top of page

ვინ არის მუშათა კლასი დღეს?

ჯონ მოლინუ

ანნა ჯაყელის თარგმანი


მარქსიზმი მუშათა კლასის თვითემანსიპაციის თეორიაა, შესაბამისად, იმის განსაზღვრა, თუ ვის ვგულისხმობთ დღეს მუშათა კლასში, მარქსისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, იმის გათვალისწინებით, რომ ეს კლასი უკანასკნელ ათწლეულებში მკვეთრად შეიცვალა.

მკერავი
ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media

„კომუნისტური პარტიის მანიფესტის” პირველი გვერდის სქოლიოში ენგელსი პროლეტარიატს ასე განსაზღვრავს: „პროლეტარიატად იგულისხმება კლასი თანამედროვე დაქირავებული მუშებისა, რომელნიც, რადგან წარმოების საკუთარი საშუალებები არა აქვთ, იძულებული არიან გაჰყიდონ ხოლმე თავიანთი სამუშაო ძალა, რათა იცხოვრონ.“ ეს განმარტება ერთგვარ დაკონკრეტებას საჭიროებს. მაგალითად, უნდა გამოირიცხონ ისინი, ვინც, მართალია, თავს საკუთარი სამუშაო ძალის გაყიდვით ირჩენენ, მაგრამ რეალურად არიან დაქირავებული მენეჯერები და სხვების შრომის კონტროლში საკუთარი შრომის ღირებულებაზე მეტ ანაზღაურებას იღებენ. ასევე, პროლეტარიატად უნდა ჩავთვალოთ დასაქმებულთა ოჯახის წევრებიც, რომლებიც მათ შემოსავალზე არიან დამოკიდებულები, და უმუშევრებიც, ვინც მშრომელების სარეზერვო არმიას ქმნიან. ამ ჩასწორებების მიუხედავად, ენგელსის განმარტება დღესაც რელევანტურია, თანაც როცა გვესმის, რომ იგი კლასობრივი ბრძოლისა და ექსპლუატაციის მარქსისტული თეორიის ფარგლებშია განსაზღვრული. ეს არის ექსპლუატაცია (ჭარბი ღირებულების მიღება), რაც პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის წინააღმდეგობას იწვევს და მუშებს განცალკევებულ, განსხვავებულ კლასად აყალიბებს.


ამასთან, ეს ორ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს უსვამს ხაზს. პირველი, მუშათა კლასი, ვისზეც მარქსი 1848 წლის მანიფესტში წერდა, მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში (და ცოტაც- ამერიკაში) ცხოვრობდა და სულ 20 მილიონი თუ იქნებოდა, დღეს კი მათი რიცხვი 1.5 მილიარდია და ყველა კონტინენტსა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს მუშათა კლასი იმაზე ბევრად უფრო დიდი და პოტენციურად უფრო ძლიერია, ვიდრე - ოდესმე. მეორე, ისეთ ძველ, „მოწინავე“ ინდუსტრიულ ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა ბრიტანეთი, საფრანგეთი ან აშშ, მუშათა კლასი დღემდე შეადგენს სამუშაო ძალისა და, ზოგადად, მოსახლეობის მნიშვნელოვან უმრავლესობა. ამის მიუხედავად, საკითხი, რაც მინდა რომ აქ წამოვჭრა და რაც მარქსისტებს გამოსარკვევი აქვთ, არის არა პროლეტარიატის რაოდენობა, არამედ მისი, როგორც საბრძოლო ძალისა და პოტენციური რევოლუციური სუბიექტის ხასიათი და სტრუქტურა. ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში დასაქმებულთა ყველაზე დიდ კატეგორიას შინამოსამსახურეები წარმოადგენდნენ, თუმცა როდესაც საქმე ბრძოლას ეხებოდა, სხვა სფეროების წარმომადგენლები ლიდერობდნენ. მაგალითად, 1842 წლის გაფიცვას მაღაროელები, ფეიქრები, მრთველები, მეთუნეები, წისქვილებისა და ქარხნების მუშები მიუძღვებოდნენ, 1888-1889 წლებში კი მათ ადგილს ასანთის მწარმოებელ ქარხანაში მომუშავე გოგონები (Match Girls), დოკერები და გაზის სისტემაში მომუშავეები იკავებდნენ.


1917-1921 წლებში აგორდა პროლეტარული ბრძოლის ყველაზე დიდი და რევოლუციური ტალღა, რომლის „ავანგარდშიც“ იყვნენ ლითონდამმუშავებლები, მაღაროელები, დოკერები და რკინიგზის მუშები პეტროგრადიდან ბერლინამდე და ტურინიდან შეფილდამდე. 1979 წელს ტონი კლიფმა ბრიტანეთის კლასობრივი ძალების თანაფარდობის შეფასებისას განაცხადა: გემთმშენებლობა, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, გემების შეკეთებისა და საავტომობილო მრეწველობის დარგები, სადაც ბრიტანეთის სამუშაო ძალის 4% იყო დასაქმებული, გაფიცვებისკენ ყველაზე მეტად იყო მიდრეკილი. 1965 წლისთვის გაფიცვის დღეთა 53% სწორედ აღნიშნულ ინდუსტრიებს მოიცავდა. ამ სფეროებში მუშათა ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციის გამო მათი ფრონტი ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ამას ციფრები აჩვენებს.

კლიფი იმასაც ამტკიცებდა, რომ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ამ სფეროებში მუშათა ორგანიზებისა და გაფიცვების კლება ბრიტანელ მუშათა მოძრაობის ბრძოლის დაღმავლობის მაჩვენებელი იყო. ეს მოსაზრება იმ პერიოდის ბევრმა მემარცხენემ უარყო, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა კლიფის აზრი დაადასტურა. ამ კუთხით, ბრიტანეთთან ერთად საინტერესოა საერთაშორისო ფონიც, თუ სად ვართ ჩვენ დღეს? ერთი რამ აშკარაა: გემთმშენებლები, მაღაროელები, დოკერები და მემანქანეები ბრიტანეთის მუშათა კლასის ყველაზე ძლიერი ფენა აღარაა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დღეს ისინი ძლივს თუ არსებობენ.


გადავხედოთ იმ მუშებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ. აქ, ირლანდიაში, 2016 წელს ვნახეთ დუბლინის ტრამვაის სისტემის (LUAS) მძღოლების დაწყებული დავები, რაც მოიცავდა დუბლინის ავტობუსის (Bus Eireann), მაღაზიათა ქსელების (Dunnes Stores), სადაზღვევო სფეროს (Irish Life), სააფთიაქო ქსელის (Lloyds Pharmacy) და გუგლის თანამშრომლებს, მასწავლებლებს, რაინეარის (Ryanair) პილოტებს, არქეოლოგებს(!), კინოინდუსტრიის მუშაკებს, რაც ტრადიციული ინდუსტრიული პროლეტარიატისგან ძალიან შორსაა. ყველაზე დიდი გამარჯვება LUAS-ის მძღოლებმა და რაინეარის პილოტებმა მოიპოვეს. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მუშათა კლასის ყველაზე დიდი მობილიზაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება (რადგან მან სახელმწიფო დაამარცხა) მოძრაობა “წყლის გადასახადი” იყო, რაც დაარსდა და იმართებოდა არა კონკრეტულ ადგილზე მომუშავეებით, არამედ თემის მიერ.


აშშ-ში 2018 წლის ყველაზე დიდი და ბრძოლისუნარიანი მასობრივი გაფიცვები მასწავლებლების ორგანიზებული იყო. ასევე, ყურადღება მიიპყრო მაკდონალდსის თანამშრომელთა გაფიცვამ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, და ციხის გაფიცვებმა აუნაზღაურებელი შრომის წინააღმდეგ. ინდოეთში 2016 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულმა 160-180 მილიონმა ადამიანმა 24 საათიანი გაფიცვით გააპროტესტა პრივატიზაცია და სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა. ეს ისტორიაში ყველაზე დიდ გაფიცვად შეფასდა. ბრიტანეთში ამ წლის ყველაზე დინამიკური გაფიცვა უდიდესი პიკეტებით, საბრძოლო მოწოდებებითა და ჩართულობით ლექტორთა პროფკავშირების (UCU) მიერ იყო ორგანიზებული. 2016-2017 წლების ერთ-ერთი მთავარი იყო უმცროსი ექიმების გაფიცვა. რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე ახალი ზელანდიელი თანამებრძოლის პოსტი ვნახე, რომელიც წერდა: „მასწავლებლები გაფიცულები არიან. სასწრაფო დახმარების მძღოლები გაფიცულები არიან. ავტობუსების მძღოლები გაფიცულები არიან. ბებიაქალები გაფიცულები არიან. აუთეაროას (Aotearoa - ახალი ზელანდია ადგილობრივ მაორის ენაზე) მუშათა კლასი ძლიერდება“.


ესპანეთში ქალთა საერთაშორისო დღეს გენდერული უთანასწორობისა და სქესობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი გაიფიცა. ეს ყველაფერი ძალიან შორს არის იმისგან, თუ როგორ გამოიყურებოდა ინდუსტრიული ბრძოლა 1889, 1913, 1919, 1972 ან 1979 წლებში.

ცხადია, შეიძლება ითქვას, რომ ჩემ მიერ მოყვანილი მტკიცებულებები სუბიექტური და არასისტემურია. ეს მართალია და მეც ზუსტად ამას ვამბობ. ჩვენ მარქსისტული ანალიზი გვჭირდება იმის შესახებ, თუ ვინ არის თანამედროვე პროლეტარიატი, სად ცხოვრობს და რომელია მისი მთავარი ჯგუფები პოტენციური ძალაუფლებისა და ბრძოლისუნარიანობის გადმოსახედიდან. ამასთან, საჭიროა, რომ ანალიზი იყოს როგორც გლობალური, ისე ეროვნული, რადგან საერთაშორისო მიმოხილვა მნიშვნელოვანია, თუმცა ეროვნულ-სპეციფიკური ელემენტის გათვალისწინებაც აუცილებელია. სოციალისტებს დიდწილად კვლავ უწევთ ეროვნული კონტექსტის გათვალისწინება და ის ფაქტი, რომ მაღაროელები ბრიტანეთისა და ირლანდიის კლასთა ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობენ, არ ნიშნავს იმავეს სამხრეთ აფრიკისთვის ან ჩინეთისთვის. როგორც ტონი კლიფი ამბობდა, „ლონდონის მეტროში გზას პარიზის მეტროს რუკით ვერ გაიკვლევ“.


კლიფის ეს მეტაფორა უფრო თეორიული და დროებითია, ვიდრე გეოგრაფიული. მარქსიზმში დიდი ხანია თეორიული კამათია იმის თაობაზე, ოფისის მუშაკები პროლეტარები არიან თუ წვრილი ბურჟუაზია/საშუალო კლასი, ამიტომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას. პრაქტიკაში, თითქმის ყველა სოციალისტი და შეგნებული პროფკავშირელი უცხადებს სოლიდარობას ლექტორებსა და უმცროს ექიმებს, თუმცა მოსაზრება, რომ ეს ადამიანები საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან და მუშათა კლასის ერთიანობისა და მისი პოტენციური ძალაუფლების გააზრებისთვის ზიანი მოაქვთ, კვლავ არსებობს. მათ რიგებშიც კი, ვისთვისაც მასწავლებლები და ლექტორები თეორიულად მუშათა კლასია, ხშირად იმარჯვებს მოძველებული კულტურული სტერეოტიპი და წარმოდგენა, თითქოს, ბრძოლაში ამ ადამიანებს მეორეხარისხოვანი როლი აქვთ.


ვფიქრობ, თანამედროვე მუშათა კლასის ტერიტორიის აუცილებელი „დაზვერვისა“ და „რუკაზე მონიშვნისთვის“ კიდევ სამი ფაქტორი უნდა იქნას სიღრმისეულად გამოკვლეული და გათვალისწინებული. პირველი არის კლასის ახლადჩამოყალიბებული გლობალური ხასიათი. სოციალისტები მანიფესტის გამოცემიდან საუბრობენ საერთაშორისო მუშათა კლასზე, თუმცა ამ მხრივ ბოლო ათწლეულების გარდატეხა უმნიშვნელოვანესია.


1993 წლიდან 2013 წლამდე შემოსავლის მქონე/საშტატო თანამშრომელთა რიცხვი 589,814,000-ით გაიზარდა (1993 წლის მაჩვენებლის 60%), რაც ნიშნავს, რომ ანაზღაურებად სამუშაო ძალას ყოველწლიურად საშუალოდ 29 მილიონი ადამიანი შეუერთდა. მეტიც, ანაზღაურებადი შრომის ზრდა მეტწილად განვითარებად ქვეყნებზე მოდიოდა. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ნელა იზრდებოდა, 345 მილიონიდან (1993) 410 მილიონამდე (2013). არაგანვითარებულ ქვეყნებში კი ამ მაჩვენებლის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა - 640 მილიონიდან (1993) 1,165 მილიონამდე (2013). განვითარებადი მსოფლიოს ანაზღაურებადი სამუშაო ძალა იმაზე მეტია, ვიდრე გლობალური ანაზღაურებადი სამუშაო ძალა იყო ოცი წლის წინ. 2013 წელს აღმოსავლეთ აზიაში საშუალოდ 445 მილიონი ანაზღაურებადი/საშტატო თანამშრომელი იყო, რაც ყველა განვითარებული ქვეყნის საერთო მაჩვენებელზე მეტია!


მსოფლიოში ყველაზე დიდი მუშათა კლასი, რა თქმა უნდა, ჩინეთს ჰყავს, მომდევნო ადგილებს კი ინდოეთი, აშშ, ინდონეზია და ბრაზილია ინაწილებენ. დღესდღეობით, ისეთ გაღარიბებულ ქვეყნებსაც კი, როგორებიც პაკისტანი და ბანგლადეშია, უფრო დიდი რაოდენობის ანაზღაურებადი სამუშაო ძალა ჰყავთ, ვიდრე ბრიტანეთს ან საფრანგეთს. მოსაზრება, რომ ურბანულ მუშათა კლასზე ორიენტირებული მსოფლმხედველობა ევროცენტრულია, უკვე სრულად მოძველებულია.

მუშათა კლასის მზარდი ინტერნაციონალიზაცია არა მხოლოდ სახელმწიფოებს შორის, არამედ მათ შიგნითაც მიმდინარეობს. კიმ მუდი წიგნში, „მოქმედების ახალი ველის შესახებ“, ამერიკული მუშათა კლასის „მზარდ მრავალფეროვნებაზე“ მიუთითებს.


შავკანიანები, აზიელები და ლათინოამერიკელები 2010 წლისთვის აშშ-ის მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენდნენ, 1980 წელს კი ეს მაჩვენებელი 20% იყო. აღნიშნულ რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს ახლა უკვე დიდი, მზარდი წილი აქვთ მუშათა კლასის პოზიციებში. შავკანიანები, ლათინოამერიკელები და აზიელები, მათ შორის ემიგრანტები, წარმოებაში, ტრანსპორტირებაში, გადაზიდვისა და სერვისის სფეროში 1981 წლისთვის დასაქმებულთა 15-16 პროცენტს შეადგენდნენ, დღეს კი თითოეული ზემოაღნიშნული სექტორის დასაქმებულთა 40%-ს წარმოადგენენ. მეტიც, იგივე ჯგუფები აღნიშნულ პროფესიულ კატეგორიებში დღეს ბევრად მეტად არიან გადანაწილებულნი, ვიდრე აქამდე.


ეს მზარდი მრავალფეროვნება მეტ-ნაკლებად ეხება უამრავი ქვეყნის მუშათა კლასს. ტაივანსაც კი უკვე 700 000 მიგრანტი მუშა ჰყავს, ამიტომ თითოეული მსგავსი შემთხვევის დეტალი და მისი მნიშვნელობა გაანალიზებას საჭიროებს.

აღნიშნულ მრავალფეროვნებასთან ერთად შეინიშნება სამუშაო ძალის მზარდი „ფემინიზაციაც“. ქალები დღეს უკვე მსოფლიოს დასაქმებულთა 40%-ს შეადგენენ. ბევრ ქვეყანაში - და არა მხოლოდ იმ სახელმწიფოებში, სადაც ამას მოველით - ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამის ზოგიერთი მაგალითია:

% ქალები

% ქალები

​ანგოლა 50.1

ნეპალი 51.8

სომხეთი 46.1

პორტუგალია 48.8

ავსტრალია 46.2

​რუსეთი 48.6

აზერბაიჯანი 48.8

შვედეთი 47.7

​ბელორუსია 49.7

ტოგო 49.2

ბენინი 49.2

​ვიეტნამი 48.1

[ქალების წილი დასაქმებულებში, 12 ქვეყნის მონაცემი. წყარო: მსოფლიო ბანკი]


მოცემული რიცხვების მოპოვება და ჩამოთვლა მარტივია, თუმცა მნიშვნელოვანია მათი ჩართვა კლასთა ბრძოლის ანალიზში მათი როგორც ეკონომიკური, ისე იდეოლოგიური/პოლიტიკური განზომილებებით. მაგალითად, ირლანდიის რიცხობრივი მაჩვენებელი 44.9%-ია, რაც საერთაშორისო სტანდარტებით სულაც არაა გასაოცარი, თუმცა 1990 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით, 34.4%-ითაა გაზრდილი. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამას დიდი იდეოლოგიური გავლენა ჰქონდა, რაც აბორტის რეფერენდუმის დიდ გამარჯვებაში გამოვლინდა. რაც შეეხება ჩინეთს და მის ყველაზე მნიშვნელოვან მუშათა კლასს მსოფლიოში, აქ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი 1990 წლიდან დღემდე 45.2%-დან 43.7%-მდე შემცირდა. თუმცა, რადგანაც ცნობილია, რომ სოფლებიდან ათობით მილიონი ქალის შიდა მიგრაცია გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩინეთის შთამბეჭდავი ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის, მაშინ როგორ შეიძლება ეს ავხსნათ? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ჩინეთის მუშათა კლასის ბრძოლაზე? უნდა აღინიშნოს ინდოეთიც, როგორც მეორე უდიდესი მუშათა კლასის მქონე ქვეყანა, რომელიც გამონაკლისია, რადგან ქალები აქ სამუშაო ძალის მხოლოდ 24.5%-ს შეადგენენ. კიდევ ერთხელ ისმება კითხვა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ბრძოლის კონტურებზე და რატომ? ცხრილში მოცემული კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც წიგნში „მოქმედების ახალი ველის შესახებ“ გვხვდება, მიუთითებს, რომ ქალების პროცენტული მაჩვენებელი ე.წ. „პროფესიების მაპროლეტარიზებელ“ დაბალ საფეხურებზე ძალიან მაღალი - 80%-ია. აღნიშნულ ფაქტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ამ ტიპის მუშათა რადიკალიზაციაზე, რაც გამოკვლევას საჭიროებს. უბრალოდ, თვალი გადაავლეთ გუგლში დასაქმებულთა საერთაშორისო გამოსვლას სექსუალური შევიწროებისა და რასიზმის წინააღმდეგ.


ყოველივე ზემოთქმული ამჟამინდელი და მომავალი მარქსისტებისათვის დიდ სამუშაოს სახავს, თუმცა ერთი რამ აშკარაა: ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი პროლეტარის, როგორც თეთრკანიანი კაცი ინდუსტრიული მუშის, სურათი წარსულს უნდა ჩაბარდეს.


 

წყარო:
http://www.rebelnews.ie/2018/12/04/who-is-the-working-class-today/

bottom of page