხრეთ ამერიკაში მემარცხენე პოლიტიკის გამარჯვებების ეს ტალღა შესაძლოა გაგრძელდეს ბრაზილიით, სადაც ექს-პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა ცდილობს ძალაუფლების კიდევ ერთხელ მოპოვებას.


გამოყენებული წყაროები:

  1. https://peoplesdispatch.org/2022/06/07/colombia-needs-democracy-plain-and-simple-an-interview-with-maria-jose-pizarro/

  2. https://jacobin.com/2022/05/colombia-elections-gustavo-petro-uribe-duque-assassination

  3. https://www.reuters.com/world/americas/colombias-new-leftist-president-petro-promises-fight-inequality-2022-06-20/

  4. https://www.reuters.com/world/americas/colombia-economic-reforms-will-be-difficult-whoever-wins-presidency-2022-05-25/

  5. https://www.vaticannews.va/en/church/news/2022-06/colombia-bishops-elections-president-gustavo-petro-message.html

  6. https://www.aljazeera.com/news/2022/6/19/colombia-left-wing-ex-rebel-gustavo-petro-wins-presidency

  7. https://americasquarterly.org/article/reaction-gustavo-petro-elected-president-in-colombia/

  8. https://thewire.in/world/colombia-gustavo-petro-latin-america-pink-tide

bottom of page