დემონსტრაცია ქალაქ ლიეჟში, ბელგია (ფოტო: PTB Liege)
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სატრანსპორტო სექტორები გაფიცვების ტალღამ მოიცვა. გაფიცულები ინფლაციის მაღალი დონის, საწვავისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ფონზე ხელფასების მატებას მოითხოვენ.
2022 წლის მაისის მონაცემებით, ევროზონაში ინფლაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 8,1% დაფიქსირდა. ანალოგიური მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ინფლაციის დონე 9%-ია, რაც ყველაზე მაღალია 1982 წლის შემდეგ.[1]
ბელგიაში საერთო ეროვნული გაფიცვა მიმდინარეობს. 20 ივნისს პროფესიული გაერთიანებების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე ბრიუსელში 80,000-მდე მშრომელმა მიიღო მონაწილეობა. გაფიცვას უერთდება ბელგიის სატრანსპორტო სექტორის უდიდესი ნაწილი. 20 ივნისს გაიფიცა ანტვერპენი-ბრიუგეს პორტიც, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპის კონტინენტზე.[2] 23-25 ივნისს, სამი დღით იფიცებიან ბრიუსელის ავიახაზების მშრომელები[3], ასევე ავიაკომპანია რაინეარის პილოტები და გამცილებლები - ბელგიის გარდა დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში.[4] ბელგიაში გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნა 1996 წლის სახელფასო მარჟის აქტის ცვლილებაა, რომელიც ხელფასების ზრდას არეგულირებს. პროფესიული გაერთიანებები აცხადებენ, რომ მასში ჩაწერილი პირობები ვერ ეწევა ინფლაციის არსებულ ტემპს.[5]
ანტვერპენ-ბრიუგეს მსგავსად, ივნისში გერმანული პორტების 12,000-მდე მშრომელი გაიფიცა ჰამბურგში, ბრემენსა და ქვემო საქსონიაში.[6]
უმსხვილესი ბრიტანული სატრანსპორტო პროფესიული გაერთიანება RMT სამდღიან გაფიცვას 21, 23 და 25 ივნისს გაუწევს ორგანიზებას. რკინიგზისა და მეტროს თანამშრომლები სატრანსპორტო კომპანიების მიერ წარმოებული ‘ქამრების შემოჭერის’ პოლიტიკის წინააღმდეგ ორგანიზდებიან. RMT აცხადებს, რომ ამ მიდგომამ გაანადგურა რკინიგზის საპენსიო სქემა, გააქრო ათასობით სამუშაო ადგილი და დასაქმებულები უფრო მძიმე შრომით პირობებში ჩააყენა, ამ ყველაფერს კი არსებული ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია ამძაფრებს.[7]
[1]https://www.euronews.com/next/2022/06/01/record-inflation-which-country-in-europe-has-been-worst-hit-and-how-do-they-compare
[2]https://www.brusselstimes.com/belgium-news/240403/brussels-airlines-personnel-to-go-on-strike-next-week
[3] https://splash247.com/antwerp-braces-for-further-strike-action-on-monday/
[4]https://simpleflying.com/ryanair-british-pilots-accept-pay-deal-but-strikes-likely/ [5]https://peoplesdispatch.org/2022/05/16/belgian-workers-demand-scrapping-of-wage-margin-act-of-1996/
[6]https://www.porttechnology.org/news/workers-strikes-threaten-to-worsen-supply-chain-bottlenecks/
[7]https://www.rmt.org.uk/news/rmt-statement/
Yorumlar