top of page

დიდი დიღმის მწვანე სივრცის და საქართველოს დასაცავად

კლასიონ კვიმსაძე


დიდი დიღმის II მიკრო რაიონის მოსახლეობა 2021 წლის აპრილის თვიდან იცავს დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მიმდებარე რეკრეაციულ სივრცეს მძიმე ტექნიკისგან. ამ ადგილას საქართველოს ფებურთის ფედერაცია გეგმავს საფეხბურთო მოედნის მოწყობას. მოსახლეობის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სივრცე ჩაიკეტება ადგილობრივი სამეზობლოსთვის, მათ შორის იქ მცხოვრები ბავშვებისთვის და მხოლოდ ფედერაციის მიზნებისთვის გამოიყენებენ. ეს ტერიტორია კი ირგვლივ მდებარე კორპუსებისთვის უკანასკნელი შესაძლებლობაა ჰქონდეთ რეკრეაციული სივრცე, სადაც თავისუფალ დროს სხვადასხვა ასაკის ადამიანები შეძლებენ დასვენებას, გართობას. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი მუდმივად მეთვალყურეობენ ტერიტორიას, რომ სამშენებლო პროცესი არ დაიწყოს. თბილისის მუნიციპალიტეტი უგუვებელყოფს ადგილობრივების ინტერესებს და პოლიციური ზეწოლით ცდილობს მათი წინააღმდეგობის გატეხვას. მიმდინარეობს სამართლებრივი დავა თბილისის მერიასა და ხალხს შორის.

დიდი დიღმის II მიკრო რაიონის მაგალითზე კარგად ჩანს კაპიტალის და მასთან გარიგებული სახელმწიფოს მიერ საჯარო სივრცის მცოცავი ოკუპაციის პროცესი, რომელიც თბილისში და სხვა ქალაქებში ადამიანების უდიდეს უმრავლესობას ცხოვრებას უმწარებს. ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემული ტერიტორიის გვერდით მდებარეობს კერძო, „ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები“. მოსახლეობის თქმით, აქ ადრე საჯარო სკოლა ყოფილა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გასხვისდა და ამჟამად კერძო მესაკუთრის მიერ არის შემოღობილი. სკოლის ირგვლივ მდებარე კორპუსებიდან მოსწავლეები ძირითადად დიდი მანძილით დაშორებულ საჯარო სკოლაში დადიან. სიშორის და სკოლამდე მისასვლელად გადატვირთული გზატკეცილის გადალახვის საფრთხის გამო, მშობლები ბავშვებს ფეხით ვერ უშვებენ საჯარო სკოლაში. იქვე მათ კორპუსთან მდებარე კერძო სკოლაში განათლებას ვერ იღებენ, რადგან კერძო სკოლას ამ ოჯახების ფინანსური შესაძლებლობები ვერ წვდება. თავად ამ კერძო სკოლასაც საკმაოდ საინტერესო მესაკუთრეები ჰყავს. უშუალოდ შპს „ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვების“ 90%-იანი წილის მფლობელია შპს „თანამედროვე ქართული სკოლა“. თავის მხრივ ამ უკანასკნელის 90%-იან წილს ფლობს შპს „საქართველოს განათლების ჯგუფი“. აღნიშნული ჯგუფის 100%-იანი წილის მესაკუთრე კი სს „საქართველოს კაპიტალია“, რომლის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, ხოლო გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ამირან გამყრელიძის ვაჟი და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ გამყრელიძეა. სკოლის მესაკუთრეების ამ ლაბირინთში კვალს საქართველოს ბანკთან მივყავართ. რეალურად სწორედ საქართველოს ბანკია ის ოკუპანტი, ვინც დიდი დიღმის II მიკრო რაიონის ბავშვებს საჯარო სკოლა შემოუღობა.


საინტერესოა ამ სკოლის გვერდით ფეხბურთის სტადიონის მოსაწყობად გადაცემული სივრცის ისტორიაც, რაც ამჟამინდელი პროტესტის საგანია. ადგილობრივები იხსენებენ, რომ საბჭოთა პერიოდში აქ კალათბურთის და ფეხბურთის ღია მოედნები იყო მოწყობილი, რითაც იქ მცხოვრები ახალგაზრდები სარგებლობდნენ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საყოველთაო კოლაფსის წლებში, სპორტული ინფრასტრუტურა განადგურდა. სივრცე უფუქციოდ დარჩა. ტერიტორია კორპუსებს შორისაა მოქცეული, ნორმალური სამანქანო გზა მასთან არ მიდის, მხოლოდ ვიწრო ბილიკები. ამ მოუხერხებლობის და სამეზობლოს მტკიცე წინააღმდეგობის გამო, ამ ცარიელ ადგილას კორპუსის ჩადგმა არავინ გარისკა. ახლა კი სპორტული ფედერაცია, რომელიც თავისი არსით საჯარო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, მოქმედებს როგორც კომერციული ორგანიზაცია, რომელსაც თითქოს მხოლოდ საკუთარი, კერძო ინტერესები გააჩნია. რა თქმა უნდა, ფედერაციას სჭირდება სივრცეები ფეხბურთის განვითარებისთვის, მაგრამ აბსურდია, რომ ორგანიზაცია, რომლის მისია სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, არ ინტერესდებოდეს ქალაქის მაცხოვრებლების პოზიციით სტადიონთან დაკავშირებით და პირიქით, უგუვებელყოფდეს და უპირისპირდებოდეს მათ. დაუშვებელია სპორტის განვითარების ინტერესის დაკმაყოფილება მთელი უბნის უკანასკნელი რეკრეაციული სივრცის ხარჯზე. ფეხბურთის ფედერაციისთვის უნდა გამოინახოს ალტერნატიული ადგილი, რომელიც მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს არ შეავიწროვებს. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებელი ქალაქ თბილისის მერიაა, რომელიც არ იცავს თავისი მაცხოვრებლების ინტერესებს და უბანში უკანასკნელი საჯარო სივრცის შენარჩუნების საქმეში არათუ მხარს არ უჭერს, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ხელს უშლის და ჯიბრში უდგება.


სახელისუფლებო მანქანა ამ წინააღმდეგობის ჩასახშობად საქართველოსთვის სტანდარტულად მოქმედებს: კორპუსის მაცხოვრებლებს პოლიციური ძალადობით უპირისპირდება; ქალაქის მერი კორპუსის მაცხოვრებლებთან შეხვედრის გარეშე, საჯაროდ, ჯიქურად და ქედმაღლურად დებს პირობას, რომ ამ ადგილას სტადიონი აუცილებად მოეწყობა; პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით ხელისუფლებას დაქვემდებარებული დეზინფორმაციის მანქანა სამეზობლოს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტ აქტივად ნათლავს. ფოტოებზე თქვენ ნახავთ მცირე წლოვან ბავშვებს, რომლებიც იქვე კორპუსებიდან მშობლებმა ჩამოიყვანეს კვირა დღეს გამართულ აქციაზე. კახა კალაძის (რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო) უტიფრობა და თავხედობა იმდენად უსაზღვროა, რომ გასაკვირი არ იქნება, თუ ამ ბავშვებზეც იტყვის, რომ „ნაცები“ არიან.


რეალურად კი მოცემულობა ასეთია - დიდი დიღმის II მიკრო რაიონის სამეზობლო მხოლოდ საკუთარი ძალებით, ერთი ერთზეა დარჩენილი გაჯიუტებულ, საჯარო ინტერესებისგან დაცლილ ხელისუფლების და პოლიციის ძალადობის პირისპირ. ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისგან“ ნამემკვიდრევი ნეოლიბერალური სახელმწიფოს ტრადიციებით წყდება. იმ ტრადიციით და მოქმედების ლოგიკით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის პირველივე წლებიდან მოირგო და დღემდე იყენებს საკუთარი პარტიული თუ ფინანსური ინტერესებისთვის. დიდი დიღმის პატარა მოედანიც და მთელი საქართველოც მხოლოდ სოლიდარული ბრძოლით და მმართველობის ამ მტაცებლურ ლოგიკასთან დაპირისპირებით შეიძლება დაიბრუნოს მისმა ერთადერთმა ლეგიტიმურმა მესაკუთრემ - ხალხმა.


bottom of page