top of page

ანტიკაპიტალისტური პოლიტიკა კოვიდ 19-ის პანდემიის დროს

დევიდ ჰარვი

გიორგი ქართველიშვილის თარგმანი

ფოტო: Reuters/Jeenah Moon


ახალი ამბების ყოველდღიური ნაკადის გაცნობისას ყოველთვის ვცდილობ, მოვლენები გავაანალიზო კაპიტალიზმის ფუნქციონირების ორი განსხვავებული, და ამასთან, ურთიერთგადამკვეთი მოდელის კონტექსტში.


პირველი მოდელი გულისხმობს კაპიტალის მიმოქცევისა და დაგროვების შიდა წინააღმდეგობების რუკას - მოგების ძიებაში ფულადი ღირებულება მიედინება წარმოების, რეალიზაციის (მოხმარების), დისტრიბუციისა და რეინვესტიციის სხვადასხვა „მომენტებისაკენ“ (როგორც ამას მარქსი იტყოდა). ესაა კაპიტალისტური ეკონომიკის უსასრულო ზრდისა და გაფართოების სპირალისებური მოდელი. თუ საკმარისად ჩავუღრმავდებით, დავინახავთ მის სირთულეს და ჩახლართულობას. ამ სირთულის შესამჩნევად საკმარისია გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გეოპოლიტიკური მეტოქეობა, არათანაბარი გეოგრაფიული განვითარება, ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფო პოლიტიკები, ტექნოლოგიური გარდაქმნები, და შრომის დანაწილებისა და სოციალური ურთიერთობების მუდმივცვალებადი ქსელი.



ჩემი წარმოდგენით, ეს პირველი მოდელი ჩაშენებულია სოციალური კვლავწარმოების კიდევ უფრო ფართო კონტექსტში (ოჯახებსა თუ თემებში), ბუნებასთან მუდმივადმზარდ მეტაბოლურ ურთიერთობებში (მათ შორის იგულისხმება ურბანიზაციის „მეორე ბუნება“ და ადამიანის ხელით შექმნილი გარემოც) და ყველა სახის კულტურულ, მეცნიერულ (ცოდნაზე დამყარებულ), რელიგიურ თუ სხვა შემთხვევით, სოციალურ ფენომენებში, რასაც საზოგადოებები სხვადასხვა დროსა თუ სივრცეში ქმნიან. ეს „მომენტები“ განასახიერებს ადამიანის საჭიროებებს, მოთხოვნილებებსა და სურვილებს; ლტოლვას ცოდნის დაუფლებისკენ, მნიშვნელობების ამოხსნისა და თვითრეალიზაციისაკენ . ამ ყველაფერს კი ფონად გასდევს გეოგრაფიულად, კულტურულად, სოციალურად და პოლიტიკურად ჭრელი მსოფლიო, რომელიც სავსეა ცვალებადი ინსტიტუტებით, პოლიტიკური ბრძოლებით, იდეოლოგიური დაპირისპირებებით, მარცხებით, იმედგაცრუებებითა და გაუცხოებებით. ეს მეორე მოდელი წარმოადგენს გლობალური კაპიტალიზმის ჩემეულ გაგებას, როგორც სპეციფიკური და გამორჩეული სოციალური ფენომენისა. პირველი მოდელი კი ეკონომიკურ მექანიზმის იმ შიდა წინააღმდეგობებს მოიცავს, რომლებიც კონკრეტული ისტორიული და გეოგრაფიული ევოლუციის გზებზე მეორე მოდელში მოაზრებულ სოციალურ ფორმაციას წარმოშობენ.არსებული ეკონომიკური რეაქცია დიდწილად 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის გამოძახილია. ესაა უკიდურესად მოშვებული მონეტარული პოლიტიკა და ბანკების გადარჩენის სტრატეგიები, რასაც თან ახლავს პროდუქტიული მოხმარებისა და ჩინეთში ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდა. 2008 წელს კრიზისის საპასუხოდ შემუშავებული სამაშველო პაკეტები მეტწილად ბანკებს მიემართებოდა, თუმცა ამასვე მოჰყვა „ჯენერალ მოტორსის“ დე-ფაქტო ნაციონალიზაციაც.



როდესაც 2020 წლის 26 იანვარს პირველად შევიტყვე ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების შესახებ, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა ამ პროცესს კაპიტალის დაგროვების გლობალურ დინამიკაზე. ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო, რომ კაპიტალის ნაკადის დაბლოკვა და შეფერხება იწვევს გაუფასურებას, ხოლო თუ გაუფასურების ეს პროცესი ღრმავდება და ვრცელდება, იგი კრიზისის მომასწავებელია. ისიც მშვენივრად ვიცოდი, რომ ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, რომელმაც 2007-2008 წლის კრიზისის დროს ეფექტურად მოახერხა გლობალური კაპიტალიზმის გადარჩენა. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთის ეკონომიკურ კრიზისს სერიოზული უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს გლობალურ ეკონომიკაზე, რომელიც ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაშია. შესაბამისად, კაპიტალის დაგროვების არსებული მოდელი უკვე მრავალი პრობლემით წარმომიდგა. ამ პერიოდში საპროტესტო მოძრაობები თითქმის ყველგან მიმდინარეობდა (სანტიაგოდან ბეირუთამდე). მათი უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა გაბატონებულ ეკონომიკურ მოდელს, რაც მოსახლეობის უმრავლესობისათვის არ მუშაობს. ეს ნეოლიბერალური მოდელი სულ უფრო და უფრო ემყარება ფიქტიურ კაპიტალს, ფულის მიწოდების მზარდ ნაკადებსა და უზარმაზარ ვალებს. ის უკვე პრობლემის წინაშე დგას არასაკმარისი ეფექტური მოთხოვნის გამო, რადგან ვერ ახერხებს იმ ღირებულების რეალიზაციას, რისი გამომუშავების შესაძლებლობაც კაპიტალს აქვს. აქ იბადება კითხვა: მაშ, როგორ შეძლებს ეს გაბატონებული, თუმცა, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ეკონომიკური მოდელი, რომლის ლეგიტიმაციაც სულ უფრო და უფრო იკლებს, გაუძლოს პანდემიით გამოწვეულ გარდაუვალ დარტყმებს? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი და ღრმაა ეს ეკონომიკური რღვევები - მარქსი წერდა, რომ გაუფასურება ხდება არა იმიტომ, რომ საქონელი უბრალოდ აღარ იყიდება, არამედ იმიტომ, რომ მისი გაყიდვა დროებით ვერ ხერხდება.


დიდი ხნის წინ უარვყავი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ბუნება კულტურული, ეკონომიკური და ყოველდღიური ცხოვრებისაგან განცალკევებით და მათ მიღმა აღიქმება. ადამიანისა და ბუნების მეტაბოლური ურთიერთობა დიალექტიკურია. კაპიტალი საკუთარი კვლავწარმოებისათვის შესაბამის გარემოს ქმნის, თუმცა, ამას გაუთვალისწინებელი შედეგებისა (მაგ. კლიმატური ცვლილება) და ავტონომიური, დამოუკიდებელი ევოლუციური ძალების მოქმედების ფონზე აკეთებს, რომლებიც აგრეთვე მუდმივად გარდაქმნიან გარემო პირობებს. ამ თვალსაზრისით, წმინდად ბუნებრივი კატასტროფა არც არსებობს. ცხადია, ვირუსები გამუდმებით მუტირებენ, თუმცა, ადამიანის ქმედებების შედეგია ის მოცემულობა, სადაც მათი მუტაცია სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.



აქ ორი ასპექტია მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, გარკვეული პირობები ვირუსების მუტაციების ალბათობას ზრდის. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ჰაბიტატის სწრაფი ცვლილება და სურსათის მომარაგების ინტენსიური სისტემები ტენიან, სუბტროპიკულ კლიმატურ არეალებში. ასეთი სისტემები მრავლადაა ჩინეთის სამხრეთ ნაწილსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მეორეა ის, რომ , მასპინძელ ორგანიზმებს შორის ვირუსის გადადების ხელშემწყობი პირობები მრავალი სახისაა. როგორც ჩანს, მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა ყველაზე ადვილი სამიზნეა ვირუსების გავრცელებისათვის. დადასტურებული ფაქტია, რომ წითელას აფეთქების საფრთხე მსხვილ ურბანულ ცენტრებში დგას, მეჩხერად დასახლებულ არეალებში კი ეს საშიშროება ნაკლებადაა. დაავადების გავრცელებაზე გავლენას ახდენს აგრეთვე ის, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები ერთმანეთთან, როგორ გადაადგილდებიან, რამდენად კარგად იცავენ ჰიგიენას, ხშირად იბანენ თუ არა ხელებს. ბოლო პერიოდებში ვნახეთ მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS), ფრინველისა და ღორის გრიპის ვირუსების აფეთქებები ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

გასულ წელს ჩინეთში გავრცელდა ღორის ცხელება, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა: გამოიწვია ღორების მასობრივი განადგურება და ხორცის ფასის ზრდა. ამ ყველაფერს ჩინეთის დასადანაშაულებლად არ ვახსენებ. მსოფლიოში მრავლადაა რეგიონები, სადაც ვირუსების მუტაციისა და გავრცელებისათვის ხელსაყრელი გარემო პირობები და მაღალი რისკები არსებობს. 1918 წელს ესპანური გრიპის პანდემია კანზასიდან დაიწყო. სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა შიდსი, და დანამდვილებით, დასავლეთ ნილოსისა და ებოლას ვირუსი. დენგეს ცხელების კი წყარო ლათინური ამერიკაა. მიუხედავად ამისა, ვირუსის გავრცელების ეკონომიკური და დემოგრაფიული შედეგები დამოკიდებულია ჰეგემონიური ეკონომიკური მოდელის დაუცველობასა და მის ბზარებზე.


არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ კოვიდ-19 თავდაპირველად უხანში აღმოაჩინეს (თუმცა, ჯერჯერობით დანამდვილებით არავინ იცის, კონკრეტულად სად წარმოიშვა ვირუსი). აშკარაა, რომ ლოკალურმა ფაქტორებმა დიდი გავლენა მოახდინა ვირუსის გავრცელებაზე. იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს რეგიონი უზარმაზარი წარმოების ცენტრია, ცხადი იყო, რომ ამ პროცესს გლობალურ ეკონომიკაზეც ექნებოდა სერიოზული შედეგები (თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი მათ მასშტაბებს). მთავარი თავსატეხი იყო: თუ როგორ იყო შესაძლებელი ინფექციის გავრცელება და რამდენი ხანს გასტანდა პანდემიური მდგომარეობა (ვაქცინის შექმნამდე). გამოცდილება გვიჩვენებდა, რომ მზარდი გლობალიზაციის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ დაავადებების სწრაფი და გარდაუვალი გავრცელების საფრთხე იყო. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომლის ნაწილებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. დაავადების გავრცელებისათვის აუცილებელი ადამიანური ქსელები დღევანდელ მსოფლიოში ღია და უზარმაზარია. შესაბამისად, ვხედავდით რეალურ (ეკონომიკურ და დემოგრაფიულ) საფრთხეს , რომ ეს კრიზისი წელიწადზე მეტ ხანს გასტანდა.


კოვიდ -19-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მაშინვე მოჰყვა ვარდნა გლობალურ საფონდო ბირჟებზე. თუმცა, ამას მოულოდნელად მოჰყვა დასტაბილურების დაახლოებით ერთთვიანი პერიოდი, როდესაც ბაზრებმა ახალ სიმაღლეებს მიაღწიეს. როგორც ჩანს, არსებობდა რწმენა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიაც SARS-ის მსგავსად ჩაივლიდა, რომელსაც, მიუხედავად მისი მაღალი სიკვდილიანობის და ფინანსურ ბაზრებზე პროვოცირებული პანიკისა, მაინც მცირე გავლენა ჰქონდა გლობალური მასშტაბით. უმრავლესობა პანიკას ზედმეტად მიიჩნევდა და კოვიდ 19-ის გავრცელებას SARS-ის ეპიდემიის მსგავსად აღიქვამდა. ამ ტენდენციას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ვირუსი თავდაპირველად ჩინეთში გავრცელდა. ამან გააჩინა ილუზია დანარჩენ მსოფლიოში, რომ ეპიდემია სადღაც „სხვაგან“, „მათგან შორს“ ჩაივლიდა (რასაც თან ახლდა ანტიჩინური ქსენოფობიის შემაშფოთებელი ფაქტები მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში). ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი წრე აღტაცებითაც კი შეხვდა ვირუსის გავრცელების უარყოფით შედეგებს ჩინეთის ეკონომიკაზე. თუმცა, ნელ-ნელა ვრცელდებოდა ამბები გლობალური წარმოების ჯაჭვის შეფერხებების შესახებ, ასეთი შემთხვევები კი უკვე უხანის ფარგლებს სცდებოდა. საწყის ეტაპზე ეს შემთხვევები ან მეტწილად იგნორირებული იყო, ან აღიქმებოდა როგორც კონკრეტული წარმოების ხაზების ან ერთეული კორპორაციების (მაგ. Apple) პრობლემა. იყო დევალვაციის კონკრეტული და ადგილობრივი, და არა სისტემური შემთხვევები. ამ ეტაპზე, სამომხმარებლო მოთხოვნის ვარდნაც მინიმალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ კორპორაციებს, როგორებიცაა “მაკდონალდსი” და “სტარბაკსი”, ჩინეთის შიდა ბაზარზე გარკვეული პერიოდით დაკეტვა მოუწიათ. ჩინური ახალი წლისა და ვირუსის გავრცელების საწყისი ფაზის დამთხვევამ კარგად შენიღბა პანდემიის ეკონომიკური შედეგები იანვრის თვეში. ერთი სიტყვით, თავდაპირველი რეაქცია ამ გამოწვევაზე მწარედ ცდებოდა.


ვირუსის საერთაშორისო გავრცელება მეტწილად ეპიზოდურად მიმდინარეობდა, რამდენიმე სერიოზული კერით სამხრეთ კორეასა და ირანში. ვირუსის აფეთქება იტალიაში აღმოჩნდა ის, რამაც პირველი მძაფრი რეაქციები გამოიწვია. ვარდნამ თებერვლის შუა პერიოდიდან მარტის შუა პერიოდამდე დაახლოებით 30%-იანი დევალვაცია გამოიწვია საფონდო ბირჟებზე მსოფლიოს მასშტაბით.

ინფექციის სწრაფ გავრცელებას არათანმიმდევრული და პანიკური რეაქციები მოჰყვა. დაავადების ექსპონენციური გავრცელებისა და სიკვდილიანობის ზრდის საფრთხის ფონზე პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მეფე კნუდს გვაგონებს. ფედერალური სარეზერვო სისტემის დაბალი საპროცენტო განაკვეთები საეჭვოდ გამოიყურებოდა ვირუსის გავრცელების ფონზე, მაშინაც კი, როდესაც აღიარებული იყო, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა პანდემიური პროცესების ბაზარზე ზემოქმედების შემსუბუქებას, და არა თავისთავად ვირუსის გავრცელების შეჩერებას. საჯარო სექტორი და ჯანდაცვის სისტემები თითქმის ყველგან განიცდიდა მუშახელის ნაკლებობას. ნეოლიბერალიზმის 40-წლიანმა ბატონობამ საზოგადოება დაუცველი და მოუმზადებელი გახადა ამ ტიპის გამოწვევის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ SARS-ისა და ებოლას აფეთქებები საკმარის გამაფრთხილებელ სიგნალსა და გაკვეთილებს იძლეოდა იმისათვის, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო. კორპორაციებსა და მდიდრებზე გათვლილი ქამრების შემოჭერის პოლიტიკის შედეგად სათანადო რესურსების გარეშე დარჩნენ „ცივილიზებული“ მსოფლიოს ადგილობრივი მთავრობები და ფედერალური/სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც საზოგადოების ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხში თავდაცვის მოწინავე ხაზზე დგანან. მსხვილი ფარმაცევტული კორპორაციები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ინფექციური დაავადებების არამომგებიანი კვლევებით (მაგალითისათვის, კორონავირუსების კლასი ცნობილია ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან). ისინი დაავადების პრევენციაში იშვიათად აკეთებენ ინვესტიციებს. მათ საყვარელი საქმე დაავადების სამკურნალო საშუალებების შექმნაა. რაც უფრო ავად ვართ, მით უფრო მეტს გამოიმუშავებენ ისინი. პრევენცია არ ზრდის მათი აქციების ღირებულებას, მეტიც, მან შეიძლება შეამციროს კიდეც ისინი. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში დამკვიდრებულმა ბიზნესმოდელმა გააქრო მსგავსი საგანგებო სიტუაციების მართვის დამატებითი შესაძლებლობები. პრევენცია არ აღმოჩნდა მიმზიდველი სამუშაო სფერო საჯარო და კერძო პარტნიორობისათვის. პრეზიდენტმა ტრამპმა შეამცირა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბიუჯეტი და გააუქმა ეროვნული უშიშროების საბჭოს პანდემიაზე მომუშავე ჯგუფი. იმავე სულისკვეთებით, მან ასევე შეამცირა ყველანაირი კვლევის ბიუჯეტი, მათ შორის კლიმატური ცვლილების კუთხით. ანთროპომორფულად და მეტაფორულად თუ ვიტყვოდით, კოვიდ 19-ის პანდემია ბუნების შურისძიებაა მასზე ორმოცწლიანი შეურაცხმყოფელი და უხეში ზემოქმედებისათვის ძალადობრივი და დაურეგულირებელი ნეოლიბერალიზმის ექსტრაქტივიზმის ფარგლებში.


ალბათ სიმპტომურია, რომ ამ დრომდე პანდემიის მართვა იტალიაზე უკეთ ისეთმა ნაკლებად ნეოლიბერალურმა ქვეყნებმა მოახერხეს, როგორებიცაა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და სინგაპური, თუმცა, ამ მხრივ, ირანის მაგალითი შეიძლება მოცემული უნივერსალური არგუმენტის საწინააღმდეგო აღმოჩნდეს. SARS-ის შემთხვევაში დამტკიცდა, რომ ჩინეთმა ძალიან ცუდად მართა სიტუაცია ეპიდემიის დამალვისა და უარყოფის მცდელობების ფონზე. ამჯერად, როგორც ჩინეთმა, ასევე სამხრეთ კორეამ, შედარებით სწრაფად დაიწყეს პროცესის გამჭვირვალედ მართვა. მიუხედავად ამისა, ჩინეთმა ამ შემთხვევაშიც დაკარგა ძვირფასი დრო (ასეთ სიტუაციებში რამდენიმე დღეც კი გადამწყვეტია). თუმცა, აღსანიშნია, თუ როგორ მოხერხდა ეპიდემიის გარკვეულწილად ლოკალიზება ჰუბეის პროვინციაში, რომლის ცენტრიცაა უხანი. ეპიდემია მსგავსი სისასტიკით არ გავრცელებულა პეკინში, ქვეყნის დასავლეთსა თუ სამხრეთში. მარტის ბოლოსთვის ჩინეთმა განაცხადა, რომ ჰუბეის პროვინციაში ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები აღარ შეინიშნებოდა. იმის პარალელურაც, როცა გლობალური საავტომობილო წარმოება იხურებოდა, ვოლვომ გამოაცხადა, რომ წარმოების ნორმალურ დონეს უბრუნდებოდა. ჩინეთში ვირუსის გეოგრაფიულად გავრცელების შემაფერხებელი ღონისძიებები შემზღუდველი და ყოვლისმომცელი იყო (ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო). ამ პრაქტიკების გამეორება სხვაგან ფაქტობრივად შეუძლებელია სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მიზეზის გამო. ჩინეთიდან გამომავალი ინფორმაცია მიგვანიშნებს, რომ ამ ქვეყნის მკურნალობის გზები და პოლიტიკა ყველაფერი იყო, გარდა მზრუნველობისა. მეტიც, ჩინეთსა და სინგაპურში პერსონალური თვალთვალის ძალაუფლებრივი მექანიზმები იმ დონეზე გამოიყენეს, რომ ავტორიტარული სახე მიიღო. თუმცა, ამ ქვეყნების პასუხი გამოწვევაზე ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა, მაგრამ, ეს ზომები რამდენიმე დღით ადრე რომ მიეღოთ, სავარაუდოდ, მრავალ მსხვერპლს აირიდებდნენ თავიდან. აქ უმნიშნელოვანესია ექსპონენციური ზრდის ერთ-ერთი თვისება: ზრდის პროცესში არსებობს ე.წ. გადაღუნვის წერტილი, რომლის შემდეგ მზარდი მასის კონტროლი შეუძლებელი ხდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ტრამპის მრავალკვირიანი უმოქმედობა პანდემიის საწყის ფაზაში საზოგადოებას მრავალი სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეს.


პანდემიის ეკონომიკური შედეგები მთელ მსოფლიოში უკონტროლო ხდება. რღვევები კორპორაციების ღირებულებათა ჯაჭვებსა და ცალკეულ სექტორებში მეტად სისტემური აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავდაპირველად გვეგონა. ამ პროცესის გრძელვადიანი ეკონომიკური შედეგი შესაძლოა მიწოდების ჯაჭვების შემცირება და დივერსიფიკაცია იყოს. ამავდროულად, მოსალოდნელია ნაკლებად შრომატევადი წარმოების განვითარება (რასაც დასაქმების ბაზარზე უზარმაზარი გავლენა ექნება) და მეტად დამოკიდებულება წარმოების ისეთ ფორმებზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი დიდ როლს ითამაშებს. წარმოების ჯაჭვების რღვევა გულისხმობს დასაქმებულთა გათავისუფლებას სამსახურიდან, რაც საბოლოო მოთხოვნას ამცირებს, ხოლო ნედლეულზე მოთხოვნის ვარდნა ამცირებს პროდუქციის მოხმარების დონეს . ასეთ ძვრებს მოთხოვნის სფეროში, თავის მხრივ, შეუძლია მინიმუმ მსუბუქი რეცესია გამოიწვიოს.


მაგრამ, მთავარი საფრთხე მაინც სხვაგანაა. სამომხმარებლო მოდელების 2007-2008 წლების აფეთქება დამანგრეველი შედეგებით დასრულდა. ეს მოდელები ემყარებოდა მოხმარების ბრუნვისათვის საჭირო დროის მინიმუმამდე შემცირებას. ამგვარ სამომხმარებლო ფორმებში ჩადებული ინვესტიციების მიზანი ექსპონენციურად მზარდი კაპიტალის უმოკლეს დროში ათვისება იყო. საერთაშორისო ტურიზმი აქ სანიმუშო მაგალითია. 2010 წლიდან 2018 წლამდე საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 800 მილიონიდან 1.4 მილიარდამდე გაიზარდა. კონსიუმერიზმის ასეთი მყისიერი ფორმები უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვს: აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში, სასტუმროებსა და რესტორნებში, თემატურ პარკებსა თუ კულტურულ ღონისძიებებში. დღეს კაპიტალის დაგროვების ეს ველი დახშულია, ავიაკომპანიები გაკოტრების პირას დგანან, სასტუმროები დაცარიელდა და მასპინძელ ინდუსტრიებში უმუშევრობის ზრდა გარდაუვალია. მოცემულ პირობებში საფრთხის შემცველია გარეთ კვება, რის გამოც რესტორნებსა და ბარებს ბევრგან დაკეტვა უწევთ. გიგ ეკონომიკისა თუ სხვა დაბალანაზღაურებადი სექტორების მშრომელების უზარმაზარი არმია სამსახურს კარგავს ყველანაირი სამომავლო პერსპექტივის გარეშე. უქმდება კულტურული ფესტივალები, სპორტული ტურნირები, კონცერტები, ბიზნეს და პროფესიული შეხვედრები, პოლიტიკური შეკრებებიც კი. თავშეყრებისა და ღონისძიებების სამომხმარებლო სფერო დაიხურა. ადგილობრივი მთავრობების შემოსავალი შემცირდა. იკეტება უნივერსიტეტები და სკოლები.


თანამედროვე კაპიტალიზმის სამომხმარებლო მოდელი უძლურია გაუმკლავდეს მიმდინარე გამოწვევებს. გაქრა ლტოლვა იმისკენაც, რასაც ანდრე გორცმა „კომპენსატორული კონსიუმერიზმი“ უწოდა (სადაც გაუცხოებული მშრომელები თავიანთ განწყობასა და ძალებს ტროპიკულ სანაპიროზე დასვენებით აღიდგენდნენ).

თუმცა, კონსიუმერისტული ფორმები თანამედროვე კაპიტალიზმში ცენტრალური მნიშვნელობისაა. სამომხმარებლო თავდაჯერება და განწყობა გასული 40 წლის განმავლობაში მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა ეფექტური მოთხოვნის მობილიზაციისათვის, კაპიტალი კი უფრო და უფრო გახდა მოთხოვნასა და მოთხოვნილებებზე დამოკიდებული. ამ პერიოდში ეკონომიკური ენერგიის ეს წყარო არ განიცდიდა რაიმე განსაკუთრებულ რყვებს (თუ არ ჩავთვლით იმ ტიპის გამონაკლისებს, როგორიცაა ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა, რამაც ტრანსატლანტიკური ფრენები შეაფერხა რამდენიმე კვირით). მაგრამ, კოვიდ-19 იწვევს არა ძლიერ რყევებს, არამედ სრულ კრახს იმ სამომხმარებლო ფორმების საძირკველში, რომლებიც გავრცელებულია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. კაპიტალის დაგროვების უსასრულო სპირალი იშლება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ერთადერთი რამ, რაც მას გადაარჩენს, არის სასწაულებრივად მოვლენილი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და შთაგონებული მასობრივი კონსიუმერიზმი. ეს მოითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის სოციალიზებას, მაგალითად ისე, რომ სოციალიზმის ხსენებაც კი არ იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, ფაქტია, რომ სკეპტიციზმი ძლიერი სახელმწიფოს იდეისადმი კლებულობს, ხოლო საზოგადოება მეტად გრძნობს კარგსა და ცუდ მმართველობას შორის განსხვავებას. ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება აქციონერებისა და ფინანსისტების ინტერესებზე მორგებული მმართველობები (რაც განსაკუთრებით 2007-2008 კრიზისმა გამოაშკარავა), ხშირად თვით ფინანსისტებისათვისაც კი.



გავრცელებული მითის თანახმად, ინფექციური დაავადებები არ სცნობენ კლასს ან რაიმე სხვა სოციალურ განსხვავებას. მრავალი სხვა გამონათქვამის მსგავსად, ამაშიც არის სიმართლის მარცვალი. მეცხრამეტე საუკუნის ქოლერის ეპიდემიისას კლასობრივი ბარიერების დაძლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სახალხო სანიტარული და ჯანდაცვის მოძრაობის გასაჩენად (რომელიც შემდგომში პროფესიონალიზებული გახდა) და რამაც დღემდე მოატანა. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, ეს მოძრაობა ყველას დასაცავად შეიქმნა, თუ იგი მხოლოდ პრივილეგირებული ფენების სამსახურში იყო. თუმცა დღეს, კლასობრივი განსხვავება და სოციალური ფონი სულ სხვა სურათს გვიხატავს. მშრომელთა ჩაგვრაში ცხადად ვხედავთ ეკონომიკურ და სოციალურ კონტექსტს. დავიწყოთ იმით, რომ ის მშრომელები, რომლებიც პანდემიის პირობებში უამრავ პაციენტს უვლიან, როგორც წესი, გენდერული, რასობრივი და ეთნიკური ნიშნითაც არიან ჩაგრულები. სამუშაო ძალის კლასობრივი სტრუქტურა კარგად ირეკლება, მაგალითად, აეროპორტებშიც ან სხვა ლოჯისტიკურ სექტორებშიც.


სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ეს „ახალი მუშათა კლასი“ განსაკუთრებით დაუცველია, როგორც ვირუსით დაინფიცირებისაგან, ასევე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობისაგან. მაგალითისათვის, ყველა მშრომელს არ შეუძლია სამუშაო დისტანციურად შეასრულოს. ასევე, დაინფიცირების ან დაინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში ყველას არ აქვს იზოლირების (ანაზღაურებადი თუ აუნაზღაურებელი) საშუალება, რაც დამატებით სოციალურ გამყოფებს აჩენს საზოგადოებაში. თავის დროზე, ნიკარაგუისა (1973) და მეხიკოს (1985) მიწისძვრებს „კლასობრივი მიწისძვრები“ ვუწოდე. ახლაც ვფიქრობ, რომ კოვიდ 19-ის პანდემიასაც კლასობრივი, გენდერული, რასობრივი და ეთნიკური პანდემიის ყველა ნიშანი აქვს. მთავრობები ცდილობენ ეს საკითხი გადაფარონ „ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ“ რიტორიკით. თუმცა ფაქტია, რომ დღეს მუშათა კლასი აშშ-ში (რომელიც მეტწილად აფროამერიკელების, ლათინოამერიკელებისა და დაბალანაზღაურებადი ქალებისაგან შედგება) შემდეგი არჩევანის წინაშე დგას: ან დარჩეს სამსახურისა და სოციალური სიკეთეების (მაგ. ხარისხიანი ჯანდაცვის) გარეშე, ან განაგრძოს შრომა (მაგ. სასურსათო მაღაზიებში) დაინფიცირების რისკის ფასად. ამ დროს ხელფასიანი თანამშრომლები (მათ შორის მეც) მუშაობას სახლიდან, დისტანციურად განაგრძობენ და ანაზღაურებასაც ჩვეულებრივ იღებენ, ხოლო მსხვილი კომპანიებისა და კორპორაციების მაღალი თანამდებობის პირები აქეთ-იქით დაფრინავენ კერძო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით.


მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში მშრომელები დიდი ხანია ჩამოყალიბდნენ კარგი ყოფაქცევის ნეოლიბერალურ სუბიექტებად (რომლებიც უბედურების დროს ყოველთვის საკუთარ თავს ან ღმერთს ადანაშაულებენ, მაგრამ ვერასდროს ბედავენ დაუშვან, რომ ეს უბედურება შესაძლოა, კაპიტალისტური სისტემის ბრალი იყოს). თუმცა, კარგი ნეოლიბერალური სუბიექტებიც კი ხვდებიან, რომ მიმდინარე პანდემიაზე რეაგირებასთან დაკავშირებით რაღაც რიგზე ვერაა.


მთავარი შეკითხვაა: რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? ეს შეიძლება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდეს და რაც უფრო დიდხანს გასტანს, მით უფრო გაიზრდება ყველაფრის, მათ შორის, სამუშაო ძალის გაუფასურება. სახელმწიფო ჩარევების გარეშე, რომლებიც არსებული ნეილობერალური ლოგიკის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, მოსალოდნელია უმუშევრობის 1930-იანი წლების მაჩვენებლებამდე ზრდა. არსებული პროცესების ეკონომიკური შედეგები მრავალშრიანია, თუმცა, არა ყოველთვის - ნეგატიური. თანამედროვე კონსიუმერიზმს უზომო ჭარბმოხმარება ახასიათებს, ის, რასაც მარქსი მთლიანად სისტემის დაცემის მომასწავებელ ნიშნად მიიჩნევდა. ეს დაუფიქრებელი ჭარბმოხმარება გარემოს დეგრადაციის მთავარი მიზეზია. ავიაფრენების გაუქმებისა და ტრანსპორტის რადიკალური შეფერხების შედეგად შემცირდა სათბურის აირების გამოყოფა ატმოსფეროში, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა გარემოზე. ჰაერის დაბინძურების ხარისხი გამოსწორდა როგორც უხანში, ასევე აშშ-ის ბევრ ქალაქში. ეკოტურისტულ ადგილებს გამოუჩნდათ დრო ფეხზე წამოსადგომად. გედები უბრუნდებიან ვენეციის არხებს. ვფიქრობ, თუ პანდემია ჭარბმოხმარების მადას გაანელებს, ამან შესაძლოა პოზიტიური გავლენა მოახდინოს. რაც ნაკლებ ადამიანს შეიწირავს ევერესტი, მით უკეთესი. ასევე ყურადსაღებია ვირუსის დემოგრაფიული შედეგები, რომელსაც საკმაო გავლენა ექნება ასაკობრივ პირამიდებზე, სოციალური უზრუნველყოფის სერვისებსა და „მოვლის ინდუსტრიაზე“. მოსალოდნელია ყოველდღიური ცხოვრების ტემპის შენელება, რაც ზოგი მშრომელისთვის შვებისმომგვრელი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება, სოციალური დისტანციის წესებმა შესაძლოა გარკვეული კულტურული ძვრები გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილებითი კონსიუმერიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც არსებული სიტუაციით დანამდვილებით იხეირებს, არის ის, რასაც „ნეტფლიქსის“ ეკონომიკას ვეძახი.


არსებული ეკონომიკური რეაქცია დიდწილად 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის გამოძახილია. ესაა უკიდურესად მოშვებული მონეტარული პოლიტიკა და ბანკების გადარჩენის სტრატეგიები, რასაც თან ახლავს პროდუქტიული მოხმარებისა და ჩინეთში ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდა. 2008 წელს კრიზისის საპასუხოდ შემუშავებული სამაშველო პაკეტები მეტწილად ბანკებს მიემართებოდა, თუმცა ამასვე მოჰყვა „ჯენერალ მოტორსის“ დე-ფაქტო ნაციონალიზაციაც.


ყურადსაღებია, რომ მშრომელთა უკმაყოფილების მიუხედავად და საბაზრო მოთხოვნის ვარდნის ფონზე დეტროიტში სამი მსხვილი საავტომობილო კომპანია იხურება (სულ მცირე, დროებით). თუ ჩინეთი ამჟამინდელ კრიზისში იმ როლს ვეღარ შეასრულებს, რაც მას 2007-2008 წლებში ჰქონდა, პასუხისმგებლობა მეტწილად აშშ-ზე გადმოდის. ბედის ირონიაა, რომ კრიზისის დაძლევის ერთადერთი ეფექტური მეთოდი, თავისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური არსით, ბევრად სოციალისტურია, ვიდრე მაგალითად, ბერნი სანდერსის პროგრამა, და მეტიც, მსგავსი სამაშველო პოლიტიკა შესაძლოა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელით და „Make America Great Again” სლოგანის ქვეშაც კი გატარდეს. იმ რესპუბლიკელებს, რომლებიც 2008 წლის კრიზისის დროს ბანკების გადარჩენას ეწინააღმდეგებოდნენ, ან ტრამპის წინააღმდეგ წასვლა, ან გაჩუმება და წარსულის შეცდომის აღიარება მოუწევთ. თუ ვაღიარებთ, რომ არსებულ გამოწვევებს მხოლოდ სოციალისტური პოლიტიკა გაუმკლავდება, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ მმართველი ოლიგარქია იმას შეეცდება, რომ ეს სოციალიზმი იყოს ნაციონალისტური, და არა - სახალხო. ანტიკაპიტალისტური პოლიტიკის ამოცანაა, ეს არ დაუშვას.


 




bottom of page