top of page

გლობალური ციფრული პლატფორმების გამდიდრება მესამე სამყაროში გატანილი იაფფასიანი შრომით


ჩვენ თვალწინ მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებები იწვევს ცვლილებებს შრომის ბაზარზეც. ზოგიერთი პროფესია კარგავს ფუნქციას, ხოლო პარალელურად იქმნება მანამდე არარსებული სამუშაო ადგილები. ახალ პროფესიებში დასაქმებულ ადამიანებსაც უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, ღირსეული ანაზღაურებისთვის, სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებისა თუ უამრავი სხვა პრობლემის წინააღმდეგ.


Ფოტო: smilesondemand.com


ახალ პროფესიებს შორის ერთ-ერთია კონტენტ მოდერატორი. ესაა ადამიანი, რომელიც აკვირდება და აფასებს სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე ადამიანების ქცევის შესაბამისობას ამ პლატფორმის წესებთან. ამ ტიპის მომსახურებას გარე წყაროებიდან, ანუ ე.წ. აუთსორსინგის მეშვეობით იღებენ ისეთი გლობალური ციფრული პლატფორმები, როგორებიცაა: Tiktok, Facebook, ChatGPT, Youtube. გლობალურ ციფრულ პლატფორმებს მომსახურებას აწვდიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Sama და Majorel. აუთსორს კომპანიების საქმიანობა ფართოდაა გაშლილი მთელს მესამე სამყაროში. ესე იგი, ისეთ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს კაპიტალის ინტერესებზე მორგებული საგადასახადო რეჟიმი და სადაც საერთაშორისო კომპანიებს მარტივად შეუძლიათ დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ დიდი რაოდენობით სამუშაო ძალის მობილიზება ამ რუტინული, ემოციურად სტრესული სამუშაოს შესასრულებლად. Majorel საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს საქართველოშიც. 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა საქართველოში 173 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო დასაქმებულების რაოდენობა დაახლოებით 3 ათასია. საქართველოში აუთსორსინგში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მზარდია და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია გარკვეული პერიოდით მაინც შენარჩუნდება. მით უფრო, რომ პროცესში თავად სახელმწიფოა ჩართული სააგენტო "აწარმოე საქართველო"-ს მეშვეობით იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი იაფფასიანი მუშახელი შესთავაზოს გლობალურ კორპორაციებს.


აუთსორსინგზე მომუშავე კომპანიებს ბევრი თანამშრომელი ჰყავთ არა მარტო საქართველოში, არამედ აფრიკის კონტინენტზეც. 1 მაისს აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან 200 კონტენტ მოდერატორი შეიკრიბა კენიის დედაქალაქ ნაირობიში პროფესიული კავშირის დასაფუძნებლად. პრობლემები, რომელმაც მშრომელები პროფესიული კავშირში გაერთიანების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, არის 184 თანამშრომლის უკანონო გათავისუფლება, რომლებიც მუშაობდნენ მტრულ გარემოში, უმკაცრესი კონტროლის ქვეშ. თანამშრომლების მხრიდან სასამართლო დავების წამოწყების საპასუხოდ კომპანია Sama სადამსჯელო ზომებს მიმართავდა, ათავისუფლებდა "აჯანყებულ" თანამშრომლებს და ანაცვლებდა მათ მოსალოდნელი გაფიცვის თავიდან ასაცილებლად.


გარდა სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლების შემთხვევებისა, თავად სამუშაოს შინაარსიც საკმაოდ დამთრგუნველია. კონტენტ მოდერატორები გაფილტვრის მიზნით იღებენ ისეთი ინფორმაციის ნაკადს, როგორიცაა ბავშვთა პორნოგრაფია, ტერორიზმი, სხვადასხვა სახის ძალადობის კადრები. Მათ მუდმივად უწევთ ადამიანის სასტიკი ფორმებით მკვლელობის, ბავშვებზე ძალადობის, გაუპატიურების ვიდეო კადრების ნახვა. ამ შინაარსის ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავებამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, სტრესული აშლილობა, შფოთვა, უძილობა, სუიციდური აზრები. Როგორც წესი, ასეთი რისკების შესახებ კომპანიები პოტენციურ დასაქმებულებს წინასწარ არ აფრთხილებენ ხოლმე. პირიქით, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად პოზიტიურად და სახალისოდ წარმოაჩინონ შესასრულებელი სამუშაო. თანამშრომლებს მენტალური ჯანმრთელობის აღსადგენად მხარდაჭერა არ აქვთ დასაქმებულის მხრიდან და სწორედ ეს გახდა კენიაში პროფკავშირული ბრძოლის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი.


აუთსორს კომპანიების დაქირავება კარგი გამოსავალია გლობალური ციფრული პლატფორმებისთვის მშრომელების მდგომარეობაზე და შრომის პირობებზე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად. დასაქმების ამ მოდელში სწორედ აუთსორსული მომსახურების ორგანიზატორი კომპანიაა ის განტევების ვაცი, რომელიც სტრესულ სამუშაოს ასრულებინებს მესამე სამყაროს იაფფასიან მუშახელს Tiktok-ის, Facebook-ის, ChatGPT-ის და Youtube-ის სასარგებლოდ. ამ გლობალური პლატფორმების შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება და უზარმაზარ რიცხვებს აღწევს: Youtube-ის შემოსავალი 2022 წელს 28.8 მილიარდი დოლარი იყო, Facebook-ის და სხვა რამდენიმე ციფრული პლატფორმის მფლობელი კორპორაციის Meta-ს შემოსავალი კი 116.6 მილიარდი დოლარი. Შედარებით მოკრძალებულია ხანმოკლე ისტორიის მქონე Tiktok-ის 2022 წლის შემოსავალი - 9.4 მილიარდი დოლარი, თუმცა ამ პლატფორმამ წინა წელთან შედარებით შემოსავლები გააორმაგა. აფრიკელი მშრომელების კვალდაკვალ საქართველოშიც უნდა დავფიქრდეთ მშრომელების ისეთი ტიპის კოლექტიურ ორგანიზებაზე, რაც მეტ ფასს დაადებს კონტენტ მოდერატორების თუ სხვა აუთსორსული სამუშაოების შესრულებას. უმდიდრეს ციფრულ პლატფორმებს ეს არ გააკოტრებს, ქართველი კონტენტ მოდერატორების მენტალურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას კი ნამდვილად წაადგება.



გამოყენებული წყაროები:











Comments


bottom of page